სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია - გზაპრესი

სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია

ხარაგაულის ერთი ციცქნა სოფლის, ფარცხნალის მადლიან ბუნებაში იშვა, ახლა კი დიდუბის პანთეონში განისვენებენ... ეს არ არის სრული სია: ერთი ციდა სოფელმა, სადაც 400 კომლია აღრიცხული, მაგრამ მხოლოდ 200 ცხოვრობს, საქართველოსა და მსოფლიოს ოთხი აკადემიკოსი, ორმოცზე მეტი პროფესორი და მეცნიერების, ხელოვნებისა თუ მწერლობის არაერთი ღირსეული წარმომადგენელი აღუზარდა...

აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ ადამიანები, რომელთაც საქართველოში შვიდ მეცნიერებას დაუდეს სათავე და ამით საქართველო და ფარცხნალი მსოფლიოს გააცნეს... სოფლის ღირსეული წარმომადგენლები წლების მანძილზე ხელმძღვანელობდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს. სოფელში ხუმრობენ, - ფარცხნალს სასაფლაო არ სჭირდება, აქ ყოველი მეორე პანთეონის ბინადარი ხდებაო... სოფლის ისტორიის ფურცლებს ასევე ამშვენებს ცნობა იმის შესახებ, რომ აქ ერთი წლის მანძილზე, პედაგოგად მუშაობდა 18 წლის გალაკტიონ ტაბიძე...

ფარცხნალზე, რომელსაც თავისი დანიშნულებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელმა, სცენარისტმა, მსახიობმა და რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ წიგნი გამოსცა.

იზა ვეფხვაძე:

- ჩვეულებრივი იმერული სოფელია - მაღალი, ცადაზიდული მთების ძირას გაშლილი, ჭალაკებში ჩაფლული წყლის წისქვილებით, ფერდობებზე შეფენილი ოდა-სახლებით, უმშვენიერესი ეზოებითა და ასწლოვანი ხეებით დამშვენებული. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი სოფელი არაჩვეულებრივი იმით გახლავთ, რომ აქ დაუჯერებლად ბევრი სახელოვანი ადამიანის აკვანი დაირწა... გადმოცემის თანახმად, ფარცხნალში სოლომონ მეორეს საზაფხულო რეზიდენცია ჰქონია. სოფელში არის ადგილები, რომელსაც დღემდე უწოდებენ "მეფის ნასახლარს", "მეფისადგომს", "მეფის ნავენახარს". ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, კახორის მთაზე კახორის წმინდა გიორგის სალოცავის აგება მეფე თამარს უკავშირდება. ეს ტაძარი საბჭოთა ხელისუფლების წლებში ნაცარტუტად აქციეს, წმინდა ხატები კი ტყეებში მიმოფანტეს პირუტყვთა და ნადირთა სათრევად... სწორედ ფარცხნალში, თაბუკაშვილების საგვარეულო ოდა-სახლში დაიბადა ქართული დოკუმენტური კინოს ახალი მიმართულების ფუძემდებელი, რეზო თაბუკაშვილი და მისი ვაჟი - ლაშა...

- ამ პატარა სოფელს მხოლოდ ეს ადამიანები ეყოფოდა საამაყოდ, მაგრამ სხვადასხვა სფეროს უთვალსაჩინოესი წარმომადგენლების რაოდენობა, ვინც სწორედ ამ მიწამ ასაზრდოვა, ათეულებს სცდება... მოდი, იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრეთ, ვის შესახებაც შესაძლოა, არც კი იცოდეს ფართო საზოგადოებამ... ვინ იყვნენ ისინი და რა შესძინა მათმა ღვაწლმა ჩვენს სამშობლოს?

- ახლა ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. თუმცა, ვეცდები რამდენიმე მათგანის შესახებ მოგითხროთ... რადგან რეზო და ლაშა თაბუკაშვილებზე ხშირად წაუკითხავთ, ამჯერად, დავიწყოთ ევგენი ხარაძეზე საუბრით... ის საქართველოში ასტრონომიის ქართული სკოლის ფუძემდებელი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი გახლდათ. 60 წლის მანძილზე ობსერვატორიის უცვლელი ხელმძღვანელი იყო. ასევე, თსუ-ის რექტორად და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად მუშაობდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, კონტაქტი დაამყარა ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ნუმეროვთან და გახდა მისი ასპირანტი, მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციაში - იმდროინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასაშენებლად საქართველოში ადგილი უნდა შეერჩიათ. პირველი ქართველი ასტრონომი თავად გახლდათ... მისი ძალისხმევით აშენდა აბასთუმნის პირველხარისხოვანი ობსერვატორია და ყანობილის მანამდე უცნობი სერი მსხვილ მსოფლიო სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა. მალე ევგენი ხარაძემ თსუ-ში ასტრონომიის კათედრა შექმნა, შეადგინა სახელმძღვანელოები, აღზარდა არაერთი კადრი... ის გახდა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტობაზე კი უარი განაცხადა. ხარაგაულში დღესაც იხსენებენ, როგორ მიუყვებოდა გზას ფარცხნალისკენ რკინიგზის სადგურიდან ფეხით და არად აგდებდა მძღოლების ხვეწნა-მუდარას, - წაგიყვანთო. ამბობდა: "არ მინდოდა იმ სიამოვნების მოკლება, რასაც ამ მიწაზე დგომისას, მასზე მყარად შეხებისას ვგრძნობდი და ის ტალახიც, რომელიც ფარცხნალის მიწაზე მედებოდა, ჩემთვის ყველაზე წმინდა ტალახი იყო ამქვეყნად".

ევგენის ძმა გახლდათ არჩილ ხარაძე - საქართველოში მათემატიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართულად გამოცემული მათემატიკური სახელმძღვანელოს პირველი ავტორი; მის ტრადიციებს კი ღირსეულად აგრძელებს მისი ვაჟი, გიორგი ხარაძე - გამოჩენილი ფიზიკოსი. ათი შვილიდან ერთ-ერთი გახლდათ ფარცხნალელი პეტრე ბუაჩიძე - პროფესორი, დერმატოვენეროლოგიის დარგის პირველი ქართველი სპეციალისტი. მან შეისწავლა პირველად ნუნისის, წყალტუბოს, თბილისის მინერალური წყლების თვისებები და მათი მოქმედება კანის სხვადასხვა დაავადებაზე. იოსებ ბუაჩიძემ, ჰიდროგეოლოგიური რუკის პირველმა შემქმნელმა და ჰიდროგეოლოგთა პირველი სკოლის დამაარსებელმა, მშობლიური მხარის მინერალური საბადოები შეისწავლა და მინერალური წყლების წარმოებას დაუდო სათავე. მისი ხელმძღვანელობით მთელი რიგი ელექტროსადგურები, მათ შორის, აჭარის ჰიდროელექტროსადგური აიგო. მისი დამსახურებაა არტეზიული აუზების აღმოჩენა ალაზნის, ივრის, არგვეთის მიდამოებში. 15 წლის მანძილზე პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ.

- ფარცხნალიდან არიან ასევე, მეცნიერები - რუსუდან და ანა ხარაძეები...

- დიახ. რუსუდანმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ეთნოგრაფიული მეცნიერების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას - ქართველი ხალხისა და კავკასიის მთიელთა ყოფის ეთნოგრაფიულ შესწავლას. ანა კი ქართული ბოტანიკის, კავკასიის მცენარეული სამყაროს კვლევის სათავეებთან იდგა. ალპური ფლორის გამოკვლევის მიზნით, მან თეთნულდი, უშბა, მყინვარწვერი და იალბუზი დალაშქრა. მისი ინიციატივით ჩატარდა საქართველოს სასარგებლო მცენარეების ფართო რეგიონული გამოკვლევები. ანას მეუღლე თედო სახოკიას ძმისშვილი და გაზრდილი, მიხეილ სახოკია იყო - ბოტანიკის მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ფარცხნალის მადლიან მიწაზე ფეხი აიდგა ბიჭიკო ბრეგვაძემ - პირველმა ქართული საფოსტო მარკის ფუძემდებელმა. მან შეიმუშავა და გამოსცა საქართველოს ფოსტის წესები (რომელიც დღესაც მოქმედებაშია) და დღემდე ერთადერთი საფოსტო მარკების კატალოგი... ქართული ვოკალური ხელოვნება ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ქართულ საოპერო სცენაზე მთელი რიგი პარტიების საშემსრულებლო ტრადიციას დაუდო სათავე ნადეჟდა ხარაძემ. მას სპარსეთში, შაჰის კარზეც უმღერია. გამომგზავრების წინ კი შაჰს საჩუქრებით სავსე ვერცხლის ზარდახშა გადაუცია. ნადეჟდას ფოტოზე, მისი სილამაზით მოხიბლულ უდიდეს პიანისტს, რიხტერს წაუწერია: "...პორტრეტი ომის შემდგომი საქართველოს დედაქალაქის ელეგანტურობის ნიმუშია".

- გამოდის, ფარცხნალში დაბადებულ თითქმის ყველა გამორჩეულ მკვიდრს მიესადაგება სიტყვა "პირველი"...

- ნამდვილად ასეა და ეს არ არის მხოლოდ უსაფუძვლო აღტაცება. მსახიობი მერაბ თაბუკაშვილი საქართველოს ტელევიზიის პირველი დიქტორი გახლდათ; ბენიტო ბუაჩიძე - პროლეტარული მწერლობის ფუძემდებელი; ნიკოლოზ თაბუკაშვილი - ქალაქ სოხუმში სამხატვრო სკოლის და შემდგომ სამხატვრო სასწავლებლის პირველი დამაარსებელი და დირექტორი; მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ და პროფესორმა, დავით კლდიაშვილის ნაწარმოებთა ილუსტრატორმა - ზურაბ ლეჟავამ, შოთა ამირანაშვილთან ერთად, ფიროსმანის სახელის საზღვარგარეთ გატანას ჩაუყარა საფუძველი. ის იყო მთავარი როლის შემსრულებელი პირველ ქართულ ფერად მხატვრულ ფილმში - "მწვერვალის დამპყრობნი". თამაშობდა ფილმებში - "არსენა", "გიორგი სააკაძე", ქეთო და კოტე". თეიმურაზ ბუაჩიძე მეორე ქართული მსროლელი დივიზიის უფროსი იყო. პირველად არმიის ისტორიაში, მისი მეთაურობით დივიზია სრული სამხედრო აღჭურვილობით მყინვარწვერზე ავიდა. მან სტალინის სიყვარულით სახელი შეიცვალა და სოსო დაირქვა. 1937 წელს კი დააპატიმრეს და წამებით მოკლეს, მისი მეუღლე კი გადაასახლეს...

ფარცხნალის მკვიდრი გახლდათ ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი დევი აბაშიძე. მრავალი ფილმი აჩუქა ქართულ კინოს, მათ შორის: "დიდოსტატის მარჯვენა", "ყვარყვარე", "მზის საგალობელი"... ფარცხნალის მიწაზე აღიზარდა ცნობილი დრამატურგი და პუბლიცისტი, კიტა ბუაჩიძე. რეპრესირებული ოჯახის წევრი თავადაც დააპატიმრეს და 7 წელი მიუსაჯეს. წლების შემდეგ, ჯანგატეხილი დაუბრუნდა ოჯახს. თუმცა, მისი დევნა-შევიწროება არც მერე შეწყვეტილა. მისი უკომპრომისო, მამხილებელი ხელნაწერები ხელიდან ხელში გადადიოდა, ხოლო როცა მათი დაბეჭდვის საშუალება მიეცა, მთელ ჰონორარს სპექტაკლების შემოსავალთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს უნაწილებდა, თავად კი ძალზე მოკრძალებულად ცხოვრობდა. ბინის კარზე, თურმე, "უსტარი" ჰქონდა გაკრული: "პატივცემულო ქურდებო! ჩემთან შემოსვლით ნუ შეწუხდებით, ძალიან გთხოვთ, წიგნებსა და გაზეთებს ნუ ამიწეწავთ!"

- გარდა ამ ადამიანების წარმომავლობისა, ფარცხნალელებს ისიც აქვთ საამაყოდ, რომ 1910-11 წლებში მათ სოფელში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობდა 18 წლის გალაკტიონ ტაბიძე...

- დიახ და მან ხარაგაულის ლამაზ ბუნებას არაერთი ლექსი უძღვნა... სოფელში ჩასულმა ახალგაზრდა პოეტმა ბინა ხარაძეების უბანში, დიმიტრი ხარაძის ლამაზ ოდაში დაიდო, სადაც ყველაზე პატარა და მყუდრო ოთახი აირჩია. სოფელში ამბობდნენ, გალაკტიონმა საცხოვრებლად ხარაძეთა უბანი იმიტომ აირჩია, რომ იქ სოფლის ლამაზმანები ცხოვრობდნენო. ვინ იცის, იქნებ ასე არც იყო, თუმცა, სოფლის წყაროსთან, სადაც სკოლისაკენ მიმავალ გალაკტიონს უნდა გაევლო, მთელი დღე რეცხავდნენ სარეცხს ყმაწვილი ქალები... ამის შემხედვარე აბესალომ ბუაჩიძეს უხუმრია: ამ ჩვენმა სოფლის მასწავლებელმა არ ასწავლა რეცხვა გოგონებსო?!

- რამდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა ის ერთი წელი გალაკტიონისა და თავად მოსწავლეებისთვის?

- ხშირად აწყობდა სოფელში ლიტერატურულ საღამოებს, კითხულობდა ლექსებს. საზოგადოებას პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების შესახებ ესაუბრებოდა. გამორჩეული გულისხმიერებით უყვარდა ბავშვები. ერთხელ, გაკვეთილზე არ გამოცხადებულა გალაკტიონის საყვარელი მოსწავლე - ერმალოზ ბუაჩიძე. გაკვეთილების შემდეგ, მასწავლებელს ოჯახში მიუკითხავს და არყოფნის მიზეზით დაინტერესებულა. ერმალოზის დედას მოუბოდიშებია: ერთადერთი შარვალი გავურეცხე, გაშრობა ვერ მოასწრო და გაკვეთილები ამიტომ გაუცდაო. გალაკტიონს 50 კაპიკი ამოუღია ჯიბიდან და ბიჭის მშობლებისთვის უთხოვია, ამ ფულით შარვალი უყიდეთო. ერთ დილით, სკოლის ეზოში შესულ გალაკტიონს წინაღამით ძლიერი ქარისგან მოთხრილი, ხუთწლიანი ცაცხვის ნარგავი დაუნახავს. დაუფიქრებლად, მიწის ფხოჭნა დაუწყია. ამ დროს ეზოში მისი მოწაფე, ერმალოზ ბუაჩიძე შემოსულა. არიქა, ერთი სარი მიშოვე სადმეო, - უთხოვია გალაკტიონს, ცაცხვის ხისთვის მიწა მიუყრია, მერე ჭიგო დაუსვია და ზედ მიუკრავს. ამ დღის შემდეგ განსაკუთრებით პატრონობდა ცაცხვის ახალგაზრდა ნერგს, წყალს უსხამდა, ელოლიავებოდა. სოფელში ამ ცაცხვის ხეს დღესაც "გალაკტიონის ცაცხვს" ეძახიან და ალბათ, გასაკვირიც არაა, რომ ეს ხე სხვათა შორის გამორჩეული და მკერდგანიერია.

შორენა ლაბაძე