"უჩვეულო რეპორტაჟი აფრიკიდან" და 20 წელი პირველი დადგმიდან
შეიძლება ბევრს ახსოვს სპექტაკლი - "ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს?" რომელიც მაყურებელმა პირველად მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 20 წლის წინ იხილა. ამჯერად რეჟისორმა ოთარ ბაღათურიამ უკრაინელი დრამატურგის, იაროსლავ სტელმახის ამ ზღაპრის ახლებური ვერსია წარუდგინა თანამედროვე ბავშვებსა და მათ მშობლებს. პრემიერა გაიმართა და დაინტერესებულ პირებს უკვე შეგიძლიათ ბილეთები თეატრის სალაროში მოიკითხოთ.
ნაწარმოების ქართული ვერსია ოთარ ბაღათურიას ეკუთვნის. მან ეს პიესა 1997 წელს თარგმნა და იმდროინდელ ქართულ რეალობას მოარგო. ახლა ზღაპარი კიდევ უფრო თანამედროვე გახადა, სადაც ფოტოაპარატით შეიარაღებული მოგზაურის "სელფის" გადასაღებ ჯოხსაც ნახავთ და ფოტოების გადაღების მოყვარულ ცხოველებსაც.
აფრიკიდან უჩვეულო რეპორტაჟის მთხრობელებად კაჭკაჭი და თუთიყუში გვევლინებიან. სწორედ ისინი არიან ერთგვარი წარმდგენი და დროდადრო თანამონაწილეებიც კი იმ ამბისა, რაც შემდეგ ორი მოქმედების განმავლობაში თეატრის დიდ სცენაზე ვითარდება.
სიუჟეტის მიხედვით, ლომი აფრიკიდან საქართველოში ხვდება და სწორედ ჩვენს ქვეყანაში ვითარდება საინტერესო მოვლენები. აქ ლომი თანამზრახველად ქართველ მგელს გაიხდის, თუმცა, ის აფრიკელი ლომივით თამამი ვერ არის. დიდი ხანია, ხორცი არ უჭამია, ბოსტნეულით იკვებება და ხორცით პირის ჩატკბარუნებაზე აღარც ოცნებობს... ორმოქმედებიან კომედიაში ყურადღების მიღმა არც პოლიტიკური ქვეტექსტები დაგრჩებათ.
საქართველოში, სადაც დემოკრატია ახალი დამკვიდრებულია, საზოგადოება და ამ შემთხვევაში - ცხოველები ცდილობენ, სახელმწიფოს ამ მართვის ფორმას მოერგონ და მისი კანონები დაიცვან, თუმცა, ეს რამდენად გამოგვდის, სხვა თემაა...
ძველი შემადგენლობიდან სპექტაკლში მხოლოდ ერთი მსახიობი, ნინო გურულიშვილი (დუბლი ირინე კუკულაძე) თამაშობს და ის კვლავ ბეჰემოთის როლშია.
ოთარ ბაღათურია (რეჟისორი):
- წლების წინ ეს სპექტაკლი დიდი წარმატებით მიმდინარეობდა, მსახიობებისთვის კარგი სამუშაოა და ამიტომაც გადავწყვიტე მისი აღდგენა. რასაკვირველია, რამდენიმე თემა და დეტალი შევმატეთ. თეატრს აქვს ის ბედნიერება, რომ ღირებული სპექტაკლი დიდხანს შეინახოს და მეც გადავწყვიტე, თაობების ცვლასთან ერთად, კიდევ ერთხელ დამედგა და იმედია, ისეთივე ინტერესი იქნება, როგორიც მაშინ იყო. ვიცნობ ჩვენს მსახიობებს, მათ შესაძლებლობებს და ცხოველების როლებზე მათი გადანაწილება აქედან გამომდინარე მოხდა. თეატრში ბავშვები მშობლებთან ერთად მოდიან და ამიტომ, სპექტაკლი მათთვისაც საინტერესო რომ იყოს, წინა პლანზე უფროსებისთვის გასაგები თემებიც წამოვწიეთ.
- სპექტაკლს ჯერ დარბაზიდან უყურებდით, შემდეგ სცენაზე ახვედით. ბავშვების რეაქციებს აკვირდებოდით?
- დიახ და ვფიქრობ, ზუსტი და დროული რეაქცია ჰქონდათ ყველა იმ სცენაზე, რასაც უყურებდნენ. ოცი წლის წინ ეს სპექტაკლი 10-12 წელი იყო რეპერტუარში და იმედი მაქვს, ახლაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც თავდაპირველად იყო.
ხატია მელქაძე (ბაჭია):
- ბატონი ოთარის ყველა სპექტაკლს ახასიათებს სითბო, სიხალისე და ფერადოვნება. ეს დადგმები განკუთვნილია არა მხოლოდ ბავშვებისათვის, არამედ უფროსებისთვისაც. ამ სპექტაკლზე სულ გვესმოდა ლეგენდები. განახლებული გუნდი ვცდილობდით, იმ დონეზე ავსულიყავით და უფრო მეტიც, ახალი სპექტაკლი ძველზე უკეთესიც გამოსულიყო. იმედია, გამოგვივიდა.
- წლების წინანდელი სპექტაკლის ჩანაწერი თუ არსებობს?
- დიახ, მაგრამ არ გვინახავს, რომ რაღაც დოზით გავლენა არ მოეხდინა ჩვენზე. ისეთი გუნდი ვართ შეკრებილი, რომ არაფერს "ვახალტურებთ", მუშაობა არ გვეზარება. რეპეტიციებამდე, ვიდრე სცენაზე გავალთ, როლი ბოლომდე დაღეჭილი გვაქვს და ყველანაირად ინფორმირებულები ვართ. შემდეგ კი უკვე რეპეტიციების დროს, ბატონი ოთარი შესანიშნავ აურას გვიქმნის.
- ადრინდელ წარმოდგენაში ბაჭიას როლს ვინ ასრულებდა?
- ჩვენი თეატრის მსახიობი - ანა ხუროშვილი. ის სპექტაკლს დაესწრო და რეჟისორის აზრის შემდეგ, მისი შეფასებაც ძალიან მაინტერესებდა. როგორც მითხრა, მოვეწონე და თუ მართლა ასეა, ძალიან მიხარია (იღიმის).
მამუკა ბოგვერაძე (ლომი):
- ალბათ წლების წინ დადგმული სპექტაკლიდან მიზანსცენები გამეორდა, მაგრამ პერსონაჟების ხასიათი ნაკლებად, რადგან ახლა სულ სხვა შემადგენლობაა ამ სპექტაკლში. რეპეტიციები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, სპექტაკლი გამოვიდა.
- მგლის (ირაკლი გოგოლაძე) და თქვენი ლომის ტანდემს როგორ აფასებთ?
- თამამად ვიტყვი, რომ ჩვენი დუეტი შედგა.
- ლომის როლის მორგება როგორია? ის ხომ ყველა ცხოველის მბრძანებელია!
- სიმართლე გითხრათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ცოტა გამიჭირდა (იღიმის). არ ვარ ბოროტი, მკაცრი ადამიანი.
- მგონი, თქვენი ლომი არცთუ ისე უხეშია, "რბილი" ჩანს. ეს ერთგვარად კარგიცაა, ბავშვებს თქვენი არ შეეშინდებათ.
- ჰო, ძალიან საზიზღარი და ცუდი ვერ ვიქნებოდი, ზუსტად იმის გამო, რომ სპექტაკლზე პატარები მოდიან, მაგრამ მგონია, არც მთლად ლმობიერი ლომი ვარ. ვფიქრობ, მაყურებელმა კარგად მიიღო. იმედი მაქვს, სპექტაკლი წარმატებული გახდება.
სპექტაკლის რეჟისორის თანაშემწე ქეთევან ქანთარია გახლავთ, მხატვარი გიორგი ბოქოლიშვილი, კოსტიუმების მხატვარი მაია სხირტლაძე; წარმოდგენის კომპოზიტორი დავით საყვარელიძეა, ხოლო სიმღერების ტექსტის ავტორი კოტე ყუბანეიშვილი. სპექტაკლის ქორეოგრაფი გია მარღანია გახლავთ, რომელიც უახლოეს მომავალში მოზარდ მაყურებელთა თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერას გამართავს. ასე რომ, ეს თეატრი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ასაკის მაყურებლისათვის და მათ ახალ-ახალ წარმოდგენებს სთავაზობს.
ანა კალანდაძე