"ჩე­მი შვი­ლი 7 თვის იყო, მე­უღ­ლის ბი­ნი­დან რომ წა­მო­ვე­დი" - გზაპრესი

"ჩე­მი შვი­ლი 7 თვის იყო, მე­უღ­ლის ბი­ნი­დან რომ წა­მო­ვე­დი"

თუმანიშვილის თეატრის მსახიობ დარეჯან ჯოჯუას მეტყველების პედაგოგობის რამდენიმეწლიანი სტაჟი აქვს. მუშაობს საირმის ქუჩაზე არსებულ ხელოვნების სკოლაში, გოგა პიპინაშვილის სტუდია "არტ-ჰოლში" და სამოდელო სააგენტოში - "ნატალი". სერიალში "ხელოვნური სუნთქვა" ერთ-ერთი მთავარი გმირის, კერძოდ კი ეკა დემეტრაძის პერსონაჟის დედას ასახიერებს.

ქალბატონმა დარეჯანმა 2012 წელს თავისი პირველი ლექსების კრებული გამოსცა და როგორც მითხრა, დღესაც აქტიურად წერს. თუმცა, ახლა უფრო მეტად, სონეტებზეა გადართული. გასულ წელს თეატრში პრემიერა ჰქონდა. "ჩუმი ღამე" ადამიანების მარტოობის განცდაზე, მშობლისა და შვილების ურთიერთობის თემაზე გვიამბობს. ჰაროლდ მიულერის ნაწარმოების ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ია გოგიშვილია. დარეჯან ჯოჯუა და ნიკა ჩხაიძე კინომსახიობთა თეატრის მცირე სცენაზე ამ სიუჟეტს დღესაც წარმოადგენენ.

- არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა. მამა, დავით ჯოჯუა იურისტი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში უმაღლეს სასამართლოში პროკურორად მუშაობდა. დედას სამედიცინო განათლება ჰქონდა, მაგრამ დიასახლისი იყო - სამ ქალიშვილს გვზრდიდა. სამ დას შორის შუათანა ვარ და მსახიობის პროფესია მხოლოდ მე ავირჩიე. თუმცა, მანამდე ბალერინა ვიყავი. კარგი პლასტიკა მქონდა და მამაჩემმა, ძმაკაცის რჩევით, გადაწყვიტა ბალეტზე შევეყვანე. 9 წლიდან ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დავდიოდი. ბალეტი ძალიან მიყვარდა. ტელევიზორის ყურებისას, ბალეტს თვალს თუ მოვკრავი, სულგანაბული მივჩერებოდი. ამ დროს არ არსებობდა ჩემ წინ ვინმეს გაევლო. თუ ასე მოხდებოდა, ისტერიკაში ვვარდებოდი. ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა, მათ შორის იყო თამარ ვიხოდცევა, ბოლო წლებში კი ვახტანგ ჭაბუკიანი მასწავლიდა. ცუდი ბალერინა ნამდვილად არ ვიყავი და ამას პედაგოგებიც აღნიშნავდნენ, მაგრამ პირველ კურსზე ფეხი ვიტკინე, რამაც ყველაფერი შეცვალა. "დონ კიხოტში" მტკივანი ფეხით ვიცეკვე, მერე "მძინარე მზეთუნახავში" ვმონაწილეობდი. მესამე კურსზე სწავლების დროს, "გედების ტბაში" შავი გედი უნდა მეცეკვა, როცა ფეხი კიდევ ერთხელ გადამიბრუნდა. რამდენიმე დღე ვიმკურნალე და ქორეოგრაფიულში დავბრუნდი, მაგრამ ამასობაში, ამ ბალეტში ჩემ მაგივრად სხვა დაუყენებიათ. მე რომ მივედი, ის გადააყენეს, მაგრამ ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მოვიტყუე, ვითომ ფეხი კიდევ ვიტკინე და აღარ ვიცეკვე.

- მეგობარი მიხვდა, რომ როლი დაუთმეთ?

- არა მგონია და შეიძლება, არც ახლა უნდა მეთქვა. მგონი, როცა სიკეთეს აკეთებ, არა აქვს მნიშვნელობა, რა სახითა და დოზით, ამის აფიშირება არ ღირს.

- არშემდგარი საბალეტო კარიერის შემდეგ გადაწყვიტეთ თეატრალურში ჩაბარება?

- დიახ. ბატონმა ვახტანგმა მოსკოვში ჩემი მდგომარეობის შესახებ ერთ ექიმს მისწერა და მე მითხრა, ოპერაცია გაიკეთე და ჩამოდიო. ჭაბუკიანს თეატრალურ ინსტიტუტში სპეციალური ჯგუფის გახსნა სურდა, სადაც მაღალი რანგის სოლისტებისგან ძლიერ, აკადემიურ ჯგუფს შეკრებდა. მოსკოვიდან რომ ვბრუნდებოდი, გამაფრთხილეს, ოთხი თვე არ იმუშაოო, მაგრამ მე ორ თვეში გავედი და ახალნაოპერაციები ფეხით ისეთი ილეთების კეთება დავიწყე, რომ მაშინვე მივხვდი, ასე დიდხანს ვერ გავძლებდი... ამიტომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე. მერე ბატონი ვახტანგის სანახავად რომ მივედი, ფეხზე წამოდგა, ჩამეხუტა და დამამშვიდა, - რას ვიზამთ. ყველაფერი ხდება, ბედს უნდა შეეგუოო.

- თეატრალურში მარტივად მოხვდით?

- არ ვიცოდი, იმ წელს ჯგუფი მიშა თუმანიშვილს რომ აჰყავდა. გამიმართლა. იურა ზარეცკი ჩემი პედაგოგი იყო. ქორეოგრაფიულში სწავლისას ის "სასისკას" მეძახდა. დამინახა და წამოიყვირა, - "სასისკა", შენ აქ რა გინდაო? ლეილა სიყმაშვილიც თეატრალურში დამხვდა. ისიც ბავშვობიდან მიცნობდა და მან იმპროვიზებულად დაკვრა დაიწყო. გავშალე ხელი და მაშინვე გავჩერდი. იურამ და ლეილამ მიშას მტკიცება დაუწყეს, რომ ცეკვა ვიცოდი, მაგრამ მან ჩემს გასაგონად თქვა, - შეიძლება ცეკვა იცის, მაგრამ შეთხზვა არ შეუძლიაო. მეწყინა, მაგრამ გამოცდებზე სიარული მაინც განვაგრძე. სამივე ტური გავიარე. ბოლოს, 9 ივლისი იყო, ჩემი დაბადების დღე. იმ დღეს ყოფილა კიდევ ერთი გამოცდა და მე არ ვიცოდი. გამომცდელები უკვე მიდიოდნენ, როცა აუდიტორიაში შევედი. დავალება მომცეს, - წარმოიდგინე, მეგობარი გყავს გარდაცვლილი, მიდიხარ სასაფლაოზე, მაგრამ არ იცი, სადაა დამარხული და ეძებო. აფორიაქებული და აწითლებული "ვეძებდი" სასაფლაოს და თან, ბოღმა მახრჩობდა, როგორ არ ვიცოდი, რომ გამოცდა მქონდა-მეთქი. ერთგან დავიჩოქე, "სასაფლაოს" თავი ჩამოვადე და მწარედ ავტირდი, ვეღარ გამაჩერეს (იცინის). მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მიშას მოვეწონე და ჩავაბარე. ძალიან ვუყვარდი და მეც ყოველთვის ფანატიკურად ვიყავი მასზე და ჩემს პროფესიაზე შეყვარებული.

- სერიალში - "ხელოვნური სუნთქვა" ასრულებთ დედის როლს, რომელსაც შვილის გაზრდამ მარტოს მოუწია. რეალურ ცხოვრებაში ერთი ვაჟი გყავთ. დაოჯახებიდან ძალიან მალევე დაინგრა თქვენი ოჯახი და შვილის გაზრდა მარტოს მოგიხდათ.

- დიახ, ერთი შვილი მყავს, რძალი და ორი შვილიშვილი - დათა და ანასტასია. ტატომ თეატრალური ინსტიტუტი დაასრულა, მუშაობდა კიდეც, როგორც მსახიობი, მაგრამ მოგეხსენებათ, არტისტობა სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა და ბევრისთვის რთულია ეს ყველაფერი. ტატომაც სხვა გზა აირჩია და რვა წლით გერმანიაში გაემგზავრა. ყოველთვის ძალიან უყვარდა მანქანები და როცა დაბრუნდა, ავტომობილების საექსპერტო კომპანია გახსნა. რაც შეეხება სერიალს, მართალი ხართ, იქაც მსგავსი ანუ მარტოხელა დედის როლის თამაში მიწევს და ქვეცნობიერად, ვიყენებ რაღაც-რაღაც ამბებს. ბატონი მიშა სულ გვეუბნებოდა: მთავარია ამბები, რომელიც ცხოვრებაში გაგივლია, გააანალიზო და სცენაზე გადმოიტანო, ასეთი მიდგომა ყოველთვის ამართლებსო.

- აღქმის თვალსაზრისით, უფრო ემოციური არაა, როცა პერსონაჟის ბედს შენს ცხოვრებასთან აიგივებ?

- ალბათ ასეა, მაგრამ მთლიანი ხაზით ჩემი ბიოგრაფია რომ ვითამაშო, ძალიან გამიჭირდება და მსგავსი შემთხვევა არც მქონია. რაც კი როლები მაქვს ნათამაშები, ჩემს პიროვნებასა და ხასიათს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. ხასიათის შტრიხები, რომელიც ჩემს გმირს სჭირდება, სხვებისგან მომაქვს და მერე ვცდილობ მათ გათავისებას... საერთოდ, კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს. წლების წინ "შუა ქალაქში" ვმონაწილეობდი, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ სერიალებზე მუშაობა მომწონს. ძალიან დაძაბული ვარ. არაერთხელ მითქვამს ფილმში გადაღებაზეც უარი. ბატონ მიშასაც არ მოსწონდა, როცა სხვაგან გვიწვევდნენ. თეატრის ერთგულები უნდა იყოთო, - სულ ამას ამბობდა. ამიტომაცაა, რომ კამერის წინ ბევრჯერ არ მიმუშავია.

- ერთხანს ძალიან პოპულარული იყო ტელესპექტაკლი - "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს". მასში თქვენ მომავალ მეუღლესთან ერთად მონაწილეობდით და ამ სპექტაკლის გადაღებებისას შეუღლდით, ხომ ასეა?

- ასე იყო. ბადრი კაკაბაძე ჩემს ჯგუფში სწავლობდა. ოთხი წლის განმავლობაში ვუყვარდი, თუმცა, მე თავიდან იმავეთი ვერ ვპასუხობდი. ერთხელ სტუდენტები ინსტიტუტიდან სპექტაკლით, ზღვის სანაპირო ქალაქებში გაგვიშვეს. ბადრიმ იქ დაბადების დღე გადამიხადა. თბილისში რომ ჩამოვედით, დავქორწინდით. ეს ის პერიოდი იყო, როცა "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეში" ორივე მოახლეს ვთამაშობდით. თუმცა, მანამდე კიდევ ერთ სპექტაკლში ვმონაწილეობდით ერთად, რომელსაც "აღსარება" ერქვა და შეყვარებულებს ვთამაშობდით. რაც შეეხება - "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", გადაღების ბოლო სცენას ვერ ვასწრებდით. კვირა დღე იყო, მეორე დღეს მე და ბადრი სოჭში მივფრინავდით. ვასო გოძიაშვილთან ერთი სცენა გვრჩებოდა, მაგრამ მან თქვა, - დავიღალე, გადაღებები ხვალისთვის გადავდოთო და გაჩერდა. ის რომ "არას" იტყოდა, არ არსებობდა, გადაეთქვა. რეჟისორმა კახა კახაბრიშვილმა ვასოს ჩვენ შესახებ უამბო და სთხოვა, - ახალგაზრდები ხვალ იპარებიან, ხუთ დღეში უკან უნდა დაბრუნდნენ და იქნებ გადაღებები დღესვე დავასრულოთო. ვასომ შემომხედა და დიდი პაუზის შემდეგ დამიძახა: "გოგო, მოდი!" იმ დღეს ბოლო სცენა ჩავწერეთ და მეორე დღეს სოჭში გავფრინდით. ხუთი თვის ორსული ვიყავი, როცა ინსტიტუტი დავამთავრეთ და აკაკი ხორავას სახლში ოთხი სპექტაკლი ვითამაშეთ: "მსხვერპლი", "კარებს აჯახუნებენ", "ახალგაზრდა გვარდიის სახელით" და "სისხიანი ქორწილი". მერე ჩემს ოჯახში უსიამოვნება მოხდა, მეუღლის ოჯახს არ უნდოდა, სამსახიობი კარიერა ამეწყო. ეს საკითხი ასე პირდაპირ რომ დაეყენებინათ, ოჯახის გამო შეიძლება, ყველაფერზე უარი მეთქვა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და მეუღლეს დავშორდი. ტატო 7 თვის იყო, როცა ოჯახიდან წამოვედი.

- კინომსახიობთა თეატრში მისი დაარსების პირველივე წუთებიდან ხართ...

- დიახ, 1975 წლის 5 სექტემბერს, კინომსახიობთა თეატრის დაარსების მთელი დოკუმენტაცია მზად იყო. ყველამ იცის, რომ იქ ყველაფერი ჩვენი ხელითაა გაკეთებული. ჩემი ბიჭი იმავე წელს დაიბადა, 10 ნოემბერს და ბატონი მიშა მას ჩვენი თეატრის პირველ შვილიშვილს ეძახდა. ორი წლის შემდეგ მიშამ სპექტაკლში - "საქმე" დამაკავა. ეროსი მანჯგალაძე მამაჩემს თამაშობდა, დუდუხანა - დედას და კოტე დაუშვილი ოჯახის ახლობელს. ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა და ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი მსახიობების გვერდით მიწევდა თამაში.

- როგორია თქვენთვის ის დღე, როცა სპექტაკლი გაქვთ დანიშნული?

- სპექტაკლისთვის წინა დღიდან მოყოლებული ვემზადები, ეს ქვეცნობიერად ხდება. მეორე დილას ვიღვიძებ, ვაკეთებ საოჯახო საქმეებს, მოვწესრიგდები და თუ აუცილებელი არ არის, არსად გავდივარ. თეატრში ადრე მივდივარ და გრიმს რომ ვიკეთებ, უკვე ვემზადები როლისთვის. თუმცა, სპექტაკლები არასდროს ჰგავს ერთმანეთს, რადგან იმპროვიზაციით ვთამაშობ. ვცდილობ, ამბავს ყოველ ჯერზე ახლებურად მოვყვე. ბრილიანტს ბევრი წახნაგი აქვს და ყურადღებას იპყრობს მისი არა ერთი, არამედ მთლიანი მოცულობა, ხომ ასეა? ის ირეკლავს ფერებს, ბრჭყვიალებს. ჰოდა, როლიც ასეა. თუ მას სიღრმისეულად მოეკიდები და არა ზედაპირულად, პერსონაჟის სახის წახნაგებს ყოველ მომდევნო წარმოდგენაზე, მაყურებლის თვალწინ ისე დაატრიალებ, რომ მხოლოდ რაკურსს უცვლი, გმირი კი უცვლელი რჩება. სწორედ ესაა იმპროვიზაცია და ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა საინტერესოა.

ანა კალანდაძე