ქალი, რომელმაც ქმრის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი თავი და 3 შვილი გაწირა (ნაწილი მეორე) - გზაპრესი

ქალი, რომელმაც ქმრის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი თავი და 3 შვილი გაწირა (ნაწილი მეორე)

- როცა "კაგებეს" ციხეში მიმიყვანეს, საკანში რამდენიმე ქალი დამხვდა. მაშინვე გამოვაცხადე, - მე არ მაინტერესებს, ვინ რისთვის ხართ დაკავებული და მეც არაფერი მკითხოთ-მეთქი. იმ პერიოდში თელავის ტექნიკუმის თანამშრომლები იყვნენ დაკავებული, ქრთამის აღებისა და სტუდენტების მოწყობის გამო. ერთ-ერთი მათგანი ჩემს საკანში იჯდა. მე კედლისკენ ვიყავი მუდმივად შებრუნებული და ჩემს საფიქრალს მიცემული. მესმოდა, როგორ შეუჩნდა ამ თელაველ ქალს ერთი "ნასედკა" და ჩვენებას ჩვენებაზე სძალავდა... აღიარებინა ერთი ფაქტი, მეორე, მესამე... - ეს რომ მოაწყვე, რამდენი აიღე? ის რომ მოაწყვე, რამდენი გადაგიხადაო? - ისიც იდგა და გულახდილად უყვებოდა, თან წერდა. ვითმინე, ვითმინე, ბოლოს ვუთხარი: - ნელი, დავიღალე მოსმენით, ასეთი უტვინო თუ ხარ, რომ გგონია, ერთ ფაქტს თუ აღიარებ, მეტს მოგისჯიან და ბევრს თუ აღიარებ - ნაკლებს, ამდენ ფულს როგორ აკეთებდი? ამდენი სისულელე როდემდე უნდა წერო-მეთქი? გადაირია ნელი, მიხვდა, რომ მოატყუეს. ატეხა კარზე ბრახუნი, - ჩემი ნაწერები დამიბრუნეთო, მაგრამ ვინ დაუბრუნებდა? მერე მოითხოვა ციხის უფროსთან ჩასვლა. ჩაიყვანეს, მაგრამ ამით რას შეცვლიდა?! ისე იყო განერვიულებული, რომ კედლებს ურტყამდა თავს, მისი სისხლით იყო შეღებილი გარშემო ყველაფერი. ამ შემთხვევის გამო, სხვა საკანში გადამიყვანეს. იქ ნელის თანამონაწილე იჯდა და ისიც იმავე სიტუაციაში იყო. ისიც დავამუშავე და გადავათქმევინე, რის დაწერასაც აპირებდა. ამ ცოტა ხნის წინ ვახტანგ რაზმაძე ჩემზე წერდა: ამ ქალმა ისეთ დღეში ჩააგდო საგამოძიებო სისტემა, იძულებული ვიყავით, ისეთ კამერაში გადაგვეყვანა, სადაც საკისრებელი არავის არაფერი ჰქონდაო. ის "ნასედკა" ყველას თავს გვაცოდებდა, ნატანჯი და ნაწამები ქალის იმიჯი ჰქონდა მორგებული, თაღლითობისთვის იყო დაკავებული. მერე გაუშვეს და დედაჩემს ჩააკითხა სოფელში...

GzaPress- თქვენ დააბარეთ რამე?

- არა, რას ამბობთ. ეს ქალი გახლდათ ნარუსლიშვილი ნანა. დედაჩემს უთხრა, ვითომ ციხეში ექიმად მუშაობდა, მე ვიყავი სასტიკად ნაწამები, კბილები და ფრჩხილები მქონდა დაცლილი და სასწრაფოდ ფული იყო საჭირო, რომ სხვაგან გადავეყვანე, სადაც არ მაწამებდნენ. ამის გაგონებაზე დედაჩემი ცუდად გახდა, ბავშვებმა წიოკი ატეხეს და მთელი სოფელი შეიყარა. იქ გაჩერება ვერ შეძლო და გამოიქცა. გვერდით სოფელში, ბიძაჩემს მიადგა და იგივე გაუმეორა. იმან უთხრა, - დედამისს უნდა დაველაპარაკო, იმის გარეშე ფულს ვერ გაგატანო. მოკლედ, არაფერი გამოუვიდა, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ეს ამბავი ჩემამდე მოვიდა, ძალიან გავბრაზდი, ვუჩივლე და დავაჭერინე. 4 წელი მიუსაჯეს. ვუთხარი კიდეც პროცესზე, - სხვა დროს ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ ჩემი შვილების ცრემლსა და განერვიულებას არ გაპატიებ-მეთქი.

- ერთ ზონაში ხომ არ იხდიდით სასჯელს?

- დიახ, გასამართლების შემდეგ მოუთხოვია, ან მე გამიშვით რუსეთში, ან - მავრა, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, შემომაკვდება ის ქალიო. უფროსმა დამიბარა და მკითხა, - რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო? ვუთხარი, - მე არაფერი მაქვს ისეთი ჩადენილი, რომ მეშინოდეს, თუ მაგარი ქალია და ჩემთან მართალია, შემოუშვით-მეთქი. რომ შემოვიდა, შევუთვალე, - თუ სურვილი გაქვს, ვილაპარაკოთ და თუ ვტყუი, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო-მეთქი, მაგრამ ვერ გაბედა, არ შემხვდა.

- შვილები მოჰყავდათ თქვენს სანახავად?

- რა თქმა უნდა. ბევრი პატიმრის შვილმა ისე იცოდა, რომ დედა უცხოეთში იყო წასული, რადგან ისეთი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, რომლის შვილებისთვის გამხელაც რცხვენოდათ. მე ისეთი არაფერი მქონდა ჩადენილი, რომ შვილებისთვის თვალებში ვერ შემეხედა. ჩემი შვილები დღემდე დათრგუნვილები არიან მაშინდელი სიტუაციის გამო: ბიჭმა დღემდე ვერ ააწყო ცხოვრება, გოგონებმა სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრეს, ასპირანტურაც, დოქტორის ხარისხი აქვს ორივეს, მაგრამ უმუშევრები იყვნენ. ერთ-ერთმა დაიწყო მუშაობა 2 წლის წინ, სოციალურ სამსახურში. გოგონები გასათხოვრები არიან, პირადი ცხოვრებაც ვერ ააწყვეს. 6 წლისები იყვნენ, მამამ რომ დატოვა და გაიქცა და 10 წლისები იყვნენ, მამა რომ ნახეს. არც კი იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ მასთან. ურთიერთობა ძალიან უჭირდათ. მაშინ ინტერნეტი და "სკაიპიც" არ იყო, შორიდან მაინც რომ დაენახათ მამა, იმას კი - შვილები. ზურა სულ იმას ამბობდა, - ბევრი დავაკელი შვილებს და არ ვიცი, როგორ ავანაზღაუროო. მისთვის სულ პატარებად დარჩნენ. ბოლომდე ისე ექცეოდა, როგორც 6 წლის ბავშვებს. დედა დაჭერილი ჰყავდათ, მამა - მიმალვაში და მოხუცი ბებია ზრდიდა 4 წელზე მეტხანს. ამან მათ ფსიქიკაზე იმოქმედა, რა თქმა უნდა.

- თქვენი მეუღლე რომ ჩაჰბარდა სამართალდამცველებს, იმის შემდეგ მალე გამოგიშვეს?

- ერთ თვეში გამომიშვეს, მაგრამ საერთო ჯამში ოთხწელ-ნახევარი გავატარე ციხეში. აქედან 1 წელი "კაგებეს" ციხეში ვიყავი, წელიწად-ნახევარი - ზონაში, 2 წელი - მიმაგრებაში, ლილოში. ზურას 15 წელი მიუსაჯეს და მათგან 5 წელი "კრიტში" ანუ დახურული ტიპის დაწესებულებაში უნდა მოეხადა. უსაქმოდ იქაც არ გაჩერდა. "ცეხი" გახსნა, პატიმრებს ფეხსაცმელების კერვა დააწყებინა და "კრიტი" მოგებაზე გაუშვა. მერე ზონაში გადაიყვანეს და საბჭოთა კავშირში პირველმა ააშენა ციხეში ეკლესია, რომლის საკურთხებლადაც პატრიარქი მიბრძანდა.

- ბოლომდე მოიხადა სასჯელი?

- არა, 3 წელი იჯდა. შემდეგ ზვიად გამსახურდიას მთავრობამ ამნისტიით გამოუშვა. რომ გამოვიდა, გარეთ სიტუაცია ძალიან შეცვლილი დახვდა. დანაზოგიც აღარ გვქონდა, რადგან რაც გაგვაჩნდა, მოსკოვში, დაკავებისას ჩამომართვეს. იმ დროს "მხედრიონი" იყო "გაბლატავებული". ზურა რომ გამოვიდა, 1990 წლის 30 დეკემბერი იყო, გვიან ღამით მოვიდა. 31-ში დილით "მხედრიონი" დაგვადგა თავზე. "ზალაში" შემოლაგდნენ და იარაღი დააწყვეს მაგიდაზე. ზურას წინ ავეფარე, რომ არ ესროლათ. - წუხელ მოვიდა, შვილების მოფერება მაინც დააცადეთ-მეთქი.

- მოსაკლავად არ მოვსულვართ, ჩვენ შენახვა გვჭირდება და უნდა იცოდეს, რომ ეს ვალდებულება აქვს, უნდა გვარჩინოსო. ერთი სიტყვით, "მხედრიონის" საკითხი ძალიან ცუდად დაგვიდგა. ციხიდან რა ფული უნდა გამოეტანა ადამიანს? სახლშიც რაღა გვქონდა?! ამიტომ ზურა იძულებული გახდა, მოსკოვში წასულიყო. იქ თავისი ძველი საქმე - ღვინისა და სპირტის ბიზნესი გაიხსენა, მოძებნა ე.წ. "კრიშა" ქურდებში, რადგან სხვანაირად მუშაობას ვერ შეძლებდა და ცხოვრება თავიდან დავიწყეთ.

GzaPress- მაგრამ თქვენი ცხოვრება არც ამის შემდეგ დამშვიდებულა, როგორც ვიცი.

- დიახ... ზურა ფულს სახლში არ აჩერებდა. როდესაც სპირტი ჩამოდიოდა, ზურა იქვე უსწორდებოდა, თანხას მაშინვე აძლევდა და უკან უშვებდა, მაგრამ ერთხელ მოხდა ისე, რომ ყველა მანქანა ქალაქგარეთ შეყოვნდა და ზურამდე ვერ მოაღწიეს. ის კი დათქმულ ადგილას ფულით ელოდა. მათი შეხვედრა მეორე დღისთვის გადაიდო და ფულს ქუჩაში ხომ ვერ დატოვებდა. შინ წამოიღო. იმ ღამით ყაჩაღები იარაღით, სამზარეულოს სარკმლიდან შემოვიდნენ. ზურამ მაშინვე უთხრა, - ოღონდ მავრას არაფერი დაუშავოთ, არ დაგვხოცოთ და წაიღეთ, რაც გინდათო. ფული თვითონვე გამოუტანა და მისცა. იარაღის ტარი მაინც ჩაარტყეს თავში. წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, რადგან მაინც წაიღებდნენ და ნაწამები დავრჩებოდით. ეს ჩაწყობილი საქმე იყო, ისიც კი ზუსტად იცოდნენ, რა თანხა გვქონდა სახლში იმ ღამით.

- რამდენი წაიღეს?

- 650 ათასი დოლარი.

- ამის შემდეგ რა მოხდა?

- მოსკოვში ცხოვრობდა ქართველი ქურდი - ვახო ჩაჩანიძე, რომელიც ახლა გარდაცვლილია. ის ხშირად იყო ხოლმე საბერძნეთში. სწორედ ის ჰპატრონობდა ზურას მოსკოვში. წეღან გითხარით, რომ მაშინ ქურდების "დაკრიშვის" გარეშე ვერ იმუშავებდი. ჰოდა, იმისთვის, რომ ბიზნესის კეთების საშუალება ჰქონოდა, ყოველთვე აძლევდა საკმაოდ დიდ თანხას, ორჯერ მეტს, ვიდრე თვითონ რჩებოდა. ვახოს ვიღაცამ ამბავი მიუტანა, - იმდენს არ გაძლევს, რაც გეკუთვნის, ღირსია, რომ "გაწეწოო". ჰოდა, გადაწყვიტეს, რომ ზურასთვის ჭკუა ესწავლებინათ და ჯერ დაგვაყაჩაღეს, შემდეგ ზურა გაიტაცეს.

- როგორ?

- როგორ და შინ მივიდნენ და სახლიდან წაიყვანეს. ზურა მარტო არასოდეს რჩებოდა სახლში, მის გვერდით ყოველთვის ვიღაც იყო. იმ დღესაც მასთან ორი ადამიანი იყო, რომელიც ამ სიტუაციას შეესწრო და იმათ შემატყობინეს ზურას გატაცების ამბავი. მაშინვე მოსკოვში წავედი. გატაცებაში მონაწილეობდნენ სოხუმელი ბიჭები და ძმები შუშანაშვილები. შუშანაშვილების დავალებას ასრულებდნენ ის ყაჩაღებიც, ვინც 3 თვით ადრე, ნახევარ მილიონზე მეტი წაიღო ჩვენი სახლიდან. დასამალი არაფერი მაქვს და გვარები შეგიძლიათ დაწეროთ. ოღონდ მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, ვინ მონაწილეობდა საქმეში. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ქართველები იყვნენ, რადგან სადაც ზურა ჰყავდათ დამწყვდეული, იქ ყველა ქართულად ლაპარაკობდა, მაგრამ სახეებს არ აჩენდნენ. მათი ვინაობა მერე გავიგეთ. თვითონვე აღიარეს და ბოდიშიც მოუხადეს.

- გამოსასყიდ თანხას რამდენს ითხოვდნენ?

- მილიონ-ნახევრიდან დაიწყეს ვაჭრობა. ყოველ დილით, 6-ის ნახევარზე მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ, ბავშვებს მიხსენებდნენ, ზურას მოკვლითაც მემუქრებოდნენ. ვევაჭრე და 300 ათას დოლარზე ჩამოვიდნენ. მერე კასეტაც გამომიგზავნეს, სადაც ზურა მეუბნება, - მაწამებენ და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც გეტყვიანო.

- მართლაც აწამებდნენ?

- არა, არ უწამებიათ. უბრალოდ, ათქმევინეს, რომ ჩვენ გვენახა. ძალიან ახლობელმა გვიღალატა. ვერც კი წარმოვიდგენდი მისგან ამას. უზომოდ მტკივა გული, რადგან იმ ადამიანისთვის ზურას სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. იმ კასეტის ყურების დროსაც იქვე იდგა და მეუბნებოდა, - ხედავ, როგორაა ნაწამებიო?! მაშინ მართლაც მომეჩვენა, მაგრამ მოგვიანებით, დამშვიდებულმა რომ ვნახე იგივე კასეტა, დავრწმუნდი, რომ მომეჩვენა.

GzaPress- რით დამთავრდა ეს ამბავი?

- სანამ ფინალს მოგიყვებოდეთ, აუცილებლად უნდა გავიხსენო ერთი ეპიზოდი, რომელიც ამ ამბამდე დიდი ხნით ადრე მოხდა: 1980 წელს სოფელში დაგვაყაჩაღეს ტარიელ ონიანმა, ქურდმა, მეტსახელად - კატამ და კიდევ ორმა ნიღბიანმა ადამიანმა. მაშინ სახლში მცირე თანხა გვქონდა და ჩემი ძვირფასი სამკაულები წაიღეს. შემდეგ ეს სამკაულები გამოვისყიდეთ, ფული გადავიხადეთ და დაგვიბრუნეს. ტარიელი მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო...

- ამბობენ, თქვენმა მეუღლემ დამყაჩაღებლებს ისიც კი უთხრა, - ნელა იარეთ, ხიფათს არ გადაეყაროთ, მილიციაში დარეკვას არ ვაპირებო...

- ბევრ რამეს ამბობენ, ზოგი მართალია და ზოგიც - ტყუილი, მაგრამ მართლაც არ გვიჩივლია. ეს დაიმახსოვრა ტარიელ ონიანმა და როცა მისი დახმარება დამჭირდა, გულით დამიდგა გვერდით. სხვათა შორის, როცა დაჭერილი ვიყავი, ამ ჯგუფის წევრები მაშინ აიყვანეს სხვა საქმეზე, მაგრამ ერთმა მათგანმა თავისი ნებით აღიარა, - წლების წინ ნუღლა დავაყაჩაღეთო. მე დამაპირისპირეს, ამოსაცნობად გამიყვანეს, მაგრამ ვერ ვიცანი, რადგან ორნი ნიღბებით იყვნენ. თვითონ კი მაშინვე მიცნო - ეს ქალბატონი იყო სახლში, როცა ნუღლა დავაყაჩაღეთო. მითხრეს, რომ ეს ბიჭი თბილისის ზღვაზე მუშაობდა მაშველად. ვუთხარი, - გაოცებული ვარ, დღისით ხალხის გადარჩენაზე ზრუნავ, ღამით - ხოცავ? ეს რა ცხოვრება გქონია?! მე არ მიჩივლია და შენ რატომ მადგები პირზე, ვერ ვხვდები-მეთქი. - მინდა, ცოდვებისგან გავთავისუფლდეო. ტარიელი კი მიხვდა, რომ 15-წლიან ციხეს გადავარჩინეთ და არ დაივიწყა ეს. როცა ზურა გაიტაცეს, ტარიელი მაშინ საფრანგეთში იყო და მას დავურეკე. ვუთხარი, - მოსკოვში მხოლოდ ვახო ჩაჩანიძე მყავს, მაგრამ ჩემს ზარებს არ პასუხობს, ასე და ასეა ჩემი საქმე და როგორ მოვიქცე-მეთქი? მაშინ ონიანისა და ჩაჩანიძის ჯგუფები დაპირისპირებული იყვნენ. ტარიელმა მითხრა, - ერთ საათში დაგირეკავო. შემდეგ მითხრა, - ვიცი, ვისაც ჰყავს წაყვანილი და თუ შეძლებ, 2-3 კვირა მადროვო, გამოსასყიდის გარეშე დაგიბრუნებ ქმარსო. ვუთხარი, - ვერ მოვითმენ, ზურას ნერვების მდგომარეობა არ აქვს კარგად და მეშინია, არ უმტყუნოს, 2-3 კვირა ძალიან ბევრია, თანახმა ვარ, გადავიხდი, ოღონდ დამიბრუნონ ქმარი-მეთქი. ტარიელმა გამოგზავნა ძმა, დათო ონიანი, რომელიც ჩაერთო ამ საქმეში. გვერდით მედგა, როცა გამტაცებლები მირეკავდნენ და მელაპარაკებოდნენ. ფულიც მან გადასცა. თანხა, რა თქმა უნდა, არ მქონდა, ვისესხე და ისე გავუგზავნე. ერთი რამეც უნდა ვთქვა: როცა ზურა გაიტაცეს, გვერდიდან არ მომშორებია ერთი კარგი ადამიანი, რომელიც ჩეჩნებთან იყო დაკავშირებული და ძალიან მგულშემატკივრობდა. ფულის სასესხებლად რომ დავდიოდი, მითხრა, - ჩეჩნებისგან ყალბი ფული ხომ არ გადმოვიტანოთ და შევაპაროთო? მეორე დილით, როცა გამტაცებლებმა დამირეკეს, უკვე იცოდნენ ამ საუბრის შესახებ და გამაფრთხილეს, - არ გაბედო ყალბი ფულის მოცემაო. გეკითხებით, საიდან უნდა სცოდნოდათ იმათ ჩვენი საუბრის შესახებ? გამოდის, რომ შინაურისგან, ვინც ამ საუბარს ესწრებოდა.

- ზურას გათავისუფლების შემდეგ რა მოხდა?

- ვახო ჩაჩანიძემ ბოდიში შემოუთვალა. მისი ნათესავი, შალვა ჩაჩანიძე იყო ზურას ბიძაშვილის ქმარი. მუშაობდა შსს-ში დიდ თანამდებობაზე. ზურა და შალვა ერთად შეხვდნენ ვახოს. ლაპარაკის დროს შალვას ყურებზე ხელები აუფარებია, - ასე როგორ გაგიმეტაო?! ვახოს უთქვამს, - არ ვიცოდი, თუ იმაზე მეტს მაძლევდი, ვიდრე შენ გრჩებოდა, თორემ ასე არ მოგექცეოდი, მაგრამ "ნაკოლი" მოგვცეს, რომ საჭიროზე ნაკლებ თანხას იხდიდი და არაქურდული გამოდიოდა, ეს რომ არ გამეკეთბინა, თანაც, "ნაკოლის" მომცემმაც არც ისე პატარა თანხა მოხსნაო. ცოტა მოგვიანებით შუშანაშვილებმაც დაურეკეს ზურას და უთხრეს, - შეხვედრა გვინდაო. ამ დროს ის ახალგაზრდა დისშვილის პანაშვიდზე იდგა. აუხსნა სიტუაცია და შეხვედრა დაკრძალვის მერე გადადო, მაგრამ იმათ უთხრეს, - ხვალ ევროპაში მივდივართო, ამიტომ სატელეფონო საუბარი შედგა. უთხრეს, - არ იმსახურებდი ჩვენგან ასეთ მოპყრობას და გაწირვას და კაცურად, გვაპატიეო. თან უთხრეს, ის "ნაკოლის" მომცემი ვინც იყო. ეს ძალიან ძნელი გადასატანი იყო ზურასთვის, იმდენად ახლობელი იყო.

- რატომ გადაწყვიტეს, რომ კარტი გაეხსნათ?

- ჯერ ერთი, ჩვენ უკვე ვხვდებოდით, ვისი მოწყობილიც იყო ეს საქმე. მეორეც: ეტყობა, იმსჯელეს იმ თავის ქურდულ შეკრებებზე და მიხვდნენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ. მართლაც ჩაგვძირეს, ნულზე დაგვსვეს, იმის შემდეგ ვერ ამოვისუნთქეთ. მოსკოვში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან საქმის დასაწყები ფულიც აღარ იყო. იმათაც ხომ სერიოზული შემოსავალი დაკარგეს?! თვეში 100-150 ათასი დოლარი რომ შემოგაკლდება უცებ, როგორია? ზურასგან ამდენი თანხა მისდიოდათ, თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე თავად რჩებოდა. სწორედ ამ სიტუაციებიდან გამომდინარე, ისევ ფეხზე რომ დავმდგარიყავით, გადავწყვიტეთ, თბილისში ბინა დაგვეგირავებინა, აღებული ფულით კი ზურას საქმის წამოწყება უნდოდა. ვაკეში გვქონდა სამსართულიანი ბინა - ოთხსართულიანზე დავაშენეთ V, VI და VII სართული, თუმცა აბსოლუტურად ავტონომიური გვქონდა ყველაფერი - ინდივიდუალური შესასვლელი, საკუთარი ლიფტი და ა.შ. სწორედ ამ დროს ბადრი პატარკაციშვილი (მიუხედავად იმისა, რომ მან და ბერეზოვსკიმ მოიყვანეს პუტინი პრეზიდენტად, ვოვასთან სიტუაცია დაეძაბა) საქართველოში დაბრუნდა. ის თბილისში ბინას ეძებდა საგირაოდ. არ ვამბობ, რომ მას ბინის საყიდელი ფული არ ჰქონდა. როცა ბინის სანახავად მოვიდა, თავადაც გვითხრა, - შევარდნაძემ ოქროყანაში 18 ჰექტარი მიწა მაჩუქა, მაგრამ სანამ იქ სახლს ავაშენებ, სადღაც ხომ უნდა ვიცხოვრო? თქვენი ბინა მომეწონა, ხვალ 12 საათზე შემოვალო. ბინა აუდიტს შევაფასებინეთ და მისი ფასი 1 მილიონ 250 ათასი დოლარი გახლდათ. სამივე სართულზე მქონდა ანტიკვარული ავეჯი, რომელიც ასევე ექსპერტის მიერ, მილიონზე მეტად იყო შეფასებული. ეს ავეჯი 40 ნივთისგან შედგებოდა და გარდა ამისა, სხვა ავეჯიც მქონდა, რა თქმა უნდა, რომელიც ასევე ძვირფასი იყო, მაგრამ მაგ ავეჯთან სალაპარაკოდაც არ ღირს. სამსართულიან სახლში რამდენი ავეჯი იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? სად უნდა წამეღო, იმაზე დავიწყე ფიქრი. - იყოს, როცა დაბრუნდებით, აქ დაგხვდებათ, ის კაცი არ ვარ, რომ სადმე წავიღოო, - ბადრიმ გვითხრა. ზურასაც მოერიდა, - 2 წლით ვაძლევ ბინას და როგორ დავცალო, როგორ ვაკადროო?! ამიტომ, ყველაფერი დავტოვეთ, საკუთარი ტანსაცმელი წამოვიღეთ მარტო. 2001 წლის 27 იანვარს გავაფორმეთ გირავნობის ხელშეკრულება. მოგვცა 400 ათასი დოლარი, როგორც შეთანხმებული ვიყავით. გაზაფხულზე კი მეზობელმა დამირეკა, - თქვენი სახლიდან ავეჯი გააქვთ და თანაც, უდიერად ეპყრობიან, მოხედეთო. ეს გახლდათ ფრანგი ხელოსნის მიერ XVII საუკუნის ბოლოს დამზადებული ავეჯი, რომელიც ვილნიუსში შევიძინეთ. ზურას დაკავების შემდეგ ქონების კონფისკაცია მოგვისაჯეს და ეს ავეჯი მუზეუმში გადაიტანეს, შენახვის უფლებით. თითოეული ნივთი ცალ-ცალკე აქვს შეფასებული ექსპერტს. ეს ის ავეჯი გახლდათ, რომლის მაგიდაზეც მარგარეტ ტეტჩერს ყავა დაალევინეს... როცა ჩემი მეუღლე ციხიდან გამოვიდა, მუზეუმმა თავად შემოგვითვალა, - ან წაიღეთ, ან გვაჩუქეთ, დავიღალეთ საცავსა და დარბაზს შორის ამის ტარებითო. სასამართლოს წესით მაქვს დაბრუნებული. პატარკაციშვილებს კი თურმე სადღაც გაჰქონდათ და თანაც, უდიერად ეპყრობოდნენ.

მარი ჯაფარიძე ჟურნალი "გზა"