ემიგრანტი, რომელიც საქართველოდან სასტიკ რეალობას გაექცა - გზაპრესი

ემიგრანტი, რომელიც საქართველოდან სასტიკ რეალობას გაექცა

იმ ქალის შესახებ, რომელმაც შვილების გამო პირადი ცხოვრება გვერდით გადადო და სამშობლოდან შორს გადმოიხვეწა; იმ ქალზე, რომელმაც გადაწყვიტა, ქმარს მხარში ამოსდგომოდა და ოჯახის მარჩენალის ფუნქციაც ეტვირთა. ბოლოს კი, ეს ყველაფერი არ დაუფასდა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა - გამწარებულმა და მომავლის იმედდაკარგულმა იმ ადამიანის წამლები დალია, რომელსაც წლების მანძილზე უვლიდა... მომეცით საშუალება, ქართველებს გავაგებინო მისი ოჯახის სისასტკის შესახებ. იქნებ ამ ადამიანის შვილებმა წაიკითხონ ჩემი გულისტკივილი და ახლა მაინც იკადრონ, დედის საფლავზე მივიდნენ... პატივისცემით".

სოფო სოციალური ქსელის მეშვეობით დამიკავშირდა და მიამბო იმ ემიგრანტის ტრაგედიის შესახებ, რომლის ცხოვრებისეულმა ამბებმა გული ასე ატკინა, ჩვენთან საუბრის სურვილი გაუღვივა. მერე კი იმაშიც გამომიტყდა, რომ თავადაც ბევრი რამ აქვს გადატანილი და სამშობლოდან საბერძნეთში გაქცევა არა მატერიალურმა გასაჭირმა, არამედ ქმრის ოჯახში არსებულმა აუტანელმა პირობებმა აიძულა. სოფომ გულახდილად მიამბო, რომ დედამთილი ავიწროებდა, ყოველთვის მის შეურაცხყოფას ცდილობდა და ზოგჯერ, რძლის საცემრადაც იწევდა. რაღაც პერიოდის შემდეგ, ცოლს ქმარიც აუმხედრდა და როცა დედამისმა მისი შვილის დედა აბორტის გასაკეთებლად, ექიმთან ძალდატანებით წაიყვანა, საკუთარი სისხლისა და ხორცის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია...

GzaPress- 16 წლის ვიყავი, როცა მამამ გარიგებით მიმათხოვა 27 წლის ბიჭს. რა თქმა უნდა, იმას დახარბდა, რომ სასიძო შეძლებული ოჯახიდან იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. როცა დამნიშნეს, საქმრო მაშინ შევათვალიერე პირველად და სიმართლე გითხრათ, მისით ვერ მოვიხიბლე, მაგრამ იმდენად მეშინოდა მამის, რომ ვერაფრის თქმა ვერ გავბედე... იმ პერიოდში შეყვარებული ვიყავი. მიყვარდა ერთი პატიოსანი ადამიანი, რომელიც პირველად დაახლოებით, 14 წლისამ დავინახე და მას მერე გულში ჩამივარდა. სოფელში მის გამოჩენას ხალისით ველოდი, მაგრამ ვიდრე გამათხოვებდნენ, ვერ გავბედე მშობლებისთვის მასზე მომეყოლა რამე... ჰოდა, ნიშნობის დღესვე გამაყოლეს სასურველ სასიძოს. თბილისში ჩამოსულებს გულუხვი დახვედრა მოგვიწყვეს. ოჯახში მული დამხვდა, მეუღლესთან ერთად ჩასახლებული. ის კაცი ავად იყო. ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და გარეგნულადაც ეტყობოდა ავადმყოფობა. მამამთილი განათლებული, მაგრამ ავი კაცი აღმოჩნდა, დედამთილმა კი ჩემების წასლისთანავე მიმახვედრა, ვინ იყო სახლში უფროსი, კაციც და ქალიც. ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს, მაგრამ მშობლების შიში მაკავებდა და ჩუმად ვიყავი. მერე დავფეხმძიმდი... იმ პერიოდში, როცა ორსულად ვიყავი, ჩვენს ოჯახში რაღაც-რაღაცები ქრებოდა, იკარგებოდა და ამ ყველაფერს მე მაბრალებდნენ.

- ანუ ნივთების მოპარვაში გდებდნენ ბრალს?

- კი, ამბობდნენ, ამას სხვა არავინ იკადრებსო. ჩვენი ოჯახიდან სტუმრებიც გაძარცვულები მიდიოდნენ, მამაჩემსაც არაერთხელ დაეკარგა პირადი ნივთები. ბოლო სტუმრობისას, მამას ბევრი ფული დაეკარგა. ჰოდა, ვეღარ მოითმინა და აყვირდა. ჩემმა დედამთილმა კი უხეშად მიაგება: ჰო, თქვენმა შვილმა მამაც არ დაინდო, თქვენც გაგძარცვათო. მამა ძალიან შეგნებული და ამასთანავე, მკაცრი კაცია. ეს შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და აყვირდა, ჩხუბი დაიწყო... ბოლოს ისე წავიდა საქმე, რომ ჩემი ქმარიც იჯერებდა, თითქოს მე ვიპარავდი ყველაფერს. მამაჩემა კი ოჯახის სიძეს ანუ ჩემი მულის ქმარს დაადგა თვალი და უთხრა კიდეც: ამ ყველაფერს შენ აკეთებო! ცხადია, იმან იუარა, მაგრამ მამამ ვერ მოისვენა, დაემუქრა და ბოლოს, ისიც ყველაფერში გამოტყდა, მერე კი ყველაფერი, რაც დროთა განმავლობაში ოჯახში დაიკარგა, დააბრუნა.

- ალბათ ბოდიში მოგიხადეს. ნუ, ქმარმა მაინც...

- ბოდიში? არა, რას ამბობ, ბოდიშს ვინ მომიხდიდა? პირიქით - მეუღლე მთელი კვირა ხმას არ მცემდა, დედამთილმა კი იმით იმართლა თავი, რომ საკუთარ ქონებას უფრთხილდებოდა. თქვა: რა ჩემი ბრალია ეს ყველაფერი? ანერვიულებული ვიყავი და ამიტომაც დავაბრალეო...

- უკაცრავად, მაგრამ მეუღლეს არ ჰკითხეთ, რატომ გაიბუტა?

- იმიტომ გამებუტა, რომ მამაჩემმა გაბედა და მის ოჯახში ხმა აიმაღლა. ამბობდა: როგორ მაკადრა და ჩემს ნათესავებს ეჩხუბაო? თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ გონს მოეგო და ბოდიში მომიხადა.

- მას შემდეგ, რაც შვილი გეყოლათ, თქვენ მიმართ არ შეიცვალნენ?

- როცა მშობიარობის დრო დადგა, დედამთილმა გამომიცხადა: მშობლებმა დაგაფინანსონო. რა თქმა უნდა, მამაჩემმა ყველა ხარჯი ვერ დაფარა, რის გამოც დედამთილი ნაწყენი დარჩა. იმ პერიოდში საქართველოში ცხოვრება ძალიან გაჭირდა. იყო უშუქობა, უგაზობა. ჩვენც შეგვექმნა მატერიალური პრობლემა... როცა ჩემი შვილი 2 თვის იყო, ოჯახმა გადაწყვიტა, საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავსულიყავით. ყველა წავედით...

- მთელი ოჯახი საზღვარგარეთ წახვედით? ეს როგორ მოახერხეთ? რომელ ქვეყანას შეაფარეთ თავი?

- იტალიაში წავედით. ჯერ კიდევ საქართველოში მყოფებს, მეუღლის ნათესავები, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, დახმარებას გვპირდებოდნენ, მაგრამ იქ რომ ჩავედით, ეს პირობა აღარ ახსოვდათ... ჩემი ოჯახის წევრებმა სამუშაოს ძებნა დაიწყეს, მე კი მევალებოდა ბავშვის აღზრდა, ოჯახში იდეალური სისუფთავის დაცვა, ტანსაცმლისა და ჭურჭლის რეცხვა, სტუმრების გამასპინძლება და ა.შ. 17 წლის ასაკში ამ ყველაფრის კეთება ადვილი არ არის. მუშაობა არ მეზარებოდა და ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი მშობლები არ შემერცხვინა; თავს არ ვზოგავდი, რომ ქმრისიანებისთვის მესიამოვნებინა, მაგრამ ამ ყველაფერს თითქოს, ვერც ამჩნევდნენ. დედამთილისგან ყოველთვის შეურაცხყოფას ვიღებდი და ამავდროულად, ის ქალი რაღაც შეზღუდვებსაც მიწესებდა. ნამდვილად გადაღლილი ვიყავი მისი შეურაცხმყოფელი სიტყვებისგან. ყოველი წინადადების ბოლოს მამკობდა სიტყვებით: "სოფლელო", "გაუნათლებელო", "ხეპრევ". ამას იმდენად ხშირად ვისმენდი, რომ ლამის, უკვე ჩემი სახელი მეგონა...

- მიკვირს, როგორ ითმენდით...

- სხვა გზა მართლა არ მქონდა. მალე ისევ დავორსულდი. 8 კვირის იყო ნაყოფი, როცა დედამთილმა მაიძულა, აბორტი გამეკეთებინა, ამის მიზეზად კი ვალები და ჩემი უსაქმურობა დაასახელა. ძალდატანებით წამიყვანეს გინეკოლოგთან და მუცელი მომიშალეს. ჩემს მშობლებს ეს ამბავი დავუმალე იმის შიშით, რომ ოჯახი დამენგრეოდა. როცა მირეკავდნენ, ვამბობდი, რომ ოჯახის წევრები მეფერებოდნენ, ზედ მყვებოდნენ, მაცმევდენ და მახურავდნენ, სინამდვილეში კი ქუჩაში სხვისი სამოსით მიწევდა სიარული...

- როცა დედამთილმა აბორტის გასაკეთებლად წაგიყვანათ, საქმეში თქვენი მეუღლე რატომ არ ჩაერია?

- რატომღაც, დედას ვერ შეეწინააღმდეგა... მაგრამ გავიდა 4 წელი და ისევ დავფეხმძიმდი. რა თქმა უნდა, ორსულობა დავმალე იმის შიშით, რომ გინეკოლოგთან არ წავეყვანეთ ნაყოფის მოსაშორებლად. 4 თვის შემდეგ მუცელი დამეტყო და მეც ვაღიარე, - შვილი გვეყოლება-მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ გაუხარდათ. როცა კონსულტაციაზე წასვლის დრო დადგა, დედამთილმა და ქმარმა გამომიცხადეს: არ არის საჭირო გინეკოლოგთან სირბილი. ბევრი ორსული ვიცით, რომელიც ისე მშობიარობს, ექიმებთან არ დადისო. ჰოდა, მთელი 9 თვე ექიმთან არ მიმიყვანეს. იმ პერიოდში ჩემი ვაჟი 5 წლის იყო... ერთ დღესაც, მუცელი საშინლად ამტკივდა. ექიმთან მარტო წავედი. აღმოჩნდა, რომ ჩვილი, რომელიც 9 თვე მუცლით ვატარე, 2 დღის მკვდარი იყო. სასწრაფოდ, ოპერაცია დანიშნეს. თქვეს, რომ სეფსისის ბოლო სტადია მქონდა. დამეწყო სისხლდენა და საშვილოსნოს ამოღება გახდა საჭირო. მერე კარგა ხანს, აპარატზე ვიყავი შეერთებული, რადგან თითქმის არც ერთი ორგანო არ მუშაობდა ნორმალურად. რამდენიმე თვის შემდეგ, სიკვდილს უცნაურად დავუძვერი ხელიდან. სიცოცხლე დამიბრუნეს ექიმებმა და ამისთვის მათი მადლიერი ვარ. ბოლოს და ბოლოს, მე ჩემს შვილს ვჭირდები...

- საავადმყოფოდან გამოსულმა, როგორ გააგრძელეთ ცხოვრება?

- ფეხზე რომ დავდექი, დავიწყე მუშაობა ქმართან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთად ვიყავით, დაიწყო ეჭვიანობა და ასეთ დროს უმოწყალოდ მცემდა კიდეც. თანდათანობით გული ამიცრუვდა ოჯახზე, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ არასდროს გამიბედია სხვა კაცზე ფიქრი... გული მტკიოდა, მეუღლე ცუდად რომ მექცეოდა, ყველაფერში მზუდავდა, მაგრამ დედამთილის საქციელი კიდევ უფრო მეტად გაუსაძლისი იყო. ის ხშირად უმოწყალოდ მექცეოდა და ხელიც არაერთხელ გაურტყამს ჩემთვის. როცა გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი აღარ უნდა ამეტანა, იტალიიდან წამოვედი. საქართველოში დაბრუნებულმა მშობლებს ვუამბე ყველაფერი, რისი გადატანაც წლების განმავლობაში მომიხდა. მეგონა, შეძლებდნენ ჩემს გაგებას და მიმიღებდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, მითხრეს, რომ ქმრისგან წამოსვლა არა მარტო მე შემიბღალავდა სახელს, არამედ ამით მშობლების სახელსაც ჩირქს მოვცხებდი. ერთადერთი, ვინც ჩემი გაგება შეძლო, ძმა გახლდათ... როცა ჩემი ქმარი და დედამისი საქართველოში დაბრუნდნენ, მათთან მომიხდა ცხოვრების გაგრძელება.

- თქვენი მშობლებისთვის საზოგადოების აზრი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე შვილის სიცოცხლე?

GzaPress- კი, საზოგადოების აზრი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეეშინდათ, რომ "ცუდი სახელი" არ მქონოდა... ჰოდა, იძულებული გავხდი, ქმართან დავბრუნებულიყავი და ისევ გაგრძელდა ჩემზე ძალადობა, ცემა-ტყეპა, შეურაცხყოფა. ერთხელაც, ნერვებმა მიმტყუნა და ვენები გადავიჭერი. თავის მოკვლა ვცადე, მაგრამ გადამარჩინეს...

- საბერძნეთში როგორ აღმოჩნდით?

- ჩემს ნათესავს ვთხოვე, საზღვარგარეთ წასვლაში დამეხმარე, მეტს ვეღარ გავუძლებ-მეთქი. უარი არ უთქვამს. წამომიყვანა და ახლაც, მხარში დედასავით მიდგას... ძალიან მენატრება საქართველო, შვილი, მაგრამ მეშინია, რომ დავბრუნდე, ისევ ჯოჯოხეთში მომიწევს ცხოვრება... თუმცა, ახლა უკვე ძალიან ვარ შეცვლილი და ვეღარავის მივცემ უფლებას, დამჩაგროს.

- ახლა, როცა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინეთ და მუშაობთ, იმ კაცთან დაშორებაზე არ გიფიქრიათ, რომელმაც ცხოვრება გაგიმწარათ?

- დიახ, ვმუშაობ და ვცდილობ, ცხოვრება თავიდან, სუფთა ფურცლიდან დავიწყო, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა დამიტოვა ჯოჯოხეთში ცხოვრებამ და არ ვიცი, ჩემს ამ პრობლემას ოდესმე მოევლება თუ არა... კიდევ ბევრი რამის მოყოლა შემეძლო, მაგრამ ვერ გწერთ - არ მინდა, ჩემმა შვილმა მიცნოს და გული კიდევ უფრო მეტად ეტკინოს.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი მეუღლის მოხუც მშობლებს რომ დასჭირდეთ, მათ მოვლას შეძლებთ? ამ ყველაფრის პატიება შეგიძლიათ?

- ერთი წელია, საბერძნეთში ვარ. იმიტომ გადმოვიხვეწე, რომ თავი დამეღწია დამცირებისთვის, შეურაცხყოფისთვის. როცა მოვდიოდი, მშობლები არც კი დამემშვიდობნენ. მხოლოდ ძმამ გამომაცილა. რაც შეეხება მეუღლეს, ის როგორღაც დავიყოლიე, გამოვეშვი. ჩემი მშობლები ახლა უკვე მიხვდნენ ყველაფერს და ნანობენ, თავის დროზე რომ არ დამეხმარნენ, მაგრამ გვიანია ეს სინანული... ზუსტად ვიცი, მეუღლესთან აღარასდროს დავბრუნდები. მის პატიებას ვერასდროს შევძლებ... რაც შეეხება მეუღლის მშობლებს: ამ ადამიანებზე ისედაც ბევრი ამაგი მაქვს. თუ საჭირო გახდება, ახლა სხვებმა იზრუნონ მათზე.

- თქვენმა ვაჟმა რა იცის თქვენი ცხოვრების შესახებ და თუ ცდილობდა, მოძალადეებისგან დაეცავით?

- ცხადია, ჩემი შვილი ხედავდა, როგორ ამცირებდნენ დედამისს და ეს ახსოვს კიდეც. მეუბნება, რომ უნდს ჩემთან ჩამოსვლა. ისიც ვერ პატიობს მამას და ბებიას იმას, რასაც დედამისს უკეთებდნენ და მათთან სულ ჩხუბი აქვს... ცხადია, ეს არ მიხარია.

- როგორც ვხვდები, მამასთან ერთად ცხოვრობს, არა?

- ჩემი ქმარი იყო ცუდი მეუღლე, მაგრამ არაჩვეულებრივი მამა. არანაირი უფლება არ მაქვს, რომ შვილს მასთან ურთიერთობის საშუალება არ მივცე. როცა საბერძნეთში მოვდიოდი, ქმარმა მთხოვა, - ბავშვი ჩემთან იყოსო და არც მე მითქვამს უარი. თან, სამეგობრო წრეც იქ ჰყავს და არ მინდოდა, ამ ყველაფერს ჩამოშორებოდა... დაბოლოს, მინდა მამაკაცებს მივმართო: გაუფრთხილდით ცოლებს, თუ არ გინდათ, ისინი დაკარგოთ! დაინდეთ სუსტი სქესი და თუ მათ შეუძლიათ რაღაცების მოთმენა, თქვენც შეეცადეთ, პრობლემები თავად მოაგვაროთ, ოჯახში ჩხუბს მოერიდოთ.

ლიკა ქაჯაია