სისხლიანი შესაწირი - ხალხური ადათი თუ ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვა? - გზაპრესი

სისხლიანი შესაწირი - ხალხური ადათი თუ ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვა?

საქართველოში, განსაკუთრებით - რეგიონებში, დღემდეა შემორჩენილი უფლის სახელზე საკლავის, უმეტესად - ცხვრის დაკვლის ტრადიცია. ამ საკლავს ავადმყოფობისა თუ სხვა განსაცდელის ჟამს აღუთქვამენ უფალს. სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა ძველი აღთქმის პერიოდში, როდესაც ღვთისმსახურების მთავარი ელემენტი სწორედ მსხვერპლის შეწირვა იყო. მაშინ აღესრულებოდა ოთხი სახის მსხვერპლშეწირვა, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლშეწირვის დროს ხდებოდა სიხლის სხურება... რა დანიშნულება ჰქონდა ძველაღთქმისეულ მსხვერპლშეწირვას? რა დამოკიდებულება აქვს ახალი აღთქმის ეკლესიას სისხლიანი შესაწირის მიმართ? მიიღებს თუ არა უფალი ჩვენგან გაღებულ სისხლიან შესაწირს?

- რა დანიშნულება ჰქონდა ძველი აღთქმის პერიოდში სისხლიან მსხვერპლშეწირვას? რატომ დაუდგინა უფალმა რჩეულ ერს შესაწირის აღსრულება?

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ძველი აღთქმის პერიოდში მთელი სამყარო აღასრულებდა სისხლიან მსხვერპლშეწირვას. ყველგან გავრცელებული იყო კერპთმსახურება, რადგან ისრაელის ერი ადვილად არ მიდრეკილიყო ეშმაკის მსახურებისადმი ანუ მათ მსხვერპლი ეშმაკისთვის და კერპებისთვის არ შეეწირათ. უფალმა დაუდგინა ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა - გარეგნულად წარმართებისა და ისრაელიანების მსხვერპლშეწირვა ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ გარეგნული მსგავსება და არა - შინაგანი. ამასთან, ისრაელიანებს მსხვერპლშეწირვა შეეძლოთ მხოლოდ ერთ ადგილას - იერუსალიმში, სოლომონის ტაძარში, რათა ისრაელიანთა შორის არ გავრცელებულიყო კერპთმსახურება და მხოლოდ ერთი ღმერთისთვის შეეწირათ მსხვერპლი. რა თქმა უნდა, უფალს არაფერში სჭირდებოდა ამგვარი მსხვერპლი. დავით წინასწარმეტყველი ერთ-ერთ ფსალმუნში ბრძანებს: მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი და გული შემუსვრილი და დამდაბლებულიო. ანუ უფალს არა სისხლიანი მსხვერპლი, არა - ზვარაკები და ვაცები, არამედ შემუსვრილი გული და შემუსვრილი სული სჭირდება. სხვა თუ რაიმე დასჭირდება, არავისგან არაფერს მოითხოვს და არ შეეკითხება, რადგან ყოველივე უფლისაა. მსხვერპლშეწირვის დადგენა საჭირო იყო, რათა ამ გზით ადამიანებს თავიანთი მსახურება და თაყვანისცემა გამოეხტათ უფლისადმი, ამით ედიდებინათ იგი. ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანების გონება ჯერ კიდევ არ იყო ასული ღვთისმეტყველების საფეხურებზე. უფალს რომ მათთვის იგივე მსახურება დაედგინა, რაც ახალი აღთქმის პერიოდში - გონებითი მსახურება, ლოცვა თუ სხვა, ადამიანები ამას ვერ გაიგებდნენ, ვერ ჩასწვდებოდებენ და მასიურად მიიდრიკებოდნენ კერპთმსახურებისკენ. ამიტომაც უფალმა რჩეულ, ჭეშმარიტი ღვთის მიმდევარ ერს დაუდგინა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა და ამით შეუზღუდა სულიერი გალავანი, რათა ისინი არ მიდრეკილიყვნენ კერპებისადმი მსხვერპლის შეწირვისკენ და მთლიანად კერპთმსახურებას არ მისცემოდნენ. ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვის, კერძოდ, მრგვალად დასაწველი მსხვერპლშეწირვის დროს დაღვრილი სისხლი მიანიშნებდა ჯვარცმის დროს იესო ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლზე, რომლის მეშვეობითაც მოხდა კაცობრიობის გამოსყიდვა - კაცი და ღმერთი შეიწირა ადამიანის ცოდვებისთვის. ეს იყო ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა, რომლის შემდეგაც ახალი აღთქმის ეკლესიაში სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღარ აღესრულება.

ახალ აღთქმაში უმთავრესი მსხვერპლშეწირვაა ზიარების საიდუმლო, როდესაც ღვინო და პური გარდაიქცევა მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად, რითაც ადამიანები ეზიარებიან და თანაზიარნი ხდებიან ღვთისა. გარდა ამისა, ადამიანმა უფალს მსხვერპლად უნდა შესწიროს შემუსვრილი გული, ჭეშმარიტი ღვთისმსახურება, ღვთის მცნებების აღსრულება. ეს არის სწორედ ჭეშმარიტი მსხვერპლის შეწირვა ღვთის წინაშე.

GzaPress- მიუხედავად სიხლიანი მსხვერპლშეწირვის გაუქმებისა, საქართველოში შემორჩენილია უფლის სახელზე აღთქმული ცხოველის, განსაკუთრებით - ცხვრის დაკვლის ტრადიცია. როგორ უყურებს ამ ქმედებას ახალი აღთქმის ეკლესია? როგორც შესაწყნარებელ ხალხურ ჩვეულებას თუ როგორც უფლის წინაშე ჩადენილ ცოდვას?

- ეკლესიაში მიჰყავთ და სწირავენ შინაურ ცხოველებს, განსაკუთრებით - ცხვარს ან ფრინველებს. ახალი აღთქმის პერიოდში ამან მიიღო სულ სხვა დანიშნულება. ეს არის ეკლესიისა და უპოვართა სახელზე გაღებული მოწყალება და არა - მსხვერპლშეწირვა იმ გაგებით, რა გაგებითაც ძველი აღთქმის პერიოდში შეიწირებდა მსხვერპლი - საკლავი დაიკვლებოდა საკურთხეველთან, დაიწვებოდა მთლიანად ან ნაწილობრივ და ხდებოდა სისხლის პკურება. ხოლო თუ სადმე, ზოგიერთ კუთხეში ან ადამიანთა ნაწილში დარღვეულია ეს ტრადიცია, ანუ ისინი სწირავენ ცხოველსა და ფრინველს რიტუალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ სალოცავის გარშემო შემოატარებენ, თავზე შემოივლებენ, რქაზე სანთელს აუნთებენ, დაკლავენ, შემდეგ სისხლს ასხურებენ ან სისხლს ადამიანებს აცხებენ, ეს აბსოლუტურდ საწინააღმდეგოა ღვთის მცნებებისა, განშორებაა ქრისტესგან, განშორებაა ქრისტიანობისგან და ღვთისგან და არამც და არამც არ შეიძლება ჩაითვალოს არა თუ ქრისტიანულ ღვთისმსახურებად, არამედ, არც უწყინარ და შესაწყნარებელ ხალხურ ადათადაც კი. ასეთი სახით გაღებულ შესაწირს არანაირად არ შეიწირავს უფალი, რადგან ეს არის ფაქტობრივად, ეშაკისადმი გაღებული მსხვერპლშეწირვა. უფალმა ამ სახის მსხვერპლშეწირვა გააუქმა. როგორც უნდა ირწმუნოს და ამტკიცოს ადამიანმა, რომ ამ სახით უფალს სწირავს მსხვერპლს, ეს მაინც ბოროტის ნების აღსრება და მისადმი გაღებული შესაწირია. ასევე ეგონათ წარმართებაც, რომ ღმერთებს სწირავდნენ მსხვერპლს, მაგრამ სინამდვილეში მათი მსხვერპლშეწირვა ბოროტისადმი იყო აღსრულებული.

- საერთოდ, გამართლებულია თუ არა, საკლავის დაკვლის აღთქმა დაიდოს ღვთის წინაშე?

- არ არის აუცილებელი, ღვთის მიმართ ამ სახის აღთმის დადება, თუმცა, შეიძლება ამასაც მოეძებნოს გამართლება: თუ ადამიანი ამის მოწყალების მიზნით იქმს - დავუშვათ, დაკლა საკლავი, ყოველგვარი რიტუალების აღსრულების გარეშე მოამზადა ტრაპეზი და გაჭირვებულები დააპურა ან ეკლესიას შესწირა. ერთადერთი, ასეთ შემთხვევაშია ჩვენი ქმედება ღვთისთვის სათნო. რიტუალური წესების აღსრულება, როგორც ვთქვით, პირდაპირ წინააღმდგომობაა ღვთისა. რიტუალური წესების აღსრულების შემდეგ, მოწყალებადაც რომ გაიღოს ადამიანმა აღქმული შესაწირი, ეს ღვთისთვის გაღებული მაინც არ არის.

შორენა მერკვილაძე