უმუშევრობა, გოიმური სტატიები, "გადატუჩებული" საზოგადოება და "ნაგლი" მძღოლები - რა აღიზიანებს გიორგი გაგლოევს - გზაპრესი

უმუშევრობა, გოიმური სტატიები, "გადატუჩებული" საზოგადოება და "ნაგლი" მძღოლები - რა აღიზიანებს გიორგი გაგლოევს

სათქმელის ვინმესთვის გაზიარება რომ ერთგვარი შვებაა, ალბათ, ყველას გამოგიცდიათ... მსახიობ გიორგი გაგლოევს ვთხოვეთ, ჩვენთვის გაეზიარებინა, თუ რის გამო ბრაზობს და ღიზიანდება. თურმე, ამ გულღია და მხიარულ ადამიანს არცთუ ისე ცოტა სათქმელი ჰქონია...

- რადგან ჟურნალისტი ხარ, ამ თემით დავიწყებ: არსებობს საიტები, რომლებიც სტატიებს ასეთი სათაურებით აქვეყნებენ: "სასწრაფოდ გადადით ლინკზე და ნახეთ საოცრება - ესა და ეს ვარსკვლავი დაეცა" ან "ამა და ამ ვარსკვლავმა ფეხი მოიტეხა". სინამდვილეში, სტატიაში მსგავსი არაფერი წერია. ეს სულ მაღიზიანებს, ნერვები მეშლება! მინდა, ის ჟურნალისტები, ვინც ასეთ რაღაცებს წერენ, დავიჭირო და საქმიანობა სამუდამოდ ავუკრძალო! ამ ტიპის სტატიები სოციალურ ქსელში ხშირად მხვდება და ძალიან "მეგოიმება". რამდენიმე ჟურნალისტს უაზრო "სტატიების" "გაპიარება" უყვარს. მათ ინტერვიუს შეგნებულად არ ვაძლევ, ოღონდ - თავად ამის შესახებ არ იციან (იცინის).

- ასეთი სათაურის ბმულებს მაინც ხსნი?

- არა, რა თქმა უნდა! სათაურიდანვე ვხვდები, რომ ბლეფია! ოღონდ მკითხველებმა ბმული გახსნან, "ლაიქი" და კომენტარი დაწერონ და როგორ სათაურს აღარ იგონებენ!

- მსგავსი ტიპის სტატიებს შენ შესახებ ხშირად წერენ?

- ვერ ვიტყვი, რომ - ხშირად. ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე იყო. აბსურდული რაღაცები ჩემსა და ნინო მუმლაძეზე, ხატია ბრაჭულზე ეწერა...

- ამ თემასთან დაკავშირებით, საჯაროდ პროტესტი გამოგითქვამს?

- უბრალოდ, ამის საშუალება არ მქონია. ჩემს სამეგობროში მითქვამს და სოციალურ ქსელშიც დამიწერია. ჩემი აზრით, იაფფასიანი, დაბალი დონის მეთოდებით მკითხველი არ უნდა "კერო".

- კიდევ, რა იწვევს შენს გულის წყრომას?

- ზედმეტად "გადატუჩებული" და "გადაბერილი" გარეგნობის საზოგადოება. ერთხელ "ფეისბუკზე" დავწერე: მრავალი წლის მერე, არქეოლოგები გათხრებს რომ ჩაატარებენ და სამარხებს აღმოაჩენენ, საინტერესოა, სილიკონიან მიცვალებულებზე რას იფიქრებენ-მეთქი? იცი, ყველაზე საინტერესო რა იქნება? ვისაც სილიკონის დიდი რაოდენობა უკანალზე აქვს, მათ ცხედრებზე რას იფიქრებენ, რა არსებებს უწოდებენ (იცინის)?! სილიკონი მიწაში იხრწნება?.. ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო: დიდტუჩებიანი, უზარმაზარმკერდიანი და დიდთავიანი ადამიანი რა მოსაწონია?! ეტყობა, უნებურად პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლნი ხდებიან - თავს ვეღარ აკონტროლებენ, ეშხში შედიან და ჰგონიათ, სხეულის გარკვეული ნაწილების გადიდება ლამაზია. ჩემი ბევრი ნაცნობი, ახლობელი, მეგობარი პლასტიკური ქირურგიის მომსახურებით სარგებლობს. მთავარია, ნორმას არ გადააჭარბონ.

- ამ თემასთან დაკავშირებით, ვინმესთვის შენიშვნა მიგიცია?

- მიმიცია, ოღონდ - მეგობრულად. სხვათა შორის, არ გაბრაზებულან. უთქვამთ, - მართალი ხარო. ზედმეტი ბოტოქსისგან, სახეზე მიმიკები აღარ აქვთ.

- სიბრაზეს, გაღიზიანებას როგორ გამოხატავ?

- მაგალითად, შეიძლება, სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერო. სტატუსის ადრესატს პირადად არ ვეტყვი: მაინც ადამიანია და არ მინდა, გული ვატკინო. მერე რა, რომ "ტაპორის სახე" აქვს? გული მაინც ექნება ბუნებრივი...

- კიდევ, რა საკითხია, რაც ძალიან გაღიზიანებს?

- ძალიან მაღიზიანებს "მარშრუტკის", ავტობუსის და ტაქსის "ნაგლი" მძღოლები! გზაზე, პირველი ზოლიდან მესამეში "ხტებიან", მერე კი ისევ უკან ბრუნდებიან, რომ მგზავრი ჩაისვან. რა თქმა უნდა, ასეთ მძღოლებს ჩემი ავტომობილიდან "დედის ალერსს" ვუთვლი ხოლმე. სხვათა შორის, საათ-ნახევარში თელავში მივდივარ ღონისძიებაზე. გზაზე იმდენი მძღოლის გინება მომიწევს, რომ ნერვები წინასწარ მეშლება!

- ხშირად ბილწსიტყვაობ?

- ხშირად კი არა, თითქმის ყოველდღე. მანქანის "სიგნალი" გამიფუჭდა. შეგნებულად არ ვაკეთებ, რადგან ხშირად "ვასიგნალებდი" - პროტესტს ხმამაღლა გამოვთქვამდი და ვიფიქრე, - იქნებ გადავეჩვიო-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად - "ნაგლი" მძღოლები უარესად იქცევიან: ჩუმად რომ მივყვები და არ "ვუსიგნალებ", ჰგონიათ, სულელი ვარ, ქათამივით ან ცხვარივით მივყვები... ავტობუსები ისე მისრიალებენ, გეგონება, მაყრიონი ესხდეთ და ეჩქარებოდეთ. სად მიდიხარ, როცა რამდენიმე მეტრში გაჩერება გაქვს. ნელა იარე, რა!..

- ვატყობ, სათქმელი კიდევ გაქვს...

- ვღიზიანდები, როცა უვიცი ადამიანი ისეთი რამის დამტკიცებას ცდილობს, რის "გარტყმაშიც" არ არის. უნდა, ძალიან კომპეტენტური ადამიანის როლი ითამაშოს. სინამდვილეში, მხოლოდ საკუთარ სიცარიელეს ამჟღავნებს. მაღიზიანებს, როცა თეთრზე ამტკიცებს, შავიაო.

- ძირითადად, ასეთი ადამიანები რომელ სფეროში გხვდებიან?

- უვიცები ყველა სფეროში არიან, ჩემო კარგო. ყველა სფეროს ჰყავს 1-2 საკუთარი უვიცი, რომელიც, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მოწოდების სიმაღლეზეა! მათ შორის ახალგაზრდებიც არიან და ღრმად მოხუცებულებიც, რომელთა შესახებაც ვფიქრობ: თურმე, რა ტყუილად უსწავლია-მეთქი...

- შენ როგორ იქცევი - ასეთ ადამიანებთან კამათს ერიდები?

- არა, ყოველთვის ვცდილობ, ასეთებს სიმართლე დავუმტკიცო. შეიძლება, ისეთ დისკუსიაში ჩავება, რომელიც ჩხუბში, ბრძოლაში გადაიზრდება. იდიოტს თუ არ უთხარი, რომ იდიოტია, თავად ვერ მიხვდება.

- ასეთ "ბრძოლაში" არ დამარცხებულხარ?

- არა. როგორ ფიქრობ, მე ვინმე მომერევა ლაპარაკში?! თუმცა, შეიძლება, ჩემ შესახებ მკითხველმა იფიქროს: იქნებ, უვიცი შენ ხარო? თუ საკითხში ჩახედული არ ვარ, ხმას არასოდეს ვიღებ.

- სიბრაზის გამომწვევი მეხუთე საპატიო ადგილი რომელ პრობლემას უჭირავს შენს "ტოპხუთეულში"?

- უნდობლობა და დაუფასებლობა მაღიზიანებს. როდესაც ადამიანი ვერ გენდობა და ვერ გაფასებს, ის საზოგადოებისგან გარიყული უნდა იყოს. ასეთი ადამიანები ეგოისტები არიან. როდესაც არ გენდობიან, ე.ი. მათთვის არარაობა ხარ.

- ნდობას ხომ დამსახურება უნდა?

- გასაგებია, მაგრამ როდესაც ცდილობ, ნდობა მოიპოვო, დაგაფასონ და ამისთვის ბევრ რამეს აკეთებ, მცირე დაფასება მაინც ხომ უნდა მიიღო? ყველაფრის მიუხედავად, მაინც რომ არ გენდობიან, ეს ცუდია. ასეთი უმადური ადამიანები ისე მაღიზიანებენ, რომ ჩემთვის ისინი სამუდამოდ, "კედლის მიღმა" რჩებიან.

- მაგალითისთვის რომელიმე შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებ?

- ბევრი მახსენდება, მაგრამ არ დავაკონკრეტებ. ვინც წაიკითხავს, ყველა მიხვდება... კიდევ, ვერ ვიტან მათ, ვინც ყველგან აგვიანებს! ასეთი ერთი ახლო მეგობარი - ნინო მუმლაძე მყავს. წარმოიდგინე, 2-საათზე გასვენება რომ იყოს, 3-ის ნახევარზე დამირეკავს - მზად ვარ, გავიდეთო. ხომ არ შეიძლება, გასვენებაზეც დააგვიანო? კაცი ბოლო გზაზე "მიდის", საფლავში უნდა ჩადონ... ნეტავ, იმდენი 100 დოლარი გვქონდეს, რამდენჯერაც ნინოს დაუგვიანებია. პირადად მე, ზედმეტად პუნქტუალური ვარ - ჩემთვის დაგვიანება კოშმარული ამბავია!

- კიდევ დაგრჩა სათქმელი, თუ შენი გულის წყრომა ბოლომდე გაგვიზიარე?

- ბოლო დროს მსახიობების მატერიალური სიდუხჭირის თემას სიუჟეტი მიუძღვნეს. ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანმა დაწერა, - ხელოვანი ხალხის დახმარება საერთოდ არ არის საჭირო. მსახიობს სახელმწიფო ხელფასს რატომ უნდა უხდიდეს, როცა ბილეთები იყიდებაო? შე მამაცხონებულო, რა ფასიც ბილეთს აქვს და რა რაოდენობაც იყიდება, ის თანხა თეატრს კომუნალური გადასახადების დასაფარადაც არ ეყოფა! მთავრობის და კონკრეტულად, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ ისე არაკეთილსინდისიერად, არამეგობრულად განწყობილები არიან, რომ ვბრაზდები! მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია, თეატრში აღარ ვმუშაობ, ვიცი: ჩემი ბევრი კოლეგა მიზერულ ხელფასზე - 340-400 ლარზე მუშაობს. ჩვენს სფეროში უძრაობის, უფულობის ხანაა! სამწუხაროდ, მსახიობებს სხვადასხვა პროფესიასთან შეჭიდება გვიწევს, რომ 1-2 "კაპიკი" ვიშოვოთ. 700 ლარი უმაღლესი ხელფასი ჰგონიათ? საინტერესოა, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები 700 ლარად თანამდებობაზე მუშაობას დათანხმდებიან?!. კიდევ, პირადად გუგული მაღრაძეს შევუთვლი: ქალბატონო გუგული, სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით, განცხადებების გაკეთების ნაცვლად, გირჩევნიათ, სახლში ლობიო მოხარშოთ, სადილი აკეთოთ ხოლმე. ქვეყანაში იმდენი პრობლემაა, რომ სიგარეტის მოწევის აკრძალვის საკითხის წამოჭრა ნაადრევია. სხვათა შორის, არამწეველი გახლავართ.

- ქვეყანაში პრობლემების მოგვარება რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ?

- ჰო, გუგულიმაც რაიმე თემაზე ლაპარაკი ხომ უნდა დაიწყოს? რაღაც ხომ უნდა თქვას, რაიმე საკითხი წინ წამოსწიოს? მერე რა, რომ დოლარის კურსი ზევით მიდის? მერე რა, რომ ქვეყანაში უმუშევრობაა? რაც შეუძლია, ის თქვა... ვაი, უბედურო საქართველო! არ ვიცი, ჩვენს ქვეყანას რა ეშველება... აი, ახლა კი დავასრულე - ჩემი გულისტკივილი ბოლომდე გამოვთქვი.

ეთო ყორღანაშვილი