როსინდო სტარენი - არუბელი ინდიელი ჰოლანდიიდან - გზაპრესი

როსინდო სტარენი - არუბელი ინდიელი ჰოლანდიიდან

დედაქალაქი - ორანიესტადია.

კუნძულის აბორიგენი ძირძველი მოსახლეობა არავაკების ტომის ინდიელები იყვნენ, რომლებიც შემდგომ კარიბებმა დაიპყრეს (კარიბები ასევე, ერთ-ერთი ინდიელების ტომია). მეჩვიდმეტე საუკუნეში კუნძული ახალი მიწების მაძიებელმა ნიდერლანდელებმა დაიპყრეს. არუბა დღემდე მათ განკარგულებაშია. მოსახლეობის 80% კათოლიკეა, ხოლო ოფიციალური ენები - ჰოლანდიური და პაპიამენტოა (ესპანური და პორტუგალიური ენების კრეოლური ნაზავი). კუნძული იმდენად პატარაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უმაღლესი განათლების მისაღებად ნიდერლანდებში მიდის. არუბაზე უნივერსიტეტი არ არის.

არუბა ტურისტების საყვარელი ადგილია. მისი პეიზაჟები იმ სურათებს ჰგავს, ზღაპრულ კურორტზე მოხვედრაზე მეოცნებენი სმარტფონებისა და კომპიუტერების ეკრანზე რომ იყენებენ. ერთი სიტყვით, სამოთხეა დედამიწაზე.

თბილისში წარმოშობით არუბელი ინდიელების შთამომავალი, როსინდო მარგარიტა იოჰანეს ფრანცისკუს სტარენი ცხოვრობს ოჯახთან ერთად. როსინდო საქართველოში სიყვარულმა ჩამოიყვანა. ეს ამბავი კი უკრაინაში დაიწყო.

როსინდო:

- პროფესიით აი-ტის სპეციალისტი ვარ. წლების წინ ერთ ამერიკელთან დავიწყე მუშაობა, რომელმაც უკრაინაში წამიყვანა. სიმართლე გითხრათ, იქ გარკვეული პრობლემები შემექმნა ენის გამო. ჰოდა, ერთ დღესაც ახალგაზრდა გოგონა - ინა მომევლინა მშველელად.

ინა:

- დედა უკრაინელი მყავს, ამიტომაც ხშირად მიწევდა იქ ყოფნა. ისე, თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ოჯახი ავლაბარში, სამების ტაძრის წინ ცხოვრობს.

როსინდო:

- დავმეგობრდით მე და ინა. მერე ის საქართველოში დაბრუნდა, მე - ნიდერლანდების სამეფოში, მაგრამ ერთმანეთს სკაიპით ვუკავშირდებოდით.

ინა:

- ეს "სკაიპ"-მეგობრობა საკმაოდ დიდხანს გაგვიგრძელდა. იმ პერიოდში სასტუმროში ვმუშაობდი და ღამის ცვლაში ყოფნა როსინდოსთან "სკაიპით" საუბარმა გამიადვილა. მახსოვს, შუა საუბრისას მეუბნებოდა ხოლმე, - გადავედი ახლა მე გერმანიაში, მაღაზიაში უნდა ვიყიდო რაღაცო. თავდაპირველად მიკვირდა. მერე გავიგე, რომ ვაალი, ქალაქი, სადაც როსინდო ცხოვრობს და მუშაობს, თურმე გერმანიის საზღვართან მდებარეობს და რადგანაც საქონელი გერმანიაში უფრო იაფია (მათ შორის, საწვავიც), როსინდო იქ გადადიოდა ხოლმე.

- თბილისში როდის ჩამოვიდა?

- უამრავ რამეს ვუყვებოდი საქართველოზე და ერთ დღესაც მან ჩამოსვლა გადაწყვიტა. 2009 წლის ივნისი იყო. როსინდო აღფრთოვანებული დარჩა საქართველოთი და თამამად ვიტყვი, რომ თვითონ ჩვენ, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს არ გვექნება მოვლილი და შესწავლილი ყველა ის კუთხე-კუნჭული, რომელიც მას აქვს.

- როსინდო, განსაკუთრებით რომელმა კუთხემ მოგხიბლა?

- სვანეთმა. საოცარი ბუნებისა და ლანდშაფტების "პატრონი" კუთხეა. ასევე მოვიხიბლე მთაში მცხოვრები ხალხით. ისინი რაღაცით არუბელებს ჰგვანან: მათსავით სიცოცხლის მოყვარულები არიან. იცით, როგორი ხალხი ცხოვრობს არუბაზე? ძალიან სტუმართმოყვარე და მხიარული. აი, ბობ მარლის სიმღერასავით არიან - Dონ'ტ წორრყ, ბე ჰაპპყ. ტყუილად კი არ ეძახიან არუბას - Oნე ჰაპპყ ისლანდ (ერთი მხიარული კუნძული.)A

ინა:

GzaPress- სვანეთში როსინდო ჩვეულებრივი სამარშრუტო ტაქსით გაემგზავრა, რომელიც სვანებით იყო სავსე. საოცრად მხიარული ატმოსფერო იყო შექმნილი. მერე ვიღაცამ არყის ბოთლი ამოიღო და გრძელი და დამქანცველი გზა სადღეგრძელოებსა და მხიარულებაში განვლეს. თავდაპირველად როსინდოს ჩვენი ქორწილის გადახდა სვანეთში უნდოდა, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, უამრავი სირთულის წინაშე აღმოვჩნდით. საორგანიზაციო საკითხებმა, სვანეთში სტუმრების ტრანსპორტირების ჩათვლით, ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ამ იდეის განხორციელება.

- დაქორწინება როდის გადაწყვიტეთ?

- გარკვეული დროის მანძილზე მიგვაჩნდა, რომ ჩვენს ბედნიერებას პასპორტში შტამპი არ სჭირდებოდა. მაგრამ თურმე სიღნაღს ტყულად არ ეძახიან სიყვარულის ქალაქს: 2013 წლის ივლისში სიღნაღში ყოფნისას როსინდომ მაღალ კოშკზე ამიყვანა და შამპანურისა და ყვავილების თანხლებით, ხელი მთხოვა. ყველაფერი ისე ლამაზად მოხდა, რომ ჰოლივუდის ფილმში მეგონა თავი.

როსინდო:

- დეკემბერში კი ვიქორწინეთ და ქორწილი ლონდონში გადავიხადეთ.

- ლონდონში?

- "ლონდონი" აქვე, ჩვენს სახლთან მდებარე რესტორანს ჰქვია.

ინა:

- დიდი ქორწილი არ გადაგვიხდია. მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ.

როსინდო:

- რაც მთავარია, თეთრი კაბა და საქორწილო ტორტი გვქონდა.

- ჯვრისწერა არ გქონიათ?

ინა:

- არა, რადგანაც სხვადასხვა რელიგიას მივეკუთვნებით: როსინდო კათოლიკეა, მე - გრიგორიანელი.

- როსინდო, შენი წინაპრები კუნძულ არუბაზე მცხოვრები აბორიგენი ინდიელები იყვნენ. მათგან რაიმე ტრადიცია არ გადმოგეცა?

- საუკუნეების წინ ჩვენი კუნძული ჰოლანდიელმა კოლონიზატორებმა დაიპყრეს. მერე ჩამოვიდნენ მისიონერები და კათოლიციზმი გაავრცელეს ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის. ძველი ადათ-წესები კი დავიწყებას მიეცა.

საუბარში როსინდოს დედა, ფრანცისკა ჰენრიკუსი ერთვება:

- თუმცა არის რაღაც-რაღაცები, რისიც არუბელებს სჯერათ. მაგალითად, თუ მზის ჩასვლის შემდეგ რაიმე გაგიტყდებათ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ახვეტოთ ცოცხით - უბარაქობა იცისო, - ამიტომ ხელით უნდა აიღოთ. ასევე არ არის მიღებული არუბელებში სახლში ბანქოს თამაში. მახსოვს, დედა დაგვინახავდა თუ არა ხელში ბანქოს, ეგრევე ქუჩაში გვყრიდა.

- თქვენ ინდიელებისთვის დამახასიათებელი მეტსახელიც გექნებათ.

ინა:

- რაც შეეხება მეტსახელებს: მაგალითად ავიღოთ "თეთრი კლანჭი" - ეს სუფთა ევროპული ფანტაზიის ნაყოფია, რადგანაც მათთვის რთული წარმოსათქმელი იყო ინდიელების სახელები. თუმცა როსინდოს დედას აქვს მეტსახელი, რაც მათ ენაზე თურმე ლობიოს ნიშნავს.

- საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს ძირითადად, თბილისის ქუჩებში მოუწესრიგებელი სატრანსპორტო მოძრაობა აწუხებთ.

როსინდო:

- მე სულ სხვა რამეზე გავაკეთებდი აქცენტს. საქართველო ტექნოლოგიური განვითარებით საკმაოდ მოიკოჭლებს. მაგალითად, მსურს სახლის დაპროექტება (სტარენები თბილისში სახლს იშენებენ). საპროექტო კომპანიას ინტერნეტის საშუალებით ვეძებ და ეს მთელ მსოფლიოში მიღებული ფორმაა.

ინა:

- საქართველოში კი მსგავსი რამე უფრო ნაცნობობით კეთდება.

როსინდო:

- ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა გახარებული ვიქნებოდი, როდესაც ხანგრძლივი ძიების შემდეგ, როგორც იქნა, აღმოვაჩინე ინტერნეტში ალბათ ერთადერთი არქიტექტურული ფირმა, რომელიც არ იყო Uნდერ ჩონსტრუცტიონ (საიტი რეკონსტრუქციის პროცესში). ქართველებმა უფრო თამამად უნდა მიიღონ ტექნოლოგიური სიახლეები - ასე ვფიქრობ. ეს გაცილებით გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს საქართველოში. კიდევ ვიტყვი: მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი და ვიტყვი, რომ სოფლებში ხალხი უფრო უშუალო და ხალისიანია, ვიდრე ქალაქში.

- როგორც ვიცი, მამით ჰოლანდიელი ხარ და ჰოლანდიაში ცხოვრობ. არუბასთან გაკავშირებს რამე?

- არუბაში დედის დიდი ოჯახი ცხოვრობს.

სტარენებთან სტუმრად ყოფნისას ვერც კი შეამჩნევ, როგორ სწრაფად გადის დრო. საუბრისას როსინდოს მთელი ოჯახი მმასპინძლობდა. როსინდოს დედამ - ფრანცისკამ ყავა და კანფეტები მოგვართვა; მათ თავიდან სპეციფიკური გემო აქვს, რომელსაც თანდათანობით ეჩვევი. დადებითი ემოციით დამუხტული იმ აზრამდე მივდივარ, რომ ქართველები "დაძაბული" ხალხი ვართ. გასული წლების პოლიტიკურმა მოვლენებმა დაამძიმა ჩვენი ხასიათი. სტუმართან ან სტუმრად მისვლისას ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნებზე, "ელგებეტესა" და პოლიტიკაზე...

შინ დაბრუნებული, მეგობარს მიღებულ შთაბეჭდილებებს ვუზიარებ და წუხილს გამოვთქვამ იმ დაკარგულ სილაღესა და სიმსუბუქეზე, რომელიც წლების მანძილზე "შემოგვეფანტა", რაზეც ლოგიკურ პასუხს ვიღებ, - აბა, ტყუილად გვქვია "გრუზ"-ინებიო (მოგეხსენებათ, "გრუზ" ტვირთს ნიშნავს)?!

ქეთი ნიკოლავა