27 ივნისიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდება პირველი მონეტა
კოლხური თეთრი - ძვ. წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი - შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს (ფაზისს). კოლხური თეთრის მნიშვნელობა მეტად დიდია, საკმარისია აღინიშნოს, რომ იგი ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია ძვ.წ. VI საუკუნეში თანამედროვე დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სამეფოს არსებობის დასამტკიცებლად. გარდა ამისა, კოლხური თეთრი პირველხარისხოვანი მასალაა ძველი ქართული პანთეონის შესასწავლად.
კოლხური ფული დამზადებულია მაღალმხატვრულ დონეზე, რითაც იგი ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს და სტილისტურად ემსგავსება კიდეც მათ. ბოლომდე გარკვეულია მხოლოდ შემდეგი: ეს ფულადი ნიშნები კოლხეთისთვის იჭრებოდა და ძირითადად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბრუნავდა.
23 ივნისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უნიკალური პროექტის - "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" - პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, "გამომცემლობა პალიტრა L-ისა და "კვირის პალიტრის" მიერ. წიგნ-ალბომზე მუშაობდა ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი.
პროექტი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნი-ალბომის მფლობელი და თვეში ერთხელ პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა.
24 განსხვავებული მონეტა საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.
სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოენახულებინათ ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა, რომელიც სპეციალურად ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა. ყოველმა სტუმარმა საჩუქრად მიიღო პირველი მონეტის ასლი. სამომავლოდ კი ერთგულ მომხმარებელს, რომელიც უნიკალური კოლექციის შეგროვებას გააგრძელებს, ექნება შანსი, გახდეს ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი.
პრეზენტაციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები. მათ პროექტის შესახებ ისაუბრეს.
მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი:
- დღეს ეროვნულ მუზეუმში ძალზე საინტერესო და მე ვიტყოდი, ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია გვაქვს, - წიგნი-ალბომი, რომელიც შეიქმნა ეროვნული მუზეუმისა და "პალიტრა L"-ის თანამშრომლობით. ყველა ადამიანს საშუალება ექნება, რომ მფლობელობაში ჰქონდეს ეს წიგნი-ალბომი და თვეში ერთხელ პირადი კოლექციისთვის ერთი მონეტით შეავსოს. საერთოდ, მონეტის, ფულის მოჭრის პრეროგატივა ყოველთვის სახელმწიფოს კომპეტენცია იყო და ნუმიზმატიკის ისტორიის Dშესწავლა, მისი განვითარების შესწავლა ძალიან მკაფიო წარმოდგენას გვაძლევს, ზოგადად, ქვეყნის ისტორიაზე, მის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაზე; კონკრეტულ, მოცემულ მომენტში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ კულტურულ მდგომარეობაზე ქვეყნის და საერთაშორისო პრიორიტეტებზეც კი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს წიგნი-ალბომი ძალიან საინტერესო იქნება ფართო მომხმარებლისთვის. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა პროექტის ავტორებს და წარმატება ვუსურვო მათ.
დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი:
- "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნი არის შესანიშნავი საჩუქარი ყველასთვის. ის, ერთი მხრივ, ასახავს ნამდვილ მეცნიერებას, მეორე მხრივ არის განსაზღვრული ფართო საზოგადოებისთვის და პირველ რიგში - მომავლისთვის. ეროვნული მუზეუმისთვის ძალიან დიდი პატივია, ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა. ეს პროექტი არის ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა იმისათვის, რომ ეროვნული მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ შენახული, არ არის მხოლოდ გამოფენილი, არამედ ამ ინფორმაციის ფართო საზოგადოებაში გავრცელება ხდება.
გიორგი მელაშვილი, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი:
- ძალიან საინტერესო პროექტია და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ეროვნულ მუზეუმს, ამ პროექტის ორგანიზატორებს მისი რეალიზაციისთვის. ეს პროექტი ხელს უწყობს ქართული ფულის ისტორიისა და ჩვენი კულტურის წარმოჩინებას.
გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:
- ეს პროექტი არის ჩვენი, ქართული კულტურის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ნაწილი. დამადასტურებელი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი წარსული, მდიდარი ისტორია და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ კულტურული თვითმყოფადობით გვაქვს ჩვენი ადგილი იმ ევროკავშირში, საითკენაც მივისწრაფვით.
გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი; მწერალი:
- მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პროექტია, განსაკუთრებით 2 ასპექტი მინდა გამოვყო. ერთი მხრივ, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასტური, რომ ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო და ჰქონდა თავისი ფული და მეორე მხრივ, ის არის საინტერესო, რომ ადამიანები დააკვირდებიან ფულის განვითარების ისტორიას, რომელიც ბუნებრივია, ვიზუალსაც გულისხმობს და ამ მონეტებზე გამოსახულ მასალებს, რომლებიც ცხადია საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს არ არის ვიწრო ჯგუფისთვის მიწოდებული წიგნი-ალბომი.
მარიკა დარჩია, "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი:
- ეს არის "პალიტრა L"-ის პროექტი - "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" - რომელზეც ეროვნულ მუზეუმთან ერთად 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. წიგნ-ალბომში თავმოყრილი მონეტები არის მოდელი იმ მონეტებისა, რომელიც ისტორიის მუზეუმშია დაცული. პროექტზე ნუმიზმატებთან ერთად ვმუშაობდით, რომლებმაც ძალიან დიდი რაოდენობით ფასეული მონეტებიდან აგვარჩევინეს 24 ნიმუში - პერიოდის, ფორმის, ისტორიის მიხედვით. ეს წიგნი-ალბომი, მონეტებით მოგიყვებათ საქართველოს ისტორიას, - საქართველოს სიძლიერეს. ყოველთვე, გაზეთ "კვირის პალიტრას" 1 მონეტა მოჰყვება; იყავით ყურადღებით და შეაგროვეთ - ეს დიდი განძია.
ბახვა ბრეგვაძე, მსახიობი:
- დადებითად და პოზიტიურად ვხვდები ამ სიახლეს. აქამდე, ქართულ სინამდვილეში არ გვქონია მსგავსი პროექტი, არ არსებობდა ისეთი წიგნი-ალბომი, რომელიც მონეტების მეშვეობით გვიამბობდა საქართველოს ისტორიას. ალბათ, ყველა ქართველის ოჯახში რომ უნდა იყოს, ისეთი შემეცნებით-გასართობი ხასიათის წიგნი-ალბომია. ვულოცავ ორგანიზატორებს. ზუსტად ვიცი, მე აუცილებლად ვიქონიებ ამ ინოვაციურ გამოცემას.
სალომე კიპაროიძე, ჟურნალისტი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, დილის გადაცემა):
- საინტერესო პროექტის პრეზენტაციაზე ვიმყოფებით. ჩემი აზრით, ამ მონეტების კოლექციის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უფროსი ასაკის მკითხველისთვის, ასევე - პატარებისთვისაც. კმაყოფილი ვარ, რომ უკვე ერთ-ერთი მონეტის მფლობელი ვარ, რომელსაც აუცილებლად გადავცემ ჩემს პატარა ნათლულს და მივცემ საშუალებას, შემდეგში "კვირის პალიტრასთან" ერთად შეაგროვოს ახალ-ახალი მონეტები, - მონეტების მეშვეობით გაეცნოს და შეიყვაროს საქართველოს ისტორია.
27 ივნისიდან იყიდება პირველი მონეტა და მისი ფასია 3,50 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად - 5 ლარი.
ეკა სალაღაია