"ოცნების ქალაქის" ნაცრისფერი რეალობა - გზაპრესი

"ოცნების ქალაქის" ნაცრისფერი რეალობა

ფრიდონ ხალვაშის ქუჩის #188-ში რამდენიმე ფიცრულზე "ქართული ოცნების" დროშა ფრიალებს. ძნელია გაერკვე, ეს რისი სიმბოლოა, უკეთესი მომავლის რწმენის თუ - დამსხვრეული ოცნებების. იქ ვისაც უნდა გაესაუბრო, ყველა გეტყვის, რომ მაღალმთიანი აჭარიდან გაჭირვებას გამოექცა. კითხვაზე: აქაც ხომ გაჭირვებაში ცხოვრობთ? - მპასუხობენ, - იქ უფრო მეტი გაჭირვება გვქონდაო. "ოცნების ქალაქში" მყოფი 500-ზე მეტი ადამიანი შინ დაბრუნებაზე ოცნებობს.

GzaPressსაპირფარეშო საერთოა, აბაზანის ფუნქციას ტენტით შემოსაზღვრული 4 ბოძი ასრულებს. ფიცრულებთან ახლოს - ნაგავსაყრელია", - დაახლოებით ერთი წლის წინ სწორედ ამ სიტყვებით დავიწყე სტატიის წერა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნანახით გულდამძიმებულმა. იქ მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ ჩატარებული მედიატურით ვიყავი ჩასული. აჭარას წელსაც ვესტუმრე და "ოცნების ქალაქი" მოვინახულე. ამ ადამიანებზე ერთი წლის წინ დაწერილ სტატიაში შესაცვლელი მხოლოდ ის არის, რომ სახელდახელოდ შეკრულ ფიცრულებში ელექტროენერგია შეუყვანიათ, "ქართული ოცნების" დროშა აღარ ფრიალებს და ფიცრულების (შესაბამისად, მოსახლეობის) რაოდენობა გაზრდილია. ეკომიგრანტები და ლტოლვილები ისევ ერთად, საერთო ოცნებითა და ხვალინდელი დღის იმედით ცხოვრობენ...

"არც ახალმა ხელისუფლებამ გაამართლა. ჩვენი მომავალი ისევ გაურკვეველია. როგორც იქნა, გამოვიზამთრეთ, გაყინვას გადავურჩით, მაგრამ გეტყვით, რომ ერთი ღერი შეშაც არავის მოუწოდებია", - მეუბნება გულიკო ლომსაძე და თვალზე ჩამოგორებულ ცრემლს იწმენდს.

ნანა ქოქოლაძეს 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მთელი ზამთარი ბავშვებთან ერთად, მუყაოს სახლში გაატარა. "16 კვადრატულში 4 სული ვცხოვრობთ. სოციალურ დახმარებას - 204 ლარს ვიღებთ და სულ ეს არის ჩვენი შემოსავალი. არც სახლი გვაქვს, არც სხვა თავშესაფარი".

მადონა ბოლქვაძე ავადმყოფ შვილს დასტრიალებდა თავს: "არ ვიცი, რა გავაკეთო, მუცლის ღრუს იტკივებს. გვითხრეს, თბილისში წაიყვანეთ, გამოკვლევა ჩაუტარეთო. ექიმთან მისასვლელი ფული არ გვაქვს, პოლისი კი იმ გამოკვლევებს არ ანაზღაურებს. 2 შვილის დედაა, 24 წლის არის. ის ნივთები, რასაც აქ ხედავთ, ახლობლებმა გვაჩუქეს. თბილისიდან სახალხო დამცველი ჩამოვიდა, აქაურობა ნახა, მაგრამ მის სტუმრობასაც არ მოჰყოლია შედეგი. ახალი მთავრობა ძველისგან არაფრით განსხვავდება".

"ძალიან გავწვალდით, თითქოს ამ ქვეყანაზე არც ვარსებობთ", - ამბობენ ადგილობრივები. ეს ადამიანები წარსულითა და აწმყოთი ერთმანეთს ჰგვანან, მომავალს შიშით შეჰყურებენ.

გაბრიელ კოჩაძე:

- ორი წელია, აქ ვცხოვრობ. ჩასახლების დღიდან არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ერთი მიღწევა გვაქვს: დენი შემოვიყვანეთ, გამრიცხველიანება მოხდა. XXI საუკუნეში სიბნელეში, სანთლის შუქზე ვცხოვრობდით. სამსახურს ვეძებ, ვნატრობ, მაგრამ ვერ ვშოულობ.

- ეკომიგრანტი როგორ გახდით?

- ჩემი ძმები, მათი ცოლები და შვილები - სახლში 21 სული ვიყავით. ჰოდა, ოჯახს გამოვეყავი, სარდაფში დავსახლდი, მაგრამ ნესტმა ერთ-ერთი შვილის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა, ავად გახდა, მეორეს კი არასრულფასოვანი კვების გამო ანემია დაემართა. იძულებული გავხდი, ის სარდაფი დამეტოვებინა და აქ წამოვსულიყავი.

ზებური კახაძე პირველი ჯგუფის ინვალიდია. მას ორივე ქვედა კიდური მოკვეთილი აქვს და ეტლით გადაადგილდება.

- მხოლოდ პენსიას ვიღებ და ეგ არის. სახელმწიფო ყურადღებას არ მაქცევს. ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარებისთვის მივმართე. მიპასუხეს, - ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და რომ დაგეხმაროთ, ამომრჩევლის მოსყიდვაში ჩაგვითვლიანო.

- თქვენ შესახებ მიამბეთ: სად ცხოვრობდით, როგორ დაინვალიდდით?

- სახელმწიფოს დაუდევრობის გამო მივეჯაჭვე ეტლს. ეს 1988 წელს მოხდა. ჩემი სოფელი ორფოლოს პოლიგონიდან 1 კილომეტრშია. სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი, როცა სოფლის ცენტრში აუფეთქებელი "სნარიადი" ვნახე... (პაუზის შემდეგ) აფეთქდა. მაშინ 8 წლის ვიყავი. არ ვიცოდი, რა იყო. თურმე სოფლის მთელ ტერიტორიაზე ყოფილა მიმოფანტული ასეთი "სნარიადები" და მას მერე, რაც დავშავდი, მანქანებით გაუტანიათ... როცა პიროვნება სახელმწიფო მოხელეთა დაუდევრობის გამო უნარშეზღუდული გახდება, სახელმწიფო ვალდებულია, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს. დახმარებისთვის ვის არ მივმართე, მაგრამ აბსურდული პასუხები მივიღე.

კახაძეები ხულოდან ახალციხეში ჩასახლებული ეკომიგრანტები არიან. ბატონი ზებურის დედა და ძმა ახლა სოფელ რუსთავში ცხოვრობენ. ზებური 5 წელია, დაოჯახდა. მეუღლესთან ერთად, ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი ბათუმში ქირით ცხოვრობდა, მაგრამ მას მერე, რაც ოჯახის უფროსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მათი შემოსავალი (პენსია და სოციალური დახმარება) ბინის ქირის გადასახდელად და საჭირო წამლების შესაძენადაც კი აღარ იყო საკმარისი, იძულებული გახდნენ, ხელვაჩაურში გადასულიყვნენ და "ოცნების ქალაქის" ბინადრები გამხდარიყვნენ.

გულნაზ კონცელიძე, ზებურის მეუღლე:

GzaPress- ცოტა ხნის წინ ჩვენთან სახალხო დამცველი, ნანუაშვილი მოვიდა და დახმარებას შეგვპირდა, მაგრამ ჯერჯერობით არ შემოგვხმიანებია. 2 წელია, ამ ფიცრულში ვცხოვრობთ.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- გათხოვებამდე ქედაში ვცხოვრობდი. ერთმანეთი ტელეფონით გავიცანით; ჯერ ვლაპარაკობდით, მერე ერთმანეთს შევხვდით. ზებური კარგი ადამიანია და მასთან ერთად ოჯახის შექმნა ამიტომაც გადავწყვიტე.

- ვიდრე შეხვდებოდით, მისი მდგომარეობის შესახებ იცოდით?

- დიახ, ვიცოდი.

- ბევრი თქვენსავით არ მოიქცეოდა...

- აბა, რა გითხრათ? თუ ორი ადამიანი ერთმანეთს გაუგებს, მისი ინვალიდობა მეორეხარისხოვანი ხდება. მთავარია, კარგი პიროვნებაა, სხვა რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. სასიძო ჩემი ოჯახის წევრებმაც კარგად მიიღეს. ზებურის მკურნალობა ახლაც ესაჭიროება. მას ექიმებმა ნევროზის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ უსახსრობის გამო, მკურნალობას ვეღარ აგრძელებს. მეც უმუშევარი ვარ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ერთი წლის წინ მოცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ თვითნებურად ჩასახლებულ ადამიანებს დასუფთავების პრობლემას მოუგვარებდა, მაგრამ "ოცნების ქალაქელებს" დღესაც უწევთ აქციების გამართვა, ნაგვის ბუნკერების მოთხოვნით (19 ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა არ ხდება). დღემდე არც იმ 50-მდე ოჯახის განსახლება მომხდარა, რომელიც, ხაბაძის თქმით, დახმარებას მართლა საჭიროებდა.

გიორგი ჩარკვიანი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში:

- უჩა ნანუაშვილმა ეს ადამიანები პირადად მოინახულა. სამწუხაროა, რომ არაერთ ბავშვს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. ამავე დროს, ძალიან რთულია დაადგინო, ვინ იტყუება და ვინ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. მათ ვთხოვეთ, სახალხო დამცველის სახელზე განცხადებები შემოიტანონ და თითოეული ოჯახის მდგომარეობის შესწავლა მოხდება. სხვათა შორის, რამდენიმე განცხადება უკვე მივიღეთ და თბილისში გავაგზავნეთ.

P.S. გაურკვეველია, რა მოხდება მას შემდეგ, როცა დაადგენენ, ვის ესაჭიროება სახელმწიფოსგან დახმარება და ვის - არა. მოხდება თუ არა ამ ოჯახების განსახლება ან როდიდან დაიწყება პროცესი? "ოცნების ქალაქში" ადამიანები ხელისუფლების კეთილი ნების მოლოდინში არიან.

თამუნა კვინიკაძე