ლამაზი ადვოკატის დაძლეული კომპლექსები და პირველი წარმატებული სასამართლო პროცესი - გზაპრესი

ლამაზი ადვოკატის დაძლეული კომპლექსები და პირველი წარმატებული სასამართლო პროცესი

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეს - ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს საინტერესო თავგადასავალი აქვს: ნიჭიერ და ლამაზ გოგონას ოჯახი მოულოდნელად დაენგრა - ამერიკაში გამგზავრებულმა მისმა ქმარმა საქართველოში დაბრუნება გადაიფიქრა... მეუღლისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილ გოგონას მომავლის იმედი არ დაუკარგავს. მას ახლა საკუთარი საადვოკატო ბიურო აქვს. მარიამის საქმიანობასთან დაკავშირებით, უარყოფითი ინფორმაციაც გავრცელდა: თითქოს ადვოკატი იმ კოსმეტიკური კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელია, რომელსაც თაღლითობაში სდებენ ბრალს. საქმიან და ენერგიულMადვოკატთან დაკავშირება არ გამჭირვებია და არც შეკითხვებისთვის თავის არიდება უცდია.

- ბავშვობიდანვე აქტიური ადამიანი ვარ. პრიმიტიულ ცხოვრებასთან შეგუება არ შემეძლო. როცა ჩემი გაბრაზება სურდათ, მეუბნებოდნენ, - შენ ერთი ჩვეულებრივი გოგო იქნები, ვერაფერს მიაღწევო. მახსოვს, მეგობრები ვისხედით და ვამბობდით, რა კონკრეტული მიზნები გვქონდა... შესაძლოა, ჩემი სურვილები მხოლოდ ოცნებებად დარჩენილიყო, მაგრამ პირადმა წარუმატებლობებმა, ბევრმა წინააღმდეგობამ კიდევ უფრო აქტიური გამხადა. არავის იმედი არ მქონია: თავდაუზოგავად ვშრომობდი, ვსწავლობდი. როცა ზუსტად იცი, რომ გამოცდაზე სიტყვას არავინ შეგაწევს, ფულს ვერ გადაგიხდის, ეს წარმატების მისაღწევად დიდი მოტივაციაა... მძიმე ცხოვრება გამოვიარე, ფინანსურად ძალიან მიჭირდა. უნივერსიტეტში აუცილებლად, უფასო ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა, სხვა შემთხვევაში, სწავლის გაგრძელებას ვერ შევძლებდი. პირველად საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მაგრამ 1 ქულა დამაკლდა და ფასიან ჯგუფში მოვხვდი. უნივერსიტეტში სწავლას თავი დავანებე, მთელი წელი ვემზადებოდი და შედეგად - იურიდიულ ფაკულტეტზე, უფასო ჯგუფში მოვხვდი. მიზანს მივაღწიე, რადგან ზუსტად ვიცოდი, სხვა გამოსავალი არ მქონდა...

- თქვენი შემოსავლის პირველი წყარო რა იყო?

GzaPress- ჩემი, როგორც ადვოკატისა და იურისტის პირველივე აქტიურობა. საადვოკატო გამოცდები ჯერ კიდევ არ მქონდა ჩაბარებული, როდესაც სტაჟირებას საქალაქო სასამართლოში გავდიოდი, 1 წლის მერე კი გადავწყვიტე, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოვსულიყავი. ჰოდა, შემოსავალი გამიჩნდა.

- ზოგჯერ ადამიანი მომავლის იმედს კარგავს. მგავსი რამ განგიცდიათ?

- ძლიერი, მაგრამ იმავდროულად - ჩვეულებრივი ქალი ვარ. ხანდახან სისუსტეს გამოვიჩენ ხოლმე და ვტირი... მაგალითად, "ცეკვავენ ვარსკვლავების" წინა შოუზე, ბავშვის ვიდეოს ნახვისას გული ამიჩუყდა - ვნახე, ჩემი შვილი პროექტში ჩემს ბედს როგორ განიცდის და მივხვდი, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა მაკისრია. პროექტში მონაწილეობით ბავშვს სტრესს ვაყენებ. ცეკვისას "გავითიშე", მეტირებოდა, მაგრამ ამას ვერავინ მიხვდა... ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია. მომავლის იმედი რომ დამეკარგა, ჩემი პერსონა ვერ შედგებოდა, უბედური ვიქნებოდი.

- მეუღლესთან ოფიციალურად დაშორებული ხართ?

- სხვათა შორის, საქართველოში არ ჩამოსულა და ოფიციალურად არ დავშორებულვართ. ესეც იმიტომ, რომ ბავშვის ქვეყნიდან გაყვანისა და მამისთვის მისი ჩვენების საშუალება მქონდეს. ოფიციალურმა განქორწინებამ კი შეიძლება, ხელი შემიშალოს.

- ოჯახის დანგრევისას სტუდენტი იყავით?

- კი. არანაირი შემოსავალი და არც ბინა მქონდა. მეუღლის ოჯახიდან რომ წამოვედი, მართლა არ ვიცოდი, რა მეღონა. იმ ღამეს უახლოესმა მეგობარმა - თაკო ზაქარაშვილმა (რომელიც მოსკოვში სწავლობდა) დამირეკა და მითხრა: მარიამ, შენ ბინა გაქვს - ჩემს სახლში იმდენ ხანს იცხოვრებ, რამდენხანსაც მოგინდება, გასაღებს ამა და ამ ადგილას მოგიტანენო. ბევრი ვიტირე... მაშინ მივხვდი, შეიძლება, მეგობრები ოჯახის წევრებზე მეტად გამოგადგნენ.

- შეგიძლიათ, ყველაზე იღბლიანი შემთხვევა გაიხსენოთ, რომელმაც თქვენი ცხოვრება დადებითად წარმართა?

- ჩემს მეგობარს რომ არ დაერეკა და თავისი სახლი არ შემოეთავაზებინა, იძულებული ვიქნებოდი, რაიონში წავსულიყავი. შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდებოდა, არ ვიცი. ყველაფერი იღბალია: სასამართლო პროცესის მოგება, მოულოდნელი კლიენტის მოსვლა... ჩემ მიმართ უანგარო სიკეთეც გამოუჩენიათ, ასეთი სასწაულებიც ხდება.

- თქვენი პირველი სასამართლო პროცესი გახსოვთ?

- ეს არასდროს დამავიწყდება! სააკაშვილის მთავრობის დროს პროკურატურას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სამოქალაქო დავა მოვუგე. ჩემი პირველი შემოსავალი ამან განაპირობა, საკუთარი თავის რწმენაც მომცა. მახსოვს, პროცესზე კარგად მომზადებული გავედი. პროკურორიც უძლიერესი იყო. პროცესს ერთ-ერთი ქალბატონი ესწრებოდა, რომელმაც ვეღარ მოითმინა და წერილი მომწერა: უნიჭიერესი ხარ, ძალიან დიდი მომავალი გაქვს, გაოგნებული ვარო (იღიმის)!

- მაშინ რამდენი წლის იყავით?

- დაახლოებით - 23-ის.

- დღეს უკვე საადვოკატო ფირმის მფლობელი ხართ.

- მართალია, საკუთარი კოპანიაა, მაგრამ რთულია, როცა იჯარას იხდი. წარმოიდგინეთ, ქირას თუ ვერ გადავიხდი, ფირმას დამიხურავენ. რა თქმა უნდა, ესეც დიდი მიღწევაა, რომ სირთულეების ფონზე კომპანია შევქმენი და სტაბილურობას ვინარჩუნებ, მაგრამ ჩემი ოცნებაა, ქირის გადახდა აღარ მჭირდებოდეს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის პარალელურად, ძირითადი საქმიანობის გაგრძელებას როგორ ახერხებთ?

- ბევრმა მითხრა, - იცი, რამხელა პასუხისმგებლობა იტვირთეო? ექსტრიმი მიყვარს. თანაც, კოლეგები მეხმარებიან, ბევრ საქმეში მიწყობენ ხელს.

- არ შეგეშინდათ, რომ პროექტში მონაწილეობის გამო ხალხი არასერიოზულად აღგიქვამდათ და კლიენტებს დაკარგავდით?

- 22 წლის გამოპრანჭული გოგო (გრძელი თმითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით) ადამიანებს ვარწმუნებდი, - სწორედ მე უნდა მენდოთ და არა - 20-30-წლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატს-მეთქი. შუა პროცესზე, ჩემი მისამართით ასეთი გადმოძახილები ბევრჯერ გამიგონია: გოგონი, თქვენი ასაკის მარტო გამოცდილება მაქვსო. ასეთი კომპლექსები პროფესიული თვალსაზრისით განვითარებაში ხელს მიწყობდა. ახლაც იგივე გამეორდა: პროექტში მონაწილეობის გამო შესაძლებელი იყო, კლიენტები დამეკარგა, მაგრამ პროდიუსერი შემპირდა, - შენი წარმოჩენა ზუსტად ისეთი ფორმით მოხდება, როგორც საჭიროაო.

- როგორც ვიცი, დედა ქისტი გყავთ, ახმეტაში გაიზარდეთ... თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ.

- მიუხედავად იმისა, რომ მამა ადრე გარდამეცვალა (5 წლის ვიყავი), ჩვეულებრივ, ტრადიციულ ქართულ ოჯახში გავიზარდე.

- მახსოვს, ბიძასთან ქონების საკითხზე დაობდით. ეს საქმე რა ეტაპზეა?

- მამის ქონება ბიძამ (მამის ძმამ) წაგვართვა. როცა გავიზარდე, ამაზე ფიქრი გვიანი იყო, მაგრამ მაინც მიმაჩნდა, რომ ქონების დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა. "წაგვართვეს" - ასეთი კომპლექსიც კი ჩამომიყალიბდა. ძნელია, როცა კუთვნილს ისეთი ადამიანი გართმევს, რომელიც წესით, ძალიან უნდა გიყვარდეს. ახლა დავას აზრი აღარ აქვს - ხანდაზმულობის ვადა გასულია. შესაბამისად, ვერაფერს დავიბრუნებ.

- თქვენი ოჯახის მატერიალური სიდუხჭირის მიზეზი ეს იყო?

- კი, ზუსტად ეს იყო, რადგან ქონება ოფიციალურად წაგვართვეს.

- ვიდრე ბიძასთან დავას დაიწყებდით, ნათესავები არ გეხმარებოდნენ?

- არა, არავინ დამეხმარა... როცა ადამიანი გარდაიცვლება, ის მეგობრებსაც ავიწყდებათ, ნათესავებსაც. მოკლედ, უპერსპექტივო ხალხს არ ეხმარებიან. ცხოვრებაში უანგარო დახმარებები იშვიათად არსებობს. ყველანი ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ვგრძნობ, ღმერთს განსაკუთრებულად ვუყვარვარ. იღბლისთვის მისი მადლიერი ვარ.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი კოსმეტიკური ფირმის გარკვეული წილის მფლობელი ხართ...

GzaPress- მყავს კლიენტი საზღვარგარეთ, რომელიც დამიკავშირდა და მითხრა, - ერთ პიროვნებას გაგაცნობ. უნიჭიერესი ებრაელი ბიჭია. საქართველოში რაღაც საქმის წამოწყებას აპირებს და იქნებ დაუკავშირდეო... დავუკავშირდი. მერე საქართველოში ჩამოვიდა, გავიცანი. წესიერი და ქველმოქმედი პიროვნება გახლავთ. შემომთავაზა, - მითხრეს, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ და კომპანიის მართვას შენსავით ვერავინ შეძლებს. ხელფასს გადაგიხდი და ერთ საქმეს მოგანდობო. წილი მე არ მეკუთვნის. ვინც ამ საქმეში მიშუამდგომლა, იმ ადამიანს კომპანიაში გარკვეული წილი ექნება, ლოგიკურია. ძალიან მაგარი კოსმეტიკური კომპანიაა. თანამშრომლები "დავატრენინგე", მენეჯმენტი ვასწავლე, ახლა კი, მოუცლელობის გამო, საქმე სხვას - ჩემს მეგობარ გოგონას გადავაბარე.

- აღნიშნულ კომპანიას თაღლითობაში სდებენ ბრალს.

- ამის გამო მართლა გაოცებული ვარ. ქართული ბაზრისთვის შოკისმომგვრელად წარმატებული კომპანიაა. იყო კითხვები, - პროდუქციას ამდენი ქალბატონი რატომ ყიდულობსო? ამ კომპანიასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-ის მიერ გაკეთებული სიუჟეტი ძალიან მეწყინა. უბრალოდ, აკაკი გოგიჩაიშვილისთვის სასამართლო დავის გამართვა არ მიკადრებია. მისი საქციელი არაპროფესიული და არაკორექტულია. ბევრი მტერი მყავს და ეს გულდასაწყვეტია... არადა, პედანტი ვარ: ყველა საბუთი მოწესრიგებული მაქვს, ყველა თანამშრომელი ისე მყავს აღზრდილი, რომ სანიმუშო მომსახურებით გამოირჩევა... დრო ყველაფერს გვიჩვენებს.

- თუმცა კონკრეტული კოსმეტიკური კომპანიის შესახებ რუსეთის ბაზრის მომხმარებლებიც არ ამბობენ კარგს...

- ზუსტად მათგან გადათარგმნეს და "გადმოიტანეს". როცა კომპანიაში მუშაობას დავთანხმდი, მივხვდი, რომ ის ქართული ბაზრისთვის ზედმეტად წარმატებული იქნებოდა. კომპანიაში ყველაფერი მაღალ დონეზეა მოწესრიგებული. მეწყინა, რომ მასალის გაშუქებისას უბრალოდ, ვიღაცის დაწერილი "გადმოიტანეს" და ასობით კმაყოფილი ქალბატონი არ ჩაწერეს, - ჩვენ კარგი არ გვაინტერესებსო. პრეტენზია მხოლოდ ამ არაობიექტურობაზე მაქვს. ადვოკატთა სამოქალაქო კომიტეტის წევრი ვარ. ჩემი რეკომენდაცია შევიმუშავე, რომელსაც პარლამენტში აუცილებლად წარვადგენ: არ შეიძლება, ჟურნალისტმა საკუთარი აზრი ისე გამოთქვას, რომ ამით მსმენელზე, მაყურებელსა თუ მკითხველზე გავლენა მოახდინოს. როგორ შეიძლება, მასალის გაშუქებისას მხოლოდ უარყოფითზე ისაუბრო, ადამიანის ღირსებას პატივი არ სცე და მას ტყუილი დააბრალო?

- ყოფილი მეუღლის მშობლები გეხმარებიან?

- არ მახსოვს, ვინმეს 10 ლარი მაინც მოეცა. ყველაფერი, რაც ქმარმა მაჩუქა, მათ ოჯახში დარჩა. სამაგიეროდ, ყოფილი მეუღლის მშობლებს ჩემი შვილის გაზრდაში დიდი წვლილი მიუძღვით და ამისთვის მათი მადლიერი ვარ.

ეთო ყორღანაშვილი