კლუბური ცხოვრების, ივენთებისა და კარაოკეს დედა - გზაპრესი

კლუბური ცხოვრების, ივენთებისა და კარაოკეს დედა

ეს საქმიანობა 16 წლის წინ დაიწყო და დღეს ქალაქში ცნობილი პროფესიონალია. ჰყავს უზარმაზარი სამეგობრო წრე, რომელშიც ნებისმიერი პარტიის, სქესის, ფენისა და ასაკის ცნობილი თუ საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები არიან თავმოყრილი. არასდროს არც ერთი ნიშნით არავინ დაუყვია და გამოურჩევია, ამიტომაც უყვართ. სწორედ თაკო დოლაბერიძეა ჩვენში ქართული კლუბური ცხოვრების ერთ-ერთი გზამკვლევიც...

- თავიდან, როცა მეგობრები ვიკრიბებოდით, ყოველთვის მე ვიყავი იმ თავყრილობების ორგანიზატორი. ვაგვარებდი სხვადასხვა საკითხს. ვთქვათ, რა უნდა მიგვერთმია და როგორ უნდა გავრთობილიყავით. თეატრებიდან კოსტიუმებს ვქირაობდით და ძალიან ხალისიან საღამოებს ვმართავდით... მაშინ სიტყვა "კარაოკე" ჩვენს ლექსიკონში არ არსებობდა, მაგრამ გვიყვარდა სიმღერა და რაღაც მინუსფონოგრამებს მოვიძიებდით ხოლმე იმ შეკრებისას და მასზე ვმღეროდით... მახსოვს, ერთხელ, სანაპიროზე არსებულ ერთ-ერთ რესტორანში ძალიან ლამაზი კარნავალი მოვაწყვეთ. პირველად დიდი სამეგობრო წრე სწორედ იქ შევიკრიბეთ. ყველას ამა თუ იმ პერსონაჟის კოსტიუმი გვეცვა...

- რა განათლება გაქვს?

- "სასოფლოში" მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემი პროფესიით არც მიმუშავია.

- მაშინ მეღვინეობა რატომ აირჩიე?

GzaPress- თავიდან ქიმიის ფაკულტეტზე, "გეპეიში" ვაბარებდი და არ გამიმართლა. მაშინ დიდი კონკურსი იყო ხოლმე. მერე ოჯახში ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩამებარებინა... მაგრამ უმაღლესი სასწავლებელი რომ დავამთავრე, ცხოვრება აირია. ყველაფერი მოიშალა და მეღვინეობა ვეღარ შევძელი. მუშაობა გოგი თოფაძესთან დავიწყე. მაშინ "ყაზბეგმა" რესტორნების ქსელი შექმნა და პირველი რესტორანი სოლოლაკში, დადიანის ქუჩაზე გაიხსნა. ის იყო ჩემი პირველი პროექტი. მოკლედ, კომპანიაში ახალმისულს შეხვედრაზე გამომიცხადეს, რომ მთავარი ბუღალტერი ვიყავი.

- რესტორნების ქსელის?

- დიახ. ბატონმა გოგიმაც მითხრა, რომ მთავარ ბუღალტრად უნდა დამეწყო მუშაობა. ვუთხარი, - როგორ, ფინანსები არ ვიცი-მეთქი. მახსოვს, ასე მიპასუხა, - არა უშავს, ისწავლი, მთავარია, მონდომებაო...

- მოკლედ, გზაზე გოგი თოფაძეს დაუყენებიხარ...

- ასე გამოვიდა. გოგი დედას მეგობარია და ჩემს შესახებ ბევრი რამ იცოდა. მიცნობდა, როგორი აქტიურიც ვიყავი. მუშაობა რომ დავიწყე, თავს არ ვზოგავდი და 5 წლის განმავლობაში შვებულებითაც არ მისარგებლია. ახლა ვხვდები, მაშინ ისე რომ მტვირთავდნენ, ამას ჩემთვის აკეთებდნენ (იღიმება). მოკლედ, იქ 8 წლის განმავლობაში დიდი სკოლა გავიარე...

- ღონისძიებების მოწყობა, ივენთების ორგანიზება როგორ დაიწყე?

- იმ პერიოდში (1997 წელი) ივენთები არც არსებობდა. პირველად, თავისუფლების მოედანზე რაღაც სივრცე გაიხსნა, საიდანაც მოვიდნენ და დახმარება გვთხოვეს. საახალწლო საღამოს მოწყობა უნდოდათ და დავეხმარეთ: რაღაც თამაშები მოვიფიქრეთ, პრიზები დავაწესეთ. მერე "ფურშეტის თემას" მივადექით, ოღონდ სიტყვა "ფურშეტი" მეტყველებაშიც არ გვქონდა. უბრალოდ, გაგონილი გვქონდა, რომ შეიძლებოდა, ფეხზე მდგომ ადამიანს ღონისძიებაზე ეჭამა... და ამასაც ავუღეთ ალღო. უბრალოდ, თეთრი თეფშები არ მოგვეწონა და ფერადი ქაღალები გადავაფარეთ. იმ პერიოდში ჩემი რამდენიმე მეგობარი დაოჯახა და მათი საქორწინო ღონისძიების ორგანიზატორი სულ მე ვიყავი. მენიუშიც ვერკვეოდი, ფინანსებშიც, შემოქმედებითი მხარეც არ მიჭირდა...

- ვიცი, რომ ჩვენში ერთ-ერთმა პირველმა გახსენი კარაოკე...

- ჩემი მეგობარი იყო გიორგი თევზაძე (დღეს ცოცხალი აღარ არის), რომელმაც მითხრა, კარაოკე გავაკეთოთო და მე და რამაზ სირაძემ (ჩემი ჯგუფელი), რომელიც დღეს კარაოკეს ცნობილი წამყვანია, ქობულეთში კარაოკე გავაკეთეთ. საოცარი მოწონება დაიმსახურა. არ ველოდებოდით, თუ ასეთ ფურორს მოახდენდა. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ პირველი კარაოკე ჩვენ გვქონდა.

- ასე, ნელ-ნელა მიხვედი იქამდე, რომ დღეს ერთ-ერთი სერიოზული ივენთ-მენეჯერი ხარ. ბევრი აზრს გეკითხება და დახმარებას გთხოვს...

- თითოეული ღონისძიება, რომელსაც ვაკეთებ, მიყვარს... რამდენიმე ადგილას ვმუშაობ: მათ შორის არის რესტორანიც, ღამის კლუბიც, კაფეც. მაქვს ჩემი კომპანიაც, რომელიც ემსახურება ივენთებს და არც საინტერესო გეგმები გვაკლია... მაგალითად, დღესაც სრულიად უცხო ადამიანებმა მოსკოვიდან დამირეკეს, ქორწილის გადახდა გვინდა, ცოტა ხანში ჩამოვფრინდებით და თქვენთან შეხვედრა გვინდაო...

- ქორწილის თემა რომ გავაგრძელოთ: "ორ ვარსკვლავში" მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯავახიშვილს ქორწილი აჩუქე...

- ეკა ხოფერიამ რომ დამირეკა და სიტუაცია ამიხსნა, არც დავფიქრებულვარ, ისე გადავწყვიტე, ლევანისთვის ქორწილი მეჩუქებინა. მის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი და გულით მინდა, დავეხმარო. ახლა მთელი დღეებია, ვფიქრობ და ვემზადები, როგორ დავგეგმო ეს ღონისძიება. საბოლოო მონახაზს ლევანსა და მარიამს შევთავაზებ და მარტო ჩემი აზრებით არ ვიმოქმედებ...

- მოკლედ, დღემდე დიდი შრომით მოხვედი...

- კი, ასე იყო და ეს პერიოდი უმძიმეს წლებში გავიარე: ომი, სხვადასხვანაირი პრობლემა, კრიზისი, ხელისუფლების შეცვლა. ეს ყველაფერი ხომ მოქმედებს საქმიანობაზე? თუმცა, სწავლის პროცესი მაინც არ სრულდება და ყოველდღე კიდევ რაღაცას ვსწავლობ იმიტომ, რომ თანამედროვეობა სიახლეებს მუდმივად გვთავაზობს. არ უნდა ჩამოვრჩეთ. სულ ძიებაში ვართ...

- ძალიან მძიმე რეჟიმი გაქვს. დასვენებას თუ ახერხებ?

- რეჟიმი და სამუშაო მძიმეა, მაგრამ მაინც ვახერხებ, რომ 2-3 დღით სადმე "გავძვრე". ეს დრო ძალების აღსადგენად მყოფნის. ხანგრძლივი დროით დასვენებას ვერასდროს ვგეგმავ, არ გამომდის.

- წარსულს რომ გადავხედოთ, რითი ამაყობ?

- ღამის კლუბები ჩვენში 90-იანი წლების მერე დამკვიდრდა და პირველი კლუბი მე ავამუშავე ("სითი კლაბი")...

- ვიცი, რომ ბოლო დროს ძალიან გაგახალისა შენი დისშვილის დაბადებამ...

GzaPress- დათუნა ჯღაკავამ არა მარტო გამახალისა, არამედ მთლიანად შემიცვალა ცხოვრების რეჟიმი. დღეს მის გარშემო ვტრიალებ. ჯერ დათუნა და მერე - სხვა დანარჩენი. შუადღისასაც გავრბივარ სახლში, რომ ვნახო. ამ დროს იღვიძებს. საოცარი პატარა ადამიანია... ჩემს დას 8 წელი არ ჰყავდა შვილი. მისი დაფეხმძიმების შესახებ ისრაელში ყოფნისას გავიგე, სხვათა შორის - ჩემთვის საკმაოდ რთულ პერიოდში... საოპერაციოდ ვიყავი წასული, თან, სახლში ამის შესახებ არ იცოდნენ.

- რა ოპერაცია გაიკეთე?

- კუჭი დავიპატარავე... არადა, ოჯახის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ანალიზების გასაკეთებლად წავედი. ნარკოზიდან რომ გამოვედი და მათ "სკაიპით" დაველაპარაკე, ვუთხარი, რომ ოპერაცია გავიკეთე და კარგად ვარ-მეთქი... გაგიჟდნენ... მერე უეცრად ჩემმა დამ ასეთი რამ მითხრა: ექოსკოპიაზე ვიყავი და ორსულად ვარო. შოკი მივიღე, დამავიწყდა, სად ვიყავი, რატომ და წვეთოვანებსა და ყველაფერს, რაზეც შეერთებული ვიყავი, ვიგლეჯდი, - უნდა ავდგე, გამიშვით, სახლში მივდივარ-მეთქი. ექიმები გაოცებულები მიყურებდნენ...

- თაკო, ეს ნაბიჯი იოლად გადადგი?

- თავიდან მიჭირდა, ვერ ვრისკავდი. დედაჩემი კი მირჩევდა, გამეკეთებინა, - შენი ჯანმრთელობისთვის ასე ჯობიაო.

- ისე, ვფიქრობ, რომ ის წონა, რაც გქონდა, ხელს არ გიშლიდა...

- არა და რომ მეუბნებოდნენ, ჭარბწონიანი ხარო, ვღიზიანდებოდი. მე მართლა არ მქონდა არანაირი პრობლემა, რადგანაც წონა არც საქმიანობაში მიშლიდა ხელს. რაც მინდოდა, იმ ტანსაცმელს მაინც ვიცვამდი და არც კომპლექსი მქონდა. მერე ჩემმა მეგობარმა, გოგა კაკულიამ სერიოზული ტრენინგი ჩამიტარა და ამიხსნა, სიმსუქნემ ჯანმრთელობას რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას. თან, ბოლოს ცოტა მოვიმატე, ისრაელში ყოფნისას წონამ შემაწუხა, სიარული გამიჭირდა. აღარ მომეწონა. იქვე კლინიკაში მივედი და გავესიჯე. ანალიზების გაკეთებაა საჭიროო, - მითხრეს. ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა და ასე მივედი ერთ თვეში კუჭის დაპატარავების ოპერაციამდე.

- შედეგით რამდენად კმაყოფილი ხარ?

- მშვენიერი შედეგი მაქვს. იმის მერე (2 წელიწადში) წონაში 75 კილოგრამი დავიკელი.

- რა რაოდენობის ულუფას იღებ?

- ახლა 100 გრამამდე ვჭამ. ეს ცოტა მომატებული დოზაა - აქამდე 50 გრამამდე ვჭამდი. მოკლედ, თავიდან პატარა ბავშვივით დავიწყე კვება. 5 დღე მხოლოდ წყალზე ვიყავი, ჭამა არც მინდოდა... ჩემი გასუქების მიზეზი, როგორც მითხრეს, არასწორი დღის რეჟიმი იყო, - ხშირი ღამის თენება, დილით უჭმელობა. არადა, ადამიანი დღეში 4-ჯერ უნდა იკვებებოდეს. ახლა ვისწავლე სწორი კვება, ყველაფერი დავარეგულირე. ამასთან, მეტად ვზრუნავ ჯანმრთელობაზე. როგორც კი დავიღლები, ვისვენებ, ვიძინებ. ვარ მეტად მშვიდად და მსუბუქად. ძილი მომიწესრიგდა. ადრე ვიღვიძებ. თავიდან, ექიმთან რომ მივედი, ტესტი შემავსებინეს, რატომ მინდოდა გახდომა. ჩავწერე, ჯანმრთელობაზე მინდა, მეტად ვიზრუნო-მეთქი. მითხრეს, აქ რომ სხვა რამე ჩაგეწერა, მოსამზადებლად ფსიქოლოგიური ტრენინგები დაგჭირდებოდა, ისე ოპერაციას არ გავაკეთებდითო... ახლა თავს კარგად ვგრძნობ და არ ვნანობ, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი.

ლალი ფაცია