სულისშემძვრელი ტრაგედიის დეტალები - გზაპრესი

სულისშემძვრელი ტრაგედიის დეტალები

პირველ რიგში, მინდა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ძალიან ძნელია ანუგეშო, როცა ხედავ, რომ თავს ენით აღუწერელი ტრაგედია დაატყდათ. არადა, ყველაფერი სხვაგვარად იყო.

GzaPressტრაგედიამდე 4 დღით ადრე, ყველანი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ, მანანა გაბრიჭიძისა და დიმიტრი აბასოვის ქორწინებას ერთად ზეიმობდნენ. წყვილმა 3 მაისს იქორწინა, ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ და ბედნიერებით ხარობდნენ. 6 მაისს, გიორგობას, ბათუმში წასვლა გადაწყვიტეს, თითქმის მთელი ოჯახი ერთად წავიდა. მეორე დღეს ბათუმიდან ისევ უკან, ქუთაისში ბრუნდებოდნენ. დილის 9 საათი სრულდებოდა, როცა "მერსედესი" ავტოკატასტროფაში მოჰყვა. საჭეს 55 წლის ომარ ბილისეიშვილი მართავდა. სავარაუდოდ, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ბორდიურს შეეჯახა, ბოლოს მანქანა ხეს შეასკდა. 8 ადამიანიდან 5 ადგილზე გარდაიცვალა. მათგან ოთხი - ერთი ოჯახის წევრია. დაიღუპნენ ახალდაქორწინებულები, 29 წლის მანანა გაბრიჭიძე და 31 წლის დიმიტრი აბასოვი, მანანას და, 23 წლის თეონა გაბრიჭიძე, მათი 8 წლის დისშვილი, დათუნა ფურცხვანიძე და ოჯახის ნათესავი, მძღოლი, ომარ ბილისეიშვილი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს დათუნას დედა, 33 წლის მაია გაბრიჭიძე. ის ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში დღემდე უმძიმეს მდგომარეობაში რჩება გაბრიჭიძეების კიდევ ერთი და, თამუნა. რამდენიმე დღეა, აპარატზეა შეერთებული და სიკვდილს ებრძვის. იმედია, თამუნა გადარჩება და მის ისედაც განადგურებულ მშობლებს თავს ახალი განსაცდელი არ დაატყდებათ. დედის გამოჯანმრთელებას ელოდება სასწაულებრივად გადარჩენილი თამუნას 3 წლის ბიჭუნაც, რომელიც ავარიის დროს დედას კალთაში ეჯდა. საბედნიეროდ, ის უვნებელი გადარჩა.

გაბრიჭიძეების ოჯახის საშინელი ამბავი მათმა ნათესავმა, ქალბატონმა მაიამ მიამბო:

- ტყიბულში, სოფელ მუხურაში ჯონდო და ნატო გაბრიჭიძეებმა 5 ქალიშვილი გაზარდეს. უფროსი გოგონები, მაია და მადონა, ტყუპია, მერე მანანა გაჩნდა, მერე თამუნა და ყველაზე ნაბოლარა თეონა იყო. ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. სოფელში ისინი ყველას უყვარს, რადგან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. ღირსეულად გაზარდეს ქალიშვილები. პატარა ასაკიდან გოგონები მშობლებს გვერდით ედგნენ, სულ შრომობდნენ. ძალიან კეთილები, თბილები, სიცოცხლით სავსე გოგოები იყვნენ. ყველამ თავისით გაიკაფა ცხოვრების გზა, დამხმარე არავინ ჰყოლიათ, ქუთაისშიც აქვთ სახლი და სტუდენტობა იქ გაატარეს. ყველა დაოჯახდა, მხოლოდ ნაბოლარა, 23 წლის თეონა იყო გასათხოვარი. 3 მაისს, მანანას ქორწილი იყო და უცებ ის დიდი სიხარული, საშინელმა ტკივილმა ჩაანაცვლა. თითქოს ცა ჩამოიქცა. ენით აღუწერელია ის ტკივილი, რაც მათ ოჯახში ტრიალებს და რასაც განვიცდით. ოჯახის 4 წევრი ერთ დღეს დაიღუპა, თამუნას მდგომარეობაც უმძიმესია, სიკვდილს ებრძვის. გიორგობას თურმე ისინი ნათესავმა დაპატიჟა და ყველანი ერთად ბათუმში წავიდნენ. გაბრიჭიძეების უფროს ქალიშვილს, მაიას, წელს, 7 იანვარს, მოულოდნელად მეუღლე გარდაეცვალა ინსულტით და ჯერ ეს ტკივილი არ ჰქონდათ მოშუშებული... მანანას ქორწილში ნათესავების უმრავლესობა ამ მიზეზით არ იყო. მაია მაინც წავიდა, რადგან არ უნდოდა, დას გული დასწყვეტოდა. მაიას მეუღლის ძმაკაცის მანქანით წავიდნენ ბათუმში, მეორე დილით უკან ბრუნდებოდნენ. დილის 7 საათზე გამოსულან იქიდან, რადგან უნდოდათ, დათუნას სკოლაში მიესწრო. როგორც ჩანს, მძღოლი ამიტომ ჩქარობდა. მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდაო. მაიას ერთადერთი შვილი ჰყავდა, დათუნა და ისიც გარდაეცვალა. საშინელ დღეშია, დაკრძალვის წინადღეს გაიგო, რა უბედურებაც სჭირდათ. ტვინის შერყევა აქვს, ფეხზე ვერ იდგა, მაგრამ დაიტირა გარდაცვლილები. პერიოდულად გული მისდიოდა და ასულიერებდნენ. ალბათ მთელი ცხოვრება ვერ ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან მათი დაკრძალვის დღე. ტაძარში ერთად ესვენა ოთხი მიცვალებული. ეს იყო ყველაზე, ყველაზე საშინელი დღე. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო მათი მშობლები. მანანა 4 დღის გათხოვილი იყო, ძალიან კარგ ოჯახში შევიდა და ბედნიერიც იყო. უცებ, ეს საშინელება მოხდა... გამვლელებმა სცადეს თურმე დაშავებულების გადარჩენა, მაგრამ მათ სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათო. ეყარნენ თურმე მიცვალებულები და თამუნას 3 წლის ბავშვი ამდენ მიცვალებულებში, დამსხვრეულ მინებს შორის ამომძვრალა. მას მხოლოდ ხელზე აქვს პატარა ნაკაწრი. თეონა და პატარა დათუნა, დათუნას გარდაცვლილი მამის გვერდით დაკრძალეს, ხოლო ახალდაქორწინებულები აბასოვებმა ერთმანეთს არ დააშორეს და თავიანთ სასაფლაოზე დაკრძალეს. რაც შეეხება მძღოლს, ომარ ბილისეიშვილს, ის ცოლშვილიანი იყო და წყალტუბოს სოფელ ტყაჩირში, მშობლიურ სოფელში მიაბარეს მიწას. დებთან ერთად არ იმყოფებოდა მადონა, რომელიც 7 თვის ფეხმძიმეა და ისიც საშინლად განიცდის მომხდარ ტრაგედიას.

სულის შემძვრელი აღმოჩნდა დიმიტრი აბასოვის დის, გალინა აბასოვას მონათხრობი. ვუსმენდი ამ ახალგაზრდა ქალს და ცრემლს ვეღარ ვიკავებდი.

გალინა აბასოვა:

GzaPress- არ ვიცი, რა გითხრათ, საშინლად ვარ. 3 მაისს ჰქონდათ ულამაზესი ქორწილი და უცებ, ეს საშინელება დატრიალდა. თითქოს ეჩქარებოდათ და უნდოდათ, ყველაფერი მოესწროთ. ჩემს ძმას ვთხოვე, მაისში ქორწილი არ გადაეხადათ, რადგან გამიგონია, ქორწილის გადახდა არ ვარგაო, მაგრამ არ დამიჯერა. 3 მაისს იქორწინეს და 7 მაისს დაიღუპნენ, ერთი კვირაც არ გაუტარებიათ ერთად. ერთმანეთისთვის სითბოსა და სიყვარულის გაზიარებაც ვერ მოასწრო ცოლ-ქმარმა. არადა, როგორი ბედნიერები იყვნენ. ერთი წლის წინ, ეკლესიაში გაიცნეს ერთმანეთი. ჩემი ძმა ძალიან ეკლესიური იყო. კელიებიც კი აქვს თავისი ხელით აშენებული, დადიოდა მონასტრებში. ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან. ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ, სულ ერთად, ხელიხელჩაკიდებულები დადიოდნენ. დაქორწინებამდე გამაცნო მანანა ჩემმა ძმამ. ძალიან შემაყვარა თავი. ძალიან თბილი გოგო იყო, სიცოცხლით სავსე, ლამაზი. მეც ლამაზი ძმა მყავდა და მათი ბედნიერებით ვხარობდით. რა ბედნიერი იყო ჩემი ძმა, ხელს არ აშორებდა, თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს. რომ გარდაიცვალნენ, მაშინაც თურმე ჩემს ძმას ცოლი კალთაში ეჯდა. პატარა დათუჩია თურმე გამორჩეულო მოსწავლე იყო, არ უნდოდათ, სკოლა გაეცდინა და ამიტომ მოიჩქაროდნენ ქუთაისში. ისე ეჩქარებოდათ, სადაც სტუმრად იყვნენ, იქ დარჩათ ჩემს ძმასა და რძალს თავიანთი ჯვრები. როცა ვნახე, ჯვრები არ ეკეთათ, საავადმყოფოში, მანქანაში, ყველგან ვეძებდით, რადგან არც ერთი არ იცილებდა და რატომ დარჩათ იქ, არ ვიცი. რომ ჰქონოდათ, იქნებ ჯვარს დაეფარა. დაკრძალვის დღეს მისმა მეგობარმა მოიტანა ის ჯვრები. ერთმანეთს არ დავაცილეთ, ისე ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ერთ სამარეში დავკრძალეთ ორივე. არ ვიცი, როგორ ვიცოცხლო მათ გარეშე. დიმიტრი ჩემი ნაბოლარა ძმა იყო. 12 წლით უფროსი ვარ და შვილივით მყავს გაზრდილი. განსაკუთრებულად მიყვარდა. სულ ვფიქრობდი, მეორე ძმას არ ეწყინოს-მეთქი, მაგრამ ის ყველაზე პატარა იყო და ამიტომ ვიყავით ასე მზრუნველები მის მიმართ. სალონში ვმუშაობ, ჩემი ხელით გამოვპრანჭე მანანა საქორწილოდ. ძალიან ლამაზი პატარძალი იყო. ჩემი ძმაც გამოიპრანჭა. მეც მიხაროდა, ასეთ ბედნიერებს რომ ვხედავდი. საოცარი ძმა მყავდა, ხელოსანი იყო. სულ შრომობდა. რძალიც ასეთი თბილი რომ შემხვდა, ეს მიხაროდა. სულ 4 დღე გაგრძელდა მათი ბედნიერება. სალონიდან ჩქარა გაიქცნენ ეკლესიაში, ჯვრისწერაზე. ყველაფერი ქრისტიანულად გააკეთეს, ჯვრისწერის მერე ხელი მოაწერეს და მერე იყო ქორწილის სუფრა. ყველაფერი თავიანთი ხელით გააკეთეს. საქორწილო კაბაც ჩემმა ძმამ შეურჩია პატარძალს. მთელი ქორწილი ხელში ატატებული ჰყავდა. უამრავი ფოტო გადაიღეს. მხოლოდ ეს დაგვრჩა მათგან. გიორგობას ბათუმში წავიდნენ, თურმე ძალიან ლამაზი დღე გაატარეს. რომ წავიდნენ, დავემშვიდობე ორივეს. ორივე ერთად მეხუტებოდა. ჩემს ძმას ვუთხარი, - იცოდე, ხელისგულზე ატარე შენი ცოლი-მეთქი. მეც ყველანაირად ვედექი გვერდით. მანანა წასვლის წინ ჩამეხუტა და მითხრა, - საუკეთესო მული ხარ, ძალიან მიყვარხარო. ორივეს მოვეფერე. თურმე ბოლოჯერ ვიხუტებდი ჩემს ძმასა და რძალს. საშინელ დღეშია მანანას ოჯახი. სიძე ახალი გარდაცვლილი ჰყავდათ და ამიტომ არ უნდოდათ ქორწილი, მაგრამ ახალგაზრდებს გული არ დასწყვიტეს. საწყალი დედამისი, საშინელ დღეშია. სიტყვებით შეუძლებელია გადმოსცე ის ტკივილი, რაც ჩვენს ოჯახებში ხდება. საწყალი მანანას დედა, კუბოებს შორის გამწარებული დარბოდა და ტიროდა. ამ საშინელების შემხედვარეს ლამის გული გამიჩერდა, თვალში ცრემლი გამიშრა და ვერ ვიტირე ჩემები, გარინდული ვიდექი, გაქვავებულივით, ხმას ვერ ვიღებდი და მივჩერებოდი გამწარებულ დედას. მამაოსაც გაუჭირდა პანაშვიდის გადახდა, ისიც იდგა და ტიროდა. ჩემი ძმის ტელეფონშიც ბათუმში გადაღებული უამრავი ფოტო ვნახეთ. ბოლო კადრები ზღვის სანაპიროზეა გადაღებული. იქაც ხელში ჰყავს ატატებული ცოლი. დათუჩას ბოლო კადრიც არის ზღვაზე გადაღებული. არ მინდა დავიჯერო, რომ ის ბედნიერი წყვილი არ მყავს. ერთად წავიდნენ ამ ქვეყნიდან და მჯერა, ზეცაში ერთად იქნებიან. უამრავი ადამიანი მოვიდა დაკრძალვაზე, ხალხი ტაძარში შემოსვლას ვერ ახერხებდა. მანანას გადარჩენილი და, მაია ამბობს, - როცა გონზე მოვედი, მესმოდა ხალხის ხმა, ამბობდნენ, - დახოცილები არიანო. უკან ვერ ვტრიალდებოდი, მეშინოდა ამ საშინელების ნახვაო. არ ვიცი, როგორ გადავიტანთ ამ ტკივილს.

თეა ხურცილავა