"თუ ძველს არ შეცვლი, დროში ჩარჩები, ერთ ადგილას გაიყინები" - გზაპრესი

"თუ ძველს არ შეცვლი, დროში ჩარჩები, ერთ ადგილას გაიყინები"

ქალბატონი მარინა კალანდია წლების წინ წავიდა ისრაელში სამუშაოდ. ამბობს, რომ მძიმე შრომა უწევს, მაგრამ მაინც ბედნიერია, რადგან უკვე იცის, რომ ოდესმე, როცა შინ დაბრუნდება, კეთილმოწყობილი სახლი, დედის მოსიყვარულე შვილები და ის პატარები დახვდებიან, რომლებმაც ბებო "სკაიპით" გაიცნეს...

- ადამიანი ვარ და მწყურია ჩემს ქვეყანაში ცხოვრება. არადა, ემიგრანტობა მარგუნა ბედმა და ამას ძალიან განვიცდი. სამშობლოს ძუძუს მოწყურებულს, იერუსალიმი მკვებავს. ადრე მე ვეძახდი ქართველ ებრაელებს ჩამოსახლებულს და ახლა ისინი მიყურებენ დამცინავად, რადგან მე გავხდი ებრაელი ქართველი: მათი წყალობით ვშოულობ ფულს. თუ ისინი წყალს ყიდდნენ და ფულს ფულს აკეთებინებდნენ, მე დავრდომილს ვუვლი და ასე ვცდილობ თანხის გამომუშავებას. ამ ერს ქვისგანაც კი თანხის გამოწურვა შეუძლია, ამის ნიჭი აქვთ, ჩვენ კი ლამის წელში უნდა გავწყდეთ, ოჯახის სარჩენად საკმარისი თანხა რომ ვიშოვოთ. თუმცა, უქმად ყოფნას, უქმად შრომა მირჩევნია პირადად მე და შვილებსაც გამუდმებით საქმის სიყვარულს ვუნერგავდი. ვცდილობდი, მათთვის პატარაობიდანვე მესწავლებინა საოჯახო საქმეები და როცა იძულებული გავხდი, სამშობლოს გავცლოდი, ისევ მათი კეთილდღეობისთვის, ეს ცოდნა გამოადგათ: გოგონამ ცოცხი აიღო ხელში და დანის ტრიალიც გამოუვიდა, მშვენიერი დიასახლისი დადგა მისგან, ვაჟმა კი სახლის გამონგრეული კედლების შეკეთებაც დამოუკიდებლად 16 წლისამ მოახერხა, როცა პირველი ხელფასი გავუგზავნე და ვთხოვე, - ვინმეს ფული გადაუხადე და ჭერი შეაკეთებინე, წყალმა რომ აღარ დაგასველოთ-მეთქი.

ჰოდა, გავიდა წლები, შემოვრჩი უცხო ქვეყანას, მაგრამ მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ახლა ზუსტად ვიცი, ჩემი შვილები კარგად არიან და ის დანგრეული სახლი, რომელიც მაშინ მათ დავუტოვე, ახლა სასახლეს ჰგავს, ბრჭყვიალა და ნათელია იქაურობა, თანაც, ბავშვების ჟრიამულით სიცოცხლეჩამდგარი...

- მაგრამ თქვენს შვილიშვილებს, ჩემი აზრით, აკლიათ ძალიან თბილი ბებიის ხელები...

- დიახ, მაგრამ ამ დანაკლისს დიდად არ განიცდიან, რადგან ჰგონიათ, ეს სიშორე ჩვეულებრივი რამაა. "სკაიპით" გამიცნეს, მერე სამშობლოში რამდენიმე დღით ჩასული ჩამიკრეს თავიანთ პატარა გულებში და ცრემლებით გამომაცილეს. ახლა ერთი სული მაქვს, როდის ავიღებ შვებულებას, ისევ მათთან რომ ჩავფრინდე და რამდენიმე ბედნიერი დღის წყალობით, იმდენი სითბო და ენერგია დავიგროვო, წლიდან წლამდე რომ გამყვეს....

- სამშობლოში ჩამოსულს, წლების შემდეგ, ქვეყანაში რა სიახლეები დაგხვდათ?

- საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქედანაც ვადევნებ თვალს. ჯერ კიდევ მიშას დროს, ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში: გზების დაგება დაიწყეს, განათდა არა მარტო თბილისი, არამედ რეგიონებიც, დედაქალაქი გამშვენდა. უხდება ძველ თბილისს შუშის ხიდიც, რომლის მშენებლობასაც ასე ვაპროტესტებდით ქართველები, - არიქა, ქალაქის იერს დაამახინჯებსო. არადა, მე რომ ჩამოვედი, იქ ფოტოს გადასაღებად, ხალხის ჯგრო დამხვდა და მეც სიამოვნებით გადავიღე რამდენიმე კადრი.

საერთოდ, ადამიანებს გვიჭირს სიახლეებთან შეგუება. არადა, ძველი ყველაფერი კარგი კი არ არის. თუ ძველს არ შეცვლი, დროში ჩარჩები, ერთ ადგილას გაიყინები, თანამედროვე მსოფლიო კი ამას ვერ გაპატიებს: ისედაც ბევრი ქვეყანა გვისწრებს ტექნოლოგიით და ჩვენ თუ ისევ ეტლებით ვივლით, ამით უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ჩვენი ეგზოტიკით უფრო მეტ ტურისტს მოვიზიდავთ. მათთვის ეს ზღაპრების სამყარო იქნება, რომელზეც წიგნებში თუ წაუკითხავთ ან ძველ, საუკუნის წინ გადაღებულ ფილმებში უნახავთ. ისე, არ იქნება ურიგო, თუ რომელიმე რეგიონს, რომელიც ყველაზე მეტად ჩაწოლილ-ჩავარდნილია, ძველ იერს დავუბრუნებთ, გავალამაზებთ და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გავხდით. თორემ დედაქალაქში სიახლეებიც რომ უნდა დამკვიდრდეს, ამას სხვა თუ არაფერი, თანამედროვე აზროვნება მოითხოვს. მერწმუნეთ, არც ერთ კულტურულ ტურისტს არ მოუნდება იტალიურ ეზოში ცხოვრება, სადაც ყველაფერი საერთოა...

- ანუ მოგწონდათ ის დრო, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა ქვეყანას?

- ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მომწონდა, მაგრამ ბევრი კარგი რამ გააკეთეს და ეს არ უნდა დავივიწყოთ. სხვათა შორის, სწორედ მათი მმართველობის დროს გამოვიქეცი საქართველოდან ისრაელში. თუმცა, მე ბუნებით შურისმაძიებელი არ ვარ... ვფიქრობ, მათ მართლა მიმზიდველად წარმოაჩინეს საქართველო და უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი გაუჩინეს. აქ ბევრისგან მსმენია, - მიშას დროს ნაკლები კრიმინალი იყო თქვენს ქვეყანაში, ის უსაფრთხო ადგილად მიიჩნეოდა და ამიტომაც მიაწყდნენ ტურისტები იქაურობასო... ახლა კი, როგორც საინფორმაციო გადაცემებიდან ვხვდები, კრიმინალური ფაქტები მომრავლდა, რაც ძალზე ცუდია. არა მარტო მოსახლეობას უქადის საფრთხეს ყაჩაღობა, არამედ უცხოელ სტუმრებსაც და თუ ასე გაგრძელდება, ტურისტების რიცხვი საგრძნობლად შემცირდება საქართველოში. და კიდევ, პრესტიჟის საკითხია, რომ კარგად გამოიძიონ ის ფაქტი, სიღნაღში, უცხოელი გოგონა ქართველს გაუპატიურებაში რომ სდებდა ბრალს: თუ მართლა, იმ გოგოს ანკესზე წამოეგო ჩვენი ბიჭი, ეს ძალიან ცუდია და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თავისი მოქალაქის დასაცავად. სირცხვილია, სტუმარი მასპინძელს ძალადობაში რომ დაადანაშაულებს და მით უფრო, ქართველს - ჩვენ ხომ ოდითგანვე გამორჩეულები ვიყავით სტუმრის პატივისცემით!!! და თუ ის ბიჭი რეალურად დამნაშავე აღმოჩნდება და ამას ფაქტებით დაამტკიცებენ, მაშინ საკადრისად, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ მომავალში არავინ გაბედოს სტუმრის წყენინება. თანაც, იმ სტუმრის წყენინება, რომლის წყალობითაც ქართველი ხალხი ხეირს ნახულობს.

- ამჟამინდელი ხელისუფლება თუ მოგწონთ?

- იცით, როცა ქვეყნის სათავეში მოვიდნენ, მათზე უფრო ამაღლებული წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ სხვების მსგავსად, ძალიან შევცდი. შეიძლება, წიგნიერი ხალხია, მაგრამ ფაქტია, ქმედუუნაროები არიან. ქვეყნის სასარგებლოდ ბევრს ვერაფერს აკეთებენ. მათ დამსახურებად ვიზალიბერალიზაციას მიიჩნევენ, მაგრამ ესეც დრომ მოიტანა ჩემი აზრით და თანაც, ეს ვიზალიბერალიზაცია მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს. აი, 5 ქარხანა მაინც რომ აეშენებინათ და ამაში დაეხარჯათ ქვეყნის მმართველებს თავიანთი ენერგია, ეს უფრო დასაფასებელი იქნებოდა. ქვეყნიდან ისედაც ათასობით ადამიანი გადიოდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ და თუ წასასვლელ გზას გაუმარტივებ, უფრო მეტი გაგექცევა და დავიჯერო, ეს უნდათ? დავიჯერო, ყველას მიზანი ერთია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ქართველი ცხოვრობდეს საქართველოში? რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელი დაასახლონ, მტერს რომ მერე ადვილად გადასცენ ტერიტორიები? უცხოელი მტერს რომ დაინახავს, დაუფიქრებლად გაიქცევა, ცხადია. რამდენი წელიც უნდა იცხოვროს საქართველოში, ქვეყანა ქართველივით ვერ ეყვარება - ამაში ვერავინ დამარწმუნებს. იმის ნაცვლად, რომ ემიგრანტად ქცეული ადამიანების მობრუნებაზე ეფიქრათ, კიდევ უფრო მეტი ქართველის გადინებაზე ფიქრობენ. აბსურდში გვიწევს ცხოვრება და ეს გვიხარია კიდეც... საცოდაობაა შორიდან ამ ყველაფრისთვის თვალის დევნება. თუმცა, ისევე როგორც თქვენ, ჩვენც უძლურები ვართ - არაფრის გამოსწორება არ შეგვიძლია!

- და ის, რაც მოგწონთ, რა არის? რომელიმე პოლიტიკოსი თუ იმსახურებს თქვენს ნდობას? ვის საქმიანობას შეაფასებთ დადებითად?

- ნდობის რა მოგახსენოთ, მაგრამ მგონია, რომ კვირიკაშვილი კარგი პრემიერია. თუმცა, მის გარემოცვაზე დადებითი შთაბეჭდილება სულაც არ მაქვს და მათზე არ ვილაპარაკებ: ცუდის თქმას ჯობია, გავჩუმდე. თანაც, ჩემი ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, ისედაც ბევრი იტყვის, შორიდან ლაპარაკი ადვილიაო... არ მომწონს თბილისის მერიც, მიუხედავად იმისა, რომ მეგრელი ვარ და წესით, ჩემი კუთხის ხალხს ერთმანეთის გატანა ყველაზე მეტად ეხერხება. არადა, წლების წინ მასზეც ვფიქრობდი, რომ ეს ჩუმი და ერთი შეხედვით, მორიდებული კაცი ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებდა. შეიძლება აკეთებს კიდეც რაღაცებს, მაგრამ ამას მოსახლეობა თუ ვერ დაინახავს, რა თავში ვიხლით სიკეთეებს? ხელისუფლებაში მყოფებმა ისეთი საქმეები უნდა აკეთონ, რაც ერთი და ორი კაცისთვის კი არა, მოსახლეობისთვის იქნება სასარგებლო. აბა, სად ერთი რომ შეგაქებს და სად - მთელი ქალაქი? საქმე ისე უნდა წარმართო, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაგჭირდეს ბოდიშის მოხდა. ახლა ამბობენ, შესაძლოა ნარმანია კალაძემ ჩაანაცვლოსო. ნაკლებად მაქვს იმედი, რომ კალაძე ააყვავებს თბილისს...

- თქვენი ნება რომ იყოს, თბილისს ვის ჩააბარებდით?

- ვინმე არაცნობილ, მაგრამ ნამდვილ თბილისელს! ისეთ კაცს, რომელსაც დედაქალაქი ნამდვილად უყვარს და იცის, სად რისი დაგეგმარება იქნება კარგი და სად რისი აშენება დააზარალებს დედაქალაქს. ისეთ კაცს მოვძებნიდი, რომელსაც ისტორიაც უყვარს, გეოგრაფიაშიც კარგად ერკვევა, ხოლო პოლიტიკური სვლები თუ არ ეცოდინებოდა, ამას პლუსადაც კი ჩავუთვლიდი. ასე მგონია, ვინც პოლიტიკაში ცხვირი შეყო, ყველა გასვარა ფულმა, "საქმეების" დაფარვის აუცილებლობამ და ა.შ. დედაქალაქს კი ისეთი მერი სჭირდება, რომელსაც ფულისა და ძალაუფლების სიყვარულით კი არა, დედაქალაქზე ფიქრით ექნება გული სავსე.

P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია