ზესტაფონელი კოლორიტი წარსულზე, აწყმოსა და მომავალზე - გზაპრესი

ზესტაფონელი კოლორიტი წარსულზე, აწყმოსა და მომავალზე

პატარა, მაგრამ კოხტა ქალაქში გამორჩეული და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები მრავლად არიან. როგორც აქაურები ამბობენ, ყველა უბანს თავისი კოლორიტი ჰყავს... თბილისიდან ჩასული სტუმარი, "კამეჩის თავის უბანში" - გიორგაძეების ოჯახში ვბინავდები...

უშანგი გიორგაძეს ზესტაფონში ყველა იცნობს. მთელი ცხოვრება სხვისი შვილების აღზრდასა და განათლებაზე ზრუნავდა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, წლების განმავლობაში სკოლის დირექტორად მუშაობდა... მიუხედავად იმისა, რომ 86 წლის არის, განვლილი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი, თარიღებისა და თვეების მიხედვით ახსოვს. მასთან საუბრის დროს ერთი კითხვა ამეკვიატა: ნეტავ ამ ასაკში როგორი მეხსიერება მექნება-მეთქი?.. უფროსი ვაჟი მოსკოვში მოღვაწეობს. წარმატებული კარდიოქირურგი, საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის. მეორე ვაჟი თბილისშია, მაგრამ თითქმის ყოველ კვირას ზესტაფონში ჩადის. უშანგი პაპა ახლა უკვე თავისი მდიდარი მოგონებებით ცხოვრობს. სიბერეს, მოსკოვიდან და თბილისიდან ჩასული შვილიშვილები ულამაზებენ. საუბარს წინაპრების გახსენებით იწყებს.

როგორ მოხვდნენ ძმები გიორგაძეები ენციკლოპედიაში

- მამაჩემის მამა, ალფეზა, ხარაზი ყოფილა. დღისით რომ თოხზე მუშაობდა, ღამით ჭრაქზე ფეხსაცმელებს კერავდა. ასე, კაპიკებად ნაგროვები თანხით მიწას ყიდულობდა და ვენახს აშენებდა. თანდათან ძლიერდებოდა ფინანსურად. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოში გავრცელდა ვაზის სოკოვანი დაავადება - ფილოქსერა. ის ვაზის ფესვებს აზიანებდა. იმ პერიოდისათვის ამერიკულ საძირეზე დამყნობილი ვაზი არ იყო იმერეთში. ფილოქსერის გავრცელების შემდეგ, გადაშენების გზაზე იყო ვაზი. ეს დაავადება პირველად თერჯოლის რაიონში აღმოუჩენიათ და მთელ იმერეთში გავრცელებულა. შექმნილა საფილოქსერო მებრძოლი კომიტეტი, რომელსაც მოუვლენია ახალგაზრდა რუსი აგრონომი ვლადიმირ სტაროსევსკი. ამერიკულ საძირეზე ვაზი უნდა დაემყნო. საძირე კი ჩამოიტანეს, მაგრამ იმერეთში ამ საქმის მცოდნე ანუ მყნობელი არ ჰყავდათ. რუს აგრონომს რამდენიმე ახალგაზრდა შეურჩევია და მათთვის ამ ხელობის შესწავლა საკუთარ თავზე აუღია. ახალგაზრდებს შორის იყვნენ მამა და ბიძაჩემი. ამ საქმის შესწავლის შემდეგ, სოფელში დაბრუნებულმა მამამ და ბიძამ ეს საქმიანობა თავიანთ ორ ძმას შეასწავლეს. ამყნობდნენ ამერიკულ საძირეზე ვაზს და შემდეგ ყიდდნენ. დამყნობილ ვაზზე გლეხობაში თანდათან დიდი მოთხოვნა გაჩნდა. მამაჩემი და მისი ძმები თავიანთი შრომით ნელ-ნელა ქონებას აგროვებდნენ. შეძლებული გლეხები გახდნენ. მამაჩემი და მისი სამივე ძმა ენციკლოპედიაში არიან შეტანილი, როგორც ქართველი ვაზის საუკეთესო მყნობელები... მას შემდეგ რაც კოლმეურნეობა ჩამოყალიბდა, ძმებს კერძოდ მუშაობა აუკრძალეს. ჩამოართვეს დაგროვილი ქონება და მხოლოდ მცირე რაოდენობის მიწის ფართობი დაუტოვეს.

"მთელი ჩემი ენერგია მოვახმარე ბავშვობის ოცნებას..." GzaPress1928 წლის 28 აგვისტოს ნესტორ და დომიკა გიორგაძეების ოჯახში პირველი ვაჟი დაიბადა. უშანგი დაარქვეს. უშანგის კიდევ ხუთი დედმამიშვილი შეემატა. მათგან უმაღლესი განათლება მხოლოდ ოთხმა მიიღო, ორმა სწავლის გაგრძელება არ ისურვა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ლოგიკისა და ფსიქოლოგიის განყოფილებაზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გაანაწილეს ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთის საშუალო სკოლაში ქართული ლიტერატურის მასწავლებლად. 1968 წელს სოფელ დილიკაურის საშუალო სკოლის დირექტორად დანიშნეს. მას შემდეგ კიდევ მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა სოფელ არგვეთისა და ქალაქის საშუალო სკოლის დირექტორად.

- დილიკაურის საშუალო სკოლის დირექტორად ჩემი გადაყვანა იმან განაპირობა, რომ იმ პერიოდში რთული სიტუაცია იყო სკოლაში. მოკლე დროში სამი დირექტორი გამოიცვალა. სკოლაში ქაოსი და ინტრიგა სუფევდა. სკოლის შენობა ოცდაათი პროცენტით თუ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს. 700-მდე მოსწავლეს სამ ცვლაში უწევდა მეცადინეობა. გავეცანი თუ არა არსებულ მდგომარეობას, მიზანშეწონილად ჩავთვალე, რომ პირველ რიგში სკოლის მატერიალური ბაზა მომეწესრიგებინა, რათა მასწავლებლებს ჰქონოდათ მუშაობის ნორმალური პირობები. მისვლის დღიდანვე გამოვნახე მათთან საერთო ენა. ყველა შეუდგა თავისი საქმის ერთგულად კეთებას. ამასობაში რაიონის ხელმძღვანელობას თხოვნით მივმართე, რომ ახალი სასკოლო შენობა აეშენებინათ. რაიკომის მაშინდელმა მდივანმა, შოთა ვერულაშვილმა სწორად ჩათვალა ჩვენი მოთხოვნა. აღძრა შუამდგომლობა განათლების სამინისტროში, რომ ცენტრალიზებული სახსრებით აეშენებინათ სკოლა. ამ საქმის მოგვარების დროს მრავალი პრობლემა წამოიჭრა, მაგრამ ყველაფერი დადებითად გადაწყდა. სოფელს მოკლე დროში ჩაჰბარდა კეთილმოწყობილი და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სკოლა. მთელი ჩემი ენერგია მოვახმარე ბავშვობის ოცნებას - ახალი ადამიანის აღზრდასა და მათთვის განათლების მიცემას. ერთი წუთითაც არ მიღალატია ამ საქმისათვის. დღეს, ღრმა მოხუცებულობის დროს ყველაზე მდიდარ და ბედნიერ კაცად ვთვლი თავს, რადგან შრომა დამიფასდა. დღეს ხშირად მხვდებიან ჩემი მოსწავლეები, მეუბნებიან, - ქართული თქვენ შემაყვარეთ, უშანგი მასწავლებელოო. რამდენიმე წლის წინ იყო კიდევ ასეთი შემთხვევა: ჩაფიქრებული მივდივარ ქალაქის ცენტრში და მაჩერებს სიმპათიური ქალბატონი. მეუბნება: ვერ მიცანით, უშანგი მასწავლებელო? დიდი ხანია, თქვენთან შეხვედრაზე ვოცნებობდი, თქვენ გამო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიას დავეუფლე; ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ, უშანგი მასწავლებელივით თუ ჩავატარე გაკვეთილი, ნეტავ, მასავით თუ ვუყვარვარ მოსწავლეებს და მასავით თუ მაფასებენო?.. გამიხარდა, რომ ჩემსავით, ძალიან რთულ საქმეს - ახალი ადამიანის აღზრდას მოჰკიდა ხელი და მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახდა. ჩემს ყოფილ მოსწავლეებთან ასეთი შეხვედრები და საუბარი ძალიან მახარებს. იმედს მაძლევს, სიცოცხლეს მიხანგრძლივებს და ყველაზე მდიდარ და ბედნიერ კაცად მივიჩნევ თავს.

"ურთიერთობები და სითბო სადღაც დაიკარგა..."

ერთი წლის წინ ცხოვრების მეგზური გამოაკლდა. ერთად 57 წელი იცხოვრეს... ზესტაფონში სამაგალითო წყვილს, ყველა დიდი სიყვარულით იხსენებს.

- მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი გარიგებით შევქმენით. მაშინ ასე იყო მიღებული. ჩემი მეუღლე ინჟინერი ქალი გახლდათ. წითელ დიპლომზე დაამთავრა უმაღლესი. წლების განმავლობაში, სოფელ ძირულას ცეცხლგამძლე ქარხნის ლაბორატორიის გამგე გახლდათ. იმ პერიოდში არგვეთის სკოლაში ვმუშაობდი. საერთო ნაცნობებმა გაგვაცნეს ერთმანეთი და მალევე გადაწყდა ჩვენი შეუღლების ამბავი. ნათელა დედისერთა იყო, მამა გარდაცვლილი ჰყავდა და მის ოჯახში გადავედი საცხოვრებლად. შეგვეძინა ორი ვაჟი. ორივე ვმუშაობდით და მივყვებოდით ცხოვრების დინებას. დავიწყეთ ახალი სახლის აშენება. ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებდი. მერე ეზოში ვენახიც გავაშენეთ. გვიჭირდა თუ გვილხინდა, ყველაფერს ერთად ვუმკლავდებოდით, მოთმენა შეგვეძლო. ყველაზე მთავარი - ჩვენი შვილები გვაერთიანებდნენ. მერე სიყვარულიც მოვიდა და ძალიან ბედნიერი ოჯახი ვიყავით. ჩვენ შორის არანაირი ბუტიაობა და გაუგებრობა არ ყოფილა. პირიქით, შვილებზე პასუხისმგებლობა ორივეს თანაბრად გვქონდა გადანაწილებული. ახლა სიყვარულით ქმნიან ოჯახებს, მაგრამ ერთი ხელისმოსმით ისე ანგრევენ ყველაფერს, რომ ვითომც არაფერი... სხვანაირი თაობა მოვიდა. მოთხოვნილება დიდი აქვთ, მაგრამ მუშაობის სურვილი - ნაკლები. დღეს ყველაფერს უფრო მარტივად წყვეტენ. გაიცნობენ ერთმანეთს კომპიუტერით, ერთმანეთი ნანახიც არ ჰყავთ და პირველივე შეხვედრაზე ქორწინდებიან. ასე თუ გაგრძელდა ახალგაზრდობის მიდგომა ოჯახის შექმნასა და მის შენარჩუნებაზე, კარგი არაფერი გველოდება. ცხოვრების მეგზურს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ალბათ ყველაფერი მაინც ოჯახიდან მოდის. შვილებს ანებივრებენ, ყველა სურვილს უსრულებენ და ბოლოს თავში ირტყამენ ხელებს. ახლა ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ადამიანებიც გაცივდნენ. ყველაზე მეტად მაინც სოფლებზე მწყდება გული - ყოველდღიურად ცარიელდება. უნდა შეიქმნას სოფელში საწარმოები და დასაქმდეს ხალხი, თორემ მალე მთელი საქართველო მარტო თბილისი გახდება. უსამსახუროდ დარჩენილმა ხალხმა სოფელი შეიძულა. ადამიანის მოთხოვნილების დონემ ძალიან გაუსწრო მოვლენებს. ყველაფერი შეიცვალა. ადრე თუ ქელეხის სუფრებზე ყველიც იყო, ძვირფას სუფრად ითვლებოდა, ახლა ისეთ სუფრას შლიან, ვეღარ გაიგებ, ქელეხის სუფრაა თუ - ჭირის დღის. ამას თავი რომ დავანებოთ, ტრადიციებიც ნელ-ნელა იკარგება. იმერეთში ქორწილი რომ იქნებოდა, მეორე დილით ახალდაქორწინებულებს, თავიანთი მაყრით, მეზობლები იპატიჟებდნენ. მათ პატივსაცემად იხსნებოდა ჭური, საიდანაც დედოფალს თავისი ხელით უნდა ამოეღო ერთი ჭიქა ღვინო. წელიწადი ისე არ გავიდოდა, რომ სამეზობლოში თითო ოჯახს ლხინის სუფრა არ გადაეხადა. თუ იმერელს სტუმარი ჰყავდა და მის სუფრაზე ერთი მეზობელი მაინც არ იჯდა, ეს იმ ოჯახის ნაკლი იყო. ახლა ყველა ჩაკეტილია, ურთიერთობები და სითბო სადღაც დაიკარგა.

- თქვენს ახალგაზრდობაში როგორი იყო ზესტაფონი?

- მრეწველობა იყო, შვილო, მერე მშენებლობის განვითარება მოჰყვა. ნელ-ნელა ვითარდებოდა ზესტაფონი. შემოიყვანეს ტრანსპორტი. აშენდა ოთხი საკავშირო მნიშვნელობის საწარმო: ფეროშენადნობთა და კაბელის ქარხნები, სამკერვალო ფაბრიკა, შორაპანში აშენდა ელექტროელემენტების ქარხანა... ამ საწარმოებში უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული. დღეს ამ ქარხნებიდან ორი მუშაობს და ისიც კერძო გახდა. ნახევრადაა დატვირთული. ხან ვინ ყიდულობს, ხან ვინ. სამწუხაროდ, ფეროს ქარხანა მავნებელ და მომწამლავ აირს გამოჰყოფს. არანაირი კონტროლი არ ხდება, მოსახლეობა საფრთხეშია.

- ისევ თქვენს ოჯახს დავუბრუნდეთ: შვილებზე მოგვიყევით.

- ორი ბიჭი მყავს - გელა და გია. უნდა ვაღიარო, რომ მათთვის ქართულის თემა არ გამისწორებია. თქვენი მასწავლებელი რომ გაგისწორებთ, ის უფრო დაგამახსოვრდებათ-მეთქი, - სულ ამას ვეუბნებოდი. ძალიან დიდი და მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს სახლში. სულ კითხულობდნენ. ორივემ ისე აირჩია მომავალი პროფესია, რომ მე და ჩემი მეუღლე არ ჩავრეულვართ. ერთმა სამედიცინოზე ჩააბარა, მეორემ - საინჟინროზე. ახლა ხშირია შემთხვევა, როცა მშობლების ძალდატანებით ირჩევენ ბავშვები პროფესიას, რაც დამღუპველია. საბოლოოდ, არც იმ პროფესიას მიჰყვებიან, რასაც ამთავრებენ და ვერც იმ პროფესიას ეუფლებიან, რაც უნდოდათ...

დღევანდელ საგანმანათლებლო რეფორმებზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ ბევრი რამ შეიცვალა და საქმის კურსში არ არის. საუბრის ბოლოს ისევ აკვიატებული კითხვა მიტრიალებს თავში - ნეტავ, ამ ასაკში როგორი მეხსიერება მექნება?.. ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ერთია - ღმერთმა უწყის...

მასპინძლის ოჯახში ორი დღე გავატარე. ორი ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი დღე, რომელიც სოფელ სვირში მოგზაურობით დაიწყო და წყალტუბოში, პრომეთეს მღვიმეში ექსკურსიით დასრულდა. ასეთი მასპინძლობა იციან იმერეთში. გიორგაძეების ოჯახს შემოდგომაზეც ვესტუმრები. თორნიკე ყაჯრიშვილი ჟურნალი "გზა"