12 შვილის დედა - გზაპრესი

12 შვილის დედა

სახლი, რომელიც მათ ნათესავმა ათხოვა, ნახანძრალია. ოჯახს ძალიან უჭირს. მათ საცხოვრებელში მისულს, სიბრალულისგან გული შეგეკუმშებათ... ბინაში სულ 15 ადამიანი ცხოვრობს. ზამთარში მთელი ოჯახი ერთ პატარა ოთახშია შეყუჟული, რათა ერთმანეთი ასე მაინც გაათბონ.

- ქალბატონო ქეთევან, რამდენი წლის ბრძანდებით, ამდენი შვილის გაჩენა რომ მოასწარით?

- 39-ის ვარ. 12 შვილის გაჩენა და გაზრდა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. მიუხედავად ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ შვილები ჩემი სიმდიდრეა. მორწმუნე ადამიანი ვარ და აბორტს ვერ გავიკეთებდი. ღმერთმა რამდენი ბავშვიც მაჩუქა, იმდენი გავაჩინე. სულ 13 შვილი მყავდა, მაგრამ ერთი დამეღუპა.

- რით გარდაიცვალა?

- ჯანმრთელი დაიბადა. 4 თვის იყო, ცუდად რომ გახდა. საავადმყოფოში წავიყვანე, მაგრამ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. როგორც ექიმებმა მითხრეს, ჟანგბადის უკმარისობა ჰქონდა.

- უფროსი შვილი რამდენი წლისაა?

- უფროსი ქალიშვილი 21 წლისაა. დანარჩენებს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით, წელიწადი და 3 თვეა.

- თქვენთან ცხოვრობენ?

- უფროსი გოგონას ქმარი ციხეშია და ამიტომაც, იძულებულია, შვილთან ერთად აქ იცხოვროს. მეორე ქალიშვილიც ახალი გათხოვილია, მაგრამ როგორც ხედავთ, ისიც ჩემთანაა - ქმარს დაშორდა და სულ პატარა ბავშვით ხელში, მარტო დარჩა. ჩვილი სულ რაღაც, 10 დღისაა. თურმე, პატარა კამათი მოუვიდათ და ამის გამო დაშორდნენ. ვინ იცის, შეიძლება, შერიგდნენ კიდეც... ამ სახლში ასევე, ცხოვრობს ჩემი რძალი, რომელიც დღე დღეზე ელოდება პატარას.

- რით არსებობთ? თქვენი ოჯახის შემოსავალი რა არის?

- სოციალურ დახმარებას ვიღებთ, ხანდახან მეც ვმუშაობ და ასე, წვალებით გაგვაქვს თავი.

- თქვენ რას საქმიანობთ?

- ხანდახან, როცა დამირეკავენ, სახლებს ვალაგებ ხოლმე, მაგრამ ასეთი ზარი ჩემს ტელეფონზე იშვიათად შემოდის. ამაში მიზერულ თანხას ვიღებ, მაგრამ რა ვქნა, ჩვენთვის თეთრებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- სოციალურ დახმარებას რამდენს იღებთ?

- სულ 700 ლარს უნდა ვიღებდე, მაგრამ ნახევარს ვიღებ. ბინა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, ნათესავისაა და წლების განმავლობაში დაკეტილი იყო. სახლის პატრონს თურმე, თელასის დავალიანება (საკმაოდ დიდი თანხა) ჰქონდა. მას მერე, რაც აქ შემოვსახლდით, ვინაიდან შუქს არ გვირთავდნენ, იძულებული გავხდი, ბანკიდან კრედიტი ამეღო და დავალიანება გადამეხადა. ახლა ყოველ თვე, სოციალური დახმარებიდან თანხის ნახევარს ბანკი მაჭრის.

- ანუ ეს ბინა ნათესავმა გათხოვათ?

- დიახ. ის ახლა საქართველოში არ არის, რუსეთში ცხოვრობს. ხომ ხედავთ, როგორ პირობებში ვცხოვრობთ. ამ ბინაში ერთ დროს ცეცხლი გაჩენილა და მხოლოდ კარკასი დარჩა.

- ბუნებრივი აირი გაქვთ?

- არა, მაგრამ გვპირდებიან, შემოგიყვანთო. მგონი, მილებს განახლება სჭირდება და მრიცხველიც დასამონტაჟებელია.

- ამ ბინის პატრონი რომ ჩამოვიდეს, სად უნდა იცხოვროთ?

- მესამე წელია, ამ ბინაში ვცხოვრობთ. ჩვენც გვქონდა ბინა, სანზონაში. რომელიც აუქციონის წესით გაიყიდა. სახელმწიფომ შეგვიშვა იმ სახლში და წლები ვცხოვრობდით. დიდი ფართი გვქონდა - 243 კვ.მ. იყო. მართალია საკუთრებაში არ გვქონდა ის ბინა, მაგრამ მეიმედებოდა, რომ 13 შვილის დედას სახელმწიფო ქუჩაში არ დამტოვებდა. თურმე, სულ ტყუილად... მერე შევეცოდე ჩემს ნათესავს და მითხრა, ვიდრე რუსეთში ვიქნები, შეგიძლია, აქ იცხოვროო.

- მეუღლეს დაშორებული ხართ?

- დიახ, მეუღლეს დავშორდი. ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა.

- მას სხვა ოჯახი ჰყავს?

- არა, ცოლი აღარ შეურთავს.

- ყველაზე პატარა შვილი რამდენი წლისაა?

- 4-ის გახლავთ და ბაღში დადის, ჩემს შვილიშვილთან ერთად. ისინი თითქმის ტოლები არიან. საბავშვო ბაღი კარგი საშუალებაა ჩვენნაირებისთვის: პატარები მთელი დღე იქ არიან და ნოყიერ საჭმელსაც მიირთმევენ.

- როგორც მრავალშვილიან დედას, სახელმწიფო დახმარების სახით თანხას არ გიხდით?

- კი, თითო ბავშვზე 25 ლარს მაძლევენ. ამის წყალობით, შუქის გადასახადს ვიხდი. ელექტროღუმელით მხოლოდ ერთ ოთახს ვათბობთ, მაგრამ მაინც ბევრი გადასახადი მოგვდის.

- საწოლები საკმარისი გაქვთ?

- საკმარი საწოლი კი არა, ჭურჭელიც არ გვაქვს, ამიტომ რიგრიგობით ვსადილობთ ხოლმე. ძველებური ტელევიზორი გვაქვს, რომელიც მხოლოდ ორ არხს უჩვენებს. ხშირად, საკვები უფასო სასადილოებიდან მოგვაქვს და პურსაც იქ გვაძლევენ.

- დღეში რამდენი პური გჭირდებათ?

GzaPress- 9 პურს გვაძლევენ, მაგრამ მთელი დღე არ გვყოფნის. ბავშვები კალორიულ, სასარგებლო საკვებს რომ ვერ იღებენ, მუდმივად შიმშილის შეგრძნება აქვთ.

- უფასო სასადილოებიდან ძირითადად, რა კერძები მოგაქვთ?

- ძირითადად, ბოსტნეულისგან დამზადებული "სუპი"; ხანდახან, ქათმის ხორცის წვნიანი და გუფთაც.

- თქვენი შვილებიდან სკოლის მოსწავლე რამდენია?

- სკოლაში 4 დადის. არც ერთს არ ვემდური, კარგად სწავლობენ.

- ბავშვების მოვლაში არასდროს არავინ დაგხმარებიათ?

- ვიდრე პატარები იყვნენ, დედა მეხმარებოდა. სამწუხაროდ, დედაც და მამაც, ორივე გარდაიცვალნენ. ისინი ჩემ გვერდით რომ იყვნენ, ასე არ გამიჭირდებოდა.

- დედმამიშვილები გყავთ?

- ერთი ძმა მყავს, მაგრამ საქართველოში არ ცხოვრობს. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკაში იყო ჩართული - ქრისტიან-ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე გახლდათ. ერთხელაც, ისეთი რამ თქვა შევარდნაძეზე, რაც არ უნდა ეთქვა. ჰოდა, მერე მასზე ძებნა გამოაცხადეს. მახსოვს, ჩვენი სახლი ალყაში იყო მოქცეული. სწორედ ამ სიტუაციას ემსხვერპლა მამა, რომელსაც გულმა უმტყუნა. ჩემმა ძმამ კი აქედან გაასწრო და მას შემდეგ აღარც მინახავს.

- 13 შვილის გაჩენის შემდეგ, ჯანმრთელობას არ უჩივით?

- მთლად ჯანმრთელი მართლაც, არ ვარ. ჩიყვი მაქვს, მაგრამ ექიმთან ვერ მივდივარ.

- რატომ, დაზღვევა ხომ გაქვთ?

- დაზღვევა მაქვს, მაგრამ ექიმთან რომ მიხვალ, ის წამლებს გამოგიწერს, მე კი მათი შეძენის საშუალება არ მაქვს... თუმცა, ხანდახან იმაზეც ვფიქრობ: მე რომ რამე დამემართოს, ჩემს შვილებს რა ეშველებათ? უკვე დიდები არიან, მაგრამ დედა გვერდით რომ გყავს, რაღაცნაირად, ძლიერი ხარ.

- პრეტენზიული ბავშვები არიან?

- არა, არ არიან პრეტენზიულები. იციან, რომ ბევრი ფული არ მაქვს და ზედმეტს არაფერს ითხოვენ.

- მაინც, ყველაზე ხშირად, რაზე ოცნებობენ ხოლმე?

- კომპიუტერი უნდათ ძალიან. ამბობენ, ყველას აქვს და ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდესო?

- ზამთარი მოდის. თქვენს შვილებს თბილი ტანსაცმელი აქვთ?

- თითო-თითო რაღაც აქვთ და ერთმანეთის სამოსსაც იცვამენ.

P.შ. თუ ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, გოლიაძეების ოჯახის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 5(98) 79.74.91.

სოფო ჭონიშვილი