"ჯილდოს მიღებას ზარ-ზეიმით არ აღნიშნავდა"
ცნობილი დირიჟორი, კომპოზიტორი და პედაგოგი - შალვა აზმაიფარაშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ უამრავი რამ მოასწრო. იგი გახლდათ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი, საქართველოს რადიოს სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი. ამასთან, სხვადასხვა საზოგადოებრივი დატვირთვაც ჰქონდა. ოჯახი შედარებით გვიან შექმნა: ჯერ ჯარი მოიარა, მერე თბილისის კონსერვატორია დაამთავრა და სწავლა მოსკოვში გააგრძელა, იქიდან ჩამოსვლის შემდეგ კი დაოჯახდა. შალვა აზმაიფარაშვილის ერთადერთ შვილს, ქალბატონ თინა ბუკიას მამაზე სასაუბროდ შინ ვეწვიე.
- მშობლების სიყვარულის ამბავზე მიამბეთ...
- მათი შეყვარებულობის პერიოდზე ვერაფერს გეტყვით. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. დედა თამარ კვირიკაძე მუსიკოსი იყო, მამის მოწაფე. ასაკში განსხვავება 8 წელი გახლდათ. დედაჩემი 95 წლისა გარდაიცვალა... შესანიშნავი მამა მყავდა - მზრუნველი, მოსიყვარულე. ჩვენ საკმაოდ თბილი ურთიერთობა გვქონდა. მე და დედა მამას სპექტაკლებზე ხშირად მივდიოდით. თუ ვერ წავიდოდით, სახლში მის მოსვლას მოუთმენლად ველოდით, არც ერთს არ უნდა დაგვეძინა. სპექტაკლი კი გვიან, ღამის 12 საათზე მთავრდებოდა. შინ დაბრუნებული დაწვრილებით გვიყვებოდა, იმ დღეს როგორ ჩაიარა წარმოდგენამ. ასე რომ, 6-7 წლის ბავშვისთვის ღამის ორ საათზე დაძინება ჩვეულებრივი ამბავი იყო. მთელი ოჯახი, დასასვენებლად ყოველთვის ერთად მივდიოდით. მამას ზაფხულში თავისი ორკესტრი ბორჯომსა და გაგრაში მიჰყავდა, იქ კონცერტებს მართავდნენ. ბათუმშიც ხშირად ჩავდიოდით.
- მუსიკას ალბათ, თქვენც სწავლობდით, არა?
- მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, მაგრამ არ დამიმთავრებია. მუსიკა ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს, თუმცა სხვა სფეროს ვემსახურები - ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი ვარ.
- რომელი ოპერები გიყვარდათ გამორჩეულად?
- ახლაც მიყვარს: "აიდა", "აბესალომ და ეთერი", "კარმენი", "ოტელო". ამაყი ვიყავი, როცა მამა სადირიჟორო პულტთან იდგა. გამორჩეულად მიყვარდა საფორტეპიანო კონცერტები, როცა ცნობილი პიანისტები ჩამოდიოდნენ. მახსოვს რახმანინოვის ბრწყინვალე საფორტეპიანო კონცერტები ემილ გილელსის და რიხტერის შესრულებით.
- ბატონ შალვას ბევრი პრემია და ჯილდო ჰქონდა. რომელიმეთი განსაკუთრებით ამაყობდა?
- ჯილდოს მიღებას ზარ-ზეიმით არ აღნიშნავდა. ძალიან თავშეკავებული კაცი იყო. მახსოვს, სტალინური პრემიის ლაურეატი გახდა, როგორც დამდგმელი დირიჟორი შალვა მშველიძის ოპერის - "ამბავი ტარიელისა". საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმდენად შესანიშნავი დადგმა იყო, პირველი ხარისხის პრემია დირიჟორმა და რეჟისორმა, ალექსანდრე წუწუნავამ მიიღეს, ხოლო მეორე ხარისხის პრემია კომპოზიტორს გადასცეს. შალვა აზმაიფარაშვილი ფილმის - "ქეთო და კოტე" დამდგმელი დირიჟორი გახლდათ. ალბათ, გახსოვთ, სიკოს და ნიკოს დუეტს ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე ასრულებენ. თავიდან ეს სიმღერა სხვას უნდა შეესრულებინა, მაგრამ მამას გადაწყვეტილებით, მათ იმღერეს და ყველასთვის საყვარელი დუეტი გახდა.
- მამის პიროვნულ თვისებებზეც მითხარით რაიმე...
- ის არასოდეს ბრაზდებოდა. ჰყავდა უახლოესი მეგობრები, რომლებიც ძალიან უყვარდა, მათ შორის იყვნენ: შალვა მშველიძე, გრიგოლ ჩხიკვაძე, ალექსი მაჭავარიანი, პეტრე გრუზინსკი და სხვები. ისინი ხშირად იყვნენ ჩვენი სტუმრები და სუფრაც არცთუ იშვიათად იშლებოდა. მამა არ თამადობდა, თუმცა ისეთ მხიარულ ამბებსა და ანეკდოტებს ჰყვებოდა, მთელი სუფრა ხარხარებდა. სახლში ყველაზე დიდ ოთახში იდგა როიალი (ახლაც იქ დგას), სადაც იჯდა და მუსიკას წერდა. კარს გამოკეტავდა და მუშაობდა, თუკი ამის დრო ჰქონდა. საოცრად შრომისმოყვარე, ისეთი გადატვირთული იყო საქმეებით, რომ ყოველთვის გვიან იძინებდა. ერთდროულად იყო: დირიჟორი, სამი ორკესტრის ხელმძღვანელი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი, საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი, მუსფონდის წევრი, უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი. ალბათ, ამიტომაც გარდაიცვალა ნაადრევად.
- 54 წლისა რითი გარდაიცვალა?
- უცბად, ინფარქტი დაემართა და რამდენიმე წუთში აღარ იყო. სახლში მოხდა ეს ამბავი, მაშინ 18 წლის ვიყავი.
- მამათქვენი პირველი ქართული ნახატი ფილმის - "არგონავტების" კომპოზიტორია. რა შეგიძლიათ ამ ფილმზე თქვათ?
- რეჟისორმა ვლადიმერ მუჯირმა მიიწვია სამუშაოდ, უშუალოდ გადაღების პროცესზე არაფერი ვიცი. ანიმაციური ფილმის მთავარი მხატვარი ლადო გუდიაშვილი იყო, რომელიც მამას ძალიან დაუახლოვდა, ისინი დამეგობრდნენ.
- დირიჟორი გივი აზმაიფარაშვილი გენათესავებათ?
- გივი ჩემი ბიძაშვილია; მისი მამა და მამაჩემი ბიძაშვილები იყვნენ. დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი გივის ვაჟია. გივი ჩვენთან ხშირად მოდიოდა, ნიჭიერი კაცი იყო. მამას ის ძალიან მოსწონდა, ბევრს საუბრობდნენ. ოჯახებით ერთად მივდიოდით ხოლმე დასასვენებლად ფასანაურში.
- თქვენი გვარის ფუძე კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან მოდის. რა გაკავშირებთ ამ სოფელთან?
- შალვას მამა მეტეხიდან წამოვიდა და თბილისში დასახლდა. იქ არაფერი გვაქვს, თუმცა გვყავს ბევრი ნათესავი და მათთან დღემდე ვურთიერთობ. შალვას მამის პირველი ცოლი ქართველი იყო, მასთან 4 შვილი ჰყავდა, მათ შორის - მამაჩემი. ის ქალბატონი, ე.ი. ჩემი ბებია 27 წლისა გარდაიცვალა. მერე ბაბუამ ჩეხი ქალი შეირთო და 6 შვილი შეეძინა. მამას ყველა და-ძმასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მათ ეხმარებოდა კიდეც. შალვა ფაქტობრივად, დეიდამ გაზარდა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა და მას "ბებიას" ვეძახდი.
- დაკრძალვის დღე მძიმე გასახსენებელია...
- ოპერის თეატრის მესამე სართულზე, დიდ დარბაზში იყო დასვენებული. ოპერისა და სიმფონიური ორკესტრები რიგრიგობით უკრავდა. რომ გამოასვენეს, ქუჩაში სამხედრო ორკესტრმა დაუკრა, რომელიც ორკესტრის ხელმძღვანელს, ჟელტუხინს მამის პატივსაცემად მოუყვანია. მამა ჯარში ყოფნისას სამხედრო ორკესტრში უკრავდა. ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
- როცა მამაზე ნოსტალგია მოგეძალებათ, მის დაწერილ რომელ ნაწარმოებს უსმენთ?
- მისი საორკესტრო სიუიტა "ძველი თბილისის სურათები" ძალიან მომწონს. არის კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც სერგო ზაქარიაძე კითხულობს ლექსს: "სამშობლო მთებო, თქვენი შვილი განებებთ თავსა...". მას ფონად მამის მუსიკა გასდევს. ორივე საქართველოს რადიოს ფონდში ინახება და როცა ეთერში გადის, ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ. სამწუხაროდ, პირადად არ მაქვს ამ ლამაზი ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები.
- არ გწყდებათ გული, რომ არც შვილმა და არც შვილიშვილებმა პროფესიად მუსიკა არ აირჩიეს?
- ვფიქრობდი, რომ მუსიკასთან აღარაფერი გვაკავშირებდა, მაგრამ მგონი, გენმა "გაიღვიძა" და მოულოდნელად, ჩემმა შვილიშვილმა, გიორგი ქოჩორაძემ, რომელიც გარემოს დაცვის სპეციალისტია, ცოტა ხნის წინ მუსიკის წერა დაიწყო. ჯგუფი "ეოსი", სადაც გიორგი გიტარასა და დრამზე უკრავს, 2017 წლის "ევროვიზიის" საქართველოს შესარჩევ კონკურსზე, ფილარმონიაში მისი სიმღერით წარდგა. ვნახოთ, ამ გატაცებას როგორი გაგრძელება ექნება. ოჯახის წევრები ძალიან ვგულშემატკივრობთ.
ნანული ზოტიკიშვილი