"ჯადოსნური ღამე" 33 წლის შემდეგ
ქართული ფილმი-ზღაპრების ჩამონათვალი არცთუ ისე დიდია. ერთ-ერთი პირველი შავ-თეთრი ზღაპარი "ცისკარაა", მას მოსდევს ფილმები: "ჩიტის რძე", "სამი ალიყური", ჯადოსნური ღამე", "უკვდავების თეთრი ვარდი"... მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფილმების სანახავად დღევანდელ თაობას გაცილებით მეტი საშუალება აქვს, კინოთეატრებში დადიან და ინტერნეტშიც თითქმის ყველაფერზე მიუწვდებათ ხელი, მოზარდების ნაწილი არც ქართული ფილმების მიმართ არის გულგრილი.
რეჟისორ თემურ ფალავანდიშვილის 1983 წელს გადაღებული ზღაპრის - "ჯადოსნური ღამის" სიუჟეტი ასეთია: სამ ძმას შორის მამისეული სახლის მფლობელი ის გახდება, ვინც ხელობას უკეთ დაეუფლება, ამიტომ სამივე სხვადასხვა საქმიანობის შესწავლას გადაწყვეტს და წლების შემდეგ დურგალი, თერძი და მკურნალი ერთმანეთს შეხვდებიან. ღამის გათენება ტყეში უწევთ და გადაწყვეტენ, მორიგეობით დაიძინონ. ჯერ დურგალი ფხიზლობს და იმ პერიოდში ხისგან ქალის ფიგურას გამოთლის, შემდეგ თერძი იღვიძებს და ქანდაკებას შემოსავს, ხოლო მკურნალი ბალახეული ნაყენის დახმარებით, ქალს სულს ჩაუდგამს და გააცოცხლებს. ძმების როლებში ვიხილეთ: თამაზ თოლორაია, რევაზ იმნაიშვილი და ვახტანგ ფანჩულიძე. ეკა ვიბლიანია ის გოგონა, რომელიც ბოლოს "ცოცხლდება". ამავე ფილმში თამაშობენ: ლევან უჩანეიშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, მაკა მახარაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ირაკლი დოჩანაშვილი. სამწუხაროდ, ბევრისათვის საყვარელი მწერლისა და თანამედროვე კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის შვილი 1990 წელს, 22 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ფილმის მხატვარია გია ლაფერაძე, ოპერატორი ალექსანდრე სულამანიძე, ხოლო მუსიკა სულხან ცინცაძეს ეკუთვნის. "ჯადოსნური ღამის" დამდგმელ რეჟისორ თემურ ფალავანდიშვილს გადაღებების გახსენება ვთხოვე...
- ბატონო თემურ, როცა "ქართული ფილმი" აქტიურად მუშაობდა, იღებდით მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, მაგრამ იმ წლებში სულ რამდენიმე ზღაპარია გადაღებული. ასე რატომ მოხდა?
- ზღაპრის გადაღების არავითარი დავალება არ არსებობდა. ეს რეჟისორისა და სცენარისტის არჩევანი იყო. ასე მოხდა ზღაპარ "ჯადოსნურ ღამის" შემთხვევაშიც, რომლის ინიციატივა სცენარის ავტორს, ნუკრი მამულაშვილს ეკუთვნოდა. ნუკრისთან ვმეგობრობდი და სხვა რამდენიმე სცენარიც გვაქვს ერთად გაკეთებული. ქართული ფოლკლორის მიხედვით მომზადებული მისი სცენარი ძალიან მომეწონა. სიუჟეტში რამდენიმე ზღაპარი გააერთიანა.
- ამ ფილმის გადაღებიდან 33 წელია გასული. მას და საერთოდ, ზღაპრებს, ძირითადად, ახალი წლის დღესასწაულის პერიოდში უჩვენებენ. ალბათ, წელსაც ასე მოხდება...
- ეს ძირითადად, ჩემი თხოვნით ხდება. ტელეარხები ითხოვენ ჩემს "მზე შემოდგომისას" და "რაჭა, ჩემი სიყვარული". იდეალური არ არის, მაგრამ შედარებით კარგი ასლებია, რომელიც თავის დროზე მოსკოვშია დამზადებული. 90 წლებამდე გადაღებული ჩვენი ფილმების ნეგატივები რუსეთში ინახება და როგორც ვიცი, ახლა მიდის იმაზე საუბარი, რომ მოსკოვიდან ნელ-ნელა ჩამოიტანონ. რაც შეეხება "ჯადოსნურ ღამეს", დაბალი ხარისხისაა და მაინცდამაინც არ წყალობენ. ვთხოვ ხოლმე, ზღაპარი ახალ წელს მაინც გაუშვან. ზოგი "ჯადოსნურ ღამეს" ინტერნეტში ნახულობს. მგონი, ბავშვებს მობეზრდათ მონსტრები, კოსმოსური ფანტასტიკა და რაღაც სიმახინჯეები.
სამწუხაროდ, ბოლო ფილმი 1990 წელს გადავიღე და ეს იყო "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი". 25 წელი აქტიურად ვიმუშავე კინოში და 26 წელია, პედაგოგი ვარ. ამჟამად ილიაუნთან არსებულ კინოსატელევიზიო ცენტრში მაქვს ლექციები. უწინ და ახლაც, სტუდენტები რომ იგებენ, "ჯადოსნური ღამე" ჩემი გადაღებულია, უმრავლესობა ამბობს, ბავშვობაში ჩემი საყვარელი ფილმი იყოო.
- სად მიმდინარეობდა "ჯადოსნური ღამის" გადაღებები?
- ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებულია ატენის ხეობასა და გორის პარკში. გადაღებები ძირითადად, ღამით გვქონდა და ბუნებრივია, ნამდვილ ტყეში ვერ გავჩერდებოდით. ამიტომ, გორის ტყე-პარკი, უზარმაზარი ხეებით მშვენიერი ადგილი იყო სამუშაოდ. მადლობა ღმერთს, ეს პარკი დღესაც არის და იქაურობა არ გაუჩეხიათ.
- იმ პერიოდისთვის საქართველოში ცნობილი მსახიობები გყავთ ფილმში დაკავებული...
- ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, ხალხისთვის საყვარელი მსახიობები ამერჩია. გარდა ამისა, თამაზ თოლორაია, ლევან უჩანეიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩემთვის ახლობლები იყვნენ, მეგობრული კონტაქტები გვქონდა. სინჯები მაინცდამაინც არ მიყვარს. წინასწარ ვიცოდი, ვის რა როლზე დავაკავებდი, მაგრამ სინჯებს ფორმალურად, მაინც ვატარებდი, რადგან ეს საკითხი სამხატვრო საბჭოსთვის უნდა შეგეთანხმებინა და როლზე მსახიობებს ისინი ამტკიცებდნენ. სამი ძმის როლზე სხვა არავინ გამისინჯია, მათ გარდა, ვინც გადავიღე. ისინი ჩემთვის ახლო ადამიანები იყვნენ... მრავალმხრივ მსახიობ ლევან უჩანეიშვილს ოჩოპინტრეს ანუ ზღაპრული პერსონაჟის როლი რომ შევთავაზე, მახსოვს, როგორ მოეწონა და სიხარულით აენთო. ოჩოპინტრეს სახეს ბევრი რამ თავად შემატა და უცნაური კოსტიუმიც კარგად მოირგო. სოსო ჯაჭვლიანმა იბრუხის როლი შეასრულა. ამ პერსონაჟს "დაბალი ხმა" სჭირდებოდა, ამიტომ ჩემმა მეგობარმა, ზურა ქაფიანიძემ გაახმოვანა.
- ეკა ვიბლიანმა, თქვენი ფილმის შემდეგ "უკვდავების თეთრ ვარდში" ითამაშა. მას ჰყავდა ოჯახი და სამი ვაჟის დედა იყო. თუმცა, მისი კარიერა კინოში არ გაგრძელებულა. ის 2009 წელს, 41 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში დაღუპულა. ამ ფილმში ასევე მონაწილეობს ირაკლი დოჩანაშვილი, რომელიც სულ ახალგაზრდა იყო იმ დროს...
- დიახ, ირაკლიმ ხის სული განასახიერა. მაშინ პატარა იყო. მგონი, იმ წელს სკოლას ამთავრებდა. ეს საოცარი გარეგნობის ყმაწვილი ფილმის გადაღებიდან რამდენიმე წელიწადში, აივნიდან გადმოვარდა და ტრაგიკულად დაიღუპა. საერთოდ, პატარ-პატარა ეპიზოდებში გადასაღებად, არაპროფესიონალ მსახიობებს მივმართავდი, ტიპაჟის გამო მთავარ როლზეც ამიყვანია. ირაკლის გარდა, ამ ფილმში ბევრია ასეთი. მაგალითად: ხის სულები, მოხუცები. მოცეკვავე ბავშვები ოსური ანსამბლია, რომელიც სოფლიდან გორში ჩამოგვყავდა და ერთ-ერთი სცენის გადაღებისას თბილისშიც ვაცეკვეთ. ფილმზე ჩემი ოსი მეგობარი, მხატვარ-დეკორატორი ხეთაგუროვი მუშაობდა. ჰამაკი მან მოქსოვა და ბევრი კარგი რამ გაგვიკეთა. ეს ადამიანი ტყეში გამხმარი ხის კუნძებს პოულობდა და იმისგან ძალიან საინტერესო სახეები გამოყავდა.
- სამი ძმიდან ერთ-ერთი დურგალი (თამაზ თოლორაია) ხეში თლის ქანდაკებას, რომლისგანაც შემდეგ ეკა ვიბლიანის პერსონაჟი "ცოცხლდება". ვისი გაკეთებულია ეს ფიგურა?
- სკულპტორის გვარი არ მახსოვს. მოქანდაკეს ორსართულიანი სახელოსნო ბაგებში ჰქონდა. თან ეკა წავიყვანეთ, მერე მისი ფოტოები დავუტოვეთ და ვთხოვეთ, ხეში გამოეთალა მისი ფიგურა. რასაკვირველია, ეს მისთვის პრობლემა არ იყო. კარი რომ გააღო და სახელოსნოში შეგვიძღვა, უზარმაზარი თიხის ლენინი დავინახეთ, რომელიც უცებ ჩამოიშალა. უწინ მოქანდაკეებს ლენინის ფიგურებს ხშირად უკვეთდნენ. თურმე, ამ ნამუშევარის გაკეთება შუა აზიიდან სთხოვეს. მოქანდაკემ მუშაობა დაიწყო და თითქმის ბოლომდე იყო გასული, როცა შეკვეთა გააუქმეს. ავტორს ამ უზარმაზარი ფიგურის დაშლა დაენანა და სახელოსნოში გამოკეტა. როგორც ჩანს, გამომშრალ თიხას ჰაერი რომ მოხვდა, ჩვენ თვალწინ დაიფშვნა. ხარხარი აგვიტყდა, ძალიან გავერთეთ. თუმცა, ლენინის სკულპტურის ჩამოშლა სიმბოლური აღმოჩნდა (იღიმის).
- ფილმს კარგი გამოხმაურება მოჰყვა?
- ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებ: ფილმი საკავშირო ფესტივალ "ზღაპარზე" დაპატიჟეს, რომელშიც დემოკრატიული ქვეყნები მონაწილეობდნენ. ვილნიუსში მიგვიწვიეს, სადაც მე და ლევან უჩანეიშვილი გავემგზავრეთ. იმ წელს ფავორიტი ყაზახეთისა და "მოსფილმის" ერთობლივი ნამუშევარი იყო, რომელიც "ათას ერთი ღამის" ერთ-ერთი ისტორიის მიხედვით იყო გადაღებული. ვიცოდით, ეს ფილმი ფესტივალის გამარჯვებული გახდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, დასკვნით საღამოზე არ წავსულიყავით. მე და ლევანი ჩვენს იქვე გაცნობილ ბულგარელ მეგობრებთან ერთად, რესტორანში დავსხედით. თურმე, რა ხდება: ამ ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ბავშვები VI-დან XI კლასის ჩათვლით, რომელსაც რუსი კრიტიკოსი ხელმძღვანელობდა. მას შეუთავაზებია ფესტივალის მთავარი პრიზი "ათას ერთი ღამისთვის" გადაეცათ, რაზეც ბავშვებს კატეგორიული უარი განუცხადებიათ: ეგ დიდების ფილმია, ნახევრად ტიტველი ქალებითა და მუცლის ცეკვებით, ჩვენ ქართული ფილმი მოგვწონსო. ერთ ბავშვს ტირილიც დაუწყია, პრიზი "ჯადოსნურ ღამეს" მოვცეთო. სხვა გზა არ იყო და ამიტომ, მთავარი პრიზი - უზარმაზარი ლომი სიმბა ჩვენთვის უნდა მოეცათ. ბულგარელებს თავიანთ სასტუმროში დაუტოვებიათ იმ რესტორნის მისამართი, სადაც ვისხედით და მათი საშუალებით გვიპოვეს მე და ლევანი, საღამოზე კარგა შეჭიკჭიკებულები წაგვიყვანეს და სცენაზე უზარმაზარი ლომი გადმოგვცეს. საქართველოში რომ ვბრუნდებოდით, თვითმფრინავში პრიზს ცალკე ადგილი დასჭირდა (იღიმის).
- ახლა სად ინახება ფილმის ჯილდო?
- კარგა ხანს კინოსტუდიის მუზეუმში ინახებოდა, მაგრამ შემდეგ, როცა ის ფაქტობრივად, უპატრონოდ დარჩა, ლომი წამოვიღე, ახლა შინ მაქვს და ხანდახან მასთან ჩემი შვილიშვილი ერთობა... პატარა საკვირაო კინოსკოლის გახსნა სახლში მინდოდა, რამდენჯერმე იდეა ქალაქის მერიის კულტურის სამსახურს შევთავაზე, მაგრამ მხარში არ ამომიდგნენ, ამიტომ ხელი ჩავიქნიე. რა თქმა უნდა, ფილმის ყურება დღეს პრობლემა არ არის, მაგრამ ბავშვს კინო უნდა შეაყვარო, ესაუბრო, იმსჯელო. ერთხელ, ცნობილ ამერიკელ რეჟისორ სტივენ სოდერბერგს ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგობა, კერძოდ კი, რეჟისურის სწავლება შესთავაზეს. რჩევისთვის მან სტენლი კუბრიკს მიმართა, რომელსაც უთქვამს: კინორეჟისურის სწავლება გამორიცხულია, მაგრამ თუ ხედავ, კაცი ნიჭიერია, ხელი არ შეუშალო და თუ ნიჭს ვერ დაინახავ, მაშინ მას ფილმის ყურება ასწავლეო. ასეა, ფილმის ყურებას სწავლება სჭირდება.
ანა კალანდაძე