მო­ღა­ლა­ტე სა­ცო­ლე და სას­ტი­კი შუ­რის­ძი­ე­ბა - გზაპრესი

მო­ღა­ლა­ტე სა­ცო­ლე და სას­ტი­კი შუ­რის­ძი­ე­ბა

"არც კი ვიცი, ჩემი უიღბლობის მოყოლა საიდან დავიწყო. ჩემთვის მხოლოდ ბავშვობა იყო ნათელი, თორემ ზრდასრულს ღიმილიც კი დამავიწყა თავს გადახდენილმა ამბებმა. მადლობელი დაგრჩებით, თუ მომისმენთ. ალბათ, აქვს მუღამი საკუთარი ამბის საქვეყნოდ მოყოლას და იქნებ, გულში ჩაბუდებული დარდის ამოთქმით მეც ვიგრძნო შვება..." - ასე იწყებოდა წერილი, რომელიც სიბერეშეპარულმა მამაკაცმა მოგვწერა. არ ისურვა ასაკის გამჟღავნება, არც გვარი მითხრა, მაგრამ დამპირდა, რომ ტელეფონით დაუფარავად მეტყოდა იმას, რაც გადახდა...

- ნათელი ბავშვობა, ლამაზი წლები, მწვანეში ჩაფლული სოფელი, ბევრი მეგობარი, მხიარული თამაშები, ცოტა, მაგრამ გემრიელი საჭმელი და მოპარული ხილის დაუვიწყარი გემო - ეს ჩემი ბავშვობაა. იმ დროს, როცა პატარა ვიყავი, ნაკლები ყურადღება ეთმობოდა სწავლა-განათლებას, მაგრამ მე მაინც, რაღაცნაირად ვესწრაფოდი წიგნებს. თავბრუს მახვევდა ასოთა წყობა, წინადადებებად აკინძული სიტყვებიც მეჯადოსნურებოდა. მინდოდა, ვაჟასნაირად მეწერა და ვბაძავდი კიდეც ბუნების აღწერაში ან უფრო სწორედ, ვეჯიბრებოდი. მასწავლებლები ჩემზე დიდ იმედს ამყარებდნენ და თუ სკოლაში სტუმარს ვეღირსებოდით, მის წინაშე ყოველთვის მე წარმადგენდნენ, როგორც სანიმუშო მოწაფეს. წარმატებულებს შორის ერთადერთი ვაჟი ვიყავი, დანარჩენი სამი - გოგონა გახლდათ. ზოგიერთ ბიჭს "თვალში ვეპატარავებოდი", რადგან გოგონებთან მეგობრობაც გამომდიოდა, კარგადაც ვსწავლობდი, მაგრამ აი, ფეხბურთის თამაში კი ვერაფრით ვისწავლე და მათ მსგავსად, ტალახში ამოსვრილიც იშვიათად დავდიოდი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ძმაკაცების ნაკლებობას განვიცდიდი და მათ შორის ბევრი იყო "ქუჩის ბიჭი". ფეხბურთს ვერ ვთამაშობდი სუსტი აღნაგობისა და ჯანმრთელობის გამო, მაგრამ საუკეთესო გულშემატკივრობა შემეძლო და სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, რომ "კარგი ფეხი" მქონდა...

- ფეხბურთის თამაში არა, მაგრამ ალბათ, სხვა "ბიჭური" თამაშები გამოგდიოდათ...

- თქვენ წარმოიდგინეთ, სპორტი არასდროს მიზიდავდა. არც თოჯინებით ვთამაშობდი, მაგრამ სირბილიც არ მიყვარდა. სამაგიეროდ, მომწონდა ისეთი თამაშობები, რომელსაც გონების დატანება სჭირდებოდა და საიდანაც, როგორც წესი, გამარჯვებული გამოვდიოდი... კიდევ, "ფლირტაობანას" ვთამაშობდით ხოლმე.

- ფლირტაობა ახსენეთ და წლების წინ ბიჭებს გოგონებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ? მათ საკუთარ გრძნობებს რა მეთოდებით უმხელდით?

- ამბობენ, ადრე ბიჭებიც და გოგონებიც გაცილებით მორცხვები იყვნენ, ვიდრე დღესო, მაგრამ ასეც არ იყო. არც მე ვყოფილვარ მორცხვი და არც ჩემ გარშემო ვინმე. პირიქით, მეტად ვაჟკაცურები ვიყავით. ერთადერთი, თუ გავიგებდით, რომ კონკრეტული გოგო ვიღაც ჩვენიანს მოსწონდა, როგორც უნდა გავგიჟებულიყავით მასზე, გრძნობებს გულში ვიმარხავდით, სხვანაირად მოქცევა არ შეიძლებოდა, ახლა კი ყველაფერი არეულია და რა გასაკვირია, რომ ახლობლები ერთმანეთს არ ინდობენ და ძმა ძმას ცოლს ართმევს?

- თუმცა, მსგავსი ამბები წლების წინაც ხდებოდა.

- ხდებოდა, მაგრამ ეს სამარცხვინო საქციელად მიიჩნეოდა, ახალი თაობა კი ცდილობს, ასეთ საქციელსაც გამართლება მოუძებნოს, ეს არ არის სწორი. კაცი რომ ცოლს წაგართმევს, ჩათვალე, რომ თუნდ ძმა იყოს შენი, საკუთარი ეგოიზმის გამო ყელსაც ისე გამოგჭრის, ხელი არ აუკანკალდება. ან კი ცოლის წართმევაზე უარესი რა უნდა გაკადროს ვინმემ?.. მგონი, უნებურად მივდივართ იმ თემისკენ, რომელზეც მინდოდა მესაუბრა, მაგრამ შევყევი ბავშვობის წლების გახსენებას - ყოველთვის მსიამოვნებს ეს და ამიტომაც! კარგის დავიწყება არასდროს გინდა, ცუდის ამოგლეჯას კი ცდილობ იმ რვეულიდან, რომელშიც შენი განვლილი ცხოვრებაა აღწერილი, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოგდის...

მეც შემიყვარდა სხვების მსგავსად. ის გოგო ჩემი მეზობელი გახლდათ. მისი გული თავისუფალი იყო და შევეცადე, ეს სიცარიელე ამომევსო. ცდად ღირდა და გამომივიდა კიდეც. იმდენი მოვახერხე, რომ თავი შევაყვარე. მაშინ ბიჭებს სიმდიდრის გამო არავინ ირჩევდა. ადამიანს თავისი კაიკაცობით, გვარიშვილობით ან გარეგნობით ირჩევდნენ. შევუყვარდი ჩემს მაყვალასაც, მაგრამ რად გინდა? - მამიდამისმა თავი გამოიდო, იმ მოძველებული ჭრაქივით გაჭვარტლულ და ხმელი მჭადივით ბიჭს ჩემს ქათქათა მაყვალას არ გავატანო. მამიდა ზრდიდა და არც არავინ შესწინააღმდეგებია ქალს, რომელსაც მაყვალაზე დიდი ამაგი ჰქონდა. იძახდა, - აუცილებლად, ქალაქში უნდა გავათხოვო ჩემი გოგო. ეყოფა, რაც მზის სხივებმა დაწვეს სოფელშიო. მზეთუნახავია და მზის სხივებისგან შორს უნდა იყოსო. მის სიტყვებს არად ვაგდებდით მე და ჩემი მაყვალა. ვფიქრობდით, რომ ორ მოსიყვარულე ადამიანს ვერაფერი დაგვაშორებდა, მომავლის გეგმებსაც თამამად ვაწყობდით. მერე მე ჯარში გამიშვეს. დამპირდა, სიკვდილის კარამდე დაგელოდები და იმდენს როგორ ვერ მოვითმენ, ვიდრე ჯარის მოლევას დასჭირდებაო?.. რუსეთისკენ მიკრეს თავი. თავიდან ხშირად ვწერდით ერთმანეთს წერილს. მერე ისე მოხდა, რომ მხოლოდ მე ვწერდი, ის პასუხს აღარ მიბრუნებდა; შემდეგ ჩემი წერილებიც უკან მიბრუნდებოდა. ავფორიაქდი ძალიან. ოჯახში წერილი რომ გავგზავნე, დედას ვთხოვე, ჩემი მაყვალას შესახებ რაიმე მოეწერა. მომატყუა, - კარგად არის, მეცადინეობით იკლავს თავს, რომ მერე ექიმი გამოვიდესო. ცოტა ხანში ისევ გავგზავნე წერილი და დედას ვკითხე: თუ სიმართლეა რასაც მწერ, მაშინ მისთვის გაგზავნილი წერილები უკან რატომ მიბრუნდება-მეთქი? მიპასუხა: ეტყობა, მამიდამისი დგას ამ საქმის უკან, სხვა მიზეზი არ ვიციო... ამის მერე გამუდმებით დედას ვწერდი მაყვალასთვის გადასაცემ სიტყვებს და ისიც მწერდა, რომ ყველაფერს ზედმიწევნით კარგად ასრულებდა... ჯარიდან რომ დავბრუნდი, გული გამიტყდა: მაყვალა გათხოვილი დამხვდა. დედამ აღიარა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მატყუებდა, რადგან არ სურდა, სახლიდან შორს მყოფს მენერვიულა. - აბა, რას გახდებოდი? რომც მეთქვა სიმართლე, ამით რა შეიცვლებოდაო? მართალიც იყო, ალბათ არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მაშინ ეს სიცრუე ვერ ვაპატიე და სახლიდან წავედი...

- მაყვალას ბედით არ დაინტერესებულხართ?

- აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა? დავინტერესდი და ვნახე კიდეც. ჯერ გავიგე, სადაც ცხოვრობდა, ვისაც შერთეს და შინ მივადექი. შინ ის და მისი დედამთილი დამხვდნენ. ჩემი დანახვისას მაყვალამ ფერი დაკარგა, მაგრამ მერე როგორღაც მოახერხა და დედამთილის გასაგონად თქვა, ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარია. კარის მეზობლები ვიყავითო, - და ისე გადამეხვია, როგორც დიდი ხნის უნახავ ძმას. ვიგრძენი, ცოტა ხანში გონებას დაკარგავდა. ამიტომ ვუჩქმიტე. მერე მის დედამთილს ვთხოვე, - ცივ წყალს ხომ ვერ დამალევინებთ, ვღელავ-მეთქი და ვიდრე ოთახში შემობრუნდებოდა, მაყვალას ვთხოვე, ძალა მოიკრიბე, ყველაფერი კარგად გვექნება-მეთქი. მერე იმ ქალის თანდასწრებით ვუამბე ჩემს გოგოს ჯარში თავს გადახდენილი ამბები. რომ ჩემს შეყვარებულს წერილებს ვწერდი და თითოეული უკან მიბრუნდებოდა. ჩემი განცდებიც არ დამიმალავს. ჰოდა, ტიროდნენ მაყვალა და მისი დედამთილი ჩემი საცოდაობით. იმ ქალმა თანაგრძნობით მკითხა: ეს როგორი შეყვარებული ყოფილხარ, შენს გოგოს რა შეემთხვაო? ვუთხარი: ვიდრე ჯარში ვიყავი, მასზე ვიღაც უსინდისოს უძალადია და მერე მოუკლავს. ამ ამბავს არ მიმხელდნენ, რადგან არ უნდოდათ, შორს მყოფს მენერვიულა-მეთქი. ის ქალი ისე ვიშვიშებდა, რომ გული მეც ამიჩუყდა ჩემსავე სიცრუეზე. მაყვალა კი მიხვდა, საყვარელი ქალის სიკვდილში რაც ვიგულისხმე და ის თავისას ტიროდა. მერე მისი დედამთილი ოთახიდან გავიდა, - გეშივება, სუფრას გავაწყობო. მისთვის უარი არ მითქვამს, რადგან ეს ერთადერთი გზა იყო ჩემს გოგოსთან მარტო რომ დავრჩენილიყავი. სწორედ ამ დროს მისი ქმარიც დაბრუნდა სახლში. ვერც ვერაფერი ვთქვი და ვერც ვერაფერი მოვიმოქმედე, მაგრამ ერთი სული მქონდა, სათქმელი მეთქვა და მაყვალა გამეტაცებინა... იმ კაცსაც გააცნეს ჩემი თავი, მერე სუფრას შემოვუსხედით. ცოტა ხანში ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე, - ახლა წავალ, სხვა დროს გესტუმრებით-მეთქი და დიდი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, იქ აღარ დავრჩი.

- საინტერესოა, შემდეგ რა მოხდა? ახლა არ მითხრათ, რომ განზრახვა სისრულეში მოიყვანეთ და გათხოვილი ქალი მოიტაცეთ...

- კარგად მიხვდით, რომ ჩემი განზრახვა სწორედ ეს იყო, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. უარესი რამ მოვიმოქმედე, ქმარი მოვუკალი...

- რას ამბობთ?!..

- დიახ, კაცი მოვკალი და ამის გამო სასჯელიც მოვიხადე. კარგა ხანს ვხეხავდი ციხის კედლებს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, სინანულის გრძნობა არასდროს გამჩენია. მე ეს უნდა გამეკეთებინა, სხვანაირად საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი მაყვალას დაკარგვას. სიცოცხლე ან თვითმკვლელობით უნდა დამემთავრებინა, ან შური მეძია. ოდესმე სისხლს თუ დავღვრიდი, არავინ იფიქრებდა, მით უმეტეს, რომ სოფლად გაზრდილს ქათამიც კი არ მყავდა დაკლული, ხორცის ჭამასაც ვერიდებოდი და თუ სისხლს შევამჩნევდი, ანუ ხორცი კარგად მომზადებული არ იყო, იმ სუფრიდან გავრბოდი. ჰოდა, ასეთმა ადამიანმა კაცი მოვკალი!

- ამით რა მოიგეთ?

- რა უნდა მომეგო? უბრალოდ, სული დავიმშვიდე ამ შურისძიებით! თუმცა, ვაღიარებ, კარგი ადამიანი იყო და მაყვალასაც მიუძღოდა ბრალი მის სიკვდილში... მას მერე, რაც შინ მივადექი, კიდევ ერთხელ შევხვდი - პარკში ჩემს სანახავად მოვიდა. ვუთხარი, არ მაინტერესებს არაფერი, თანახმა ვარ განათხოვარიც შეგირთო, მაგრამ ამისთვის შენი თანხმობა მჭირდება-მეთქი. მიპასუხა, ამას ვერ გავაკეთებ, არ შემიძლიაო. ვიფიქრე, "ქალური თავპატიჟი", სიმორცხვე იყო და დავაძალე - კარგად დაფიქრდი, გადაწყვეტილი მაქვს, უნდა გაგიტაცო, მერე კი ისეთ ადგილას ვიცხოვრებთ, სადაც ვერავინ მოგვაგნებს და ყველა ძველ ოცნებას ავისრულებთ-მეთქი. უარი მითხრა, მიყვარხარ, მაგრამ ეს შეუძლებელიაო. დიდხანს ვისაუბრეთ, მაგრამ ვერაფრით დავიყოლიე. - კარგი ქმარი მყავს, მას ვერ გავწირავო. გავბრაზდი და დავემუქრე: იმ კაცს ვერ გაწირავ და მე, შენზე უგონოდ შეყვარებულს, მე, რომელიც ამდენი წელი მხოლოდ შენზე ვფიქრობდი და შენ გამო ვიტანჯებოდი, ხელს მკრავ? კარგი, ასე იყოს, ამ სიტყვებს სანანებელს გაგიხდი-მეთქი, - და მივატოვე... "ცხელ გულზე", მის ქმარს სალაპარაკოდ, ერთი ერთზე შევხვდი ქუჩაში. დიდი ამბით მომესალმა, მე კი ცივად შევხვდი. - რა მოხდა, რა დამიშავებია თქვენთვისო, - მკითხა? ვუთხარი, ჩემი ყველაზე დიდი მტერი ხარ-მეთქი და არაფრის ახსნა არ დამიწყია, ისე ვატაკე მუცელში დანა. სულ სამი ჭრილობა მივაყენე. ვერ გადაარჩინეს... მე კი გაქცევა არც მიფიქრია. ვიდექი დანით ხელში და ველოდებოდი, როდის წამიყვანდა პოლიცია. გულში რაღაცას ვზეიმობდი მე უბედური, რაღაცას, რაც გამარჯვებად მიმაჩნდა და რის გამოც მთელი ცხოვრება გავიუბედურე, მაგრამ ახლა ვფიქრობ ასე, მაშინ კი გული სიხარულით ლამის გამსკდომოდა... მაყვალამ ციხეში რომ მომაკითხა, ამანაც ძალიან გამახარა. მეგონა, გავაბედნიერე, ქმრისგან რომ გავათავისუფლე, მაგრამ ისე მომექცა, როგორც ნაძირალას ექცევიან და ამის მერე დავკარგე ყოველგვარი კარგის მოლოდინი. გამიქრა იმის იმედი, რომ ოდესმე ერთად ვიქნებოდით და მივხვდი, ჩემი გარჯა ამაო იყო... თუმცა, ქმარი რომ მოვუკალი, ამას მაინც არ ვდარდობდი...

- რა გითხრათ, რისთვის მოგაკითხათ ციხეში?

- იმისთვის მომაკითხა, რომ ჩემთვის სულში ჩაეფურთხებინა. მითხრა, რომ მისმა ქმარმა ჩვენზე არაფერი იცოდა. ისე გამაყოლეს, არც მისთვის უთქვამთ რამე და არც ჩემთვისო. არ იცოდა, თუ ჩემი გული სხვას ეკუთვნოდა. არანაირი დანაშაული არ მიუძღოდა ჩვენ წინაშე და ეს რატომ გააკეთეო? ვუთხარი: შენ რატომღა არ უთხარი გათხოვების წინ, რომ მე გყავდი? სიმართლე რომ გეთქვა, იმდენად კარგი ადამიანი იყო, რომ შენზე უარს იტყოდა-მეთქი? - არ ვიცი, მაგრამ ამის თქმა ვერ გავბედე, მამიდას გულს ვერ ვატკენდი. ახლა კი ვხვდები, რომ მამიდა მართალი იყო. შენ ჩემი ღირსი არ ყოფილხარო და შემაფურთხა. მივხვდი, თავად არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ჩემს ერთგულად დარჩენილიყო და ვინანე, რომ ქმრის გვერდით ისიც არ მიაბარეს მიწას. მისმა სიტყვებმა, გულის ის ნაწილიც ამომგლიჯა საგულედან, რაც დარჩენილი იყო. გამანადგურა არა მარტო მორალურად, ფიზიკურადაც და გადავწყვიტე, ყველა იმ ადამიანზე მეძია შური, ვისაც ჩემს განადგურებაში მიუძღოდა ბრალი. პირველ რიგში კი, მამიდამისი უნდა გამენადგურებინა! - ეს მიზნად კი დავისახე, მაგრამ საამისოდ ციხიდან გამოსვლა იყო საჭირო. ვაწყობდი გეგმებს, როგორ გამოვქცეულიყავი, მაგრამ ყველა გეგმა ჩამეფუშა. ციხეში ჩემს სანახავად არასდროს არავინ მოსულა, დედაჩემის გარდა, რომელმაც ვერ გაიმეტა შვილი დასაკარგად და მეც შევურიგდი...

- რამდენი წელი იჯექით ციხეში?

- 5-წელიწად ნახევარი ვიჯექი, მერე გამომიყვანეს ძველი ნაცნობობის წყალობით... პირველად მაყვალას მამიდას მივადექი, მაგრამ გარდაცვლილი აღმოჩნდა. გული დამწყდა, რომ ჩემი ხელით არ დაიღვარა მისი სისხლი. საფლავზე მივედი, ზედ ქათამი დავაკალი, ყველაფერი მივანგრ-მოვანგრიე და მისი სურათებიც მოვთხვარე. მერე ის მაჭანკალი ვიპოვე, ვინც მაყვალას საქმრო შეურჩია. ვკითხე, ხომ მიცნობდი? ხომ იცოდი, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და ისეთს რას დაგპირდნენ, რომ სული წაიწყმიდე? როგორ წამართვი საცოლე ბიჭს, რომელსაც "შვილოს" მეძახდი-მეთქი? მე და მისი შვილი კლასელები ვიყავით, ვმეგობრობდით და ამ ქალმა ჩემზე ყველაფერი იცოდა. თუმცა, ფული ჯოჯოხეთს რომ ანათებს, მისმა საქციელმა ამაში კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა და შური იმით ვიძიე, რომ სახლში რაც კი ოქროს ნივთები და ძვირად ღირებული რაღაცები ჰქონდა, წავართვი. დავუბარე: იცოდე, არავინ გაიგოს, ეს მე რომ გავაკეთე, თორემ ხომ ხედავ, უკვე თავზე ხელაღებული ვარ, კაცის მკვლელი! ჰოდა, რამე რომ დაგცდეს, შენ კი არ მოგკლავ, მეც ვუღალატებ მეგობრობას და შვილს აგიკუწავ-მეთქი. ეტყობა, ძალიან შევაშინე. როცა ხალხმა გაიგო, რომ იმ ქალს სახლი გაუქურდეს, ეჭვიც არავის აუღია ჩემზე. იმ ნივთებს კარგა ხანს ვინახავდი, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გავიტანე ვაჭრებთან, რომლებსაც არ უკითხავთ, ეს ყველაფერი საიდან მქონდა - იაფად ჩაიგდეს ხელში და აბა, რაღა კითხვებს დამისვამდნენ? მოკლედ, ის ნაყაჩაღარი ხახვივით შემრჩა.

მაყვალას რაც შეეხება: მისი მოკვლაც მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. ერთხელ შინ მივუვარდი კიდეც, თუმცა ლაჩრულად მოვიქეცი და მასზე ხელი ვერ აღვმართე... ისედაც უბედურია იმით, რომ მის გამო სისხლი დაიღვარა და სიკვდილი მისთვის მხოლოდ შვება თუ იქნებოდა.

- ახლა როგორ ცხოვრობთ? სინანულის გრძნობა მართლა არ გაწუხებთ?

- ახლა? ვცხოვრობ ისე, როგორც მარტოხელა მგელს შეეფერება. ვარ სოფლად, სახელმწიფო მიხდის გარკვეულ თანხას, არ მშია, არ მწყურია და მადლობა ღმერთს, ახალგაზრდობის მერე სხეული ისე გამიკაჟდა, რომ არაფერი მაწუხებს. ახლა უკვე შემიძლია ფეხბურთის თამაშიც (იცინის). რაც შეეხება სინდისს: არავის წინაშე ვალი არ მაქვს. მე ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. თუმცა, ბოლო დროს მგონი, სიბერე შემომეპარა და იმ ბიჭის სიკვდილზე ხშირად მეფიქრება. იქნებ, მართლა არ იყო ასეთი სიკვდილის ღირსი? იქნებ, მართლა ჯობდა, თავი მომეკლა და დედამიწა არ დამემძიმებინა? თუმცა, როგორც ამბობენ, ბედისწერას ვერ შეცვლი!

ლიკა ქაჯაია