"ბელგიელი" გოგონა, რომელიც ქართველების დასაქმებაზე ოცნებობს - ემიგრაციაში შექმნილი "პატარა საქართველო" - გზაპრესი

"ბელგიელი" გოგონა, რომელიც ქართველების დასაქმებაზე ოცნებობს - ემიგრაციაში შექმნილი "პატარა საქართველო"

ელენე მანდარია საქართველოს კალათბურთის გოგონათა ნაკრების "ბელგიელი" წევრია. ქუთაისის აეროპორტში მოულოდნელად შევხვდი მეგობარ ქალს, რომელსაც ორმაგი, ბელგიისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ მას ორი ახალგაზრდა ადევნებდა თვალს. დიდი წინათგრძნობა და ლოგიკა არ ესაჭიროებოდა იმის ამოცნობას, რომ ეს ახალგაზრდები ცოლ-ქმარი იყვნენ. ისინი დროდადრო პატარა გოგონას, ლიზიკოს "დუტი ფრიში" დაატარებდნენ, რათა მისი ჭირვეულობა დაეკმაყოფილებინათ. ისიც მისახვედრი იყო, რომ დიდი წუხილით იყვნენ შეპყრობილნი, რასაც ჰქონდა კიდეც საფუძველი - თან ჰყავდათ ორიოდე წლის ბიჭუნა, რომელსაც სახეზე მოქანცულობა აღბეჭდოდა.

ანამ (ასე ჰქვია ჩემს "ბელგიელ" მეგობარს) ჭირვეული ლიზიკო თავისთან იხმო და დაახლოებით ერთი საათი ართობდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი კი ბიჭუნას მორიგეობით იჭერდა ხელში. როცა დრო ვიხელთე, ანას ვკითხე, ესენი ვინ არიან-მეთქი? - ჩემი ნათესავები არ არიან, მაგრამ ამ ბავშვს დაუსვეს ისეთი დიაგნოზი და ისეთი ამბები დაატრიალეს პატარას თავზე, აუცილებლად უნდა ჩავიყვანო ბელგიაში, რათა მაღალი კვალიფიკაციის ექიმებმა ნახონ და უმკურნალონო, - მიპასუხა.

თვითმფრინავის ბორტზე ერთად ავედით და ანამ მოკლედ ამიხსნა, რომ პატარა ირაკლის აუცილებლად ესაჭიროებოდა ჯანმრთელობის ევროპული ხარისხით კვლევა, უმიზეზოდ გაკეთებული ოპერაციაც ახსენა და საკმაოდ დიდი თანხაც, რომელიც სამომავლოდ ოჯახს უნდა გაეღო (როგორც ახლახან გავარკვიე, სრულიად უმიზეზოდ). - დედა ვარ და გულთან მივიტანე, ბელგიაში მივხედავ ამათო, - მითხრა ანამ...

და როგორი დედაა ანა? - მას სამი შვილი ჰყავს, ორი გოგონა და ერთი ვაჟი. ერთი შვილი სპორტსმენია და ასაკთან შედარებით - ძალიან წარმატებულიც. კარგი შვილები ალალბედად არ იზრდებიან. ახლა მინდა, ანას ერთ-ერთ შვილზე, ელენე მანდარიაზე გიამბოთ:

ელენე ბელგიაში, ქალაქ სინტ-ტრუიდენში, 1999 წლის 25 თებერვალს დაიბადა. თავისთავად, გაიზარდა ბელგიაშივე, რადგან მისი ოჯახი იქ ცხოვრობდა. ზორბა ბავშვი იყო ელენე. 10 თვისა 15 კილოს იწონიდა. იმდენად კარგი მადა ჰქონდა, რომ თურმე, დღეში 5-6 ბანანსაც "ერეოდა". ფეხი აიდგა თუ არა, პირველი, რაც გააკეთა, ბურთს დაარტყა და იმ დღიდან ბურთი მისი განუყოფელი სათამაშო გახდა. 5 წლის იყო, როცა ბაღის პედაგოგმა წაიყვანა ჩოგბურთის კლუბში და იქიდან მოყოლებული, 9 წლამდე ჩოგბურთს თამაშობდა, თავისუფალ დროს კი ფეხბურთს უთმობდა. მის გულმოდგინებას წარმატებაც მოჰყვა და მალე სპორტულ სპეცსკოლაში მიიწვიეს, სადაც დღეში სამჯერ ჩაუტარდებოდა ჩოგბურთის გაკვეთილები. ელენემ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მას უნდოდა ფეხბურთი ეთამაშა. ევროპაში ბავშვის აზრსა და არჩევანსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთი წელი ითამაშა ფეხბურთი და სეზონის ბოლოს მიუვიდა მიწვევა ერთ-ერთი კლუბიდან, უმაღლესი ლიგის ლიეჟის "სტანდარტიდან". ელენეს მამა მხარს უჭერდა, დედა - არა. როგორც ჩანს, ანასთვის ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა, მხოლოდ მამაკაცებისთვისაა და დაიწყო დედაზე "შეტევა", მაგრამ მან "იძალადა" და ელენე მოხვდა კალათბურთის დარბაზში. ორ წელიწადში პატარა და მშრომელმა გოგონამ იმხელა წარმატებას მიაღწია, რომ ბელგიის ნაკრების სელექციაში მიიწვიეს და იქ ვარჯიშობდა. GzaPress

ანა ბალამწარაშვილი:

- ბელგიაში ვცხოვრობთ უკვე 25 წელია ანუ ზუსტად ამდენი წელი ვაშენებდი ჩემს ოჯახთან ერთად იმ პატარა საქართველოს ბელგიაში, რომელსაც თუ გვესტუმრებით, აუცილებლად ნახავთ. ამ პატარა საქართველოს შენებაში ყველაზე დიდი აგური დედას და მამას აქვთ დადებული. ელენეს ბებია ფილოლოგია. მისმა პედაგოგიურმა "მკაცრმა მოთხოვნამ", რომ მის შვილიშვილებს ქართული წერა-კითხვა უნდა სცოდნოდათ, შედეგი გამოიღო. ჩემმა სამივე შვილმა იცის ქართულად წერა-კითხვა და საუბარი. ეს ის პატარა საქართველოა, რომელიც ემიგრაციაში შევქმენით - არ იყო ადვილი, მაგრამ მაინც შევძელით!

2015 წელს ელენე მიიწვიეს (და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ლალი მოროშკინას) საქართველოს კალათბურთელ გოგონათა ნაკრებში და აქაც ერთი დეტალია საინტერესო: ელენემ ბელგიელი მეგობარი და თანაგუნდელი, ჰევინ ჰოიდონკსიც დაარწმუნა და თან წამოიყვანა, ახალგაზრდულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს კალათბურთს 25-წლიანი წყვეტის შემდეგ გაუჩნდა შანსი, ჰყოლოდა გოგონათა ნაკრები. საოცარი გარემო დახვდათ ელენეს და ჰევინს, მთავარი მწვრთნელის - ლელა ცანავას, როლანდ გელოვანის, მანჩო ბიჩინაშვილის და იმ გოგონების სახით, რომლებიც ნაკრებში იყვნენ. ეს იყო ელენეს პირველი "ვიზიტი" საქართველოში და დაუვიწყარი, გახარებული, ბედნიერი იყო არა მარტო ამ დახვედრით, არამედ იმითაც ამაყობდა მეგობართან, რომ მას გააცნო თავისი სამშობლო. შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატი და უდიდესი წარმატება. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მეორე ადგილზე გავიდნენ. მთავარი აქ მაინც ის არჩევანია, რომელიც გააკეთა ელენემ და მისი ზეგავლენით ჰევინ ჰოიდონკსმა. სამშობლო ჩვენთვის არ არის ბელგიური ტკბილეული და არც ადვილი გასაკეთებელია არჩევანი, რომელიც ელენემ გააკეთა! სამშობლო რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე და რომ იცნობდე, უნდა შეიგრძნო. ეს შეგრძნება და სიყვარული ელენემ იქ, ბელგიაში იგრძნო. ამიტომაც გააკეთა სწორი არჩევანი და აირჩია, სამშობლოს დასდგომოდა გვერდით ისე, როგორც შეეძლო. ჩემდა საამაყოდ, ეს პატარა გოგონა იმაზე დიდი ქართველი აღმოჩნდა, ვიდრე მისწავლებია მისთვის. სისხლის ყივილს ვერავინ ვერაფერს მოუხერხებს!

ელენე პატარაობისას თურმე, შინ არ რჩებოდა, დედას დაჰყვებოდა სამსახურში (ანა მაშინ ბელგიის გენერალურ კომისარიატში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა) და თავისი ჭკუით, დედას ეხმარებოდა. მართალია, მისთვის სპორტი მთავარია, მაგრამ შინაგანად, პატარაობიდანვე უფლებადამცველი და სამშობლოს ფანატიკური მოყვარულია. თითქოს უმნიშვნელო ან წმინდა "აზიატური" დეტალი: ყოველ წელს, ელენეს დაბადების დღის აღსანიშნავად, მისი კლასელებისთვის მშობლებს მიჰქონდათ ხაჭაპურები (აუცილებლად ბებოს გაკეთებული) და "გასტრონომიით" იწყებდა სამშობლოს პოპულარიზაციას დასავლეთ ევროპაში... მაყვალა ბებოს აზრით, საქართველოს იქითაც სრულად უნდა იქართველონ მისმა შვილიშვილებმა! პატარაობიდანვე ყველაფერი ქართულის ქებამ ბავშვზე დიდად იმოქმედა. მანდარიების ოჯახში ყველა უყურებდა ქართულ ფილმებს, იკითხებოდა ქართული ზღაპრები და ისტორიული წიგნები. ეგებ ვინმემ მოისურვოს და ბელგიაში დაბადებულ მანდარიებს გაეჯიბრონ საქართველოს სამოქალაქო ისტორიის ცოდნაში!

ელენეს მიზანი სპორტს სცილდება. წელს ამთავრებს კოლეჯს და აგრძელებს სწავლას ერთ-ერთ წარმატებულ უნივერსიტეტში პოლიტიკა-სამართალის განხრით. საქართველოში ყოფნისას გაჭირვებულ ადამიანებს როცა ხვდებოდა გზაზე, ფულს ურიგებდა, თან, სახტად დარჩენილი ამბობდა, - ნეტავ, არ ურჩევნიათ, რომ იმუშაონ და თვითონ იშოვონ ფული? ასე თავმოყვარეობა აღარ შეელახებათო... მან ჯერ კიდევ არ იცის სახელმწიფოს არასწორ ეკონომიკურ ნაბიჯებსა და სოციალურ სიზარმაცეზე არაფერი, რადგან ბელგიასა და მის ოჯახში სიზარმაცისათვის არასდროს ეცალათ!

საქართველოში ყოფნის დროს ელენეს ჩასაწერად მისულა ერთ-ერთი ტელევიზიის გადამღები ჯგუფი. ამ დროს გამოუვლია მაწანწალა ძაღლებს და მიუტოვებია ჩაწერა, ძაღლები დაუპურებია! ისე შესცოდებია ცხოველები, რომ დედას ეხვეწებოდა, - წავიყვანოთ ბელგიაში და იქ გავაგრძელოთ მათზე მზრუნველობაო!

ახლა ფიქრობს "ბელგიელი გოგონა": როცა ბევრი ფული მექნება, ყველას დავუძახებ, ვისაც მუშაობა შეუძლია, ვამუშავებ და ხელფასს გადავუხდი, ხოლო ვისაც შრომა არ შეეძლება, მათთვის ისეთივე სოციალური სქემის გადმოტანა უნდა, როგორიც ბელგიაშია! ზოგჯერ გულწრფელი და კეთილი სურვილები ახდება ხოლმე და ეგებ, ელენესაც აუსრულდეს ეს ოცნება!

როლანდ ხოჯანაშვილი