ადა­მის სა­მოთხი­დან გან­დევ­ნის ხსე­ნე­ბა, მი­ტე­ვე­ბის კვი­რა, ეფ­რემ ასუ­რის ლოც­ვა და ან­დ­რია კრი­ტე­ლის დი­დი კა­ნო­ნი - გზაპრესი

ადა­მის სა­მოთხი­დან გან­დევ­ნის ხსე­ნე­ბა, მი­ტე­ვე­ბის კვი­რა, ეფ­რემ ასუ­რის ლოც­ვა და ან­დ­რია კრი­ტე­ლის დი­დი კა­ნო­ნი

ამჯერად, ამ საკითხებს და დიდმარხვასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს შევეხებით...

- რატომ გვახსენებს ეკლესია დიდმარხვის დაწყების წინ ადამის სამოთხიდან განდევნას?

მამა მაკარი:

- ადამის ცოდვით დაცემას მოჰყვა მისი სამოთხიდან განდევნა, ხოლო ადამის ცოდვით დაცემისა და სამოთხიდან განდევნის შემდეგ, არა მარტო ადამი და ევა შეიცვალნენ პიროვნულად, ფიზიკურად, არამედ მთელი ხილული სამყარო და ადამიანი დაემორჩილა სიკვდილსა და ხრწნილებას. შეიძლება ვიკითხოთ, რატომ შევიდა ხილულ სამყაროში ხრწნადობა ადამის ცოდვის გამო? ხილული სამყარო შექმნილი იყო ადამიანისთვის, მხოლოდ ადამიანში რომ შესულიყო ხრწნადობა, ადამიანი გამხდარიყო უფრო მეტად მატერიალური, როგორიც ახლაა, ხოლო ადამიანისთვის შექმნილი ხილული სამყარო კვლავ უხრწნელი დარჩენილიყო. ხრწნადობას დამორჩილებული ადამიანი ვერ იცხოვრებდა უხრწნელ სამყაროში.Aადამიანს ხილული სამყაროდან სარგებელი რომ მიეღო, ამის გამო უფალმა ინება, რომ სამყაროც ხრწნადი გამხდარიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რადგან სამყარო, რომელშიც დღეს გვიხდება ცხოვრება ადამიანებს, სწორედ ადამის სამოთხიდან განდევნის შემდეგ შეიცვალა. თავად ადამიანის გენი, ბუნებაც დაზიანდა და ცოდვისკენ მიდრეკილი გახდა. ადამიანიც და სამყაროც აღმოჩნდა ბოროტის ხელმწიფებაში. შემდგომ, უფალმა თავისი განკაცებითა და მსხვერპლშეწირვით გვიჩვენა გზა, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ ხრწნადობას თავი და დავიბრუნოთ სამოთხე, მარადიული მყოფობა უფალთან, მაგრამ თუ ჩვენ არ გვეცოდინება, როგორ აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში, მაშინ იმასაც არ მივანიჭებთ მნიშვნელობას, საიდან გამოგვიხსნა უფალმა. როდესაც ვიხსენებთ ადამის ცოდვით დაცემას, უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რა აღასრულა უფალმა ჩვენთვის.

- დიდი მარხვის დაწყების წინ განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ რატომ ამახვილებს ყურადღებას ეკლესია ადამის სამოთხიდან განდევნაზე?

- რადგან ჩვენი ყურადღება და ქმედება უფრო მეტად იყოს მობილიზებული იმ მოვლენების თანაგანცდაზე, რაც დიდმარხვის დასასრულსაა, რისი გახსენებაც გვიხდება, რაშიც ვმონაწილეობთ - უფლის ვნების, ჯვარცმისა და აღდგომისა. ანუ მთელი დიდი მარხვა არის ერთიანი ციკლი და ამ მარხვის განმავლობაში ჩვენ ვემზადებით უფლის ვნების, ჯვარცმითა და აღდგომით კაცობრიობის გამოხსნის განსაცდელად. ამ მდგომარეობამდე კი ადამის დაცემამ მიგვიყვანა და ამიტომაც ვიხსენებთ მარხვის დაწყებამდე კიდეც ერთხელ ადამის ცოდვის შედეგებსა და სამოთხიდან განდევნას.

მიტევების კვირა

- დიდმარხვის დაწყების წინ, კვირა დღეს, დაწესებულია შენდობის კვირა, როდესაც ადამიანები შენდობას ვითხოვთ ერთმანეთისგან. რატომ გვიწესებს ეკლესია მარხვის დაწყების წინ მიტევების დღეს?

- უფალი გვეუბნება, არ განიკითხოთ და არ განიკითხებით, მიუტევეთ და მოგეტევებათ. ჩვენ არა მხოლოდ ამ დღეს უნდა მივუტევოთ ურთიერთს შეცოდებანი, არამედ - ყოველთვის, დაუსრულებლად. არ უნდა ჩავიდოთ წყენა გულში, მაშინვე უნდა მივუტევოთ, მაგრამ თუ ამ დრომდე არ მიგვიტევებია, ეს ამ დღეს მაინც უნდა გავაკეთოთ, ისევ და ისევ ჩვენი სულის საცხოვნებლად. `მამაო ჩვენოში~ ყოველდღიურად ვამბობთ ამ სიტყვებს: `და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა~ ანუ ყოველდღიურად მივმართავთ ღმერთს, ისევე მოგვიტევოს ჩვენი შეცოდებანი, როგორც ჩვენ მივუტევებთ სხვას. ამიტომაც, მაგალითი უნდა გავხდეთ მიტევებისა. ერთადერთი, რასაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს, მიმტევებლობაა, დანარჩენი ყველაფერი - ჩვენი ლოცვა, მარხვა, უფლის მცნებათა აღსრულება, ჩვენი კეთილი ქმედებები არის კეთილგონიერებისა და მადლიერების გამოხატულება ღვთისადმი. იმისათვის, რაც უფალმა გამოხსნისთვის აღასრულა. დიდი მარხვის დაწყების წინ, შენდობის კვირას, მწუხრზე შენდობა უნდა ვითხოვოთ ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანებისგანაც. შესაძლოა, ვინმემ იკითხოს - მათ წინაშე რაღა ვცოდეთ? მთელ სამყაროს უნდა ვთხოვოთ შენდობა იმის გამო, რომ ჩვენი ყოველი ცოდვა აისახება მასზე, შემდეგ კი თითოეულ ადამიანზე გადანაწილდება და ამით სრულიად უცხოებსაც ვვნებთ. ამიტომ უნდა გვქონდეს სინანული, რომ სამყარო ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვებისგან გათავისუფლდეს.

- მიტევების კვირიაკის მომდევნო დღეს (წლეულს - 27 თებერვალს) იწყება დიდი მარხვა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება და 48 დღე გრძელდება...

- დიდი მარხვის პირველი ნაწილი არის ორმოცდღიანი, ხოლო მას მოსდევს ვნების შვიდეული. პირველი ნაწილი დიდმარხვისა უშუალო კავშირშია მაცხოვრის უდაბნოში მარხულობასთან, ანუ მაცხოვრის უდაბნოში ორმოცდღიანი მარხულობის გახსენებაა, ხოლო ბზობის ანუ მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულის მომდევო დღიდან იწყება მარხვის მეორე ნაწილი, ანუ ვნების შვიდეული, როდესაც ვიხსენებთ იმ მოვლენებს, რაც ადამიანებმა მიაყენეს მაცხოვარს. რაც შეეხება ანდრია კრიტელის დიდ კანონს, ეს სინანულის დიდი კანონია, რომელიც დაყოფილია ოთხ ნაწილად და იკითხება დიდი მარხვის პირველ კვირაში. ანდრია კრიტელის დიდი კანონი, ასევე აღსრულდება დიდმარხვის მეხუთე შვიდეულის ხუთშაბათს, ანდრია კრიტელის ხსენების დღეს, ოღონდ არა ოთხ ნაწილად, არამედ მთელი კანონი. კრიტელის კანონებში გადმოცემულია ადამიანების სინანული თავიანთი ცოდვების გამო, ასევე, გახსენება არა მარტო ჩვენი ცოდვებისა, არამედ ზოგადად, კაცობრიობის ცოდვებისა, ადამის ცოდვიდან დაწყებული, დამთავრებული თანამედროვე პერიოდამდე. მასში ძირითადად ბიბლიური მოვლენებია გახსენებული. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ ჩვენში იგივე სინანული აღიძრას, რაც ანდრია კრიტელში იყო, როდესაც ეს კანონები შექმნა. თუ მას ესოდენ მძაფრი სინანული არ ექნებოდა, ვერ შექმნიდა ასეთ ქმნილებას. ანდრია კრიტელის დიდი კანონი ამძაფრებს ჩვენს სინანულს. ეკლესია ამიტომაც გვიწესებს მარხვის პირველ კვირაში ანდრია კრიტელის კანონების კითხვას, რომ ჩვენში კიდევ უფრო მძაფრად აღძრას სინანულის გრძნობა, რათა ღირსეულად გავატაროთ ეს მარხვა და განწმენდილები შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ეფრემ ასურის ლოცვა

- ეფრემ ასურის ლოცვა იკითხება მთელი დიდი მარხვის განმავლობაში. საერთოდ, აღდგომის მარხვა ლიტურგიკულადაც განსხვავდება სხვა მარხვებისა და სადაგი დღეების მსახურებისგან ანუ ის ლიტურგიკული პრაქტიკა, რაც აღდგომის მარხვაშია, დიდი მარხვის გარდა არ აღესრულება. რაც შეეხება ეფრემ ასურის ლოცვას, წლის განმავლობაშიც იკითხება, როდესაც ალილუიას მსახურებები აღესრულება. რაც შეეხება აღდგომის მარხვას, ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა შაბათ-კვირის გარდა, მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ხდება. არ იკითხება ხარების დღესასწაულზე, თუ ხარება დაემთხვა ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, რომელიმე დღეს. ეფრემ ასურის ლოცვა სინანულის გამძაფრებაში გვეხმარება.

შორენა მერკვილაძე