სხვა ცის შვი­ლე­ბი - გზაპრესი

სხვა ცის შვი­ლე­ბი

"სხვა ცის შვილები" - ასე "თარგმნა" ლაზურ-ჭანურიდან პავლე ინგოროყვამ გვარის, შხვაცაბაიას მნიშვნელობა. სხვაგვარად რთულია ახსნა ამ მცირერიცხოვანი გვარის სახელოვან წარმომადგენელთა სიმრავლე და მათი საერთაშორისო და შეიძლება ითქვას, საკაცობრიო მნიშვნელობის ღვაწლი. ამჯერად შხვაცაბაიების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, მხატვარს, მოქანდაკეს, აკადემიკოს გიორგი შხვაცაბაიას ვესაუბრეთ.

ბატონი გიორგი ავტორია საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში განთავსებული ბრინჯაოს ოთხმეტრიანი ქალის ქანდაკებისა, რომელიც საბერძნეთის პრეზიდენტმა, კონსტანტინოს კარამანლისმა ასე შეაფასა: "ეს მონუმენტი ჩვენს ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ჩინებული სიმბოლოა და სამუდამოდ დარჩება საბერძნეთის მიწაზე დაფნის გვირგვინით შემკული ფრთოსანი ქანდაკება, როგორც სიმბოლო საქართველო-საბერძნეთის ურთიერთკავშირის, უძველესი ტრადიციების აღორძინებისა და მსოფლიოს ხალხებს შორის მშვიდობის დამკვიდრებისა". ქანდაკების გახსნის დღეს გიორგი შხვაცაბაია ბერძენ და ქართველ ხალხთა შორის მეგობრობის დესპანად გამოაცხადეს.

ე.წ. სამოციანელების წარმომადგენელმა სკულპტორმა არაერთი მხატვრული სახე თუ აზრი გააცოცხლა ქვაში, ლითონსა და თიხაში. მრავალ ნამუშევართა შორისაა: გალაკტიონის ძეგლი ქუთაისში; თბილისში, ცხრა აპრილის ბაღში განთავსებული სკულპტურული კომპოზიციები - "ხსოვნის კედელი" და "დროშები ჩქარა"; მირზა გელოვანის ძეგლი, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურა მთაწმინდის პანთეონში, ევგენი მიქელაძის სკულპტურა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. შექმნა ქართველ გამოჩენილ სპორტსმენთა პორტრეტები, რომელთაგანაც აღსანიშნავია: გურამ საღარაძის, გივი კარტოზიას, ვიტალი დარასელიას, დათო ყიფიანის, ვლადიმერ ბარქაიას, შოთა იამანიძის, მიხეილ მესხის ქანდაკებები და ნახატები.

გიორგი შხვაცაბაიას ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, ამერიკაში, პოლონეთში, უზბეკეთსა და კერძო კოლექციებში.

ბატონ გიორგის ძმის - მეცნიერისა და ცნობილი ფეხბურთელის, ზურაბ შხვაცაბაიასა და მამის - მეცნიერის, სიმაღლეზე ხტომაში პირველი ქართველი რეკორდსმენისა და მორბენალის, გიორგი შხვაცაბაიას შესახებაც ვკითხეთ...

- ბატონო გიორგი, საუბარი "თანამედროვე ნიკეთი" დავიწყოთ, რომელიც ქალაქ ოლიმპიაში, ანტიკური და თანამედროვე სპორტის დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზეა აღმართული.

- ის ძალიან ახლოსაა განთავსებული პრაქსიტელეს "ჰერმესთან". ოლიმპიური ასპარეზობისას სპორტსმენები ჩირაღდანს ერთმანეთს ამ ქანდაკებასთან გადასცემენ. 2000 წლის მანძილზე აქ სხვა ქანდაკება არ დადგმულა. მასთან 400 მეტრში აღმართული იყო მსოფლიოს ერთ-ერთი შვიდ საოცრებათაგანი - ოლიმპიელი ზევსის ქანდაკება. "მშვიდობის ჩირაღდანი" 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადის ცეცხლის დანთების ცერემონიალისას საზეიმოდ გაიხსნა. ეს ფაქტი მსოფლიოს ორმოცმა ტელევიზიამ გააშუქა. ნამუშევრის კვარცხლბეკზე წარწერა ქართულ და ბერძნულ ენებზეა შესრულებული. ცნობილმა ბერძენმა არქიტექტორმა, იოვანის სეფერდისიმ, ის ასე შეაფასა: "ორი ათასი წლის შემდეგ, ეს იქნება პირველი ხელოვნების ნიმუში, შექმნილი დიდი მოქანდაკის მიერ, რომელიც ძველ ბერძენთა უკვდავ ნამუშევრებთან ერთად საუკუნეებს გაუძლებს."

- გვითხარით მამის, ლეგენდარული სპორტსმენის, სახელოვანი ტანმოვარჯიშის, ცნობილი ფეხბურთელის, მძლეოსნისა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის მეცნიერის, გიორგი შხვაცაბაიას შესახებ, რომელმაც სპორტსა და მეცნიერებაში თანაბარი, წარუშლელი კვალი დატოვა...

- სპორტსა და შრომით საქმიანობას ყმაწვილობიდან უთავსებდა ერთმანეთს. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მანქანათგამოსაცდელ სადგურში მუშაობდა. 60, 100 და 200 მეტრზე რბენებში საქართველოსა და ამიერკავკასიის რეკორდები დაამყარა. მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ქართული საკავშირო რეკორდი - სიმაღლეზე ხტომაში 183 სმ-ზე აწეული თამასა გადალახა. აღსანიშნავია, რომ ის უაღრესად რთული აღმოსავლეთ-ამერიკული სტილით - "მაკრატელათი" ხტებოდა. "შავ ავაზას" ამის შემდეგ "მფრინავ ქართველად" და "საბჭოთა მძლეოსნობის მშვენებად" მოიხსენიებდნენ. სხვათა შორის, მის პატივსაცემად გამოვიდა იმ პერიოდში პაპიროსი სახელად "რეკორდი", რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში იყიდებოდა. უამრავ ორდენსა და ჯილდოსთან ერთად მას ჰქონდა ორი დიდი ოქროს მედალი: ხელსაწყოთა საერთაშორისო გამოფენის - მეცნიერული მიღწევებისთვის და საქართველოს სპორტკომიტეტის - სპორტული მიღწევებისთვის. რაც შეეხება სპორტისა და მეცნიერების პროფესიონალურ დონეზე შეთავსებას, მას ასეთი ახსნა ჰქონდა: "ადამიანი ბედნიერი და ჯანმრთელი უნდა იყოს! ადამიანი ბევრი კეთილი საქმის საკეთებლადაა მოწოდებული. დამერწმუნეთ, უსპორტოდ იგი ამას ვერ შეძლებს, უბრალოდ, ძალა არ ეყოფა. ჩვენი საუკუნე ინტელექტისა და ფიზიკურად სრულყოფილი ადამიანების საუკუნეა!" ლექტორად მუშაობისას არასოდეს დაუწერია ცუდი ნიშანი. სტუდენტს ცალკე დაიბარებდა, მოუსმენდა, მოამზადებდა... 1993 წელს ტელევიზორში სოხუმში გაჩაღებული ომის კადრებს უყურებდა, როცა უცებ გული გაუჩერდა. იმ ამბებმა ძალიან დაუღალა გული...

- მამის მსგავსად, სპორტსა და მეცნიერებას ერთდროულად ემსახურა თქვენი ძმა ზურაბ შხვაცაბაია...

- ოჯახში სპორტის კულტი იყო. ზურაბი საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი იყო. პარალელურად თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" ოსტატ ფეხბურთელთა გუნდებში თამაშობდა. გამოდიოდა, ასევე, საქართველოს პირველობაზე ავტორალიში. ფეხბურთს მეც ვთამაშობდი სამხატვრო აკადემიის ნაკრებში. სპორტის სიყვარული მემკვიდრეობით გადაეცათ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც. მამას ძმა, კონსტანტინე შხვაცაბაია, რუსეთის ფედერაციის მთავარი თერაპევტი იყო, ძმისშვილი, იური კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ამავდროულად, სპორტის ოსტატი სამთო-სათხილამურო სპორტსა და ალპინიზმში.

- თუმცა, თქვენ სპორტისა და მეცნიერების წრე გაარღვიეთ და თავი ხელოვნებას მიუძღვენით... რაიმე კონკრეტულმა ფაქტმა გიბიძგათ მოქანდაკე რომ გამხდარიყავით?

- მოგეხსენებათ, ძველ საბერძნეთში ბედის ქალღმერთების, ე.წ. მოირების, ზევსსაც ეშინოდა. ეს პატარა ამბავი კი პელეს უკავშირდება: ღარიბმა ოჯახმა გზის ფული ძლივს მოაგროვა და 12 წლის პელე მამამ სოფლიდან საფეხბურთო მონაცემების შესაფასებლად სან-პაულუს სპორტსკოლაში წაიყვანა. წვიმისა და ტალახის გამო მოედანზე გამოცდა არ შედგა. ის ღამე მამა-შვილმა ავტობუსში გაათენა. წვიმა მეორე დღესაც გაგრძელდა და იძულებული გახდნენ, კვლავ სოფელში დაბრუნებულიყვნენ. გზაში ავტობუსს ნაწილი გაუფუჭდა. სანამ აკეთებდნენ, მზემ გამოანათა. მამამ გზიდან კვლავ დააბრუნა შვილი სკოლის მოედანზე. ბიჭის თამაშით აღფრთოვანებულმა შემფასებლებმა პელე სახლში აღარ გაუშვეს, ხელფასი დაუნიშნეს და მალე გახდა კიდეც ვარსკვლავი... რაც შეეხება გიორგი შხვაცაბაიას შემთხვევას, ბავშვობაში, როგორც ყველა ბავშვი, მეც ვხატავდი. დედამ ჩემი ნახატებით პიონერთა სასახლეში (ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) წამიყვანა. გვინდოდა ფერმწერ გრიგოლ მესხის ჯგუფში ჩავრიცხულიყავი. სამი დღე ვიარეთ, მაგრამ პედაგოგი ავად იყო. მესამე დღეს სასახლეში ერთმა მამაკაცმა შემთხვევით ჩემი ნახატები ნახა და დედას უთხრა, ბავშვი მე დამიტოვეთო. ეს გახლდათ ზაქრო კრაწაშვილი, ქანდაკების კაბინეტს ხელმძღვანელობდა. 9-დან 16 წლამდე მის გაკვეთილებზე დავდიოდი...

- პარალელურად ხატავდით?

- მოქანდაკისთვის ხატვა აუცილებელია. აკადემიაში ჩემი მასწავლებელი გენიოსი მოქანდაკე, ნიკოლოზ კანდელაკი გახლდათ. პარალელურად ვხატავდი, ვთამაშობდი ფეხბურთს, ვსწავლობდი ფილოსოფიას - ჰარმონიული სამყარო მქონდა. ერთხელ იბადები და ისე არ უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან, ამა თუ იმ სფეროს შესახებ წარმოდგენა რომ არ გქონდეს. ეს ფუფუნება არ უნდა მოიკლო. როგორც სპორტი და ხელოვნება, თანაბრად მიყვარს ყავა და ჩაი, კატები და ძაღლები. არ არის საჭირო ერთი მეორეს გამორიცხავდეს. ფერწერაშიც ვმუშაობდი, მაგრამ თავს ფერმწერად არ მივიჩნევ. ეს არაჩვეულებრივად გამოსდის ჩემს ქალიშვილს, ლიკას. ესპანეთში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები ბევრ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.

- თქვენ გიმუშავიათ როგორც ძლიერი სხეულის გამომხატველ ქანდაკებებზე, ისე სულიერი სიფაქიზის გამომსახველ სკულპტურებზე. რომლის შექმნაა უფრო რთული?

- საერთოდ, სკულპტურა ფორმით საუბარია. მან უნდა გამოხატოს არა "რა", არამედ - "როგორ". ქანდაკების ენა არის სანჩო პანსა, რომელსაც ღვინო, საჭმელი, მიწა, ვირზე ჯდომა, ქეიფი და ანეკდოტები უყვარს. ქანდაკებას "უსხლტება" დონ კიხოტი... სხვათა შორის, მე ვცადე დონ კიხოტის ქანდაკების გაკეთება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქანდაკების ენა სხვა არის, დონ კიხოტს ვერ აკეთებს... სკულპტორი აქანდაკებს ქალს, ვენერა მილოსელს, სავსეს, მძიმეს... თუკი პოეზიის მუდმივი თემა სიყვარულია, ქანდაკების შემთხვევაში ეს ადამიანი გახლავთ. სკულპტურის ბუნებრივი ენა ადამიანის სხეულის ფორმათა ენაა.

- თქვენს სახლ-სახელოსნოში მომსვლელს სხვა მრავალ ფიგურასთან ერთად ქალის არაერთი ულამაზესი სკულპტურა მოხვდება თვალში...

- ამის შესახებ ერთ ამბავს გიამბობთ: ჩემმა მეგობარმა, ვანიკო სტურუამ მითხრა: საოცარია, შენ, როცა სადღეგრძელოს ამბობ, ხოტბას ძველ თბილისს, ყარაჩოხელებს, ფიროსმანს ასხამ, ქალებზე კი არასოდეს საუბრობ, თუმცა, ქალის არაერთი ქანდაკება გაქვს შექმნილი და დახატულიც ბევრი გყავს. აი, არჩილი (არჩილ თოფურიძე, ჩვენი აწ განსვენებული მეგობარი) სულ ქალებზე ლაპარაკობს, ქანდაკებას კი გიორგი სააკაძისას, მოჭიდავეებისას აკეთებს, ქალის ქანდაკება არ გამოსდისო... არჩილი ცნობილი მოქანდაკისა და ჩემი პედაგოგის, ილიასა და აკაკის ძეგლის ავტორის, ვალიკო თოფურიძის შვილი იყო. ასეა - რაც ძალიან გიყვარს, იმის ხელოვნებაში განივთება რთულია... ზოგიერთი რამის მიმართ სიყვარული საქმით, ცხოვრების წესით ან უბრალოდ, დუმილით უნდა გამოხატო... მამა არასოდეს სვამდა საქართველოს სადღეგრძელოს ტექსტების თანხლებით - გაუმარჯოსო, იტყოდა და დალევდა...

- რა აზრის ხართ ნახევრად აბსტრაქტულ სკულპტურებზე? ახლახან ჩვენს ქალაქში ეს თემა განსჯის საგნად იქცა...

- საკუთარ თავს უფლებას არასოდეს ვაძლევ ჩემი აბსტრაქტული ფანტაზიები განუსჯელად ვაკადრო ჩემს ქვეყანას. ნამუშევარი ეგოისტური არ უნდა იყოს. "მე ასე ვხედავ" და "ჰგავს", "არ ჰგავს" არაა საკმარისი. მართალია, ჩემ მიერ შექმნილი ლადო ასათიანის ძეგლი ჰგავს კიდეც პოეტს, მაგრამ ეს არ არის წამყვანი. ის უნდა ჰგავდეს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ იმ ეპოქას, მთელ იმ თაობას... უნდა ჰგავდეს მირზა გელოვანსაც, გურამ რჩეულიშვილსაც, ალექსანდრე საჯაიასაც, გაბრიელ ჯაბუშანურსაც...

- ლადო ასათიანის ძეგლისთვის ადგილი უკვე შერჩეულია, თუმცა, მას თქვენი სახელოსნო ჯერაც არ დაუტოვებია...

- ლადოს მონუმენტი ათეულობით წლის წინ უნდა აღმართულიყო მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის წინ, მაშინ, როცა კონკურსში პირველად გავიმარჯვე. ვხუმრობ ხოლმე, ჩემი მეორე გვარი მოლოდინაშვილია-მეთქი (იცინის). მაქვს უამრავი დოკუმენტი და დადგენილება, მაგრამ ამ საქმეს ბოლო არ უჩანს... დაპირება ახლაც არსებობს, რომ ლადოს დაბადებიდან ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ძეგლი თავის ადგილს წელს დაიკავებს.

- ცნობილია, რომ ლეონარდო და ვინჩის შესახებ გამოცემების კოლექცია გაქვთ...

- სხვათა შორის, მე და ლეონარდო და ვინჩი ერთ დღეს - 15 აპრილს ვართ დაბადებული. საერთოდ, საკმაოდ მდიდარ ბიბლიოთეკას ვფლობ და მის შესახებაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემული ბევრი უიშვიათესი წიგნი მაქვს, თუმცა, კოლექციას ვერ დავარქმევ, ეს არაა ჩემი საქმე. ვფიქრობ, კოლექციონერობა არაა ქართველისთვის დამახასიათებელი... მომხვეჭელობასთან, შემნახველობასთან ასოცირდება. არადა, ვის გაუგია შემნახველი ქართველი (იცინის)?! კოლექციონერი წარმომიდგენია გერმანელი, ებრაელი, სომეხი და არა მეგრელი, აფხაზი ან კახელი...

შორენა ლაბაძე