"დაბოლილების" დამცველები და მარიხუანას ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეები - გზაპრესი

"დაბოლილების" დამცველები და მარიხუანას ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეები

საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ აქტიურად მოითხოვს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას. მთავრობის ნაწილი ამ მოთხოვნას სამართლიანს უწოდებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მარიხუანას მომხმარებლები მკაცრად უნდა დაისაჯონ, რადგან დამნაშავეები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა რამდენიმე ცნობილ ადამიანს დავუსვით. მათი პასუხები არაერთგვაროვანია. თუმცა, თითოეული მათგანი აღნიშნავს, - მარიხუანს მომხმარებელი ციხეში არ უნდა ჩასვანო.

სოსო თოლორაია, მსახიობი:

- გულწრფელად გეტყვით, მარიხუანას აქტიური მომხმარებელი ვარ. ვფიქრობ, "ცოცხის" ღირსია ის, ვინც მარიხუანს მომხმარებელს ციხეში ჩასვამს. მეცოდება ჩემი გალოთებული, "გაკრაკადშიკებული", დეპრესიული ერი. ვეთანხმები და ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას. მიმაჩნია, რომ პრემიერმა ბევრი რამ უნდა ისწავლოს მარგველაშვილისგან. პოლიტიკოსებმა ხალხის ხმას უნდა მოუსმინონ მანამ, ვიდრე იგივე დაემართებათ, რაც მათ წინამორბედს. პლანის მოწევა კრიმინალი არ არის და ამის გამო ადამიანებს არ უნდა ასამართლებდნენ. "დაბოლილი" ადამიანი არავის არაფერს დაუშავებს, ნასვამმა კაცმა კი შეიძლება, საშინელება მოიმოქმედოს.

ლევან ჯავახიშვილი, ტელეწამყვანი:

GzaPress- ეს სენსიტიური თემაა. არ არის ისე ადვილად გადასაწყვეტი საკითხი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ორი ბიჭი მეზრდება და ნამდვილად, არანაირი სურვილი არ მაქვს, მათთვის და საერთოდაც, მისი თაობის ახალგაზრდებისთვის მარიხუანა ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.

- თქვენთვის მისაღებია კანონი იმის შესახებ, რომ მარიხუანას მომხმარებელი აუცილებლად ციხეში უნდა ჩასვან?

- არა, ეს კანონი არ მომწონს. ვფიქრობ, ასეთ ადამიანებს ციხეში არ უნდა ამყოფებდნენ. გამსაღებლები უნდა დაიჭირონ, ხოლო მომხმარებლებზე სახელმწიფომ სხვანაირად უნდა იზრუნოს.

- თქვენი აზრით, ასეთი ადამიანებისთვის მაინც, რა უნდა გააკეთონ?

- მთავრობას მრჩევლად ვერ გამოვდაგები... ჩემი აზრით, მარიხუანას მომხმარებელი უნდა დაჯარიმდეს, გამსაღებელი კი უმკაცრესად დაისაჯოს.

- ოდესმე "ბალახი" თავად თუ გაგისინჯავთ?

- მარიხუანა საზოგადოების 95%-ს აქვს გასინჯული და გამონაკლისი არც მე ვარ. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი. ხომ იცით, 90-იანების თაობა ვარ.

- ამით რისი თქმა გინდათ?

- იმის, რომ რთული პერიოდი იყო, საშინელი წლები გამოვიარეთ და შესაბამისად, მაშინ მსგავსი რაღაცები ადვილად ხელმისაწვდომი იყო.

ქრისტინე იმედაძე, მომღერალი:

GzaPress- მარიხუანა ჩემთვის საინტერესო თემა არ არის. მე ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ვარ და საღად მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს.

- შენი აზრით, მარიხუანას მომხმარებელი ციხეში უნდა იჯდეს?

- ცხადია, არა და კარგი იქნება, სახელმწიფო კანონმდებლობის შეცვლაზე თუ იფიქრებს.

- მარიხუანა არასდროს გაგისინჯავს?

- როგორ არა, მაგრამ არ მომეწონა. ვფიქრობ, ასეთ დროს რაღაც უაზრო მდგომარეობაში იმყოფები... ჩემი აზრით, "კაიფის" მოყვარულ ადამიანებს ციხე ვერ გამოასწორებს. დაიჭერ? - მერე რა, გამოვა და ისევ მოწევს.

მიშა ბაღათურია, სპორტსმენი:

- მარიხუანას ლეგალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. თუმცა, ვეწინააღმდეგები იმ ფაქტსაც, რომ მომხმარებლებს ამისთვის ციხეში სვამენ. მათ გამოსასწორებლად ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის. სახელმწიფო რაღაც სხვა ფორმით უნდა მიუდგეს ასეთ ადამიანებს. ხომ შეიძლება, რომ თუნდაც, ჯარიმა დააწესონ...

- შენი აზრით, დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვი არ მოიმატებს?

- ალბათ მოიმატებს, სამაგიეროდ, აღარ მოწევენ "ბიოს" და ათას სხვა უბედურებას. რაც უფრო მეტად შეზღუდავს კანონი მარიხუანას მომხმარებლებს, მით უფრო მეტ საშინელებას მოწევენ და დალევენ. კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ახალგაზრდა თაობა "ბიომ" და "კრაკადილმა" გამოაშტერა.

- შენ მოგიწევია მარიხუანა?

- ამის სურვილი არასდროს გამჩენია. ჩემთვის ფხიზელი გონებით ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია...

ქეთი ყიფშიძე, ყოფილი მოდელი:

- რა თქმა უნდა, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ. მომხარებელი არ უნდა დაიჭირონ. ქვეყანაში სხვა სახის რეგულაციები უნდა არსებობდეს. მაგალითად, უნდა ისჯებოდეს ის, ვინც არასრულწლოვანს მოაწევინებს; შესაძლებელია, სხვადასხვა კომპანიამ დააკანონოს, რომ სამსახურში თანამშრომლები არაფხიზელ მდგომარებაში არ მივიდნენ და ა.შ. მოკლედ, ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება... მარიხუანა მეც გამისინჯავს, მაგრამ მისი აქტიური მომხმარებელი არ გავმხდარვარ.

- რა შეგრძნება დაგეუფლა, როცა "ბალახი" გასინჯე?

- მოწევის შემდეგ მოდუნებული ხარ, კარგ ხასიათზე დგები. ჩემი აზრით, მარიხუანა ზოგჯერ, განტვირთვისთვის საჭიროა. მთავარია, ქართველებმა ზომიერება ვისწავლოთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება. არ შეიძლება, ერთხელ მოწევის გამო ადამიანი 10 წლით გამოკეტო ციხეში. ვფიქრობ, არაადეკვატური სასჯელია, რომელიც აუცილებლად უნდა შემსუბუქდეს. სიმართლე გითხრა, მთვრალი კაცის ყურებას მირჩენია, "დაბოლილს" ვუყურო, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან ურთიერთობას არაფერი ჯობია.

მასტერი, რეპერი:

- მიუხედავდ იმისა, რომ მარიხუანს მომხმარებელი არ ვარ და არც მის მოწევას ვუწევ პროპაგანდას, რეპერტუარში მაქვს სიმღერა, რომელიც პლანზეა... ვეწინააღმდეგები მარიხუანას ლეგალიზაციას. მისი შეძენა ადვილი არ უნდა იყოს, რადგან ქართველებს ზომიერების შეგრძნება არ გვაქვს... აი, დეკრიმინალიზაცია კი სულ სხვა საკითხია: ვფიქრობ, ამის გამო ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ, მომხმარებლებისთვის უნდა არსებობდეს ჯარიმები.

გვანცა ბაგრატიონი, რეპერი:

- მარიხუანა არასოდეს გამისინჯავს და მისი დაგემოვნების სურვილიც არ მაქვს. სიგარეტსაც არ ვეწევი. შესაბამისად, მოსაწევის ლეგალიზაციის მომხრე არ ვარ. "დაბოლილი" ადამიანები საკუთარ თავს თუ არა, სხვებს მაინც დაუშავებენ რაღაცას. თუმცა, ციხეში გამსაღებლები უნდა ჩასვან, მომხმარებელს კი უმკურნალონ.

მიშა მშვილდაძე, შოუმენი:

GzaPress- დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა, რაც ხშირად მარიხუანას ლეგალიზაციაში ერევათ, გულისხმობს შემდეგს: ადამიანები აღარ უნდა ხვდებოდნენ ციხეში მოსაწევის მოხმარების გამო. თუ არ არსებობს დაზარებული, ე.ი. არ არსებობს დამნაშავე... მსოფლიო ტენდენციამ აჩვენა, რომ მკაცრმა მიდგომამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერ მოიტანა სასურველი შედეგი, რის გამოც, გაერო მოუწოდეს ყველა ქვეყანას, მოახდინონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. ამ რეკომენდაციაში ისიც წერია, რომ ნარკოტიკის რანგირება უნდა მოხდეს, მათი მავნებლობის მიხედვით. ნარკოტიკის ლიბერალიზაცია გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ნარკოდამოკიდებულ პირებს რესოციალიზაციაში, უმკურნალოს მათ სპეციალურ დაწესებულებებში, რათა მოახდინონ საზოგადოებაში მათი ადაპტაცია. თუმცა, ჩვენი ქვეყნის სიღარიბიდან გამომდინარე, სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, დაეხმაროს ყველას, ვისაც ეს სჭირდება. ჰოდა, თუ ადამიანის დახმარება არ შეგიძლია, ციხეში მაინც ნუ ჩასვამ, რა.

- მარიხუანა გაგისინჯავთ?

- ჰო, აბა, უნამუსო ხომ არ ვარ, რის აზრზეც არ ვარ, იმ თემაზე რომ ვილაპარაკო?

- რა შეგრძნებებს იწვევს შენში მარიხუანა?

- მარტივად აგიხსნით: ალკოჰოლის სიმთვრალეს გამოაკელით აგრესიულობა და მიუმატეთ არასტანდარტულად შემოქმედებითი აზროვნების სურვილი. მოსაწევი ჩემზე ასე მოქმედებს, სხვებს კი შესაძლოა, მისი გასინჯვისას განსხვავებული შეგრძნებები ჰქონდეთ(იცინის).

სოფო ჭონიშვილი