სამშობლოზე დარდსა და მონატრებაში დანაცრებული სიცოცხლე - გზაპრესი

სამშობლოზე დარდსა და მონატრებაში დანაცრებული სიცოცხლე

ცოტამ თუ იცის, რომ იმ დიდ ქართველებს შორის, ვისი სახელიც სამშობლოზე ზრუნვასა და მისთვის თავგანწირვას უკავშირდება, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწე, ცნობილი ორატორი, პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, მხატვარ-კარიკატურისტი, საზოგადო მოღვაწე და ღირსეული ქართველი, სიმონ ბერეჟიანიც არის... უცხოობაში გადახვეწილი ქართველისთვის იმდენად გაუსაძლისი და ყოვლისმომცველი იყო სამშობლოს მონატრება, რომ სულით დაავადდა და ამის შემდეგ დაიკარგა კიდეც მისი ფიზიკური კვალი, სამუდამოდ...

მისი ოცნება, თეთრ ჩოხასა და ყაბალახში დაეკრძალათ, აუსრულებელი დარჩა, თუმცა, ანდერძად კიდევ ერთი სურვილი ჰქონდა დატოვებული: "თუკი უცხო მიწაზე ვპოვე სამუდამო განსასვენებელი, გჯეროდეთ, რომ ჩემი უკანასკნელი გაჟრჟოლება საქართველო იქნება... გთხოვთ ყველას, თუ ვერ დავბრუნდი, ადით მთაწმინდაზე და ჩემს საყვარელ თბილისს მთაწმინდიდან წაუკითხეთ ჩემი საყვარელი პოემა - "პაემანი მთაწმინდაზე".

წელს სიმონ ბერეჟიანის დაბადებიდან 75, გარდაცვალებიდან კი 120 წელი შესრულდა. მისი ანდერძის შესასრულებლად, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი, იზა ვეფხვაძე ხარაგაულელ ახალგაზრდებთან ერთად თბილისს ეწვია და სიმონ ბერეჟიანისადმი მიძღვნილი საავტორო სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ხარაგაულელ ახალგაზრდებთან, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებთან და მაყურებლებთან ერთად მთაწმინდაზე, ამ გამორჩეული ქართველის ანდერძი აღასრულა... სიმონ ბერეჟიანის შესახებ საინტერესო ფაქტები სწორედ ქალბატონმა იზამ გვიამბო.

- სამწუხაროდ, ქართველების ალბათ, 5%-მა თუ იცის, ვინ იყო სიმონ ბერეჟიანი. მის შესახებ ინფორმაციაც ძალიან მწირია. "ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,/ ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო!/ თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,/ დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!" - ცოტამ თუ იცის, რეალურად ვის ეკუთვნის ეს საოცარი სიტყვები. ზოგი ამ სიტყვების ავტორად საქართველოს დემოკრატიული მთავრობის პირველ თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას მიიჩნევდა, ზოგიც - ქაქუცა ჩოლოყაშვილს. იმასაც ამბობდნენ, რომ ეს სტრიქონები საფრანგეთში, ლევილში, ნოე ჟორდანიას საფლავის ქვაზე ეწერა, მაგრამ არც ერთი ეს ვერსია სიმართლე არ გახლავთ. ამ სიტყვების ავტორი ღირსეული ქართველი, სიმონ ბერეჟიანია.GzaPress

- როგორ მოხდა, რომ სიმონ ბერეჟიანი თაყაიშვილად დაიბადა, ბერეჟიანად იცხოვრა და ბერგერად გარდაიცვალა?

- სიმონი გურიაში, ერმილე თაყაიშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. პატარა იყო, როცა უშვილო დეიდამ და ბიძამ იშვილეს. ბერეჟიანი ბიძის გვარი იყო - ასე იქცა სიმონ თაყაიშვილი სიმონ ბერეჟიანად. მოგვიანებით, მას თავისი წარმომავლობის შესახებ გაუგია, მაგრამ გვარის შეცვლა საჭიროდ აღარ მიუჩნევია. დეიდამ და ბიძამ კარგი განათლება მისცეს, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიაბარეს. გამორჩეული მოსწავლე იყო. გიმნაზიაში სწავლის ბედნიერ წლებს გაზეთში - "თეთრი გიორგი" ასე იხსენებს: "ათი წლის ვიყავი, როცა გიმნაზიაში ვაჟა-ფშაველა მოვიდა. ჩემი კლასის დამრიგებელი დიდი ქართველი, ლუარსაბ ბოცვაძე გახლდათ. სწორედ მან მოიწვია გიმნაზიის მოსწავლეებთან ვაჟა-ფშაველა. გიმნაზიის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და ვაჟა-ფშაველამ ჭადრების ხეივანი გავაშენეთ. მე და ვაჟამ ერთობლივად, ერთი ჭადრის ხე დავრგეთ". ამ ჭადარს სიმონ ბერეჟიანი წლების შემდეგ, უცხოობაში დაწერილ ყველა ჩანაწერსა და დღიურში იხსენებდა. იხსენებდა ასევე, ფოტოს, რომელიც თურმე, ჭადრის დარგვის შემდეგ ვაჟამ მოსწავლეებთან ერთად გადაიღო: "რომ მცოდნოდა, უცხოობაში ვაჟა-ფშაველას ლექსები გამითბობდა გულსა და სულს, მხოლოდ ვაჟას სახეს დავაცქერდებოდი, სამუდამოდ აღვიბეჭდავდი მეხსიერებაში დიდი მგოსნის სახეს. ვხუჭავ თვალებს, ვიხსენებ, მაგრამ შავი ჩოხის მეტს, ვერაფერს ვხედავ. ლანდადაც კი არ დამამახსოვრდა ათი წლის ბიჭს ვაჟა-ფშაველა. რომ მცოდნოდა, უცხოობაში გავლევდი ცხოვრებას, იმ სურათს უსათუოდ მოვიპარავდი. ალბათ, როგორ შემიმსუბუქებდა აქ ცხოვრების უმძიმეს წლებს". გარკვეული დროის შემდეგ, გიმნაზიის მეორე სართულზე წმინდა ნინოს სახელობის საავადმყოფო გაიხსნა. სწორედ აქ ნახა სიმონ ბერეჟიანმა უკვე სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ვაჟა-ფშაველა.

- სიმონ ბერეჟიანი იმ ათეულობით სტუდენტს შორის იყო, ვინც პირველ ქართულ უნივერსიტეტში მისი გახსნის წელს, 1918 წელს ჩაირიცხა. როგორ აღმოჩნდა ორი წლის შემდეგ გერმანიაში?

- 1918-1920 წლებში სიმონ ბერეჟიანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი იყო და მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში, რომელთა გადატანა მოუხდა პირველ ქართულ რესპუბლიკას. უნივერსიტეტში ჩარიცხვიდან ორ წელიწადში, 1920 წელს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ის ათეულობით ნიჭიერ ახალგაზრდასთან ერთად, გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნა. წასვლისას უნივერსიტეტის ეზოში დარგულ ჭადართან მისულა, ხელები შემოუხვევია, უკოცნია და უთქვამს, - როგორ მომენატრები, მაგრამ მალე დავბრუნდებიო, მერე ხელი დაუქნევია და გამომშვიდობებია. საქართველოდან წასულმა სწავლა გერმანიაში, ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში განაგრძო. იქ სამი წელი სწავლობდა. გამორჩეული სტუდენტი ჩასვლისთანავე თავის ალბომში ლექსს წერს: "თეთრი ხომალდი, მიმავალი შორ ნაპირებით,/ მოშორდა ნაპირს, წინაპართა წმინდა საფლავებს,/ გზას გვიკაფავდა ოკეანე ლურჯ ხავერდებით/ და თეთრს ზვირთებში გვინათებდა ღამე ვარსკვლავებს". ერთადერთი, რაც მას გერმანიაში ჩასვლის შემდეგ საქართველოსთან აკავშირებდა, ქართული სიტყვაღა იყო, რადგან 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებამ სამუდამოდ ჩაკეტა გზა სამშობლოსკენ. ვერ ეგუებოდა სიმონი გაუცხოებას, ყოველდღე მოუთმენლად ელოდებოდა დაგვიანებულ ფოსტალიონს. დღიურში წერს იმ დღის შესახებ, როცა, როგორც იქნა, წერილი მიიღო: "მოვხურე კარი, ავედი ზედა სართულზე, დავიბანე ხელ-პირი, მოვიცილე ჯანღი, გამოვიცვალე პერანგი, ჩავიცვი ქათქათა თეთრი პერანგი, გადავივარცხნე თმა, გადავიგრიხე ულვაშები, მაგრად, მაგრად მიცემს გული, ლამის საგულედან ამოვარდეს და ვხსნი წერილს..." მაგრამ საქართველოდან ცუდი ამბები მიდიოდა. არანაირი იმედი, მხოლოდ სევდა და ტკივილი.

1923 წლის დამლევს, გერმანიიდან პარიზში გადავიდა იმ იმედით, რომ საქართველოს პირველ დემოკრატიულ მთავრობას შეუერთდებოდა და იქნებ მათთან ერთად უფრო ადვილი გამხდარიყო ამ გაუსაძლისი მონატრების დაძლევა. პარიზში ჩასული, აქტიურად ჩაერთო ქართული ემიგრაციის საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ დროიდან მისი ცხოვრება საქართველოს გაუკუღმართებული ცხოვრების სრული ანარეკლი გახდა... "პირველი თოვლი დაეცა ქუჩებს,/ პირველი თოვლი, მე რომ მაგონებს/ მიცვალებულის გაყინულ ტუჩებს/ და თეთრ კაბაში მორთულ გოგონებს./ როცა წარსული გარდაიცვალა,/ თეთრი კაბები შევღებე შავად/ და ავიყვანე უცხო მენავე/ უცხო ქვეყნებში მამინაცვალად". დარწმუნდა რა, რომ საქართველოში ჩამოსვლაზე ფიქრი არც ისე პერსპექტიული იყო, დაიწყო ფიქრი, რისი გაკეთება შეიძლებოდა უცხოეთიდან სამშობლოს დასახმარებლად. ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად შექმნა პოლიტიკური ორგანიზაცია "წმინდა გიორგი". გარდა ამისა, დააარსა გაზეთი "წმინდა გიორგი" და დაწერა ჰიმნი "თეთრ გიორგელებისთვის", რომელსაც მთელი ქართველობა მღეროდა. ფრაზა ჰიმნიდან: "ჩვენ მოვევლინეთ საქართველოს განწირულ დროში, მიგვიღო ზეცამ, მაგრამ მიწა გვეძახის გერებს". გაზეთში სიმონ ბერეჟიანმა ჟურნალისტური მოღვაწეობა სიმონ ბერის ფსევდონიმით დაიწყო. წერდა არა მხოლოდ ლექსებსა და მოთხრობებს, არამედ ღრმა მეცნიერული ხასიათის პუბლიცისტურ წერილებს. სხვათა შორის, ის საოცარი მხატვარი იყო. მიიჩნევა პირველ ქართველ კარიკატურისტ მხატვრად. ამბობდა, მხოლოდ კარიკატურებით შეიძლება ასახო იმ ბინძური ქუსლის ნაკვალევი, რომელიც ჩემს სამშობლოს აზისო. ემიგრანტები იხსენებდნენ დაკარგულ ფერწერულ ნამუშევარს ("ქრისტე"), ასევე, სიმონ ბერეჟიანის სამსახიობო ნიჭსა და გარდასახვის საოცარ უნარს. ის იყო წარმოდგენების დამდგმელი რეჟისორიც, გამფორმებელიც, მსახიობიც, დეკლამატორიც. მრავალმხრივი ნიჭის პატრონი გახლდათ.

- რა მიზნით ჩაირიცხა გერმანიის ვერმახტის ბატალიონში?

- 1941 წელს, ომის დაწყებისთანავე, სიმონი რამდენიმე ქართველთან ერთად საომარ ოპერაციებში ჩაერთო. მალე გერმანიაში ჩავიდა და ვერმახტის ბატალიონში ჩაირიცხა, რომელსაც ქართველი გენერალი, შალვა მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა. ეს უცნაური არჩევანი გამოუცდელობის გამო გააკეთა. ეს სრულებით არ გახლდათ თანაგრძნობა ფაშისტების იდეოლოგიისა. ამ ადამიანებს ღრმად სწამდათ, რომ ისინი გერმანიის არმიაში მსახურებით დამპყრობელ რუსეთს ებრძოდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა რუსეთის იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლებისა. დღიურში წერს: "თუ გამარჯვება არ არსებობს სისხლის გარეშე,/ მხოლოდ სისხლისთვის გიხმობთ ჩემი ბუკი, ნაღარა,/ ისე არ ჩავალ ცით მოსული გლუვ სამარეში,/ თუ არ შევღებე მტრების სისხლით ჩემი ჭაღარა". 1943 წელს ბერლინში სიმონ ბერეჟიანის ლექსების კრებული გამოიცა. მისმა უკვე დაავადებულმა ფსიქიკამ, სამშობლოს საოცარმა მონატრებამ, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში ნერვული სისტემა დაუსუსტა, ვეღარ გაუძლო და რუმინეთში ფსიქიკური ავადმყოფობის ნიშნები დაეტყო. მკურნალობა დაიწყო. მოგვიანებით, რუმინეთიდან გერმანიის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

- საიდანაც სამუდამოდ იკარგება მისი კვალი...

- დიახ, სწორედ შტუტგარტის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან იკარგება სიმონის სახელი და გვარი. დიდხანს ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. აუხდენელი დარჩა მისი ოცნება. წერდა, - როცა მოვკვდები, ჩოხით დამკრძალეთო. ვიდრე სამამულო ომის ფრონტზე გაემგზავრებოდა, ვახტანგ ღამბაშიძის არქივში ჩაუწერია: "მე მივდივარ საომრად, სამშობლოს დასაბრუნებლად. დარწმუნებული ვარ, გავათავისუფლებ ჩემს სამშობლოს; დარწმუნებული ვარ, ქართულ მიწაზე დავადგამ ფეხს, მაგრამ თუ ეს არ მოხდა და უცხო მიწაზე ვპოვე სამუდამო განსასვენებელი, გჯეროდეთ, რომ ჩემი უკანასკნელი გაჟრჟოლება საქართველო იქნება და გთხოვთ ყველას, თუ ვერ დავბრუნდი, ადით მთაწმინდაზე და ჩემს საყვარელ თბილისს მთაწმინდიდან წაუკითხეთ ჩემი საყვარელი პოემა, "პაემანი მთაწმინდაზე". ცნობილი ქართველი ემიგრანტი, ნინო სალია წერდა: "როგორღაც უნდა შევუსრულოთ ანდერძი ამ დიდ ქართველს, პირველ რიგში, უნდა მოვძებნოთ მისი ნეშტი და ლევილში, ქართველ ძმათა სასაფლაოზე მივუჩინოთ ადგილი. ყველა ქართველი ვალდებულია, არ დავკარგოთ სიმონიკა ბერეჟიანი. ქართველებს მისი სალოცავი საფლავი უნდა გვქონდეს!" დიდხანს ეძებდა ლევილში გაფანტული ქართველობა სიმონ ბერეჟიანს, მაგრამ ვერ მიაკვლიეს. 1949 წელს გაზეთ "ქართლის ცხოვრებაში" გამოქვეყნდა იმ თეთრგვარდიელთა სია, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. ესენი იყვნენ: ლეო კერესელიძე, ვასო ციცქიშვილი, სიმონიკა ბერეჟიანი, ირაკლი კალანდარაშვილი, ლევან ჯაყელი, იოვანე გახოკიძე, არჩილ ვაჩნაძე, კუჭია ალანია, სიმონ სეხნიაშვილი და უსახელოდ წასული ვინმე ღუდუმიძე.

შორენა ლაბაძე