დასჯილი დედა... - გზაპრესი

დასჯილი დედა...

გასულ ზაფხულს სამთო კურორტზე ერთი ქალბატონი გავიცანი, რომელიც შვილიშვილებთან ერთად იყო ჩამოსული. ერთი შეხედვით, ბედნიერი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ვერც კი წარმოვიდგენდი, მისნაირებსაც თუ შეიძლებოდა, მსგავსი სადარდებელი ჰქონოდათ...

მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მოსვენება დაკარგა და ვატყობდი, რაღაცის თქმა უნდოდა. არც შევმცდარვარ _ ერთ საღამოს, როცა ბავშვებმა დაიძინეს და მარტონი დავრჩით, დარდი გამიზიარა:

_ ახალგაზრდობაში დიდი სისულელე ჩავიდინე, რომელსაც ვერასოდეს ვაპატიებ თავს: სკოლა რაიონში დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი სწავლის გასაგრძელებლად. სამედიცინო ინსტიტუტში მოვეწყვე, რაც დიდი მიღწევა იყო მაშინ, რადგან სულ `დიდი ხალხის~ შვილები ხვდებოდნენ ამ ინსტიტუტში. მამაჩემი კი სოფლის სკოლის დირექტორი იყო და ჩემი დახმარება არ შეეძლო. ძალიან ამაყობდნენ ჩემით მშობლები და ცდილობდნენ, ჩასაცმელ-დასახური მაინც არ მოეკლოთ, რომ თეთრი ყვავივით არ გამოვჩენილიყავი განებივრებული კურსელების გვერდით. პირველ წელსვე შევუყვარდი კურსელს, რომელიც თბილისში ცნობილი ოჯახის შვილი იყო. მაფრთხილებდნენ, თავი მისგან შორს დამეჭირა, _ შენნაირ უბრალო გოგოს არ შეუშვებენ ოჯახშიო. მეგონა, ჩემი შურდათ და არავის დავუჯერე...

დავფეხმძიმდი და ეს რომ გავუმხილე გიას, იმის ნაცვლად, გახარებოდა, შეწუხდა და გულახდილად მითხრა: ცოლად ვერ შეგირთავ. ჩემი მშობლები არ დაუშვებენ ამას. დიდი ხანია, ჩემთვის შერჩეული ჰყავთ საცოლე, რომელიც მოსკოვში სწავლობს. არდადეგებზე რომ ჩამოვა, ქორწილს გადაგვიხდიან, მერე მასთან ერთად მეც მოსკოვში მიშვებენ, სწავლის გასაგრძელებლადო...

ვერაფერი ვუთხარი და არც ის ფული გამოვართვი, აბორტის გასაკეთებლად რომ მაძლევდა. რატომღაც მეგონა, ბავშვს თუ გავაჩენდი და ნახავდა, ვეღარ შეელეოდა და დამიბრუნდებოდა, მაგრამ შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა გიას ქორწილის ამბავი გავიგე და ისე ვინერვიულე, ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. ბავშვი ძალიან უსუსური დაიბადა. გოგონა იყო, რომელიც ინკუბატორში მოათავსეს...

მშობლებმა არაფერი იცოდნენ ჩემი ფეხმძიმობის შესახებ. მას მერე, რაც მუცელი დამეტყო, აღარ ჩავსულვარ სოფელში. მშობიარობის შემდეგ, ჩემი პატრონი არავინ იყო და ცოტათი დავიბენი. ექიმმა შეამჩნია ჩემი მდგომარეობა და რომ დაინახა, მომკითხავი არავინ მყავდა, ბავშვის გაშვილება მირჩია: ერთ ძალიან მდიდარ და კარგ ოჯახს უნდა ბავშვი. ისინი თუ შეძლებენ შენს შვილს ძვირად ღირებული წამლები უყიდონ და გადაარჩინონო...

შვილის სიკვდილს მისი დათმობა ვამჯობინე და სამშობიაროდან ხელცარიელი წამოვედი... ვინც იცოდა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ, ვუთხარი, რომ ბავშვი ნაადრევი მშობიარობის შემდეგ, მკვდარი დაიბადა...

ინსტიტუტი დავამთავრე და რაიონში დავბრუნდი. მშობლები ძალიან დარდობდნენ, გათხოვებაზე რომ არ ვფიქრობდი. ქართველი კაცების ამბავი ხომ იცით _ არავის უნდა ცოლად სხვისი შეცდენილი და მე კიდევ, მოტყუებით გათხოვება არ მინდოდა...

ოცდაათი წლის ვიყავი, ქვრივ კაცს რომ შევუყვარდი. ერთი გოგონა ჰყავდა და უჭირდა ბავშვს დედის გარეშე. ოჯახის შექმნა რომ შემომთავაზა, გულახდილად მოვუყევი ჩემი წარსული და მხოლოდ ერთი მისაყვედურა: არ უნდა გაგეშვილებინა ბავშვიო...

დავქორწინდით და მასთან ორი შვილი შემეძინა, მაგრამ ნინიკო, რომელიც ჩემი გერია, საკუთარ შვილებზე მეტად მიყვარს და ვერც ვმალავ ამას. ასე მგონია, ის ჩემი გაშვილებული ბავშვია...

_ შვილის მოძებნა აღარ გიფიქრიათ?!

_ იმიტომ გადაგიშალე გული, რომ იქნებ დაწერო ჩემზე თქვენს ჟურნალში... მე და ჩემი მეუღლე იმ სამშობიაროში მივედით, ექიმსაც დაველაპარაკეთ, რომელმაც ბავშვის გაშვილება მირჩია: მაშინ ვერ გეტყოდი სიმართლეს, _ შენი შვილი გულით ავადმყოფი იყო და მას ვერავინ გადაარჩენდაო.

ჩემმა ქმარმა საცემრად გაიწია, მაგრამ...

ჩივილით აღარ გვიჩივლია, რადგან თავად ვიყავი დამნაშავე მომხდარში და აღარ მინდოდა ზედმეტი არეულობა. ასეც დამთავრდებოდა ეს ამბავი, რომ არა სამშობიაროს ექთანი, რომელსაც შემთხვევით შევხვდი რამდენიმე წლის წინ და ვიცანი. გამოვეცნაურე. არ დამიმალავს ჩემი გულის ტკივილი. _ შენი შვილი უდღეური კი დაიბადა, მაგრამ მალე მოიკეთა და საოცრად ჯანსაღი გოგონა დადგაო. იმ ექიმმა თავის ახლობლებს მისცა. ისინი ქუთაისში ცხოვრობდნენ და შენი შვილიც იმ ქალაქში იზრდებოდა. ხანდახან ჩამოჰყავდათ კიდეც ჩვენს პედიატრთან კონსულტაციაზე და არაჩვეულებრივი ბავშვი იყოო...

ექთანმა იმ ოჯახის შესახებ სხვა არაფერი იცოდა...

ჩემი გოგონა 1981 წლის 3 იანვარს დაიბადა, შვიდთვიანია. ახლა 34 წლის იქნება და ალბათ თავად არის დედა. მინდა იცოდეს, რომ დედამისი ძალიან უბედურია მის გარეშე გატარებული ცხოვრების გამო. თავისი და-ძმაც გაიცნოს და მე თუ ვერ მაპატიებს, მათთან მაინც ჰქონდეს ურთიერთობა. სხვათა შორის, მის ბიოლოგიურ მამას _ გიასაც კარგი შვილები ჰყავს: ორი ვაჟი და გოგონა...

...ქალბატონს დავპირდი, რომ მასზე აუცილებლად დავწერდი. თუ ვინმეს ეს ამბავი ეცნობა და გამოგვეხმაურება, ძალიან გაგვახარებს.

ინგა ჯაყელი