ამბავი შუახნის მგზნებარე შეყვარებულისა - ნილ საიმონის კომედია, ადამიანთა სურვილებსა და შესაძლებლობებზე - გზაპრესი

ამბავი შუახნის მგზნებარე შეყვარებულისა - ნილ საიმონის კომედია, ადამიანთა სურვილებსა და შესაძლებლობებზე

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ერთობლივი პროექტი განახორციელეს. შედეგად, ახალი სპექტაკლი - "მგზნებარე შეყვარებული" დაიბადა, რომლის პრემიერა 22, 23, 24 და 25 დეკემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე შედგა.

ამერიკელი დრამატურგის, ნილ საიმონის კომედიის - "მგზნებარე შეყვარებული" სპექტაკლის ავტორი და რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. დამდგმელი მხატვარია მაია სხირტლაძე, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. ეს პიესა 1969 წელს დაიწერა, მას შემდეგ არაერთ ენაზე ითარგმნა და დღემდე, "მგზნებარე შეყვარებული" მსოფლიოს უამრავი თეატრის რეპერტუარშია.

მთავარი პერსონაჟი საშუალო ასაკის, ზედმიწევნით მეოჯახე და ყურადღებიანი მამაკაცია, რომელიც ცხოვრებაში ერთგვარ კრიზისულ პერიოდს განიცდის. 25 წლის განმავლობაში მეუღლის ერთგული, ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს და ერთ დღესაც მოინდომებს, რამე შეცვალოს, ცოტა გაერთოს და "აიწყვიტოს". ერთი შეხედვით პედანტსა და მოწესრიგებული ხასიათის ბარნს მეუღლის ღალატი სულაც არ სურს, თუმცა, ცდილობს, ქალებთან რამდენიმესაათიანი ურთიერთობით ყოველდღიური რუტინა გაიმრავალფეროვნოს. მას ვერ წარმოუდგენია, სხვაგვარად როგორ შეიძლება მამაკაცმა საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ ქალებისთვის სასურველია, მისი მზე ჯერ კიდევ ზენიტშია, რომ ის საინტერესო მოსაუბრეა და ა.შ.

მამაკაცი პერიოდულად სხვადასხვა ასაკის, წარმომავლობისა და სოციალური ფენის ქალებს დედის სახლში ეპატიჟება. მშობელი 5 საათზე შინ დაბრუნდება, ამიტომ მანამდე ყველაფერი უნდა "მოესწროს". აღასრულებს თუ არა ბარნი შიშით სავსე გადაწყვეტილებას და რა მოჰყვება ამ ხანმოკლე კავშირებს, მაყურებელი თავად ნახავს, მანამდე კი გეტყვით, რომ სპექტაკლს რამდენიმე შემადგენლობა ჰყავს. თუმცა, პრემიერის პირველ დღეს შემდეგი მსახიობები იდგნენ სცენაზე: ვახტანგ ნოზაძე (ბარნი), ნინო კიკაჩეიშვილი (ელეინი), მზევინარ ჩარგაზია (ბობი) და მარინა დარასელია (ჯენეტი).

იუმორით გაჯერებული სპექტაკლი საკუთარი თავის შეცნობაში დაგვეხმარება. ამავდროულად, ეს წარმოდგენა და მისი მთავარი პერსონაჟი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ზნეობრივი ღირებულებების ერთგული ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ახერხებენ, სახე არ დაკარგონ და სიმართლის გზით იარონ.

დიმიტრი ხვთისიაშვილი:

- ეს პიესა ზუგდიდის თეატრში უნდა დამედგა. მოგეხსენებათ, გორში კომედიის ფესტივალი დაარსდა, რომლის ფარგლებში, თეატრებმა სპეციალურად ასეთი ფესტივალებისთვის დაიწყეს სპექტაკლებზე მუშაობა. ბადრი წერედიანმა მთხოვა, - თუ შეიძლება, ჩვენი დასის გათვალისწინებით, პატარა კომედია რომ გავაკეთოთო? არჩევანი შევაჩერეთ "მგზნებარე შეყვარებულზე", გავანაწილეთ კიდეც როლები, მაგრამ მაშინ ის ცნობილი ამბავი მოხდა - ვგულისხმობ ზუგდიდის თეატრის დაზიანებას. მგონი, ბოლო აგურიც კი ჩამოვარდა ზუგდიდის თეატრის ჭერიდან და შეუძლებელი იყო შენობაში შესვლა. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დავიწყეთ ფიქრი გამოსავლის ძიებაზე. შესაძლებლობა იყო, რეპეტიციები ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩაგვეტარებინა, მაგრამ არ გამოვიდა. სწორედ იმ დროს გაჩნდა კოპროდუქციის შექმნის იდეა და გადავწყვიტეთ, სპექტაკლში დაგვეკავებინა ზუგდიდის თეატრის ორი და ორიც - მოზარდის მსახიობი. სპექტაკლი უნდა წარვადგინოთ როგორც თბილისში, ისე ზუგდიდსა და სხვა რაიონებში.

- ამ ეტაპზე არის საშუალება, ზუგდიდში წარმოადგინოთ ეს სპექტაკლი?

- დიახ, 13 და 14 თებერვალს სპექტაკლის ზუგდიდური პრემიერა შედგება. ქალაქის ცენტრში არის ძველი კულტურის სახლი, რომელიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი კეთილმოწყობა. შენობაში დაახლოებით 120-130-კაციანი დარბაზი და პატარა სცენაა. თებერვალში სწორედ იქ წარვადგენთ ზუგდიდურ პრემიერას.

- ნინო, ახლდა თუ არა რაიმე სირთულე იმ ფაქტს, რომ ზუგდიდის თეატრის მსახიობებთან ერთად გიწევდათ რეპეტიციები? როგორ შეეწყვეთ კოლეგებს?

ნინო კიკაჩეიშვილი:

- ზუგდიდის თეატრის მსახიობებს რეპეტიციებზე თბილისში უწევდათ ჩამოსვლა და გარკვეულწილად, ეს სირთულე იყო მათთვის. სრულყოფილი მომზადებისთვის, ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში გვიწევდა ყოფნა. ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ.

- თქვენი პერსონაჟი თამამი, ენერგიული ქალბატონია, რომელიც მხოლოდ საკუთარი სურვილების ასრულებაზე ფიქრობს...

- დიახ, თამამი და ენერგიული ქალია, რომელიც ცხოვრობს ერთადერთი პრინციპით, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს და ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა.

- პიესა საინტერესოდ მიგაჩნიათ?

- საერთოდ, ნილ საიმონი მიყვარს. არაჩვეულებრივი ნამუშევრები აქვს და მათ შორისაა "მგზნებარე შეყვარებული". ეს პიესა კარგი სამუშაოა. ნებისმიერი როლი მსახიობს შესაძლებლობას გაძლევს, პერსონაჟის სრული სახე შექმნა და ეს ნილ საიმონის ხელწერაა.

- ქალბატონო მარინა, როგორც ვიცი, ბოლო ხანს დატვირთული რეჟიმი გქონდათ. სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" გიღებენ, თეატრში რეპეტიციები გაქვთ. პრემიერის დღეს მთელ უბანს დენი არ მოეწოდებოდა და რამდენიმე საათით ადრე ჩაირთო. ბუნებრივია, ღელავდით...

მარინა დარასელია:

- თბილისში 12 ნოემბერს ჩამოვედი. სერიალში მიღებენ და თან, "მგზნებარე შეყვარებულის" რეპეტიციები დავიწყეთ. ძალიან განვიცდიდი, რადგან რთული როლია, დიდი ტექსტით. თან, აკადემიურ თეატრში მიწევდა გამოსვლა, პარტნიორიც თბილისელები არიან და სხვა ატმოსფეროში ვიყავი. მაგრამ ისეთი დადებითი ენერგია მოდიოდა მათგან და ისეთი სითბო ვიგრძენი, რომ მეგონა, დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. ახლაც, დედას გეფიცებით, წასვლა არ მინდა. თითქმის 2 თვე გავიდა, რაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეპეტიციებს გავდიოდი, მაგრამ უშუქობის გამო დღეს ძალიან ვინერვიულეთ. საპრემიეროდ განწყობილი ვიყავით და ამ შეფერხებამ ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ყველა მსახიობზე. საბედნიეროდ, სპექტაკლი შედგა და მაყურებლისგან დადებითი ემოციები წამოვიდა. სცენაზე გასვლამდე კი ვნერვიულობდი, მაგრამ მერე აბსოლუტურად გავიხსენი.

- რამდენი წელია, რაც ზუგდიდის თეატრის მსახიობი ხართ?

- თეატრალური ინსტიტუტი 1982 წელს დავამთავრე და 34 წელია, ზუგდიდის თეატრის სცენაზე ვდგავარ. ღვთის წყალობით, პროექტი უკვე დამტკიცებულია და იანვრის ბოლოს მშენებლობა დაიწყება, მერე უკვე ჩვენს თეატრში მოგიწვევთ (იღიმის).

- სერიალში როგორ მოხვდით?

- ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა, სერიალისთვის მეგრელი ქალი გვჭირდებაო. კასტინგი არ გამივლია, უბრალოდ მითხრა, - შენ თუ ამ როლს კარგად მოირგებ და დიდი რეიტინგი გექნება, სცენარისტი შენ პერსონაჟს სერიალში განავითარებსო. ღვთის წყალობით, თქვენც ხედავთ, რომ მაყურებელს მოვეწონე და ძალიან დიდი მადლობა ამისათვის.

ვახო ნოზაძე:

- ნილ საიმონი 92 წლისაა და ნიუ-იორკში ცხოვრობს. როგორც ვიცი, ბროდვეიზე თავისი თეატრი აქვს. ძალიან კარგი დრამატურგია, ბრწყინვალე პიესები აქვს დაწერილი.

- ძალიან შრომატევადი როლი გაქვს: შენი სამი პარტნიორი ქალი ერთმანეთს ცვლის სცენაზე, მაგრამ შენ სულ მაყურებლის წინაშე ხარ. ამბობენ, საიმონის გმირები ადვილი სათამაშოა იმ თვალსაზრისით, რომ ავტორი პერსონაჟებს დეტალურად "ხატავსო". როგორ ფიქრობ, ასეა?

- საინტერესო და ძალიან რთული სამუშაო იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი როლები იშვიათად "მოდის" მსახიობთან. ვინც უნდა თქვას, ადვილი სათამაშოაო, ასე ნამდვილად არ არის. "აგერ შენ და აგერ, კრეტა", - როგორც ბერძნები იტყვიან ხოლმე (იღიმის). რთულია, მით უმეტეს, ქართული ხასიათიდან გამომდინარე. წყნარი, მშვიდი პიესაა, "პლავნად" მიდის, ყველა ნიუანსს უნდა მისდიო, ამიტომ თუ ემოცია დიდი დოზით არ ჩადე, 2-საათ-ნახევარი ამის ყურება მაყურებლისთვის რთული იქნება. ამიტომ, ამ როლს უდიდესი ენერგია მიაქვს. გულწრფელად ვიტყვი, ჩემი ბარნი ვიპოვე და განსხვავებული სახე შევქმენი. ეს პიესა 1991 წელს თემურ ჩხეიძემ დადგა და ქეშმენის როლი გივი ბერიკაშვილმა განასახიერა. პიესა განხორციელებულია რუსეთშიც და მგონია, ჩემი ბარნი ქეშმენი არ ჰგავს აქამდე დადგმულ სხვა სპექტაკლის პერსონაჟებს.

- სპექტაკლის მსვლელობისას შენი პერსონაჟი ამბობს: "ყველანი არამზადები ვართ". მას ეთანხმები?

- რა თქმა უნდა, არა!

- ის 25 წელია, მეუღლის ერთგულია...

- კი, ასეა.

- რეალურად არსებობს ასეთი ფაქტები?

- პირადად მე ვარ ასეთი "ფაქტი" (იღიმის). ჩემი ცხოვრების მთავარი აზრია: წესიერება, წესიერება და წესიერება!

ანა კალანდაძე