რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლის მოხ­სე­ნი­ე­ბას ? - რა უნდა ვიცოდეთ მიც­ვა­ლე­ბულ­თა შა­ბა­თე­ბზე - გზაპრესი

რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლის მოხ­სე­ნი­ე­ბას ? - რა უნდა ვიცოდეთ მიც­ვა­ლე­ბულ­თა შა­ბა­თე­ბზე

მართლმადიდებლური მოძღვრებით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საჭიროებს შეწევნას, რისთვისაც წმინდა ეკლესიის მეოხებასთან ერთად უნდა იზრუნონ მისმა ახლობლებმა. მიცვალებულთათვის ზრუნვის ერთ-ერთი სახეა მისი სულის მოხსენიება, რაც ქრისტიანულ ეკლესიაში დამყარებულია იმქვეყნიური ცხოვრების, საყოველთაო აღდგომისა და მარადიული არსებობის ღრმა რწმენაზე... მათგან სამი - დიდი მარხვის დროს, დიდმარხვის მე-2, მე-3 და მე-4 შაბათსაა დაწესებული...

- რა მნიშვნელობა აქვს მიცვალებულთა სულის მოხსენიებას?

მამა დიმიტრი ჯანგულაშვილი:

- გარდაცვალების შემდეგ ადამიანს აღარ შეუძლია იზრუნოს საკუთარ სულზე და შეცვალოს თავისი ხვედრი, ამიტომ მათზე უნდა იზრუნონ ახლობლებმა. მათი და ეკლესიის ერთობლივი ლოცვითაა შესაძლებელი გარდაცვლილთა სულის შეწევნა და ღვთის წინაშე გამართლება.

- მიცვალებულთა საზოგადო, საყოველთაო მოხსენიებისთვის წლის განმავლობაში დაწესებულია განსაკუთრებული, საგანგებო დღეები. მათგან სამი - დიდი მარხვის პერიოდშია...

- მიცვალებულთა საყოველთაო, საზოგადო მოხსენიება დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს დაწესებულია შემდეგი მიზეზით: დიდი მარხვის დროს მოხსენიება ყოველდღიურად ვერ ხერხდება საეკლესიო ღვთისმსახურების დროს, რადგან მოხსენიება დაკავშირებულია საღმრთო ლიტურგიასთან, რომელიც დიდ მარხვაში მხოლოდ შაბათსა და კვირას ტარდება. ამიტომ დაწესებულია მიცვალებულთა გაძლიერებული მოხსენიება დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს.

საკურთხი

- საკურთხს უწოდებენ მიცვალებულის სახელზე მომზადებულ ტაბლას. საქართველოში არსებობს ტრადიცია მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში, გარდაცვლილის სახელზე საზრდელის მომზადებისა. ეს ძველი პერიოდიდანაა შემორჩენილი, როდესაც მიცვალებულთა ხსენების დღეებში, საკვების გაღება ხდებოდა მოწყალების სახით. არ არის აუცილებელი, რომ უცილობლად ამ სახით იქნას გამოხატული შესაწირი მიცვალებულთა ხსენების დღეებში, მაგრამ ეს წესი იმდენად ტრადიციულად ჩამოყალიბდა უკვე, რომ მოხსენიების დღეებში გაცილებით დიდ მნიშვნელობას სწორედ საზრდელის მომზადებას ანიჭებენ, ზოგჯერ მთავარი დანიშნულებაც კი ავიწყდებათ ადამიანებს და მხოლოდ საზრდელის შინ მომზადებით შემოიფარგლებიან. ნაცვლად იმისა, რომ მოწყალება გაიღონ ან პანაშვიდი გადაიხადონ, სანთელს შინ ანთებენ და თვითონ იხმევენ. ძველად, როდესაც ადამიანები ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ სხვა საშუალება, რომ მოწყალება გაეღოთ, ამიტომ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში საზრდელს ამზდებდნენ, რათა უპოვარნი და ღარიბ-ღატაკები დაეპურებინათ, მოწყალებად გასცემდნენ ამას, თორემ საზრდელის გარდა, უამრავი რამ შეიძლება გაიცეს მოწყალების სახით, ნებისმიერი რამ, ადამიანის სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით. უმთავრესი კი ის არის, რომ ამ დღეს ადამიანი მივიდეს ტაძარში და მოიხსენიოს მიცვალებულები, რომელთათვისაც ზრუნავს. თუ საზრდელს ვამზადებთ, მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი აუცილებლად უნდა მივიტანოთ ტაძარში, რათა მღვდელმსახურმა აკურთხოს და პანაშვიდი გადაიხადოს. საკურთხს იმიტომ ჰქვია საკურთხი, რომ იკურთხება, კურთხევას კი მხოლოდ მღვდელმსახური აღასრულებს. საკურთხის სუფრისთვის აუცილებლად უნდა მომზადდეს კოლიო (მოხარშული ხორბალი, რომელსაც თაფლით აზავებენ). ასევე საკურთხის სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ზეთი და ღვინო. გარდა ამისა, შესაძლებელია ნებისმიერი კერძის მომზადება, რომელთა მომზადების სურვილი და შესაძლებლობაც აქვს გარდაცვლილის ახლობლებს. მთავარია, საკურთხის სუფრისთვის მარხვის დროს მომზადდეს მხოლოდ სამარხვო კერძები, ხსნილში კი შესაძლებელია ნებისმიერი კერძის მომზადება.

მაცხოვრის გზა ჯვარცმამდე და აღდგომამდე

მამა მაკარი:

- შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცენი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში. მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ, მაგრამ ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო. ამიტომ გადაწყვიტეს მაცხოვრის ზაკვით შეპყრობა. ვიცით, რომ ამ დროს ადგილობრივ სამართალს, ისრაელიანთა შორის მღვდელმოძღვარნი განაგებდნენ, სწორედ ისინი შეიკრიბნენ კაიაფა მღვდელმთავრის ეზოში, რათა ზაკვით შეეპყროთ იესო.

- ვიცით, რომ სჯულისმეცნიერნი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ მაცხოვარს და სურდათ მისი მოკვდინება. ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე საბოლოოდ გადაწყვიტეს, სისრულეში მოეყვანათ თავიანთი განზრახვა...

- თავიდანვე, ქადაგების დაწყების დროიდანვე სურდათ მათ მაცხოვრის მოშორება, მაგრამ თავიანთი განზრახვა სისრულეში სწორედ მაცხოვრის ჯვარცმის წინა პერიოდში მოიყვანეს, როდესაც დასხდნენ, იმსჯელეს, დაგეგმეს. მანამდე სპონტანურად მოქმედებდნენ.Aმეორე დღეს უფალი იერუსალიმში შევიდა, ოთხშაბათს მაცხოვარი გასცეს და პარასკევს ჯვარს აცვეს.

- რატომ ერიდებოდნენ მწიგნობარნი და სჯულისმეცნიერნი მაცხოვრის ხალხში შეპყრობას?

- იცოდნენ, რომ იესოს უამრავი მიმდევარი ჰყავდა, ბევრი ადამიანი აღიარებდა, ავტორიტეტი ჰქონდა, მიწიერი თვალსაზრისითაც კი, ვიდრე მღვდელმთავრებს და ეშინოდათ, რომ ერი აღუდგებოდათ წინ. ამიტომ გადაწყვიტეს ჩუმად და მზაკვრულად მისი შეპყრობა. შემდგომ, არა მხოლოდ მაცხოვრის შეპყრობა მოახერხეს, არამედ ადამიანები მოამზადეს ფსიქოლოგიურად იმისათვის, რომ მაცხოვარი მიეღოთ ისე, როგორც დამნაშავე, ისეთი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას, რომ მაცხოვრის მიმდევრები აღმოჩნდნენ უმცირესობაში და მათი გამოჩენა, მათი ქმედებები უკვე საზოგადოების აზრზე გავლენას ვეღარ ახდენდა ანუ მღვდელმთავრებმა საზოგადოების აზრი წარმართეს მაცხოვრისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ.

- ვიცით, რომ სულ რამდენიმე დღეში ეს ადამიანები მაცხოვრის ჯვარცმაში მიიღებენ მონაწილეობას. იმ დროს რატომ იყვნენ განწყობილნი მაცხოვრის მიმართ ამგვარად, რომ ფარისეველთ და სჯულისმეცნიერთ მათი შიშიც კი ჰქონდათ...

- რადგან უამრავი ადამიანი ისმენდა ღვთის სიტყვას და უამრავი ადამიანი აღიარებდა მას წინასწარმეტყველად. როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში შევიდა, უამრავი ადამიანი შეეგება მას და ადიდებდა. ამიტომაც შეიპყრეს ღამით. სწორედ შეპყრობის მომენტი არ უნდოდათ ენახათ ადამიანებს. შემდეგ წაიყვანეს, პილატესთან მიიყვანეს და რომაელ მმართველს განასჯევინეს. რა თქმა უნდა, რომის წინააღმდეგ გამოსვლის ადამიანებს ეშინოდათ, ეს იყო უკვე აჯანყება, ამიტომ ყველაფერი ღამით, ჩუმად გააკეთეს და განაჩენი პილატეს გამოატანინეს, რომლის წინააღმდეგაც ხალხი ვერ წავიდოდა.ანუ მღვდელმთავრებმა ისე მოაწყვეს, რომ ხალხს ეფიქრა - თურმე დამნაშავე ყოფილა, თორემ რომის სამართლით რატომ განსჯიდნენო. უმთავრესი აქ ის იყო, რომ თავად უფალი განკაცნა იმისათვის, რომ ჯვარს ეცვათ. სწორედ ასე შეიძლებოდა ადამიანთა გამოხსნა. ამ დროს იესო იმყოფებოდა ბეთანიაში, სვიმონ კეთროვანის სახლში. ეს არის ზუსტად იერუსალიმში დიდებით შესვლის წინა დღე, როდესაც მაცხოვარი სვიმონ კეთროვანის სახლში სტუმრობდა. იქ მივიდა ერთი დედაკაცი, რომელსაც თან ჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, მივიდა და დაასხა იესოს თავზე. როდესაც ეს მისმა მოწაფეებმა ნახეს, თქვეს: ამდენი ნელსაცხებელი ასე ფუჭად რატომ დახარჯა. შეიძლებოდა გაგვეყიდა და გლახაკებისათვის დაგვერიგებინა თანხაო... ეს დედაკაცი იყო ლაზარეს და, მარიამი. როდესაც მოციქულები ამბობენ, შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის ძვირად გაყიდვა და თანხის ღატაკებისთვის დარიგებაო, უფალი ეუბნება: რატომ გინდათ ზედმეტი შრომა შეამთხვიოთ ამ დედაკაცს? უნდა წავიდეს, გაყიდოს, შემდეგ გლახაკებს დაურიგოს. ის კი ადგა და პირდაპირ ჩემთან მოიტანა, ჩემდა დასაფვლელადო. ამით უფალი კიდევ ერთხელ ეუბნება მოციქულებს, მე უკვე მალე აღვესრულებიო. როდესაც ებრაელები მიცვალებულს მარხავდნენ, ძვირფას ნელსაცხებელს სცხებდნენ მას.

უფალი ასწავლის მოციქულებს, რომ არა მხოლოდ ღარიბებისთვის, არამედ სხვა შესაწირიც არსებობს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც ვთქვით, ეს არის ეკლესიისთვის გაღებული მოწყალება.

შორენა მერკვილაძე