ჟურნალისტის თავს გადახდენილი კურიოზები და ორჯერ გახსნილი შადრევანი - გზაპრესი

ჟურნალისტის თავს გადახდენილი კურიოზები და ორჯერ გახსნილი შადრევანი

რომელსაც თუ შეკითხვებს სწორად და ზუსტად "ათიანში" დაუსვამ, შესაბამისად, აქტუალურ მასალასაც მიიღებ. ჩემი კოლეგებისაგან ხშირად მომისმენია, რომ ამა თუ იმ პიროვნების ჩასაწერად ნამდვილი ნადირობაა გაჩაღებული, რადგან ისინი ყოველთვის გულახდილად და აქტუალურ თემებზე საუბრობენ. მათგან განსხვავებით, ზოგიერთი ცნობილი პოლიტიკოსი, სპორტსმენი ან შოუბიზნესის წარმომადგენელი თავს იფასებს და მისგან ინტერვიუს აღება არც არავის სურს.

ჟურნალისტური საქმიანობა იოლი სულაც არ გახლავთ. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი ჩვეულებრივი ინტერვიუ არაჩვეულებრივ "კურიოზად" გადაქცეულა. არის შემთხვევებიც, როდესაც ჩემი კოლეგები არაორდინარულ მდგომარეობაში ჩაცვენილან და სიტუაციიდან გამოსავალი საკუთარი მოხერხებულობის წყალობით უპოვიათ.

ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი თავის დროზე, არაერთ ქართველ პოლიტიკოსს შეხვედრია და რასაკვირველია, გასახსენებელიც ბევრი აქვს. როდესაც მუშაობის დროს თავს გადახდენილი სახალისო ამბების გახსენება ვთხოვე, თავდაპირველად დაიბნა, შემდეგ ცოტა ხნით ჩაფიქრდა და რამდენიმე შემთხვევის შესახებ მიამბო.

შემთხვევა პარლამენტში

- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან, ლაშა ნაცვლიშვილთან უნდა ჩამეწერა ინტერვიუ. დავურეკე და შეხვედრაზე დავითანხმე. დათქმულ დროს მივედი პარლამენტში, ისევ დავურეკე და მის კაბინეტში ავედი. რაოდენ მოულოდნელი გახლდათ ჩემი გაკვირვება, როდესაც ოთახში, მის ნაცვლად, ლაშა ნარჩემაშვილი (ასევე დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილის ძმა) დამხვდა. მივხვდი, ადრესატი შემეშალა, დავიბენი კიდეც, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსავალი მალევე ვიპოვე: ლაშას ვუთხარი, რომ კობას ამბების გაგება მსურდა, რომელიც იმ დროისთვის დაჭერილი გახლდათ. ვისაუბრეთ რამდენიმე წუთი და პარლამენტის შენობა ინტერვიუს გარეშე დავტოვე.

მისი კაბინეტიდან გამოსულმა აღმოვაჩინე, რომ ტელეფონის ნომრები ამრევია... გავიდა რამდენიმე დღე და ჩემგან "დავიწყებულმა" ლაშა ნაცვლიშვილმა თავად დამირეკა, ინტერვიუს ჩასაწერად მიმიწვია.

"ორი სააკაშვილი,

ორივე ნიკოლოზი"

- ერთ დღეს შემატყობინეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ძმამ ცოლი მოიყვანა. ეს "ნიუსი" გასაიდუმლოებული გახლდათ და რედაქციაში მისი გადამოწმება-დაზუსტება მთხოვეს. სააკაშვილის მამას, ბატონ ნიკოლოზს კარგად ვიცნობდი და მასთან დარეკვა გადავწყვიტე. ავიღე ტელეფონის ყურმილი და ბატონ ნიკოლოზს დავურეკე. მოკითხვის შემდეგ, ვაჟიშვილის გაბედნიერება მივულოცე. ხანმოკლე დუმილის შემდეგ, შეცბუნებულმა მითხრა: ჩემი ყველა ვაჟი დიდი ხანია, დაოჯახებულია და შვილიშვილებიც მყავსო. დავიბენი, მაგრამ უკან მაინც არ დავიხიე და ინფორმაციის გადამოწმებას ჯიუტად ვცდილობდი. ბატონმა ნიკოლოზმა ყველა ვაჟის ბიოგრაფია საგულდაგულოდ გამაცნო და შვილის გაბედნიერება კვლავ იუარა. საკუთარ შეცდომას კი მივხვდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო: იმ დროს საქართველოს პარლამენტში დეპუტატი ნიკოლოზ სააკაშვილი მუშაობდა, რომელსაც რამდენიმე ვაჟი ჰყავდა და მიხეილ სააკაშვილის მამის ნაცვლად, მასთან დამირეკავს.

"ინტერვიუ" სალომე ზურაბიშვილთან

- სანამ მინისტრი იყო, სალომე ზურაბიშვილთან არანაირი შეხება არ მქონია. თუმცა, თანამდებობიდან გადადგა თუ არა, ქაჯებსა და ქართული პოლიტიკის სხვა მაჯლაჯუნებზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერე მასთან. თან, შევუთანხმდი, რომ პერიოდულად, როგორც ექსპერტს, ჩავწერდი ხოლმე. ქალბატონი ექსმინისტრი ჩემს ამ წინადადებას დათანხმდა.

რაღაც დროის შემდეგ, რედაქტორმა თათბირზე გამომიცხადა, - ამ ნომერში ზურაბიშვილის ინტერვიუ გვინდაო. მხრები ავიჩეჩე: პარიზშია, ხუთშაბათს, ნაშუაღამევს ჩამოდის და ორშაბათის ნომერში ვერ მოვასწრებ-მეთქი. რედაქტორმა დაიჟინა: ჩემი საქმე არაა, პარიზშია თუ ვენაში, როგორც გინდა, ისე ჩაწერეო.

ქალბატონ სალომესთან ინტერვიუ პარასკევს საღამოსთვის შევათანხმე და შინ გერმანული სიზუსტით ვესტუმრე. კარი მისმა მეუღლემ, ჯანრი კაშიამ გააღო და ვიდრე ერთმანეთი მივიკითხ-მოვიკითხეთ, ექსმინისტრის კოკერსპანიელი სადარბაზოში გავარდა და კიბეზე დაეშვა. სწორედ ამ დროს, ბატონმა ჯანრიმ ჩაილაპარაკა: "სალომე, მოდი აქ!" არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ბატონმა ჯანრიმ ძაღლს მიმართა და გულწრფელად გავიკვირვე: ვაიმე, თქვენს ძაღლსაც სალომე ჰქვია-მეთქი? მასპინძელმა ორაზროვნად გამომხედა და მოკლედ მომიჭრა, "არა!" ძალიან შემრცხვა.

სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ისე ჩავწერე, რომ მისი მეუღლისთვის თვალი აღარ მომიკრავს, მხოლოდ გამომშვიდობებისას დავლანდე ოთახის სიღრმეში და უხერხულობის დასაფარად, ძალიან შინაურულად დავემშვიდობე. სხვათა შორის, მას შემდეგ ქალბატონ ექსმინისტრს აღარ შევხვედრივარ...

შადრევანის გახსნა

- "ვარდების რევოლუციის" წლისთავია და პარლამენტის ეზოში მიხეილ სააკაშვილმა შადრევანი გახსნა. ამ ღონისძიებაზე მეც მიმიწვიეს. იმხანად თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი გახლდათ. რატომღაც, სააკაშვილმა დაიგვიანა და ამ შადრევნის გახსნა ქალაქისთავს მოუხდა. როდესაც საზეიმო ცერემონიალი დასრულდა, მოულოდნელად, დაცვის თანხლებით სააკაშვილიც გამოჩნდა. საქართველოს პრეზიდენტი იქ მყოფებს მოგვესალმა, შემდეგ კი ჭიაბერაშვილის უკმეხი სიტყვებით ლანძღვა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ქვეყნის პირველ პირს ამ შადრევნის გახსნა თავად სურდა, ჭიაბერაშვილმა კი ეს სიამოვნება მოუსპო. ლანძღვა-გინება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და იქ თავშეყრილი ჟურნალისტები ამისი მომსწრენი გავხდით. უნებლიეთ, სამთავრობო კულუარულ კონფლიქტს დავესწარით. იმ დროს მიხეილ სააკაშვილი უდიდესი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობდა და მისგან ასეთი საქციელი ჩვენთვის მოულოდნელობა გახლდათ. ბოლოს, შადრევანი გადაკეტეს და მიშამ ის ხელახლა გახსნა.

გიორგი გაჩეჩილაძე