"გოგა ჩვენთან ერთად არ იქნება" - ჯგუფი "სახე" საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება - გზაპრესი

"გოგა ჩვენთან ერთად არ იქნება" - ჯგუფი "სახე" საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება

როგორც გაირკვა, კონცერტში ჯგუფის მესამე წევრი, გოგა ხაჩიძე არ მონაწილეობს. კონცერტის სამზადისსა და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ დათო ხუჯაძესა და დათო ფორჩხიძეს ერთ-ერთ კაფეში შევხვდი.

- 20 წლის შემდეგ, საიუბილეო კონცერტის გამართვა რატომ გადაწყვიტეთ?

დათო ხუჯაძე:

- აბა, 4 წლის შემდეგ იუბილეს გადახდა "ტეხავდა". 20 მრგვალი და საინტერესო თარიღია.

დათო ფორჩხიძე:

- ცუდი ის არის, რომ გოგა ჩვენთან ერთად არ იქნება. ერთმანეთთან რაიმე უთანხმოება არ გვაქვს, პირიქით - ის ჩემი უახლოესი მეგობარი და შვილის ნათლიაა. სამწუხაროდ, ამ კონცერტზე გამოსვლაზე ვერაფრით დავითანხმეთ, თავისი შეხედულებები აქვს. ამბობს, ეს ყველაფერი საჭირო არ არის, უკვე მოხუცები ვართო. ბევრჯერ ვთხოვეთ, ველაპარაკეთ, მაგრამ აზრი ვერ შევაცვლევინეთ. რადგან ბებრები ვართ, აღარ ვიმღეროთ?

დათო ხუჯაძე:

- თუ ასეა, ის თაობაც ჩვენსავით ბებერი გამოდის, რომელიც გვისმენდა და ჩვენთან ერთად გაიზარდა. რაცა ვართ, ესა ვართ. ასაკის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სიმღერის უფლება გვაქვს და კიდევ ვიმღერებთ.

- მაყურებლის წინაშე ძველი პროგრამით წარდგებით თუ გაქვთ ახალი სიმღერაც?

- არა. ძველი სიმღერები იქნება, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ჩვენი გულშემატკივრები ამ სიმღერებს ცოცხალი ბენდის თანხლებით მოისმენენ. განსხვავებულია ისიც, რომ 25 წლის ბიჭების ნაცვლად, სცენაზე სრულიად სხვა ასაკის ბიჭები დავდგებით. დარწმუნებული ვარ, მაყურებლისგან დიდ მხარდაჭერას ვიგრძნობთ.

- ახლანდელი თინეიჯერები ალბათ, თქვენს რეპერტუარს არ იცნობენ...

დათო ფორჩხიძე:

- ეს შენ გგონია, რომ არ გვიცნობენ.

- ვგულისხმობ, ჯგუფ "სახეს", თორემ ცხადია, იციან, რომ მომღერლები ხართ.

- მაინც გვიცნობენ და ჩვენი შემოქმედებაც კარგად იციან. ჩვენი სიმღერები ხან ჯგუფმა - "გამოუვალი მდგომარეობა" იმღერა, ხან ჯგუფმა - "ზურგი"... თუმცა, რამდენიმე კონცერტი ჩვენც გავმართეთ, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა, პატარა ბავშვებმა სიმღერა არც დაგვაცადეს, თავად მღეროდნენ. ჯგუფი "სახე" ჩვენი არ არის. ეს ჯგუფი წლების წინ, ხალხმა შეიყვარა, მიიღო და შესაბამისად, ჩვენი სიმღერები ქართველი ხალხისაა.

დათო ხუჯაძე:

- ეს კონცერტი ჩვენი იუბილეა, ძველის გახსენებაა და ამიტომაც არ გვექნება ახალი სიმღერები.

დათო ფორჩხიძე:

- კლასელები რომ ვიკრიბებით, ახალ გაკვეთილებს ხომ არ ვსწავლობთ? ძველს ვიხსენებთ... კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომლებმაც ჩვენი სიმღერების რემიქსები და ქავერები კარგად გააკეთეს. ასევე, შემოგვიერთდებიან ისინი, ვისთან ერთადაც დუეტს ვასრულებთ. მათ შორის იქნება "ფოეთრი ენდ მოუშენიც".

- რას ელოდებით ამ კონცერტისგან?

დათო ხუჯაძე:

- აპლოდისმენტებს და გამიხარდება, ერთი-ორ ყვავილს თუ მოგვიტანს ვინმე. ასევე, კარგი იქნება, ვიღაც-ვიღაცებს ძველი დრო რომ გაახსენდებათ და ერთმანეთს ჩაეხუტებიან.

დათო ფორჩხიძე:

- ამით იმის თქმა გვინდა, რომ "სახე" ხალხისაა...

დათო ხუჯაძე:

- ანუ "სახე" ხალხურია.

- თქვენს შვილებზეც ვისაუბროთ. დათო, როგორც ვიცი, შენ სამი შვილის მამა ხარ. რომელიმე მღერის?

დათო ფორჩხიძე:

- მღერიან, მაგრამ მხოლოდ სახლის პირობებში. ვნახოთ, მომავალში როგორ გაგრძელდება.

- რომელიმე მუსიკალურ პროექტში არ გაუშვებ?

- საქართველოში არც ერთ კონკურსზე არ გამოვიყვან, ეს შვილის დაღუპვაა. არაერთხელ მინახავს, რომელიმე კონკურსზე ცნობილი ადამიანის შვილები გამოდიან და თუ წარმატებას მიაღწევენ, საზოგადოება ილანძღება, რომ ბავშვებს მშობლებმა ჩაუწყვეს. ისეთი რაღაცები მაქვს ნანახი, რომ ამისთვის შვილს ვერ გავიმეტებ. სადმე სხვა ქვეყანაში წავიდეს და რომელიმე პროექტში იქ მიიღოს მონაწილეობა, რა პრობლემაა.

- რა ასაკის შვილები გყავს?

- ნანუკა 16 წლის არის და ძალიან კარგად მღერის; თათუკა 9 წლისაა, ალექსანდრე 6-ის. ნანუკა შესაძლებელია, სასწავლებლად სხვა ქვეყანაში გავუშვა. ის ევროპული მიდგომა, რომ წადი, სადმე კლუბში იმღერე, იმუშავე, რათა შენი ფული გქონდეს-მეთქი, არ გამომივა. რაც უნდა ვიძახოთ, რომ ევროპელები ვართ, მაინც შემეშინდება ბავშვის ღამე ქუჩაში გაშვების. ამისთვის ნამდვილად, ძალიან პატარაა... ჩემს შვილს ვუხსნი, რომ აქ ესა თუ ის კონკურსი მას არაფერს მისცემს. ჯერ უნდა გაიზარდოს და მერე მისი დროც დადგება. საქართველოში მამის ჩრდილში იქნება. თუ წარმატებას ვერ მიაღწევს, ჩემი ბრალი იქნება და თუ მიაღწევს, აუცილებლად იტყვიან, ფორჩხიძემ ნაცნობები გამოიყენა და შვილს ყველაფერი ჩაუწყოო. ამიტომ ჯობია, რომ ნანუკას გაზრდას დაველოდო.

დათო ხუჯაძე:

- მე მხოლოდ ერთი შვილი მყავს, 7 წლის მელანია. საკმაოდ კარგად მღერის, პიანინოზე დაკვრასაც ცდილობს, მაგრამ უფრო მეტად, ცეკვა უყვარს. რომ გითხრა, - ბედნიერი ვიქნები, თუ მომღერალი გამოვა-მეთქი, მოგატყუებ. მირჩევნია, სხვა პროფესია ჰქონდეს.

დათო ფორჩხიძე:

- და რატომ არ იქნები ბედნიერი? სამარცხვინო რამეს ამბობ.

დათო ხუჯაძე:

- რაც ჩვენ გავიარეთ, არ მინდა, ჩემმა შვილმაც იგივე გაიაროს...

- ასეთი რა გაიარე? "ვარსკვლავი" იყავი, ძალიან პოპულარული და ეს ცუდია?

დათო ფორჩხიძე:

- "ვარსკვლავი" რომ იყო, ჩემო ძვირფასო, სწორედ ეს ვარსკვლავობა დაუჯდა ძალიან ძვირად. თუმცა, ამას ჰგონია, რომ სხვა სფეროში წარმატების მიღწევა ადვილია. ასე არ არის. ამანაც დაამთავრა სტომატოლოგიური ფაკულტეტი, ნიჭიერია და პროფესიით რომ ემუშავა, იქაც ფულს იშოვიდა. რომ უყურებ, მართლა ასეთი კი არ არის, ნიჭიერია. მთელი ცხოვრება მუსიკას შესწირა და ახლა ამბობს, არ მინდა, ჩემმა შვილმაც იგივე გზა გაიაროსო. სისულელეა. მე მინდა, რომ ჩემი შვილი მუსიკოსი იყოს.

დათო ხუჯაძე:

- არა, მუსიკასთან ახლოს იყოს, მაგრამ არ მინდა, სცენაზე იდგეს.

დათო ფორჩხიძე:

- აზიატი მამაა. ამ დროს, 7 წლის ბავშვზე ლაპარაკობს, მე კი 16 წლის გოგონა მყავს, რომლის შეყვარებულების ატანაც აღარ შემიძლია, ზოგიერთი უკვე სახლშიც მაკითხავს.

- შენ არ ხარ აზიატი?

- როგორ არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა უნდა ვქნა? ცივილიზებულად ვუბღვერ (იცინის).

- დათო, შენ რამდენად ხშირად ნახულობ მელანიას, საქართველოში ჩამოდის ხოლმე?

დათო ხუჯაძე:

- არა, აქ ჯერ არ ყოფილა, მაინც პატარაა. როცა მოსკოვში ჩავდივარ, ყოველთვის ვნახულობ. იმედი მაქვს, ამ ზაფხულს თბილისშიც ჩამოვიყვან.

- შვილები თქვენი ჯგუფის რეპერტუარს იცნობენ?

- მელანიამ არ იცის ჩემი სიმღერები.

დათო ფორჩხიძე:

- ჩემმა 9 წლის ბავშვმა აბსოლუტურად ყველა სიმღერა ზეპირად იცის... სადაც უნდა წავიდე, ყველგან იციან ჩვენი სიმღერები. დღევანდელ ახალგაზრდებს სმარტფონი აქვთ, მაგრამ ჯგუფი "სახე" არ ჰყავთ. შენს თაობას კი ჯგუფი "სახე" ჰყავდა. "ფოეთრი ენდ მოუშენის" კონცერტზე, მახსოვს, პუბლიკა ისე პატრიოტულად გვიჭერდა მხარს, რომ ჩვენ უფრო მქუხარე ტაშს გვიკრავდნენ, ვიდრე მსოფლიოში ცნობილ მომღერლებს. 2014 წელს ცნობილი ფრანგული ჯგუფი - "სუპერმენლავერსი" ჩამოვიდა. ჯერ ჩვენ გამოვედით სცნაზე და 2000-მა კაცმა მოგვისმინა, ჩვენ შემდეგ სცენა ამ ჯგუფმა დაიკავა და მათ მოსასმენად, დარბაზში მხოლოდ 20 კაცი დარჩა. ჩვენ ყველაფერი ხალხისთვის დავწერეთ და ვფიქრობ, ეს სიმღერები კიდევ დიდხანს იქნება პოპულარული.

- დათომ და გოგამ "სახის" შემდეგ, პოლიტიკაში სცადეს ბედი...

- დათო პოლიტიკოსი სულ 5 წუთი იყო და მერე თავი დაანება.

დათო ხუჯაძე:

- 25 წუთი ვიყავი იმ პარლამენტში, წუთებს ნუ მაკლებ (იცინის).

დათო ფორჩხიძე:

- დარწმუნებული ვარ, "ვარდების რევოლუცია" რომც არ მომხდარიყო, დათო იქ დიდხანს მაინც ვერ გაჩერდებოდა. გოგა დიდხანს დარჩა.

- შენ არ გქონდა შემოთავაზება, რომ პოლიტიკაში წასულიყავი?

- რომ ვნახე, ამათ რაც დაემართათ, პოლიტიკაში რაღა მინდოდა? იმ რევოლუციის შემდეგ, დათო 10 წელი ემიგრანტი იყო... ხალხს არ უყვარს, როცა მომღერალი პოლიტიკაში მიდის. თანაც, მაშინ 25 წლისები ვიყავით. დარწმუნებული ვარ, დათოს ახლა პოლიტიკოსობა ისევ რომ შესთავაზონ, იმავე ნაბიჯს აღარ გადადგამს.

დათო ხუჯაძე:

- სხვათა შორის, 25 წლის ბიჭს, პოლიტიკაში მოსვლა რომ შემომთავაზეს, ესეც "სახის" დამსახურებაა.

დათო ფორჩხიძე:

- თუმცა, დათოს ეს ემიგრანტობაც დადებითად წაადგა - ის იქ მუსიკალურად განვითარდა. სამშობლოში რომ დარჩენილიყო, აქ ჩაიკარგებოდა. ხუჯაძეა ეს, ფორჩხიძე არ არის. მე ამ ქვეყანაში გავძელი, 7-8 წელი უქმად ვიჯექი. არც კი მინდა ზოგიერთი რამის თქმა, რასაც იმ პერიოდში ვაკეთებდი. გავუძლი უსცენობას, არაპოპულარობას, არავარსკვლავობას, დათო კი ვერ გაუძლებდა.

- როგორ ფიქრობთ, ახლაც ისეთივე პოპულარულები ხართ, როგორიც ადრე იყავით?

- არა. როცა პროექტში ვიყავი და მოვიგე, ერთი კვირა ხალხი თბილად მხვდებოდა და მეფერებოდა, მერე - აღარ. ახლა ვინმესთან რომ მივიდე და გამოველაპარაკო, გამომიტყდებიან, რომ მიცნობენ, ბავშვობაში მისმენდნენ და მოვწონვარ კიდეც, მაგრამ ის კულტურა, რომ თვითონ მოვიდეს, სურათის გადაღება მთხოვოს, აღარ არის. კონცერტზე ბევრი ადამიანი მთხოვს ფოტოს გადაღებასაც და ავტოგრაფსაც, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ყურადღებას არავინ მომაქცევს. არადა, მსიამოვნებს ყურადღება და მოფერება. როცა მეფერებიან, მეც ვეფერები; როცა ყურადღებას არ მაქცევენ, ალბათ ფიქრობენ, რომ ჩვენ მაგარი ტიპები ვართ და თავში გვაქვს ავარდნილი. მაგარი ტიპი არავინ არის.

დათო ხუჯაძე:

- პოპულარულები ისევ ვართ და ხალხიც გვცნობს, გვეფერება კიდეც. მიუხედავად ამისა, თავს "ვარსკვლავებად" არ ვთვლით. არც კი ვიცი, ამ სიტყვაში რას გულისხმობენ. უბრალოდ, შემოქმედი, მუსიკოსი და ხელოვანი ადამიანი ვარ.

დათო ფორჩხიძე:

- ჩემი აზრით, ყველა ადამიანი ვარსკვლავია: ზოგი ჩამქრალია, ზოგი ჯერ არ ანთებულა. ყველა დედა თავისი შვილისთვის ვარსკვლავია, ყველა ცოლი თავისი ქმრის ვარსკვლავია და ა.შ.

ნათია ჟივიძე