რას ასწავლის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის პედაგოგი ბავშვებს - გზაპრესი

რას ასწავლის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის პედაგოგი ბავშვებს

ერთ-ერთმა სტუმარმა საკუთარი შვილის საბავშვო ბაღის აღმზრდელზე უცნაური რამ გვიამბო. დიდხანს ვიფიქრე, ღირდა თუ ამ ისტორიის სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ მერე მივხვდი, თუ ასეთ საკითხებზე არ ვისაუბრებთ და ყველა გავჩუმდებით, შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მივიდეთ. განათლების სისტემაში რომ არაერთი პრობლემაა, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ჩემი აზრით, მოსმენილი ამბავი განსაკუთრებით თავზარდამცემი და ყურადსაღებია.

ნინო ქაცარავა:

- ჩემი 5 წლის შვილი თბილისში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სახელმწიფო ბაღში დამყავს. ვერ ვიტყვი, რომ ამ ბაღით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, აქამდე არც მე და არც ჩემს შვილს უკმაყოფილება არ გამოგვითქვამს. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი დიდად არასოდეს მომწონდა, რადგან ყოველდღე მეწუწუნებოდა, - აღარ შემიძლია ამდენი ბავშვის გაძლება, ყოველდღე წნევა მიწევსო. რასაკვირველია, ძნელია, ყოველდღიურად 47 ბავშვი დააშოშმინო, თითოეულს სათანადო ყურადღება მიაქციო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მასწავლებლის პირდაპირი მოვალეობაა და როგორც უნდა იღლებოდეს, ამაზე მშობლებთან მაინც არ უნდა იწუწუნოს. ერთხელ ბავშვი შინ ტუჩგახეთქილი დაბრუნდა. იმ დღეს არ მეცალა და გიორგი ბაღიდან ჩემმა დედამთილმა გამოიყვანა. გიოს დასისხლიანებული ტუჩი რომ დავინახე, შევშფოთდი, - რა მოგივიდა-მეთქი? მიპასუხა, ნინომ (ჯგუფელმა) ხელი მომარტყაო. - არა უშავს, დედი, ალბათ შემთხვევით მოუხვდა-მეთქი. - არა, შემთხვევით კი არა, სპეციალურად მომარტყა. ჩვენს ჯგუფში ახალი ბავშვი გადმოვიდა. მასწავლებელმა დამავალა, რომ ეს ბავშვი გამეცინებინა. ვერ გავაცინე, ამიტომ ბავშვებმა "ჩამომახრჩეს" და ნინომაც მაშინ მომარტყა ხელიო...

- "ჩამოხრჩობაში" რა იგულისხმა?

- მეც სწორედ ამით დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ მასწავლებელს ახალი თამაში მოუფიქრებია: რომელი ბავშვიც დანარჩენებს ვერ გააცინებს, ის უნდა "ჩამოახრჩონო" ანუ რამდენიმე ბავშვი უნდა ეცეს და ეჭიდაოს, ვითომ ახრჩობს. ეს რომ გავიგე, აღვშფოთდი. გვიანი საღამო რომ არ ყოფილიყო, მაშინვე მასწავლებელთან გავიქცეოდი. გიორგიმ რომ შემატყო, გავბრაზდი, ჩემი დამშვიდება სცადა, - მართლა კი არ "ჩამომახრჩვეს", ვითომ-ვითომო. მაგრამ აბა, რა დამამშვიდებდა? მეორე დღეს ბავშვის გამოსაყვანად ბაღში თავად მივედი. მასწავლებელს პატარების თანდასწრებით "საქმის გარჩევა" არ ვაკადრე და ვთხოვე, - იქნებ ერთი წუთით დერეფანში გამოხვიდეთ-მეთქი. რომ გამოვიდა, ვკითხე: თქვენ თუ იცით, ეს ბავშვები "ჩამოხრჩობანას" რომ თამაშობენ-მეთქი? თავიდან, თითქოს გაიკვირვა, - არ ვიცი, ეგ რა თამაშიაო? მერე გიორგის ნაამბობი დაწვრილებით მოვუყევი. გაეცინა და "ამიხსნა": ქართული ფილმი ხომ გაქვს ნანახი, "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში"? იქ ამ ანეკდოტს რაჭველებზე ჰყვებიან. მეც ბავშვებს ანეკდოტი მოუყევი და ამათი ამბავი ხომ იცი, ყველაფერს მაშინვე აიტაცებენ ხოლმეო. ამან საერთოდ გამაგიჟა. ეს ფილმი არაერთხელ მაქვს ნანახი, მაგრამ რა ანეკდოტზე მეუბნებოდა, ვერაფრით მივხვდი, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? აღშფოთებულმა უხეშად ვუთხარი: 5 წლის ბავშვებს მსგავსი ანეკდოტები რომ არ უამბოთ, რა მოხდება? მათთვის მოსაყოლი სხვა არაფერი გაქვთ? ფაქტობრივად, ბავშვებს ძალადობის მეთოდებს ასწავლით-მეთქი. ჩემი ნათქვამი სასაცილოდაც არ ეყო. - კარგი, რა, ამ ასაკის ბავშვები ისეთ რაღაცებს უყურებენ და ისეთები ესმით, ჩემ მიერ მოყოლილი ანეკდოტი რა გახდაო? გაღიზიანებულმა მივუგე: სხვისი შვილები რას უსმენენ და უყურებენ, არ მაინტერესებს, ჩემს შვილს კი ოჯახში ძალადობას არ ვასწავლი. საბავშვო ბაღშიც იმიტომ დამყავს, რომ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან დროის ფუჭად გატარების ნაცვლად, ბავშვებთან ურთიერთობა ისწავლოს და აღმზრდელებისგან ზოგადი განათლება მიიღოს, ოღონდ - არა ძალადობის სფეროში-მეთქი. მასწავლებელი მიხვდა, რომ ძალიან გავბრაზდი და მთხოვა: ეს დირექტორს არ მოუყვე და გპირდები, ამის შემდეგ ყველა სიტყვას მოვზომავო. თუმცა, წამოსვლისას მაინც მითხრა, - ეს რა არის, შენ ვერ წარმოიდგენ, მშობლები და ბავშვები ჩემზე რას იგონებენ და დირექტორს რეებს უყვებიანო...

- როგორც ჩანს, თქვენი აღმზრდელი მაინც ვერ მიხვდა, რას ედავებოდით...

- ასეა! ვუპასუხე, - არც მე და არც ჩემს შვილს არაფერი მოგვიგონია. ფაქტი თავად დაადასტურეთ, რომ ბავშვებს "ჩამოხრჩობანას" ასწავლიდით. ასე რომ, მსგავსი რამ თუ გამეორდება, ნამდვილად დირექტორთან შევალ, საჩივრით-მეთქი.

- ამ საუბარს არავინ შესწრებია?

- საქმეც იმაშია, რომ მაშინ, როცა მასწავლებელს ველაპარაკებოდი, შვილებს კიდევ რამდენიმე მშობელმა მოაკითხა. ვიდრე ბავშვებს ჩააცმევდნენ, ჩვენი საუბარი ხომ ესმოდათ?! მაგრამ არც ერთი საუბარში არ ჩართულა, უფრო მეტიც - რამდენიმე მათგანში ჩემმა ემოციამ ირონიული ღიმილი გამოიწვია. როგორც ჩანს, ჩვენი მასწავლებელი ნაწილობრივ, მართალიც იყო. ბევრ მშობელს "ჩამოხრჩობანას" თამაში ჩვეულებრივი ამბავი ჰგონია.

- აღმზრდელთან საუბარმა შედეგი გამოიღო?

- მასწავლებელთან საუბრის შედეგზე რა გითხრა, მაგრამ მის მიერ ნასწავლმა "ჩამოხრჩობანამ" შედეგი ნამდვილად გამოიღო: რამდენიმე დღის შემდეგ, სამზარეულოში ვიყავი, სადილს ვამზადებდი. ჩემი შვილები იქვე, მისაღებ ოთახში თამაშობდნენ. უცებ, უმცროსი შვილის (რომელიც მხოლოდ წლინახევრისაა) მოგუდული კივილი გავიგონე. მათკენ წავედი და რას ვხედავ: გიორგის დივანზე პირქვე დაუწვენია, თვითონ ზემოდან ეჯდა და ახრჩობდა, ამის მიზეზი კი "კარლსონის" წიგნი გახლდათ, რომელიც პატარამ დაუკითხავად აიღო. მიუხედავად იმისა, რომ გიო სამი წლიდან ბაღში დადის, წერა-კითხვა არ იცის, ასოებს ვერ ცნობს. სამაგიეროდ, უმარტივესად აითვისა, თუ როგორ უნდა "ჩამოახრჩოს" ადამიანი. ჩვენი განათლების სისტემა რომ მისახედია, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, მასწავლებლებზე ყოველდღიურად დაკვირვება უნდა ხდებოდეს, რათა ბავშვებთან მსგავს სისულელეებზე არ ილაპარაკონ. ახლა ამბობენ, საბავშვო ბაღებში ვიდეოკამერები უნდა დამონტაჟდესო, - ამ ფაქტს მივესალმები. ის მაინც ეცოდინება მშობელს, რა პირობებში ტოვებს ბავშვს მთელი დღით.

ნათია ჟივიძე