რას ფიქრობენ გოგონები "მოძველბიჭო" ტიპებზე - გზაპრესი

რას ფიქრობენ გოგონები "მოძველბიჭო" ტიპებზე

რატომღაც, საზოგადოების ნაწილს ისევ მიაჩნია, რომ პატარა გოგონებს "ბირჟავიკები", წელში მოხრილი ტიპები მოსწონთ. ჩემმა მინი გამოკითხვამ კი დამარწმუნა, რომ ისინი ცდებიან.

"მომწონს ბიჭები, რომლებსაც წიგნის კითხვა არ "უტყდებათ"

თიკა, 17 წლის:

- "მოძველბიჭო" ტიპებს არ ვიცნობ. ჩემს ირგვლივ ასეთი არავინ არის, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, "დედიკოს ბიჭები" არიან-მეთქი. მე მომწონს ისეთები, რომლებსაც წიგნის კითხვა არ "უტყდებათ" და ისეთები, რომლებსაც საჭირო დროს მუშტი-კრივიც ეხერხებათ. თუმცა, ჩემ გამო ვინმეს სიცოცხლეს საფრთხეს არასდროს შევუქმნი. ვიღაც თუ გამაბრაზებს, ვცდილობ, პრობლემა თავად მოვაგვარო, რომ იმ ტიპსა და ჩემს ახლობლებს შორის შეხლა-შემოხლა არ მოხდეს.

- ანუ სიფრთხილეს იჩენ?

- რა თქმა უნდა! ჩემ გამო ვინმე რომ დაზარალდეს, ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. ვიცნობ ისეთ გოგონებს, რომლებიც სპეციალურად, ისე აწყობენ ყველაფერს, რომ ბიჭები ერთმანეთს წააჩხუბონ და მერე ამით ტრაბახობენ. ასეთების არ მესმის.

- პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად რომ ვერ შეძლო, ასეთ შემთხვევაში როგორ მოიქცევი?

- ალბათ დახმარებას მშობელს ვთხოვ და არამც და არამც ძმას ან მეგობარ ბიჭს. შეიძლება, ახალგაზრდებმა თავი ვერ მოთოკონ, მამა კი დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ისე მოაგვარებს, ხმასაც არ აუწევს. სხვათა შორის, მშობლებთან ვმეგობრობ. თავის დროზე მამაც "მოძველბიჭო" ტიპი ყოფილა და დედა ამით მოუხიბლია, მაგრამ პირადად მე, ასეთი "ბირჟავიკები" არ მომწონს. დროთა განმავლობაში ღირებულებები შეიცვლა და ეს კარგია. მიხარია, რომ ბიჭები თავს იწონებენ თავიანთი განათლებით, ადრე კი, როგორც ვიცი, წიგნის წაკითხვაც "ტეხავდა".

- "დედიკოს ბიჭი" ახსენე. როგორ ფიქრობ, ვინ არიან ისინი?

- დედის კალთას ამოფარებული ადამიანები, რომლებიც ზრდასრულ ასაკშიც კი ვიღაცის იმედად არიან და საკუთარი თავის რეალიზებას ცხოვრების ბოლომდე ვერ ახდენენ. ასეთი ბიჭების შეყვარება მოდაში ვერასდროს იქნება. "დედიკოს სიხარული" რომც შეგიყვარდეს, მასთან ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნება, რადგან რძალი დედამთილზე იქნები დამოკიდებული და არა - ქმარზე.

"მირჩევნია, ჩემი შეყვარებულის ნამდვილი გემოვნება ვიცოდე"

სვეტი გოგო, 18 წლის:

- მე მომწონს ოდნავ ბეჭებში მოხრილი, "დასტოინი" ტიპები, მაგრამ ახლა ასეთ ბიჭებს იშვიათად შეხვდები. ჩემ გარშემო, ჩემი თანატოლების უმეტესობა პიჟონია, რომლებიც ვითომ რეპის ან როკის მოყვარულები არიან და სიგარეტის მოწევა ბლატაობა ჰგონიათ.

- შენი აზრით, როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი მამაკაცი?

- პირველ რიგში, ცანცარა არ უნდა იყოს, მაგრამ იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს. საჭირო დროს უნდა იხუმროს და ჯამბაზად არ უნდა გადაიქცეს. იმ ბიჭებსაც ვერასდროს შევხედავ სერიოზულად, რომლებსაც უაზრო ჩაჩები აცვიათ, საიდანაც ტრუსი მოუჩანთ. ბევრი ბიჭი თავს ტატუთი იწონებს, მაგრამ აზრზე არ არის, ეს ტატუ რისთვის გაიკეთა. მოდას უაზროდ აყოლილი ადამიანები არ მევასება და მომკალით, თუ გინდათ. ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც ამბობს, მუსიკის ესა თუ ის მიმდინარეობა მომწონსო და ისეთ მომღერლებს ასახელებს, რომელთა სახელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის, არადა, აზრზე არ არის, ეს მომღერლები ვინ არიან. სინამდვილეში, ვთქვათ, ქალაქური სიმღერები მოსწონს, მაგრამ რატომღაც, ამის აღიარება "უტყდება". ჰგონია, ასეთ სიმღერებს თუ ახსენებს, აუცილებლად გოიმად ჩათვლიან. მე კი სიგოიმედ სწორედ ის მიმაჩნია, როცა შენი უცოდინრობის შენიღბვას სულელურად ცდილობ. ჯობია, იმას მოუსმინო, რაც გიყვარს და ის აკეთო, რაც გსიამოვნებს, ვიდრე მოდას აყოლილმა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ იმოქმედო.

- შეყვარებული ხარ?

- არა, ჩემი მოსაწონი ადამიანი ჯერ ვერ ვიპოვე. თუმცა, 18 წლის ვარ და ცხადია, გატაცებები მეც მქონია. როცა ხვდები, რომ ადამიანი შენთან ალალი არ არის, მასთან ურთიერთობა აღარ გინდება. მერწმუნეთ, მე მირჩევნია, ჩემი შეყვარებულის ნამდვილი გემოვნება ვიცოდე და თუნდაც, ფანოღი მოსწონდეს, ვიდრე მითხრას, შენს მსგავსად, როკის ფანი ვარო და აზრზე არ იყოს, რა არის როკი.

"ქუჩის ინსტიტუტი" XXI საუკუნეში მოდური აღარ არის"

ეკა, 17 წლის:

GzaPress- მოდა არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომწონს განათლებული ბიჭები, რომლებსაც შეუძლიათ, ყველა თემაზე ისაუბრონ. თუ ადამიანთან რაღაც საერთო ინტერესი არ მაქვს, მასთან უბრალოდ, ურთიერთობა გამიჭირდება. რაც შეეხება "ძველ ბიჭებს": მგონი, "ქუჩის ინსტიტუტი" XXI საუკუნეში მოდური აღარ არის და შესაბამისად, კარგი ტიპებიც ვედრო მანეთად აღარ ყრია. პირადად მე, ასეთი ადამიანი არც მომეწონებოდა. მირჩევნია, ჩემი შეყვარებული დასაქმებული იყოს, ვიდრე 24 საათი ქუჩაში იდგეს და ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიდეს, დღეს ძმაბიჭებთან ერთად, ყბედობაში და ვიღაცების "საქმეების გარჩევაში" ატარებდეს. ეს ნამდვილად არ მომეწონებოდა.

- შენი შეყვარებული როგორი ბიჭია?

- ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ. "ლოვეს" რამდენიმე თვის წინ დავშორდი. ის ნამდვილად, კარგი ტიპი იყო, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდით, რომ ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით, სხვადასხვა ინტერესი გაგვიჩნდა. გავიზარდეთ, გემოვნებაც შეგვეცვალა და ყოველგვარი ჩხუბის გარეშე დავშორდით. ახლა მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და მიმაჩნია, რომ კარგი მეგობრებიც ვართ.

- შეგიძლია ამიღწერო, ის ბიჭი როგორი პიროვნება იყო?

- სკოლაში კარგ მოსწავლედ მიიჩნეოდა, წყალბურთზე დადიოდა და ფეხბურთითაც იყო გატაცებული. ჩვენს დროში აუცილებელია, ადამიანი რაღაცით დაკავებული იყოს და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდეს. მეც ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ საკუთარ თავს ზიანი არ მივაყენო. გარემოში ისედაც ბევრი სიბინძურეა და ორგანიზმის თუნდაც, სიგარეტით მოწამვლა ნამდვილად არ ღირს.

- რას ფიქრობენ გოგონები "მოძველბიჭო" ტიპებზე

- ამის სურვილიც კი არასდროს გამჩენია. ჩემს სამეგობროში რამდენიმე გოგო ეწევა დ ამას ძალიან განვიცდი. არც ერთი მემეტება ნაადრევი სიკვდილისთვის, მაგრამ მათ ვერც ვერაფერს დავუშლი. სამაგიეროდ, ბიჭებს ძალიან მოსწონთ გოგონები სიგარეტით ხელში. ჰოდა, ერთხელ მოწევა შეყვარებულმაც შემომთავაზა. თვითონ ეწეოდა. მერე იმდენი მოვახერხე, რომ თავი დაანება. მიხვდა, ეს სპორტულ კარიერაში ხელს შეუშლიდა. მიმაჩნია, რომ ამით კარგი საქმე გავაკეთე.

"ის მამაკაცები დავაფასოთ, რომლებიც არა მარტო ქალებს, არამედ საკუთარ თავსაც პატივს სცემენ"

მარი, 16 წლის:

- კარგით, რა, რაღა დროს "ძველბიჭობაა"? ახლა ასეთი ტიპი ვის მოეწონება? ყველა იმას ვცდილობთ, ნათელი მომავალი შევიქმნათ და ასეთ "ქუჩის ბიჭებზე" ფიქრი ჩვენს ოცნებებს არ შეეფერება. პირადად მე, ძალიანაც რომ მომწონდეს, "ბირჟავიკის" ცოლობაზე უარს ვიტყოდი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთი ტიპი ლამაზ მომავალს ვერ შემომთავაზებს. თუ "ძველს" (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) გაჰყვები, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება, ჯოჯოხეთში მოგიხდეს ცხოვრება. მე საკუთარი თავი ძალიან მიყვარს და აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანის გვერდით ვერ ვიცხოვრებ.

- შეიძლება, ადამიანი "ქუჩის ბიჭი" არ იყოს, მაგრამ ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციოს...

- გეთანხმები, მაგრამ ამის ალბათობა შედარებით ნაკლებია. ისე, ბევრისგან მსმენია, რომ ძველად "ქურდები" ყველაზე კარგი ქმრები იყვნენ და გოგონები თავიანთი მეუღლეებით ამაყობდნენ, მათი წყალობით ისე ცხოვრობდნენ, უბატონოდ სიტყვას ვერავინ ეტყოდათ, მაგრამ უფრო ადრე ხომ მეფეებიც გვყავდა?.. დრომ ეს ყველაფერი სადღაც წარსულში დაასამარა და ეს მახარებს. ახლა დროა, ის მამაკაცები დავაფასოთ, რომლებიც არა მარტო ქალებს, არამედ საკუთარ თავსაც პატივს სცემენ და ცდილობენ, განათლება მიიღონ, კარიერა აიწყონ და საკუთარ შვილებს რაღაც ნათელი წერტილი დაუტოვონ... პირადად მე, ასეთი ბიჭებზე ვაფანატებ, ხოლო ვისაც "ქუჩის ბიჭები" მოსწონს, თავის გზაზე გაუმარჯოს.

ნათია, 17 წლის:

- პირადად მე, მომწონს ისეთ ბიჭები, რომლებიც პირველობას არავის უთმობენ. არ მესმის, "ჩმორი" და "დედას ბიჭი" რატომ უნდა მომეწონოს? ბოლოს და ბოლოს, ჩემი მომავალი ქმარი უნდა იყოს ჩემი საყრდენი და არა - პირიქით. მომწონს თანასწორობის იდეა, მაგრამ ამასაც აქვს ბევრი მინუსი. თუ თანასწორები ვართ, შეიძლება, კაცებმა ბრძოლაშიც გამოგვიწვიონ, ეს კი კარგი იდეა ნამდვილად არ იქნება. თუ კაცები ქალის თანასწორად იგრძნობენ თავს, არც გზას დაგითმობენ, არც ხელზე გეამბორებიან და სოფლებში ცოლებს ყანის თოხნასაც მოსთხოვენ, ეს კი არა მგონია, რომელიმე მანდილოსანს მოეწონოს. მე ვაფასებ ძლიერ ბიჭებს, რომლებაც ქუჩის კანონებიც იციან და სხვა რაღაცებიც.

- შენი აზრით, ფიზიკური სიძლიერე და ქუჩის კანონების ცოდნა საკმარისია იმისთვის, რომ მის გვერდით თავი ნამდვილ ქალად იგრძნო?

- ცხადია, მხოლოდ ეს ვერ იქნებ საკმარისი. დღეს მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი ადამიანი ვერაფერს გააწყობს, საქმეს გონებაც თუ არ დაატანა. მამაკაცი შემდგარი უნდა იყოს თავის საქმეში და პროფესორი თუ ვერ იქნება, რაღაც პროფესია მაინც უნდა ჰქონდეს. მომწონს სპორტული ადამიანები. თავადაც მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდივარ და ვერ შევეგუები ისეთი ადამიანის გვერდით ცხოვრებას, რომელსაც უმოქმედობისგან ტონიანი ღიპი ექნება. კაცი მოვლილი და მოწესრიგებული უნდა იყოს. შეიძლება, გარეგნულად არ ბრწყინავდე, მაგრამ საოცარნაკვთებიანი ადამიანებიც კი დაჩრდილო. ვისურვებდი, ბევრმა ქართველმა დაიწყოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სპორტდარბაზებში თუ ვერ ივლიან, სახლში მაინც, დღეში 5 წუთი დაუთმონ ვარჯიშს. ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია!

ლიკა ქაჯაია