ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან - გზაპრესი

ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, ძველ შენობაში შევდივართ და ნახევრად დანგრეული სადარბაზოდან, ასევე კარგად შელახული კიბით რამდენიმე სართულს ავდივართ... ასე მგონია, 90-იანი წლების სტილში გადაღებული ფილმის პერსონაჟი ვარ - კედლებზე წარწერები, ამოყრილი იატაკი, გაყვანილობის ძველი მილები... შუშებჩალეწილ დერეფანში კედლიდან ფანჯრამდე გაჭიმულ თოკებზე გაფენილი სარეცხი შევნიშნეთ. როგორც გაირკვა, იმავე კორპუსში დევნილებიც ცხოვრობენ... რამდენიმე სართულის ავლის შემდეგ, დიდი, თეთრი, მძიმე კარი გაიღო და სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. ეს ის ადგილია, სადაც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, 4-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის ცხოვრების შეცვლას ცდილობენ...

გრძელ, ნათელ ფერებში შეღებილ დერეფანს მივუყვებით. კედლებზე ნახატები და კომპოზიციებია გამოფენილი. ჭორლდ Vისიონ საქართველოს ბავშვები, კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თავმჯდომარე მაია მგელიაშვილი გვიხსნის, რომ ეს იმ ბავშვების ნამუშევრებია და ზოგიერთმა მათგანმა მუშაობის პროცესში აღმოაჩინა, რომ ნიჭი ჰქონდა და უფრო მეტად იმან გააოცა, რომ ამის კეთებისთვის მოთმინება ეყო.

ერთმანეთს სასადილო ოთახში, მაგიდასთან ვხვდებით. ბევრი მათგანი ალბათ ქუჩაში მუშაობისას ნანახიც გვყავს, რადგან ნაცნობი სახეებიც შევნიშნე. დაწესებულების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტებსა და მოზარდებს შორის ყველაზე გულწრფელი საუბრები მაგიდის გარშემო, სადილის დროს გაიმართებოდა და სუფრასთან მიგვიწვია. ჩვენს კომპანიაში 13 წლის ბოშა გოგონა, ლუბა აღმოჩნდა. სხვებმა უცხოებთან ახლო კონტაქტს თავი აარიდეს...

ეს არის კონტინგენტი, რომელიც ოჯახიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით პირდაპირ ქუჩაში აღმოჩნდა და იქ თავის დამკვიდრება მგლური კანონებით მოუხდა... მათი დიდი ნაწილი, თავს წვრილმანი ნივთების გაყიდვის გარდა, მოწყალების თხოვნით, ასევე, ქურდობითაც ირჩენდა და ჰქონიათ დღეები, როდესაც დღის განმავლობაში 100-ლარზე მეტს აგროვებდნენ. ზოგიერთ მათგანს მშობელი უწესებს ე.წ. პირდაპირ სტავკას, თუ რამდენი უნდა მოიტანოს დღის ბოლოს სახლში. დანარჩენი მას რჩება, რომელსაც საკუთარი ნებით განკარგავს. ყველა მათგანი, განურჩევლად ასაკისა, მწეველია და როდესაც ისინი ამ ცენტრში ხვდებიან, დაწესებულების ხელმძღვანელები, იმისათვის, რომ ისევ ქუჩაში არ აღმოჩნდნენ, დღის განმავლობაში რამდენიმე ღერ სიგარეტს აძლევენ... მწეველობა ყველაზე მცირე პრობლემაა, რაც მათ აქვთ.

ცენტრი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და რამდენიმე ათეულმა მოზარდმა გაიარა იქ ე.წ. მოსამზადებელი გზა, რომლის შემდეგაც, ისინი მინდობით აღზრდაში მიდიან, თუმცა, არიან ისეთები, ვინც იქ ვერ გაძლო და ისევ ქუჩას დაუბრუნდნენ.

- რაღაც დროის შემდეგ ისევ ბრუნდებიან, ცოტა ხანს რჩებიან და ისევ მიდიან... არაერთი შემთხვევა ყოფილა, ახლობელი, ქუჩაში დამეგობრებული მოზარდი ან სულაც თავისი ოჯახის წევრი და ნათესავი რომ მოუყვანიათ... ეს ადგილი მათთვის ერთგვარი შვებაა. იყვნენ ისეთები, ვინც ცხელი კერძი პირველად აქ გასინჯა. - გვიყვება მაია მგელიაშვილი.

აღმზრდელებიც არანაკლებ მძიმე ამბებს იხსენებენ, როდესაც მოზარდმა კოვზის ხმარება არ იცოდა, ჩაიში შაქრის თითით მორევას ცდილობდა... ასევე არ იცოდნენ ჩანგლის ხმარება და საერთოდ, ჭურჭელზე, ჰიგიენასა და სხვა ყოფით საკითხებზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ.

- ძალიან ბევრს ღამე კოშმარი აწუხებს, აქვთ ინფექციური დაავადებები და ალკოდამოკიდებულებაც. ისეთ პრეპარატებს იღებენ, რომელიც ნარკოტიკულ თრობას იწვევს. მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ... ერთმანეთის მსგავსი ოჯახური ისტორია აქვთ: მშობლები ალკოჰოლის მომხმარებლები არიან, დედა წავიდა მათგან, მამა - სასჯელს იხდის... ხშირად, მშობლები უარყოფითად არიან განწყობილი ცენტრის მიმართ და სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ იმ მობილურ ჯგუფებს, რომლებმაც მათი შვილები ქუჩას მოაშორეს... არის შემთხვევები, როდესაც ოჯახიდან რამდენიმე ბავშვი მოგვყავს, შემდეგ ისინი მათი უმცროსი და-ძმის მოყვანის სურვილს გამოთქვამენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მშობლები. ამას წინათ გვქონდა შემთხვევა, დედას ისტერიკა რომ დაემართა, - არ წაიყვანოთ, მე რა მეშველებაო?!. ანუ ბავშვს ქუჩაში სამუშაოდ უშვებდა და შემოსავალიც ჰქონდა. ფული ძირითადად ალკოჰოლის შესაძენად სჭირდებოდა და პირდაპირ გვითხრა, - თუ წაიყვანთ, თავს მოვიკლავო... წამოვიყვანეთ, მაგრამ თავი არ მოუკლავს.

- ამ ბავშვების დიდი ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელია?

- არა, ამ, დროისთვის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 820 ბავშვია იდენტიფიცირებული და მათი უმეტესობა ქართველია. შემდეგ მოდის ბოშა და აზერბაიჯანელი...

თბილისის ქუჩებში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან სპეციალური მობილური ჯგუფი მუშაობს, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი გოგონა ჰყვება, რომ ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, მოზარდის ნდობა რომ მოიპოვონ. ისინი დიდხანს ხვდებიან და ესაუბრებიან მათ და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ინტერესი უჩნდებათ, მობილურ ჯგუფს დღისა და ღამის ცენტრში მიჰყვებიან.

სოფო, მობილური ჯგუფის წარმომადგენელი:

- როდესაც ასეთ ბავშვებს ვპოულობთ, ვცდილობთ, ჯერ მათთან მისასვლელი გზები შევისწავლოთ და შემდეგ მივიდეთ... თავიდან უნდობლად გვიყურებენ... არ დაიჯეროთ, რომ რადგან ქუჩაში ცხოვრობენ, არაფერი იციან. პირიქით, ყველაფერი იციან, კარგიც უნახავთ და ცუდიც. ისეთი პასუხები გაუციათ, გაოცებული დავრჩენილვართ. მაგალითად, არაერთხელ უკითხავთ, - რად მინდა სწავლა და სამსახური, სადაც 300 და 400 ლარს მიხდიან, როდესაც დღეში 100 ლარს და მეტს ვშოულობო? შემდეგ, როგორღაც ვითანხმებთ დღისა და ღამის ცენტრში წამოსვლაზე. თავიდან ვერც გაიგებთ, მოსწონთ თუ არა... სიამოვნებთ თუ არა ნორმალური პირობები, შხაპი, ცხელი კერძი. ერთადერთი, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არის ზრუნვა და სითბო. მაშინვე გრძნობენ, თუ ადამიანი ყალბია და რეაქციაც საკმაოდ უხეში აქვთ... ძალიან სჭირდებათ ისეთი ვინმე, ვინც მათ მოუსმენს, ვისთანაც გაიხსნებიან... ამიტომაც, ყველაფერს უყვებიან ჩვენს აღმზრდელებს და ის კატეგორია, ვინც ისევ ქუჩაში ბრუნდება, უკან მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ ამათ დაელაპარაკონ და ის სითბო მიიღონ, რაც მთელი ცხოვრება ასე აკლიათ.

აღმზრდელების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ქუჩაში წვრილმანი ნივთების ქურდობით ირჩენს თავს, არ ყოფილა შემთხვევა, დღისა და ღამის ცენტრში რამე მოეპარათ, რადგან მათი აზროვნება ახლოს არის კრიმინალურ წესებთან და მიაჩნიათ, რომ `სახლში ქურდობა~ ყველაზე უღირსი საქციელია.

დღისა და ღამის ცენტრის ბენეფიციარებს იქ დარჩენა 1 წლისა და 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ. თავდაპირველად, ცივილიზებული ადამიანისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს სწავლობენ და შემდეგ უკვე მინდობით აღზრდაში მიდიან... ერთი ძალიან სიმპათიური და ძალიან მხიარული ბიჭი მიყვება, რომ ძალიან უყვარს ჭადრაკის თამაში და საკმაოდ ხშირად უგებს თანატოლებსა და აღმზრდელებს... რაზე ოცნებობს, არ მითხრა, არც ის, აპირებს თუ არა თავისი ნიჭი უფრო მეტად განავითაროს. სამომავლო გეგმებზე ბუნდოვანი პასუხი გამცა, - ვნახოთ, ჯერ საკუთარ თავზე ვმუშაობო...

ლენა ძალიან გახსნილი გოგონა აღმოჩნდა, ცხოვრებისგან ადრე დაბრძენებული ქალივით გვესაუბრებოდა და იქაურ პირობებზე გვიყვებოდა.

გვითხრა, რომ ყველანაირ საქმეში ეხმარებოდა აღმზრდელებსა და მზარეულებს, რადგან ძალიან უყვარს სამზარეულოში ტრიალი და ოჯახური გარემო... ის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებიდან ერთადერთი გოგონა იყო, რომელიც დღისა და ღამის ცენტრში ცხოვრობდა ანუ ღამეც იქ რჩებოდა, თავისი ოთახი ჰქონდა, რომელიც მისი გემოვნებით მორთო... როგორც თავად გვითხრა, დედა შეუძლოდ ჰყავდა და იძულებული იყო, ქუჩაში ემუშავა, რაც ძალიან რთული იყო, რადგან ქუჩაში მუშაობა მხოლოდ პირდაპირი გაგებით `მუშაობას~ არ ნიშნავს... ლენა სკოლაში სიარულს თითქმის ვერ ახერხებს. თუმცა, წერა-კითხვა, მიმატება-გამოკლება და ფულის ცნობა იცის.

- მიმატება-გამოკლება მუშაობის დროს ვისწავლე... უფრო ადრე, ვიდრე ალბათ ჩემმა თანატოლებმა... ხანდახან, ქუჩაში გვიანობამდე ვრჩებოდით და ზოგჯერ იქ გათენება გვიწევდა, ჩემს ნათესავებთან ერთად... ძალიან მიყვარს მუსიკა და ქაღალდებისგან რაღაც ფიგურების გაკეთება. ამ დროს ვისვენებ.

- რა არის შენი ოცნება?

- მინდა, არც ერთი ბავშვი არ ცხოვრობდეს ქუჩაში, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ უნდა გაკეთდეს... ჩემი საყვარელი კერძია ჩაშუშული სტაფილო და როდესაც ჩემი სახლი მექნება, მას ყოველდღე გავაკეთებ და ჩემს მეგობრებს დავპატიჟებ... მინდა, ყველა ბავშვს თავისი სახლი ჰქონდეს, რადგან ისინი ქუჩაში ძალიან დიდ დროს, ჯანმრთელობასა და ენერგიას კარგავენ... აქ კიდევ, რამდენიმე თვე დავრჩები და შემდეგ სხვაგან წავალ...

უცებ ლენამ მოგვიბოდიშა, ახლავე მოვალო და გაუჩინარდა... უცებ კარში სანთლებიანი ტორტი შემოიტანეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მოზარდს დაბადების დღე ჰქონდა. ლენამ მას ძალიან ლამაზი ჭიქა აჩუქა, რომელზეც იუბილარის ფოტო იყო გამოსახული...

- ძალიან გაუხარდა და მოეწონა. ნახეთ, როგორ უციმციმებდა თვალები? მას იმ ფოტოზე თავისი თავი ძალიან მოსწონდა და ამიტომაც შევარჩიე, - გოგონა აღფრთოვანებას ვერ მალავდა...

ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა. მოზარდებისთვის საუკეთესო გამოსავალია იქ დაბურჯება, სადაც ყოველთვის გაუღებენ კარს, მიირთმევენ ცხელ სადილს, ჩაის, შხაპს, თბილ ლოგინს... ბევრი მათგანი, ასე თანდათან, ყველანაირი დაძალების გარეშე ეჩვევა ნორმალური ცხოვრების პირობებს და შემდეგ, როდესაც მინდობით აღზრდაში გადადის, უკვე არ უჭირს იმ გრაფიკში ჩაჯდომა. მათგან ბევრმა, ძალიან მაღალი გრანტით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებლებში... თუმცა, ამ მიმართულებით სახელმწიფოს ძალიან ბევრი აქვს სამუშაო, რათა ამ მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაცია მოხდეს. ასევე დიდია სამუშაო საზოგადოებაშიც, რომელსაც მიაჩნია, რომ მათთვის ხურდების მიცემით მადლიან საქმეს აკეთებენ. რაც მეტ თანხას მოაგროვებს მოზარდი ქუჩაში, მით უფრო მიეჯაჭვება ის იმ სამყაროს, რომელიც თვითგადარჩენის ერთადერთი გზა ჰგონია...

ლალი პაპასკირი