67 წლის ქალბატონის პირადი ტრაგედია - გზაპრესი

67 წლის ქალბატონის პირადი ტრაგედია

იმედია, დამიკავშირდებით. მინდა, გული მოვიოხო ვინმესთან საუბრით (მეზობლებთან ჭორაობა არ მიყვარს) და გთხოვთ, ნუ გამაწბილებთ. გწერთ 67 წლის ქალბატონი, რომელსაც ცხოვრება ისე აქვს მობეზრებული, რომ თავის მოკვლაზეც ბევრჯერ უფიქრია, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ბედავს. თან, სიმართლე გითხრათ, ეს ოხერი ქალიც მეცოდება უპატრონოდ დასატოვებლად. ბოლოს და ბოლოს, ისიც ადამიანის შვილია. პატივისცემით, ლიანა", - ეს ქალბატონი რაიონიდან დამიკავშირდა. როცა დავურეკე, მთხოვა, მასთან ჩავსულიყავი, მაგრამ ვინაიდან ეს ვერ მოვახერხე, ინტერვიუს ტელეფონით ჩაწერაზეც დამთანხმდა.

- მამიდამ გამზარდა. დედა რომ გარდაიცვალა, 8 წლის ვიყავი. მისი დაკარგვა ძალიან განვიცადე და სახლიდან გასვლა აღარ მინდოდა; მამას აღარ ვეკარებოდა, არც მამიდა, ბებია-ბაბუა და და-ძმების გვერდით ყოფნა მსურდა. სარდაფში განვმარტოვდი, იქ მოვიწყვე ოთახი. საჭმელს მხოლოდ მაშინ ვჭამდი და ვითხოვდი, როცა მუცლის ტკივილი აუტანელი ხდებოდა. ჰოდა, ლოყებღაჟღაჟა გოგო რომ ჩამოვხმი და ჯორიდანაც ვერ ჩამომსვეს, შინ ვერ შემიყვანეს, განგაშის ზარი შემოჰკრეს. საიდან არ მოჰყავდათ შემლოცველები, მკითხავები, ექიმბაშები. ახლა გავიგე, რომ თურმე, ჩემი წამლობა ყველაზე კარგად ფსიქოლოგს შეეძლო, მაგრამ მაშინ ეს პროფესია ვინ იცოდა? ვწვალობდი ძალიან და სხვებსაც ვაწვალებდი. ჩემი და-ძმებიც, მამაც ხომ ძალიან განიცდიდნენ დედის დაღუპვას და მათ სატანჯველს ვუორმაგებდი ჩემი საქციელით, მაგრამ ბავშვი ვიყავი და ამ ყველაფერზე მაშინ არ მიფიქრია.

- ბოლოს როგორ დანებდით, სარდაფიდან ვინ გამოგიყვანათ?

- მეზობელ სოფელში ცხოვრობდა დედას ბიძაშვილი, ძია სანდრო, რომელიც საოცარი კაცი იყო. ამბობდნენ, ისეთი შელოცვები იცის, მის წინაშე აღმოჩენილ გველსაც აშეშებსო. ცხადია, ეს კაციც მომიყვანეს. მართალია, შელოცვებით ვერ მიშველა, მაგრამ ჩემს სანახავად ხშირად მოდიოდა, მელაპარაკებოდა, დედას ბავშვობაზე რაღაცებს მიყვებოდა (ცხადია, ის ამბები არც მახსოვს) და ჩემი ნდობა მოიპოვა. ბოლოს შემპირდა (და ეს კარგად ჩამებეჭდა გონებაში), - ოდესმე შენს დედიკოს აუცილებლად გაჩვენებო და ამის გამო, ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი გახდა. სანდროსთან ვეძებდი შვებას და მას ამიტომაც მივენდე ალბათ. ამ კაცმა ჩემი ფსიქიკა დანგრევისგან იხსნა, გამაძლიერა და ამისთვის მისი მადლობელი ვარ. მოგვიანებით გავაცნობიერე, თუ რა არის სიკვდილი; დედის იმ ქვეყნად წასვლასაც სხვა თვალით შევხედე და სილაღეც დამიბრუნდა. მაგრამ როცა უკვე ჩამოყალიბებულმა (ზრდასრულმა) ქალმა ძია სანდროს სიკვდილის შესახებ შევიტყვე, გულში კიდევ ერთი სიმი ჩამწყდა. თითქოს ხელიდან გამომეცალა დედასთან დამაკავშირებელი ძაფი და ძალიან განვიცადე. თუმცა, არა იმდენად, რომ ისევ სარდაფში განვმარტოებულიყავი; შვება შრომაში ვპოვე და სწორედ იმ წლებში გამივარდა საოცარად მშრომელი, ყოჩაღი გოგოს სახელი.

- და ალბათ მაჭანკლებიც მოაწყდნენ თქვენს კარს, არა?

- ნამდვილად ასე მოხდა, მაგრამ მამიდამ გასათხოვებლად ვერ გამიმეტა და მამასაც ჩააგონა, რომ ჩემი გაშვება არ ივარგებდა. ეუბნებოდა: ხომ იცი, როგორი ბავშვია, სხვის სახლში რომ დაემართოს უგუნებობა და ოთახში ჩაიკეტოს, ამას მისი ქმარი ვერ აიტანს და შეიძლება, უკანვე მოაბრძანოს, თავი მოგვჭრას. მოვიცადოთ და როცა უფრო მეტად ჩამოყალიბდება, მერე გავათხოვოთ, სად გვეჩქარებაო?

- თქვენ გინდოდათ გათხოვება?

- მაჭანკლებს ჩემთვის ვინ უნდოდათ, ამით ნაკლებად ვინტერესდებოდი, რადგან სოფლის ბოლოში მცხოვრები ბიჭი, ჩემი ყოფილი კლასელი მიყვარდა. მაგრამ მაშინ იცით, ახალგაზრდები ისეთი თამამები არ იყვნენ, როგორებიც დღეს არიან. სიყვარულშიც კი ვერ გამომიტყდა და ცხადია, არც მე ვუყურებდი თვალებში. მერე ჩვენი გზებიც გაიყო. თუმცა, შესაძლებელი იყო, ერთად ვყოფილიყავით. მამამისმა რომ გაიგო, ერთმანეთი მოგვწონდა, მამას უთხრა: მგონი, ჩვენს შვილებს რაღაც აქვთ გუნებაში და ცუდი საქმე არ იქნება, შენს შვილს პატივისცემაში ვაცხოვრებთო. მამას პასუხად გაუღიმია, - ამ საქმეში ვერ ჩავერევიო. სახლში მოსულმა ეს ამბავი ჩემი თანდასწრებით უთხრა მამიდას. მახსოვს, ერთიანად ავილეწე. მამიდა "გამომექომაგა", - აბა, აბა, უყვარს არა ისა, მეტი საქმე არ მაქვს, იმ გაუთლელ ბიჭს გავატან ჩემს მარჯვე გოგოს. ამას მეფისტოლა კაცი უნდა მოვუძებნოთო. ვერ შევეწინააღმდეგე, რაც საკუთარი თავისთვის დღემდე ვერ მიპატიებია.

- თქვენს შეყვარებულს არ ჰქონია მცდელობა, ოჯახში მოსულიყო, თქვენი ხელი ეთხოვა?

- არა, ისიც ძალიან მორიდებული იყო და ალბათ ამიტომაც მიყვარდა. ძალიან მშრომელი, კარგი ადამიანი გახლდათ. როცა მისიანები მიხვდნენ, რომ ოჯახის წევრები ჩემს გათხოვებას არ აპირებდნენ, მშობლებმა მაჭანკალი დაუქირავეს და კარგი ცოლიც შერთეს. გული მწყდება, როცა მის ცოლს შვილიშვილებდახვეულს ვუყურებ, მე კი ისევ კენტად, ისევ მამიდის გვერდით ვცხოვრობ... მაგრამ ბოროტი არ ვარ და ცუდს არავის ვუსვურვებ. საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ სიკეთეს ვნატრობ.

- გამოდის, რომ ის კაცი დღემდე გიყვართ...

- მიყვარს, მაგრამ ახლა - სხვანაირად, რადგან ამქვეყნად ისიც აღარ არის...

- მამიდა რატომ იწუნებდა სასიძოებს?

- ახლა ამას რომ ვეკითხები, უკვირს, - გათხოვება თუ გინდოდა, ვინ გაკავებდა. მე უბრალოდ, ვცდილობდი, შენთვის საუკეთესო კაცი მეპოვა, შენ კი თურმე, დაბოღმილხარ და გგონია, ამას სპეციალურად ვაკეთებდიო. არ ვიცი, ასეთს ვის ან რას ეძებდა, მაგრამ მისი მოსაწონი არავინ აღმოჩნდა. წუნია რომ იყო, თავადაც ამიტომ დარჩა შინაბერად.

- თქვენს და-ძმებზე რას იტყვით?

- ისინი უფროსები იყვნენ და ბედს ეწივნენ. ეტყობა, ბედი იყო ისიც, რომ ძმები ქალაქში ჩაესიძნენ და ეს სახლიც მე დამრჩა, ამ ბუდეს მიმაჯაჭვეს სამუდამოდ, თორემ სოფლიდან წასვლის შანსი მაინც რომ მქონოდა, შესაძლო იყო, ბედს ვწვეოდი, სხვანაირად მეცხოვრა. თანაც, არ შემეძლო წინააღმდეგობა, საკუთარი კეთილდღეობის ყველაფერზე წინ დაყენება. მამიდა და მამა სიმარტოვისთვის ვერ გავწირე... მერე მამაც გარდამეცვალა. დავრჩით სახლში მხოლოდ ორი ქალი, ორი შინაბერა. ის მართლაც, ყველას მამიდა იყო, ყველას საქმეში ერეოდა, ყველა ოჯახზე ყველაფერი იცოდა და მის გარეშე ჭორიც ვერ გაინავარდებდა საკუთარ ნებაზე.

- არასდროს გიკითხავთ მისთვის, რატომ არ გათხოვდა? თქვენ მას შეაბერდით, ის ვინ ან რამ დატოვა გაუთხოვარი?

- ამბობს, - შეყვარებული მყავდა და მამამ არ გამაყოლა, მერე კი თავად ავიცრუე გული ყველა კაცზე და მამაზეც ჯავრი ჩემი გაუთხოვრობით ვიყარეო... მამაჩემი ამბობდა, ის ბიჭი დეზერტირი იყო და ამიტომაც ავუკრძალეთ მასთან ურთიერთობა, მერე კი არავინ გაიკარა ახლოს. ჰოდა, იჯდეს და იხაროს თქვენით, სხვა რაღა დარჩენიაო?! მერე მახსოვს, უკვე 53-ის იყო, როცა მაჭანკალი მოგვადგა, - გაღმა სოფელში ერთი კარგი კაცი ცხოვრობს. მინდა, ქეთო მას გავურიგოო. ის საწყალი ქალი მამიდამ სახლიდან იფრინა; მიწაზე ფეხი არ დაუდგამს, სულ გორაობით მიაღწია სახლამდე (იცინის). ახლა ვფიქრობ, რომ მამიდამ ჩემი გაუთხოვრობით ძმაზეც იყარა ჯავრი.

- ამბობთ, ახლაც ჩემს გამწარებას ცდილობსო...

- საოცრად ჭირვეული მოხუცია. უნდა, რომ სულ მასთან ერთად ვიყო. დადის აღმა-დაღმა და სახლში ჭორებით დახუნძლული ბრუნდება, მერე ხან ვინ მომივარდება მისი ცუდი ენის გამო და ხან - ვინ, მე კი იძულებული ვარ, ყველაფერი მოვითმინო, აბა, ამ სიბერეში ჩემი ხელით ხომ არ მოვკლავ? თუ ცუდად არის, გვერდიდან არ მიშორებს, სულს მიმწარებს. სახლიდან გასულს რამდენიმე წუთი თუ შემაგვიანდა, ეზოში გადის და ჩემს სახელს კივის, თუ არ გამოვჩნდი, მეზობლებს ეძახის: ძმისშვილი მკლავს, გარეთ გამოდითო. ეს ერთი შეხედვით, სასაცილოა, მაგრამ ძალიან ძნელი ასატანია. როცა მიწას ვამუშავებ, ასეთ დროსაც შეუძლია, საქმე შემაწყვეტინოს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე უნდა. ბევრჯერ, მის გამო თავის მოკვლაზეც მიფიქრია. ასეთ დროს მსურს, ამ ჯოჯოხეთური ყოფისგან გავთავისუფლდე, ამ მწარე ქალისგან დავისვენო, მაგრამ ბოლოს ყოველთვის უკან ვიხევ, მეშინია სიკვდილის. უმარილოდ ვცხოვრობ, მაგრამ ამ სიბერეში ისევ სიცოცხლე მწყურია და ეს მაოცებს. მეშინია იმისაც, რომ თუ თავს მოვიკლავ, იმ ქვეყნადაც ვეღარ ვიხილავ ნანატრ დედას. ამას წინათ ძროხის სადგომში შევედი, თოკს მარყუჟი გავუკეთე, სკამზეც შევდექი, თავი ყულფში გავუყარე და სკამისთვის ფეხი რომ უნდა მეკრა, ძალიან შემეშინდა. ამ გრძნობას ვერ აღგიწერთ, ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანის თამაში საკუთარ თავთან, რასაც მტერსაც არ ვუსურვებ.

- თქვენი ამბის ჩვენთვის მოყოლა რატომ მოგინდათ?

- ვხედავ, რომ უმუშევრობის გამო, ბევრი გოგ-ბიჭი არიდებს თავს დაქორწინებას. ისინი ძალიან აჯანჯლებენ საქმეს და მერე ან კარგავენ ერთმანეთს, ან ასე, მომავლის იმედით წლების განმავლობაში რჩებიან მხოლოდ შეყვარებულებად. თითქოს ბრძოლის ჟინი დაკარგა ახალგაზრდების ნაწილმა, განსაკუთრებით - სოფელში. ბევრს ცოლი მხოლოდ იმიტომ მოჰყავს, რომ უქალობა აღარ შეუძლია და იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ მეძავებთან მივიდნენ.Eმერე, უსიყვარულოდ შექმნილ ოჯახებში ჩნდებიან ბავშვები, რომლებსაც ან უმართლებთ და მათ მშობლებს ერთმანეთი უყვარდებათ, ან არა და, უწევთ ოჯახურ ჯოჯოხეთში ცხოვრება, რადგან მათ სახლში გამუდმებით ისმის უფროსების წივილ-კივილი, ცემა-ტყეპა. რჩეული გოგო-ბიჭები კი თავს არიდებენ დაქორწინებს იმის შიშით, რომ მერე მათ შვილებს შეექმნებათ გარკვეული პრობლემა. ჰოდა, ბოლო დროს მაჭანკლებმა ისევ დაიწყეს აქტიურობა, რაც ძალიან არ მომწონს, რადგან შვილიშვილების ყოლის ცდუნებას აყოლილი მშობლები ხშირად, ამ ვითომ კეთილისმსურველ ქალებთან ერთად წყვეტენ ბავშვების ბედს, რაც ჩემი აზრით, უსამართლობაა. ახალგაზრდამ უპირატესობა საკუთარ გრძნობას უნდა მიანიჭოს. მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა: ნუ დარჩებით ჩემსავით შინაბერებად, ნუ იქნებით სხვის იმედად, საკუთარი მომავლისთვის თავად თუ არ იზრუნეთ, კარგი არაფერი გელოდებათ. თქვენ არ იცით, რა ძნელია მარტოობა, მით უმეტეს, სიბერეში. ასე რომ, გულის კარნახს აჰყევით, იყავით თავისუფლები სიყვარულში და საყვარელი ადამიანი არავის და არაფრის გამო არ დაკარგოთ. ადამიანი თუ მოინდომებს, უმუშევრობასაც მოევლება. მარტოხელა ქალი ვარ, მაგრამ მიზანი მაქვს: ჩემი მიზანი დისშვილების, ძმისშვილების დახმარებაა. საკუთარი შრომით იმდენს ვახერხებ, რომ მათ ყოველთვის მხარში ვუდგავარ და ამ სოფელში ჩემი ოჯახი შეძლებულად მიიჩნევა. ჰოდა, როგორ ფიქრობთ, თავის დროზე საკუთარ თავზე რომ მეზრუნა, ერთი შვილი მაინც რომ მყოლოდა, მას ვერ გავუკვალავდი გზას? ეს მე თუ შევძელი, კაცები უფრო კარგად შეძლებენ, მერწმუნეთ. მიხარია საქორწილო სიგნალების გაგონება; სიძე-პატარძლის დანახვისას გული სიხარულით მევსება. იხარეთ ახალგაზრდებო და ნამდვილი განძი - სიყვარული არ გაუშვათ ხელიდან.

ლიკა ქაჯაია