მო­დას შე­წი­რუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა - გზაპრესი

მო­დას შე­წი­რუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა

ახალგაზრდებს სიცივეში თბილად ჩაცმა არ უყვართ. ზოგს თხელი ტყავის ქურთუკის ქვეშ, ასევე თხელი პერანგი აცვია. ლამის გამჭვირვალე შარვალი, საზაფხულო კედებზე აქვთ ამოცმული. მოკლეყელიანი წინდიდან, სიცივისგან გალურჯებული კოჭი მოუჩანთ... შეუძლებელია, ასე ჩაცმული ახალგაზრდები არ შეამჩნიო ქუჩაში, გაჩერებაზე ან ტრანსპორტში, მობუზული, აჭარხლებული და სიცივისგან გაშავებული... კითხვაზე, თუ რატომ იცვამენ ასე? ყველას ერთნაირი პასუხი აქვს, - მოსწონს, მოდაშია, მისი სტილია; `უნიში~ არ ცივა და გზაში არა უშავს, როგორღაც მოითმენს...

ანუკი, 18 წლის:

- არ შემიძლია თბილად ჩაცმა. მირჩევნია, მციოდეს და ის მეცვას, რაც მომწონს. ეს ყველაფერი ერთმანეთს უხდება და მთლიანობაში, კარგ `ვიდზე~ ხარ. რაც მთავარია, გიხდება და როდესაც ისე გამოიყურები, რომ შენი თავი მოგწონს, თავდაჯერებული ხდები, რაც ნიშნავს, რომ წარმატების ნახევარი გზა გავლილი გაქვს...

- თბილი ტანსაცმლის გემოვნებით შეხამება და ჩაცმა არ შეიძლება?

- არ მომწონს, ფიგურა არ იკვეთება... გამხდარი აგებულება, თხელი კიდურები და მაღალი კისერი არ ჩანს, ეს ყველაფერი თუ შალით შევფუთნე. ბარემ ჩადრით ვივლი და ეგაა. სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო, წონა ვაკონტროლო და ყველა სეზონზე კარგად გამოვიყურებოდე... სამოსი, ზამთრის დადგომამდე სამი თვით ადრე გამოვიწერე ონლაინმაღაზიიდან და ერთი სული მქონდა, როდის ჩავიცვამდი...

- ამ ზამთარს არაერთხელ გაცივდით, როგორც ვიცი.

- დიახ, ასეა... ბოლო გაცივების შემდეგ, `ქალური~ პრობლემები შემექმნა და ახლაც ვმკურნალობ. დედაჩემი კუდში დამდევდა, თბილად ჩაიცვიო და მართლა ჩაფუთნილი დავდიოდი. ლექციაზე რომ შევდიოდი, იმდენ ხანს ვუნდებოდი გახდას, ყველა მე დამცინოდა. ერთ დღესაც შევწყვიტე და ძალიან თხლად წავედი. ძალიან მცივა, ქუჩაში რომ გავდივარ, მომენტალურად ვიყინები, მაგრამ კატეგორიულად გადავწყვიტე, თბილად არ ჩავიცვა... პალტო, თბილი შარფები, შარვლები და კაბები დედაჩემისგან მალულად გავაჩუქე. ყოფილა შემთხვევა, რომ `დიდი გაცივების~ შემდეგ, სახლიდან თბილად ჩაცმული გავსულვარ და ლიფტში ან სადარბაზოში გამიხდია... ჩაფუთნილი ვერ ვმოძრაობ და ვკომპლექსდები. ჩემი ლექტორები რომ მეტყვიან, შენ ქმნი ამ ჯგუფში მოდის ხაზსო, ყველაფერი მავიწყდება, გაცივებაც, სიცხეც და თავის ტკივილიც. ამას ყოველთვის აღნიშნავს ჩემი შეყვარებული, განსაკუთრებული და განსხვავებული რომ ხარ, ამიტომაც მომწონხარო. ამაში იგულისხმება ჩემი სტილი და ჩაცმის სითამამე. როდესაც დავბერდები, ბებიაჩემივით ჩავიცვამ, შალის წინდებს... მანამდე გვაცადეთ, ცხოვრებით დავტკბეთ.

ნია, 21 წლის:

- მთელი დეკემბერი ტოპით ვიარე... დაქალმა გამომიგზავნა კანადიდან. მაგის ხათრით გავიკეთე ტატუ თეძოზე, რომელიც ფერდამდე `ადის~... შემდეგ ამ ტატუს გამო ყველა `კოფთა~ ტოპად გადავაკეთე. მაღალწელიან შარვლებს ვყიდულობდი და დედაც მშვიდად იყო, წელი თბილად გექნებაო... ლამაზი, ბრტყელი მუცლის შესანარჩუნებლად, მუდმივად დიეტაზე ვიყავი, დღეში მხოლოდ ჭიქა ყავასა და ერთ კრუასანზე შემეძლო ყოფნა. დილა-საღამოს ათ-ათ `პრესს~ ვაკეთებდი... გარეთ, გრძელი მოსაცმელი მეცვა, რომელიც წელზე იკვრებოდა და შიგნით რა მეცვა, დედა არ მიკონტროლებდა, რადგან ჩემზე ადრე გადიოდა სახლიდან და შინ ჩემ შემდეგ ბრუნდებოდა... ერთ დღესაც, მეგობრები, ჩვეულებრივ, ბარში ვაპირებდით წასვლას. მე ძალიან ცუდად ვიყავი, ძვლებში მამტვრევდა და სახლში აკანკალებული მოვედი. მივხვდი, რომ მაღალი სიცხე მქონდა. დედას დავურეკე და ვთხოვე, - იქნებ სამსახურიდან ცოტა ადრე წამოხვიდე-მეთქი. არ მახსოვს დედის მოსვლა. გონს საავადმყოფოში მოვედი.

ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოვძვერი. ფილტვებზე დამიტოვა კვალი... სიცხეები აღარ მქონდა, მაგრამ ღამე სპაზმური ხველება მეწყებოდა. ოფლი მასხამდა და ლამის ნახევარი საათი ვახველებდი... დედამ ბაკურიანში გამიშვა. ძალიანაც რომ მნდომოდა, გაპრანჭვის თავი არ მქონდა. ასი მეტრის გავლის შემდეგ, ვიღლებოდი და ქოშინს ვიწყებდი. არც მახსოვს, რამდენი ლარის მედიკამენტი დავლიე... აღარც ახალი წელი მიხაროდა, აღარც შობა... მთელი იანვარი ბუნდოვნად მახსოვს. მედიკამენტებისა და თერმომეტრის ცქერით დეპრესია დამემართა... გამოცდები ჩაუბარებელი დამრჩა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი. იმ გაცივების შემდეგ, ქუჩაში პირველად მაშინ გამოვედი, როდესაც ბაკურიანში მივდიოდით და მეზობლებმა შორიდან მომიკითხეს, თითქოს კეთრი მქონოდა...

- სტილი შეიცვალეთ?

- ბაკურიანშივე ჩამომიტანა დედამ თბილი, გრძელი `დუტის~ პალტოები, ჯემპრები, შარვლები და ჩექმები... როდესაც კარადაში შევიხედე, იქ არც ერთი ძველი სამოსი აღარ დამხვდა, დედას ყველა გადაუყრია, მაგრამ არაფერი მიკითხავს. უბრალოდ, გული დამწყდა. მათგან რამდენიმე მართლა ძალიან კარგი ბრენდი იყო, რომელიც ჩემს დაქალებს მოსწონდათ და რომ მეჩუქებინა, სიხარულით მეცხრე ცას ეწეოდნენ. თუმცა, დედამ ისეთი დღეები გამოიარა ჩემთან ერთად, ვერც კი გავბედე მეკითხა, სად წაიღე-მეთქი... ერთი სიტყვით, ახლა ვმკურნალობ ფილტვებს და პატარ-პატარა `ქალურ~ პრობლემებსაც. იმედია, ბოლომდე გამოვჯანმრთელდები. ის დღეები მთელ ჩემს ცხოვრებას განსაზღვრავს.

მედეა, 43 წლის:

- სანამ ჩემი შვილის ჩაცმის საკითხში ვერეოდი, პრობლემა არასდროს ჰქონია, არც კი მახსოვს, ოდესმე სიცხე ჰქონდა თუ არა... მას მერე, რაც წამოიზარდა, უფლებას არ მაძლევს, შენიშვნა მივცე და მივუთითო. ყველაფერზე იბუტება, თავის ოთახში იკეტება, საჭმელს არ ჭამს. ჩაცმასთან დაკავშირებით ურთულეს პრობლემებს ვაწყდები. მთელი ზამთარი სიცხიანმა და გაცივებულმა იარა. შედეგად მივიღეთ ბრონჰიტი და ჰაიმორიტი... იგივე პრობლემა მაქვს ვაჟთანაც, რომელიც ასევე თხელი ტანსაცმლით დადის, თუმცა, მას მანქანა ჰყავს და გარეთ ხშირად არ უწევს ყოფნა... გოგონას შემთხვევაში, უკვე რა ხერხს მივმართო, აღარ ვიცი, ყინვაშიც თხელი მაისურითა და ქურთუკით დადის.

ხათუნა დოლიძე, ექიმი თერაპევტი:

- წლებია, ოჯახის ექიმად ვმუშაობ და დაუჯერებელია, მაგრამ ბოლო წლებში ვირუსულ ინფექციებზე მეტად, გართულებული გაცივებით მოდიან და მათი უმეტესობა 15-25 წლამდე გოგონები არიან, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი სტილი ჰქონდეთ და მზად არიან, ამის გამო ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღონ. სამწუხაროდ, ბევრს ამის გამო ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეერყა... მქონდა შემთხვევები, როდესაც გაცივებული პაციენტი ისევ ნახევრად შიშველი გადიოდა ქუჩაში, სკოლაში, ლექციაზე ან თუნდაც სამსახურში თხლად ჩაცმული მიდიოდა. ამ კატეგორიას პირდაპირ ვეუბნებოდი, რომ ის უშვილოდ დარჩენის კანდიდატია... არაფერს ვამბობ შარდსასქესო ორგანოების დაავადებებზე, რომლებიც ასე თუ ისე განკურნებადია. ვგულისხმობ ისეთ დაავადებებს, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია. მაგალითად, - მენინგიტი, ენცეფალიტი... ყველას სათითაოდ ვუხსნი, რომ განსაკუთრებით ზამთარში ნაბანავები არ უნდა გავიდეს, მაგრამ ძალიან ცოტა ითვალისწინებს. შესაბამისად, გვაქვს ყურისა და თვალბუდის ანთებები. არადა, ყური ტვინთან მჭიდრო კავშირშია. ყველანაირი ინფექცია კი, რომელიც ყურში ხვდება, დიდი შანსია, გავრცელდეს ტვინში. ხშირ შემთხვევაში უბრალო გაცივებას, სურდოსა და გრიპს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ეს ამ სეზონის ჩვეულებრივ დაავადებად მიაჩნიათ, მაგრამ თუნდაც, ყურების ხშირად დაგუბება, შესაძლოა, სმენის დაქვეითების მიზეზი გახდეს. ყველას მინდა ვთხოვო: ნუ გახვალთ ახალდაბანილი ქუჩაში, ამინდს არ აქვს მნიშვნელობა. ნოტიო თმით გარეთ გასვლა ბევრ დაავადებას იწვევს. ზამთარში ქუჩაში ატარეთ ქუდი და კაშნე, რომელიც თქვენს ყურებსა და ყელს დაიცავს. ეცადეთ, ცივ სეზონზე მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ყურებს, ყელს, ცხვირსა და სუნთქვას. გირჩევთ, თუნდაც გრიპის ან უბრალო გაცივების დროს, აუცილებლად მიაქციოთ სათანადო ყურადღება ცხვირს, რომ არ გართულდეს და სინუსიტში, ჰაიმორიტში ან ცხვირის წიაღების ანთებაში არ გადაიზარდოს... არასწორი სუნთქვა ხშირად სმენის დაქვეითებას იწვევს. ცხვირით ნორმალური სუნთქვა ადამიანის ორგანიზმისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და თუ ის მოშლილია, შესაძლოა, დეკომპენსირებული დაავადებები განვითარდეს.

ლალი პაპასკირი