15-წუთიანი თამადა და სუფრის სამაგალითო წინამძღოლები
"მე მინდა საქართველოს სპორტულობა ვუსურვო! უწინარეს ყოვლისა, უნდა ვიყოთ ჯანმრთელად, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით! სპორტსმენებს აქვთ ძალიან კარგი წესები: მეგობრობა, სუსტისადმი პატივისცემა, არაძალმომრეობა... ვუსურვებ საქართველოს სპორტულობასა და იღბალს! იღბალია მთავარი, თორემ ტიტანიკზე ყველა მილიონერი და ჯანმრთელი იყო და მათი 80 პროცენტი დაიღუპა..." - ამბობს საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.
- 16 წლიდან მიწევს თამადობა და უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, ამ ტრადიციას არ ვღალატობ. თავს არ ვიქებ, მაგრამ თამადობა დიდოსტატობაა, გამორჩეული პროფესია! თამადა უნივერსალურად განვითარებული უნდა იყოს, ორატორი და კარგად მეტყველი! აუცილებელია ჰქონდეს მოთმენის კულტურა! რაც უნდა მოხდეს, სუფრასთან მსხდომთა შორის, მან ეს უნდა აიტანოს! ყოველთვის უნდა აკონტროლებდეს თავს და რამდენიც უნდა დალიოს, თავი არ დაკარგოს! ყოველთვის ძალიან ცოტას ვსვამდი და ახლა საერთოდ, აღარ ვსვამ, მხოლოდ მიკროფონი მიჭირავს ხელში და ასე მიმყავს სუფრა... თამადა მთვრალ ხალხსაც ტაქტიანად უნდა მოექცეს და ამდენად, მსახიობიც უნდა იყოს, სპორტსმენიც და კიდევ უამრავი ნიჭით დაჯილდოებული... ასეთი თამადა გახლდათ კოტე მახარაძე. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მინახავს უბადლო თამადები, მაგრამ ჩემთვის მაინც გამორჩეული იყო კოტე. სომხეთის პრეზიდენტის თხოვნით, ნიკიტა სიმონიანის 75 წლის იუბილეზე, ათასკაციან სუფრაზე კოტე მახარაძე იყო თამადა. მთელი წლის განმავლობაში, სომხეთში ყველა ამ განსაცვიფრებელ სუფრაზე საუბრობდა, გაოგნებულები იყვნენ. პერსონალური სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს, თამადას უნდა შეეძლოს ადამიანი სრულყოფილად დაახასიათოს. ნიჭიერი თამადა თუ თვითონ ვერ ფლობს ინფორმაციას, მასპინძელს ეკითხება და წამებში ახერხებს, სადღეგრძელო ისე წარმოთქვას, ყველას გააგებინოს ამ ადამიანის დამსახურება. აი, ეს იშვიათი ნიჭი ჰქონდა კოტე მახარაძეს და დიდი იუმორიც. რაც მთავარია, თეფშზე დანა და ჩანგალი არასოდეს დაუბრახუნებია ხალხის ყურადღების მისაპყრობად. ყოველთვის სამარისებური სიჩუმე იყო, როდესაც სადღეგრძელოს წარმოთქვამდა. მისი სადღეგრძელოდან სუფრის ყველა წარმომადგენელი რაღაც ახალს იგებდა და სწავლობდა.
- როგორც ვიცით, ასევე შესანიშნავი თამადა იყო სოფიკო ჭიაურელიც...
- სოფიკო კარგი თამადა იყო. მას და კოტეს ზოგჯერ წყვილში, ტანდემში მიჰყავდათ სუფრა. სოფიკოც უნიჭიერესი ქალბატონი გახლდათ.
- განსაკუთრებულ სუფრებს შორის რომელი გახსენდებათ?
- თემურ ხუბულურის საიუბილეო სუფრაზე გახლდით თამადა, სადაც 450 სტუმარი იყო: მთავრობის წევრები, სპორტსმენები, მეცნიერები, მსახიობები და სხვა... თამადა გახლდით და ისეთი კოლექტიური სადღეგრძელოების მანერით წავიყვანე სუფრა, რომ ყველა კმაყოფილი დარჩა. მეუბნებოდნენ, - ბატონო ჯამლეტ, ეს რა კარგი საღამო მოგვიწყვეო... ამ სტუმრებიდან შემდეგ ვინც შემხვდებოდა, ყველა იმ სუფრას იხსენებდა და ძალიან სასიამოვნო იყო მათი სიტყვების მოსმენა.
დაახლოებით 50 წლის წინ, მეგობარი გარდაიცვალა და ქელეხის სუფრის თამადა ვიყავი. იქაც საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ენაზე წარვმართე სუფრა: ქართულად, რუსულად, სომხურად, ცოტა ინგლისურად და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, დღესაც ხშირად მახსენებენ იმ სუფრას. ქელეხის სუფრის წაყვანა უმძიმესია, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს და უნდა შეგეძლოს გარდაცვლილს პატივი ღირსეულად მიაგო... კიდევ ბევრის გახსენება შემიძლია, მაგრამ ეს ორი სუფრა ჩემთვისაც განსაკუთრებული იყო.
- სოფლებში, გლეხებთან თუ მოგილხენიათ და რამდენად კმაყოფილი დარჩენილხართ?
- საერთოდ, სიტყვა "გლეხი" არ მომწონს. გვქონია რაიონებსა და სოფლებში საზეიმო საღამოები და მე ვერც ერთ ადამიანს გლეხს ვერ ვუწოდებ! გლეხიც ისეთივე იყო, როგორიც მე. თანამოქალაქეებთან ვიყავი, რომელთა შორის იყვნენ სოფლის ფერმაში მომუშავე ადამიანები, ხელოვანები, ადგილობრივი გამგებლები და ასე შემდეგ... რასაკვირველია, კმაყოფილი დავრჩენილვარ. ყველა სუფრაზე შეგიძლია, ბევრი რამ ისწავლო.
- დღეს ქართულ სუფრაზე ბევრი რამ შეიცვალა...
- დიახ, შემოვიდა მრგვალი მაგიდები და ყველა მაგიდას თავისი თამადა ჰყავს - მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ქართული ტრადიციის შენარჩუნებას ვცდილობ... სუფრას ერთი თამადა უნდა ჰყავდეს და თამადის კულტი არ უნდა დაიკარგოს! მყავდა ბიძა, გიგლა ხუხაშვილი, რომელიც გენიალური მწერალი და დრამატურგი იყო. სასწაული ხმა ჰქონდა, გენიალური თამადა იყო. სუფრაზე თავიდან ხმაური ყველგან არის, მაგრამ ზუსტად ერთი წუთის შემდეგ, მას ყველა სულგანაბული უსმენდა... მე ვცდილობდი თამადობის ოსტატობა მისგან და კოტესგან მესწავლა.
ახლა არ შემიძლია, სამაგალითო თამადებს შორის არ დავასახელო ბადრი პატარკაციშვილი. მახსოვს, დედამისი 70 წლის რომ გახდა, ბადრიმ დიდი საიუბილეო საღამო გადაუხადა რესტორანში. ბადრის საშინელი ტკივილები აწამებდა, რადგან სამწვერა ნერვის ანთება ჰქონდა... მიუხედავად ძლიერი ტკივილებისა, ხუთი საათის განმავლობაში სუფრა ისე მიჰყავდა, ღიმილი არ მოშორებია სახიდან. ყველა მისი სადღეგრძელო იმდენად პატრიოტული იყო, ვამბობდი, ჩავიწეროთ და ბროშურა გამოვცეთ-მეთქი... ცეკვა და სიმღერა საშუალოდ შეეძლო, ლექსები ბევრი იცოდა, მაგრამ ყველაზე ხშირად იმეორებდა - "ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო..." სამწუხაროდ ეს სიმღერა გაჰყვა მას, ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალა და შემდეგ, როცა ბადრიზე ფილმი გადაიღეს, ნამუშევარი სწორედ ამ სიმღერით მთავრდება...
მან 2004 წელს სტუმრად ჩამოიყვანა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი - შიმონ პერესი და 80 წლის იუბილე აქ გადაუხადა. იმდენად განსაკუთრებული და განუმეორებელი საღამო იყო, შემდეგ შიმონ პერესი ყველგან ამას იხსენებდა. თამადა თავად ბადრი გახლდათ... მას ძალიან უყვარდა ვაჟა ლორთქიფანიძის თამადობა და მათ ზოგჯერ წყვილად მიჰყავდათ სუფრა - ასე წაიყვანეს შიმონ პერესის საიუბილეო საღამოც. რასაკვირველია, მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანებიც იყვნენ მოწვეული, მაგრამ მათ ჩამოთვლას მოვერიდები, არავინ გამომრჩეს.
- სუფრიდან რაიმე უცნაური თავგადასავალი გახსენდებათ?
- რაც ჩემს საიუბილეო საღამოზე მოხდა, შეგვიძლია, კურიოზად ჩავთვალოთ. თამადად დავნიშნე მეგობარი, რომელიც მოწვეულ სტუმრებს, ჩემსავით კარგად არ იცნობდა. თამადამ მადღეგრძელა, როგორც იუბილარი და შემდეგ მივმართე სტუმრებს, - დიდ ბოდიშს გიხდით, თამადამ უნდა დაგვტოვოს, აეროპორტში აგვიანდება, ოჯახის წევრს უნდა დახვდეს და ამიტომაც, თამადობას მე ვკისრულობ-მეთქი... გავაგრძელე სუფრა. მეგობარი გაკვირვებული იყო, - მე ხომ არსად მაგვიანდებაო? ავუხსენი, რომ ასე ჯობია, რადგან სუფრის წარმომადგენლებს ისე კარგად არ იცნობ, როგორც მე-მეთქი. თავიდან რასაკვირველია, ეწყინა, მაგრამ სუფრის მსვლელობის დროს გამხიარულდა. ისე გამოვიდა, რომ 15-წუთიანი თამადა დავნიშნე.
დაბოლოს, მინდა, იღბლიანი იყოს საქართველო და საქართველოში მაცხოვრებელი ხალხი!
მანანა გაბრიჭიძე