"მე­გო­ბარ­მა თით­ქოს, შხა­მი მო­მა­წო­და.. გრძნობების ალში გავეხვიეთ" - გზაპრესი

"მე­გო­ბარ­მა თით­ქოს, შხა­მი მო­მა­წო­და.. გრძნობების ალში გავეხვიეთ"

ეს ჩანაწერი ჟურნალ "გზის" ერთგულმა მკითხველმა, ასაკოვანმა ქალბატონმა - ნანი დუმბაძემ გამოგვიგზავნა. მასში ასახული ამბავი რეალურს ძალიან ჰგავს და შეიძლება, ბევრს ეცნოს კიდეც, მაგრამ როგორც ავტორი ამბობს, უბრალოდ, ჩანახატია...

ჩემი მოხდენილი გარეგნობისა და მხიარული ბუნების გამო ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. მათ შორის ყველაზე მეტად მომწონდა ჩემი მეზობელი და თანაკლასელი გურამი, რომელიც ასაკთან შედარებით, ძალზე სერიოზული და ყველა სფეროში გათვითცნობიერებული იყო. ბევრს კითხულობდა. მას შემდეგ, რაც მისი მშობლები ავტოავარიაში მოყვნენ და გარდაიცვალნენ, საკუთარ თავში ჩაიკეტა. მამიდა უვლიდა ობლებს - მას და პატარა ლუკას. გურამი კარგად ხატავდა, ჩემი პორტრეტიც აქვს დახატული. ვმეგობრობდით.

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, გურამმა კი არქიტექტურულზე.

უნივერსიტეტში გავიცანი მეორე კურსის სტუდენტი გიგი, რომელიც უაღრესად ზრდილი, სპორტული აღნაგობის ჭაბუკი იყო. მოზღვავებული ჰქონდა იუმორის გრძნობა, ამიტომ გოგონები ფუტკრებივით ესეოდნენ. თითქმის ყველა სტუდენტი მასზე იყო შეყვარებული. მეც სიმპათიით განვეწყვე მისდამი. მამამისი თეატრში მუშაობს, საქართველოს დამსახურებული არტისტია, დედა კონსერვატორიაში ლექტორი გახლავთ, და - ირმა კი იმ პერიოდში სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა.

რაც შეეხება ჩემს ოჯახს: თბილი მშობლები მყავს. მამა მათემატიკოსია, დედა ექიმი. მათ შესაშური ურთიერთობა აქვთ. ერთადერთ შვილს არაფერს მაკლებენ. ბავშვობიდანვე, მუსიკაზეც დავდიოდი, ტანვარჯიშსა და ცეკვაზეც. მთელი დღე ვუკრავდი და ვმღეროდი. რომანსებზე ვიყავი შეყვარებული.

ერთ დღეს გიგიმ მთხოვა, სახლში გავყოლოდი. თურმე, მისი დაბადების დღე იყო. შევედი თუ არა სახლში, დავინახე გაშლილი სუფრა. მხიარული ატმოსფერო იყო. გიგის და, ირმა როიალზე უკრავდა. ცოტა ხნით მოგვაქცია ყურადღება და მერე დაკვრა განაგრძო. როცა დაამთავრა, წამოხტა და რევერანსი გაგვიკეთა.

- ყოჩაღ, ირმა, ყოჩაღ! - ეს სიტყვები ჩვენმა აპლოდისმენტებმა შთანთქა. სიტუაციამ ძალიან წამახალისა და გიგის წავჩურჩულე:

- გინდა, ვიმღერო? - ძალიან გაუხარდა ჩემი წინადადება და გამოაცხადა:

- სცენაზეა თქვენთვის უცნობი მომღერალი - თამთა.

ჩემმა ნამღერმა მოხიბლა როგორც გიგის ოჯახის წევრები, ისე სტუმრები. დიასახლისი მომიახლოვდა და მითხრა:

- რა ტკბილი ხმა გქონია, თამთა!

იმ დღიდან ჩემი და გიგის მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, გრძნობის ალში გავეხვიეთ.

გიგიმ უნივერსიტეტი დაამთავრა თუ არა, მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა. დავქორწინდით. მამამისმა პარიზის ბილეთებით დაგვასაჩუქრა. ჯვრისწერიდან პირდაპირ აეროპორტში წავედით. ერთი კვირის შემდეგ, წარუშლელი შთაბეჭდილებით დავბრუნდით. გიგის მამამ კიდევ ერთი სიურპრიზი დაგვახვედრა: სამოთახიანი ბინა გვაჩუქა ვაკეში. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა, საგონებელშიც ჩავვარდი: ხელისგულზე გაზრდილი გოგო შევძლებდი კი ღირსეულ დიასახლისობას? გავუწევდი გიგის ღირსეულ მეუღლეობას?

ჩვენს ახალ ბინაში მოვიდნენ მეგობრები და მილოცავდნენ ყველაფერს ერთად. მერე საზღვარგარეთ გადაღებული სურათები დავათვალიერეთ და მეც, მთელი დღე, დაუღალავად ვყვებოდი ჩემს შთაბეჭდილებებზე, ემოციებზე, რომელიც საფრანგეთიდან გამომყვა. სუვენირებიდან თითქმის არაფერი დამიტოვეს, - შენ ისიც გეყოფა, პარიზში რომ იყავიო...

ნელ-ნელა, დიასახლისობის შიში გამიქრა და კულინარიაშიც გავიწაფე. ერთ დღეს მუშებმა თეთრი როიალი მომიტანეს, რომელიც ბომბონერის ყუთივით იყო გაფორმებული. შუაში გადაჭიმული ჰქონდა აბრეშუმის ბრტყელი ლენტი, რომელზეც ოქროსფერი ასოებით ეწერა: "ჩემო ტკბილო ბულბულო, თამთა", - შემდეგ მასზე აბრეშუმისავე თეთრი ვარდი იყო მიმაგრებული და გრძელდებოდა წარწერა: "მიყვარხარ, შენი გიგი". გახარებული მაშინვე ტელეფონს ვეცი.

- ალო... სალომე, ახლავე გადაურეკე ყველას. ზღაპრული ტორტი მაქვს და იცოდეთ, არ დააგვიანოთ.

მოცვივდნენ ჩემი გიჟები და როიალი რომ დაინახეს, იკივლეს. ქეთიმ გამები ჩაარაკრაკა.

- რა რბილი კლავიატურა აქვს... რა ხმაა... ასეთ მეუღლეს არც მე დავიწუნებდი. მოდი, სალომე, შენც მოსინჯე - მოქაჩა ქეთიმ სალომეს კაბაზე. სალომე როიალს მიუჯდა, ტორტი კი არავის გახსენებია.

- აბა, ქალბატონი თამთა, ახლა შენ დაუკარ, - შემომიტიეს. როცა რამდენიმე სიმღერა შევასრულე, წამოცვივდნენ:

- ახლა ყავა და ტორტი მოიტანეო.

ამასობაში ანანომ შემოაღო კარი. გოგოებმა პირდაპირ აჯახეს:

- მოდი, ჯერ ყავა მიირთვი და მერე შენებური ხინკალი გაგვიმზადე, რა...

უცებ მოზილეს ცომი, ხორცი გაატარეს და ანანო შეუდგა ცომის მოხვევას. ჰოდა, როიალიც შენიშნა. "თამთა" - წაიკითხა მინაწერი და ტაში შემოჰკრა: ვაიმე, რა კარგია! მივიდა და თითით ფრთხილად შეეხო კლავიშს.

- აბა, აბა, რახმანინოვს თავი დაანებე და საქმეს მიხედე, - შეუძახეს გოგონებმა...

ყველაზე ხშირად ანანო მოდის ჩემთან. ის ფასანაურიდანაა. კეთილი და ენაკვიმატია. ნაქირავებში ცხოვრობს. როდესაც მშობლები რაღაცას უგზავნიან, მაშინვე ჩვენთან მოარბენინებს, მე კი ვუწყრები და ყველაფერს უკან ვატან.

ერთხელ ანანომ ისეთი ხინკალი მოგვიმზადა, ყველა განცვიფრებული დავრჩით. ჰოდა, როცა ხინკალი მოგვინდება, მას ვეძახით ხოლმე. გიგიც კარგად არის მისდამი განწყობილი...

ვიდრე ანანო ხინკალს ხარშავდა, მე სუფრა გავაწყვე. კარგი საცივი მქონდა, ფხალეული, კონიაკი და ღვინო. ანანომ ხინკალი ამოყარა თუ არა, გიგიც მოვიდა. მისცვივდნენ ჩემი გოგოები და კოცნა დაუწყეს, - ნეტავ, ჩვენც ისეთი ადამიანი შეგვხვდეს ცხოვრების მეგზურად, როგორიც შენ ხარო.

- ყოჩაღ, გიგი, ქმარიც ასეთი უნდა. მე ხომ აკადემიკოსის შვილი ვარ და ჩემს უამრავ თაყვანისმცემელში ერთიც არ არის შენი ფრჩხილის ღირსი, გათხოვებაზე რომ ვიფიქრო, - უთხრა ქეთიმ.

სუფრას შემოვუსხედით. კარგად ვისიამოვნეთ, მერე კი გიგიმ ჩემი სტუმრები სახლში დაარიგა...

მე და გიგი ერთხანს ტურიზმით ვიყავით გატაცებული. საზღვარგარეთ "დავქროდით", რამდენიმე ქვეყანა მოვიარეთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სახლი ყველაფერს მერჩივნა. ტკბილად, მეგობრულად ვცხოვრობდით. ჰარმონიული წყვილი ვართ. გიგის ძალიან მოსწონს ჩემი ხასიათი, ჩემი სიმღერები კი ახალისებს. ხშირად მამღერებს და ტკბება მოსმენით.

ერთ დღეს ჩვენთან ანანო ატირებული მოვიდა.

- თამთა, შენს იქით გზა არ მაქვს. ვიცი, საიდუმლოსაც შემინახავ და დამეხმარები კიდეც, - თქვა და დივანზე ჩამოჯდა.

- რა იყო, ანანო, რა მოხდა? - ვკითხე შეშინებულმა.

- სიკვდილი მირჩევნია ასეთ ყოფნას. სამი თვეა, რაც ქუთაისელი ბიჭი, ნიკა გავიცანი. მომხიბლა თავისი ყურადღებით. ყოველდღე ვხვდებოდი, საჩუქრებით მანებივრებდა და დაქორწინებასაც მპირდებოდა. ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა და ჩვენ შორის მოსახდენი მოხდა. ბიძაშვილიც გავაცანი და ლამის მთელი კვირა, ერთად ვსეირნობდით. გუშინ ნიკამ ჯვარი ჩემს ბიძაშვილზე დაიწერა, მე კი ორსულად ვარ... როგორ ვიფიქრებდი, რომ მისნაირი ადამიანი მომატყუებდა ან ბიძაშვილი მიღალატებდა? ჩემებმა ეს ამბავი რომ გაიგონ, სახლში აღარ შემიშვებენ. ამ ბავშვს ვერ გავაჩენ, მოცილება მინდა, მაგრამ ექიმთან მისასვლელი ფული არ მაქვს. შენ უნდა მასესხო. ექიმთან ხვალისთვის ვარ ჩაწერილი.

- ანანო, ეს რა მოგსვლია! მის შესახებ აქამდე რატომ არაფერი მითხარი? ახლა რა გეშველება?

- ხომ გითხარი, ორსულად ვარ და ექიმთანაც ვიყავი. აბა, მოღალატის ბავშვი რად მინდა? მიღალატა და მერე ვისთან? ჩემს ბიძაშვილთან! - ანანო ხმამაღლა ატირდა. მივეფერე და შევეცადე, დამემშვიდებინა.

- არაფერს გაგიჭირვებ, ჩემო კეთილო, ჭკვიანო. არ მეგონა, ვინმე შენს შეცდენას თუ შეძლებდა, ყოველთვის ისეთი კერკეტი კაკალი იყავი. მაგრამ რადგან ასე მოხდა, რას იზამ, ბავშვის მოკვლა დიდი ცოდვაა. ის აუცილებლად უნდა გააჩინო, მშობლებს კი ყველაფერს აუხსნი და ისინიც გაგიგებენ. ცხოვრებაში ხშირად ხდება ასეთი რაღაცები. დრო ყველაფრის მკურნალია, იცოდე. შენც შეგხვდება კარგი ადამიანი, რომელიც წარსულ შეცდომას გაპატიებს და ბავშვსაც მამობას გაუწევს. შეიძლება, ისეთი ბედნიერიც კი იყო, რომ საკუთარ თავს შენატროდე.

- არა, თამთა, ისე ვარ გამწარებული, კაცებისკენ არც გავიხედავ. მინდა, ნიკას ცხვირ-პირი ჩამოვკაწრო ისე, რომ გარეთ თავი ვერ გაყოს. ვიცოდი, კაცები სანდოები რომ არ იყვნენ და არ ვიცი, როგორ მოვტყუვდი. სიკვდილი მინდა.

- არ გეწყინოს, მაგრამ რაც დაგემართა, შენი ბრალია, - მივახალე პირდაპირ: - თანაც, ეს ამბავი სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი. კვირაში სამჯერ მაინც, ჩემთან ხარ. თუ სიყვარული გეწვია, ბიძაშვილსაც გააცანი და ერთად სეირნობდით ხოლმე, ამ ყველაფერს მე რატომ მიმალავდი? მითხარი, რატომ არაფერს მეუბნებოდი?

- ისე მელაპარაკები, თითქოს შენ არაფერი შეგშლია, - მითხრა უკმაყოფილოდ: - შენ და გიგი ახლა ტკბილად ხართ, მაგრამ ვნახავ, როცა გიღალატებს, როგორ გუნებაზე იქნები, - ანანოს მიერ ღვაძლიანად ნათქვამმა სიტყვებმა გულში ისარივით გამიარა. თუმცა, არაფერი ვაგრძნობინე, სიცილით ვუთხარი:

- არა, ანანო, გიგი არ მიღალატებს.

- თამთა, შენ კაცების ბუნება არ იცი. აი, ნახავ, დადგება დრო და გიგი შენც გიღალატებს!

გავშრი. თითქოს შხამი მომაწოდა მეგობარმა... როგორღაც, თავი შევიკავე და სიმშვიდე შევინარჩუნე.

- ანანო, შენ მე გამაგიჟებ, რას მეუბნები? არ გრცხვენია? დღეს ძალიან აგრესიული ხარ, ვეღარ გცნობ. არ ჰგავხარ იმ ანანოს, რომელთანაც დიდი ხანია, ვმეგობრობ. თავი იმით მომაქვს, რომ პატიოსანი ქმარი მყავს და შენ კი ამოგიჩემებია, გიღალატებსო.

- მაპატიე, ხომ იცი, მთიული ვარ, ხექალა. თანაც, ნიკაზე გულმოსული. თუ გინდა, სულ აღარ მოვალ შენთან. - აიღო ჩანთა და ისე გავარდა, მისი შეჩერება ვერ მოვასწარი. თითქოს, მე ვიყავი რამეში დამნაშავე. საგონებელში ჩავვარდი:

- მართლა არ მოიკლას თავი. ეს ამბავი მისმა მშობლებმა თუ გაიგეს, ან მოკლავენ, ან სახლში მართლა აღარ შეუშვებენ... ისე, რატომ დასჭირდა ჩემთან ასეთი ლაპარაკი? როგორ გამაღიზიანა. ნეტავ, გიგიზე ხომ არ იცის რამე? არა, გიგი ასეთ რაღაცებს არ იკადრებს! ეს რა ფიქრები ამეკვიატა? აბა, რას ფიქრობ, თამთა, არ გრცხვენია? გგონია, დაქალთანაც წასცდებოდა ხელი? არა, ის სხვაში არ გაგცვლის და მით უმეტეს, ანანოს ზედმეტს არაფერს აკადრებდა, - ვცადე, ეს საშინელი ფიქრები თავიდან ამომეგდო, მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობდი, მით მეტად მეძალებოდა ავის მომასწავებელი ფიქრები: ერთ დღეს რომ მომიგდოს ჩვილი, - მე ამის გამზრდელი არ ვარ, შენი ქმრისაა და შენ გაზარდეო, მაშინ სად მიდიხარ?.. ღმერთო ჩემო, არა, ეს არის ალბათ ეჭვიანობა. ნუთუ, მეც ეჭვიანი გავხდი? თავბრუ მეხვევა, გულიც არ მაქვს კარგად. რაღაც უნდა მოვიფიქრო...

საკუთარ თავს დიდხანს ვებრძოდი, მერე ცუდი ფიქრები გულიდან ამოვიგდე და ტელეფონს მივვარდი:

- ანანო, გთხოვ, ხვალ დილით მოდი ჩემთან.

დამპირდა, მოვალო და ტელეფონი გათიშა. ვალერიანის წვეთები ავიღე და ის იყო, გიგიმაც დარეკა ზარი. შემოვიდა შინ ხალისიანი და სითბო, სიცოცხლე დატრიალდა ირგვლივ. გადამეხვია, მაკოცა და ხელის დასაბანად სააბაზანოში შევიდა.

- თამთა, გიგიმ არაფერი უნდა შეგატყოს - შევუძახე საკუთარ თავს. სუფრა უცებ გავაწყვე და მხიარულად მივუსხედით მაგიდას.

- თამთა, ახალი ამბავი იცი?

გული შემიქანდა. მეგონა, ანანოზე მეტყოდა რამეს. მადლობა ღმერთს, მოლოდინმა არ გაამართლა. გიგიმ ღიმილით მითხრა: შენი ქმარი დააწინაურესო.

- მართლა? რა კარგია! - ვიყვირე უნებურად. გიგი წამოდგა, ჯერ გარდერობის კარი, შემდეგ კი ფეხსაცმლის კარადის კარი გამოაღო. სიხარულისგან ცქმუტავდა.

- ახალი კოსტიუმი ხომ მაქვს? - მკითხა, მაგრამ პასუხსაც არ დაელოდა, ხელი ჩამჭიდა, როიალთან მიმიყვანა და მთხოვა, რამე მიმღერეო.

- რა გიმღერო?

- "მიმღერე რამე, თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი", - წაიღიღინა. გული გასკდომაზე მქონდა, რა მემღერებოდა, მაგრამ მაინც ვცადე. კნავილი აღმომხდა.

- რა ხდება, თამთა? - გაუკვირდა გიგის, - ეტყობა, ემოციებმა იცის, - თავადვე დაასკვნა და მერე დასაძინებლად წავიდა...

დილით გიგი სამსახურში გავისტუმრე თუ არა, ტანისამოსი გამოვიცვალე, წინასწარ გამზადებული ფული ჩანთაში ჩავიდე და ის-ის იყო, ანანოს მოსაძებნად უნდა წავსულიყავი, რომ ის თავად მოვიდა.

- მოდი, ანანო, მოდი. მაპატიე, ჭკუის დარიგება რომ დაგიწყე. შენთან ერთად წამოვალ ექიმთან. ვიდრე არ გათავისუფლდები, თავს არ დაგანებებ. ახლა ტაქსი გამოვიძახოთ. სად მუშაობს ის ექიმი?

- ფილარმონიასთან...

ტაქსით მივედით გინეკოლოგამდე. იქიდანაც ტაქსით მივიყვანე სახლამდე და დავაწვინე, - ახლა მოსვენება გჭირდება-მეთქი. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ანანომ წამოიწია და კოცნით ლამის დამახრჩო.

- დიდი მადლობა, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ, ამას სიცოცხლის ბოლომდე არ დაგივიწყებ.

მეც მივეფერე, დავამშვიდე და მერე შინ წავედი. ამოვისუნთქე - მე შევძელი მისი დახმარება! სიკვდილს გადავარჩინე, გაკიცხვასაც. შვება ვიგრძენი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

P.შ. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია