"მძინარე მზეთუნახავი"...
ეს ამბავი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში და საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ვიდრე ყველაფერი გაირკვეოდა, ადამიანებმა ისეთი შიში ჭამეს, სიცოცხლის ბოლომდე რომ არ დაავიწყდებათ...
კაპანაძეების ნინიამ, რომელიც დედაქალაქიდან ყოველ არდადეგებზე ჩადიოდა სოფელში, იმ ზაფხულს მეგობარიც მოიყოლა. ისეთი ლამაზი გოგო იყო თამუნა და ისეთი კისკისი იცოდა, უცებ დაურღვია სიმშვიდე საცოლე ბიჭებს და ხან ერთი ეხვეწებოდა ნინიას, _ ეგ შენი ლამაზი მეგობარი გამაცანი და გამირიგეო და ხან _ მეორე...
თამუნა მხოლოდ თვრამეტი წლის იყო და გათხოვება სულაც არ ეჩქარებოდა, მით უფრო, რომ კარგი სწავლისა და ნიჭის წყალობით, სასწავლო გრანტი მოიპოვა და სექტემბერში პარიზში მიდიოდა სწავლის გასაგრძელებლად. გამგზავრების წინ ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტა და როცა ნინიამ სოფელში შესთავაზა გაყოლა, სიამოვნებით მიიღო მიწვევა და არც უნანია: მხოლოდ უშუალო მასპინძლები კი არა, ლამის ნახევარი სოფელი თავს ევლებოდა. მხოლოდ საცოლე ბიჭებს კი არა, სადედამთილოებსაც დაურღვია მშვიდი ძილი და რას არ ჰპირდებოდნენ ქალები, ოღონდ არჩევანი მაინცდამაინც მათ შვილზე შეეჩერებინა. თამუნა კი კისკისებდა და ყველას ტკბილი სიტყვით იშორებდა თავიდან: ათი წლის შემდეგ ვილაპარაკოთ გათხოვებაზე და ოჯახის შექმნაზე, ახლა სხვა გეგმები მაქვს და მათ შეცვლას არ ვაპირებო...
რაღას იზამდნენ და ბევრმა უკან დაიხია, მაგრამ ერთმა თავი გაიგიჟა: პარიზში "ნაგულავები" გოგო სოფელში რაღას ივარგებს? ვიდრე უმანკოა, მანამ უნდა ჩავიგდო ხელშიო, _ და მამამისმაც მხარი დაუჭირა: ერთი მყევხარ და შენ გვერდით ასეთ მზეთუნახავს თუ წარმოვიდგენდი ოცნებებში. ბედი კარზე მოგვდგომია და მისი ხელიდან გაშვება როგორ იქნებაო?!.
მოკლედ, ბევრიც არ უფიქრიათ, გოგოს მოტაცება გადაწყვიტეს. მამა-შვილმა დახმარება ბიძაშვილებს სთხოვეს და მდინარიდან რომ ბრუნდებოდნენ ნაბანავები და ნასიამოვნები ნინია და თამუნა, ნინია გვერდზე გასწიეს და თამუნა მანქანაში ისე ჩატენეს, შეშინებულმა გოგომ ერთი დაკივლება მოასწრო და გული წაუვიდა...
თუმცა, ეს გამტაცებლებს ეგონათ, რომ გული წაუვიდა და ხან წყალი ასხეს სახეზე და ხანაც _ ყურები დაუზილეს, მაგრამ გაფითრებულ გოგოს "სული ვერ ჩაუდგეს" და ხელში აყვანილი შეიყვანეს წინასწარ შეგულებულ ნათესავის ბინაში, სადაც მანამ აპირებდნენ დარჩენას, ვიდრე შეყვარებული ამიკო თამუნას ცოლობაზე არ დაითანხმებდა და გოგოს ნათესავებიც არ შეეგუებოდნენ მომხდარს.
დააწვინეს საწოლზე და ჯერ დამხვდურმა ქალებმა სცადეს გოგოს გონზე მოყვანა. მთელი საათი რომ გავიდა და თამუნას მკვდარივით ეძინა, თვალის გახელას აშკარად არ აპირებდა, შეეშინდათ და მეზობლად მცხოვრები ექიმი გააღვიძეს შუაღამისას, რომელმაც ხან ასე გასინჯა და ხან _ ისე, მაგრამ ვერაფრით მიხვდა, რა უნდა მოსვლოდა გოგოს, რომელსაც სასიკვდილო აშკარად არაფერი სჭირდა და აზრზეც ვერანაირი ხერხით ვერ მოიყვანეს. კარგა ხნის მცდელობის შემდეგ მხრები აიჩეჩა და ოჯახის პატრონებს ურჩია: ასეთი ცხოვრებაში არაფერი მინახავს და გირჩევთ, სასწრაფოდ ქალაქში ჩაუყვანოთ გამოცდილ ექიმებს, პატრონსაც გააგებინოთ. რამე რომ დაემართოს, ციხეს ვერ ასცდებით და ისედაც, რად გინდათ ადამიანის ცოდვის დადება, გაუშვით თავის გზაზე და თქვენ თქვენი ბედი არ დაგეკარგებათო...
მეტი რა გზა იყო და ააწრიალეს იმ შუაღამისას ცა და ქვეყანა. თამუნას მასპინძლებს დაუკავშირდნენ: გოგო უგონოდაა და თბილისში მიგვყავს, მის პატრონს გააგებინეთ და ტყვიაც რომ გვესროლონ, უნდა დავხვდეთ, ყველაფრის გამო პასუხი ვაგოთო...
სანამ რიკოთი გადაიარეს და დედაქალაქამდე ჩააღწიეს, თამუნას მშობლები და ახლობლები უკვე საავადმყოფოსთან შეკრებილიყვნენ. ამიკოს და მამამისს რომ ეგონათ, გოგოს დედა თავადაც სახეს ჩამოიხოკავდა უგონოდ მყოფი შვილის დანახვაზე და არც მათ დაინდობდა, შვილს დახედა თუ არა, მხოლოდ თავი გადააქნია და "დამნაშავეები" იქით დაამშვიდა: სძინავს და საავადმყოფო არ სჭირდება. სახლში წამაყვანინეთ. შეიძლება, დღესვე გაიღვიძოს ან ორი-სამი დღის შემდეგ. ეს პირველად არ ემართება, უიშვიათესი დაავადება აქვს: როცა ძალიან შეეშინდება რამესი, მაშინვე ითიშება. ამით მისი გონება სტრესს ირიდებს. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ასეთი სინდრომით მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანია დაავადებული. სიმშვიდე სჭირდება ახლა და როგორც კი სტრესის ჰორმონი დაუბალანსდება, გაიღვიძებსო...
თამუნამ სამი დღის შემდეგ გაიღვიძა და ერთ კვირაში პარიზში ისე გაფრინდა, არც მოუყოლიათ მისთვის, მოტაცებას რომ უპირებდა ამიკო: გაგეხუმრნენ და ასე რამ შეგაშინაო?!
ამიკო კი ისე შეშინდა, ქალის მოტაცებას კი არა, სახლშიც რომ შემოუვარდეს გოგო, კარგა ხანს არ იფიქრებს ალბათ ცოლის შერთვას: ბედი რომ მქონოდა, ჩემთვის კი არ გადმოხტებოდა წიგნიდან "მძინარე მზეთუნახავიო".
ინგა ჯაყელი