"იერუსალიმში იარაღასხმულ ქართველ მხედრებსაც ჰქონდათ შესვლის უფლება" - რის გამო სწყდება გული კახა კახაბრიშვილს - გზაპრესი

"იერუსალიმში იარაღასხმულ ქართველ მხედრებსაც ჰქონდათ შესვლის უფლება" - რის გამო სწყდება გული კახა კახაბრიშვილს

არ ვიცი, ბედის ირონიაა თუ ღვთის ნება, მაგრამ ასაკით უკვე მამაჩემსაც გავუსწარი და დედასაც", - ამბობს რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი, რომელმაც მიხეილ თუმანიშვილთან ერთად ქართული სატელევიზიო სპექტაკლების ეპოქა შექმნა. იგი ტელევიზიის პირველ არხზე 35 წელი მუშაობდა და ტელედადგმების გარდა, ბევრ სხვა გადაცემას ჩაუყარა საფუძველი.

კარიერის დასაწყისი

- ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მსახიობობის არანაირი ნიჭი არ მქონდა. ვოცნებობდი კინორეჟისორობაზე და იცით, რატომ? ძველ თბილისში, ანჩისხატის ეკლესიის ეზოში დავიბადე და გავიზარდე. ჩემს უბანში გადაღებულია ფილმები: "სხვისი შვილები", "ჩვენი ეზო", "მაია წყნეთელი"... გადაღების პროცესს საათობით ვუყურებდი და სწორედ მაშინ გამიჩნდა კინოს მიმართ სიყვარული და რეჟისორობის ფარული სურვილი. სხვათა შორის, "სხვისი შვილების" ერთ ეპიზოდში, უბნის ბიჭებთან ერთად ვმონაწილეობ კიდეც. ჩემი კლასელი, თემურ უჩანეიშვილი ამბობს ფრაზას: "ამისი დედინაცვალი ძალიან სიმპათიური ქალია". მიხო ბორაშვილის გმირი კი ეუბნება: ვინ არის შენი სიმპათიურიო? და ჩხუბიც ატყდება. ამ სცენის ფონზე, უკანა პლანზე, ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ და ერთ-ერთი მე ვარ. ჩვენ მეორე თუ მესამე პლანის "მსახიობები" ვიყავით (იცინის). უწინ თბილისში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი არ იყო, მოსკოვში ხელმოკლეობის გამო ვერ წავიდოდი, ამიტომ ჩვენი თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისოროზე ფაკულტეტზე მივიტანე საბუთები. ნახეს, რომ კარგი ატესტატი მაქვს. ამავე დროს, კალათბურთს, ხელბურთს ვთამაშობდი, პარაშუტისტიც ვიყავი - ბოლნისის სასწავლო აეროდრომზე თვითმფრინავიდან რამდენიმე ნახტომი რომ შევასრულე, ძალიან მომეწონა, მაგრამ ფეხი ვიღრძე და ამით სპორტსმენობაც დავასრულე. აღმოჩნდა, რომ სარეჟისოროზე მიღება იმ წელს არ იყო. ჯერ წინა ჯგუფს უნდა დაემთავრებინა ინსტიტუტი. სამსახიობოზე შესვლა შემომთავაზეს, რაზეც ცივი უარი განვაცხადე და უცებ, აკაკი ხორავას ბუხუნა ხმა გავიგონე: "რა დაგიშავეთ მსახიობებმა?" ბატონ აკაკის ბოდიში მოვუხადე, ნიჭი არა მაქვს-მეთქი. სამ დღეში გამოცდები იწყებოდა. მაინც გადამაწყვეტინეს, რადგან თუ ჩავაბარებდი, ჯარში არ წამიყვანდნენ. გამოცდაზე ლადო ასათიანის ლექსი - "კრწანისის ყაყაჩოები" აკაკი ხორავას ხმის მიბაძვით წავიკითხე და მთელი მიმღები კომისია ამ უნიჭობის გამო ხარხარებდა, მაგრამ რადგან წინასწარ გასაუბრებაზე ჩემი ცოდნით კმაყოფილები დარჩნენ და თან ხორავას მოვეწონე, ჩამრიცხეს. მოგვიანებით, ბატონ აკაკის ვკითხე: მსახიობობის არც ნიჭი მაქვს და არც სურვილი, რატომ მიმიღეთ-მეთქი? - დაიმახსოვრე, შვილო, თეატრს მარტო ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები კი არ სჭირდება, არამედ განათლებული დირექტორები და დასის მმართველებიო. აი, როგორი დიდებული წინაპრები გვყავდა. მესამე კურსიდან მიხეილ თუმანიშვილის პირველ ექსპერიმენტულ ჯგუფში გადავედი, სადაც მსახიობები და რეჟისორები ერთად სწავლობდნენ. ეს ის ცნობილი ჯგუფია, სადაც იყვნენ: ნუგზარ ბაგრატიონი, დათო კვირცხალია, ქეთი დოლიძე, მარი ჯანაშია, ნანი ჩიქვინიძე, გივი ჩუგუაშვილი... იყო პრეცენდენტი, როცა მოსკოვიდან რამდენიმე ადამიანი თბილისში ჩამოვიდა, რადგან თუმანიშვილთან უნდოდათ ესწავლათ.

თუმანიშვილთან ერთად

- ჩვენ ვსწავლობდით და თან, თეატრობანას ვთამაშობდით. მე სასწავლო თეატრის დირექტორი ვიყავი, ქეთი - ლიტერატურული ნაწილის გამგე; ვინ მთავარი რეჟისორი, ვინ ასისტენტი. როგორც თეატრში ხდება, რეპეტიციებს ვნიშნავდით, განრიგს ვადგენდით, დეკორაციებს თეატრები გვიმზადებდნენ და ა.შ. ბატონ მიშასთან ტრადიციულად, მისი დაბადების დღის მეორე დღეს, 7 თებერვალს ავდიოდით. ერთხელაც, იგი თავისი ახალდაწერილი წიგნის შესახებ გვესაუბრა, რომლის სათაურიც ვერ მოეფიქრებინა. ცოტა ნასვამმა, არც ვაციე, არც ვაცხელე და ვუთხარი, - მე ასე დავარქმევდი "სანამ რეპეტიცია დაიწყება"-მეთქი. წიგნი მართლაც, ამ სათაურით გამოვიდა და მაქვს რელიკვია წარწერით: "ჩემს უსაყვარლეს მოწაფეს, ერთგულ მეგობარს, მადლობელი ვარ სათაურისთვის".

მიხეილ თუმანიშვილი ტელევიზიაში რომ მოვიდა, ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარეს, კარლო გარდაფხაძეს უნდოდა, ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილიყო, მაგრამ ბატონმა მიშამ უარი თქვა. მან ფერად გადაცემათა რედაქციაში დადგმების სერიის კეთება დაიწყო, რომელსაც "რამპა" ერქვა და ასე იშიფრებოდა: "რამდენიმე პატარა ამბავი". მე, მისი მარჯვენა ხელი ვიყავი. ჩვენი სადადგმო ჯგუფი: დოდო ლორთქიფანიძე, დალი გურგენიძე, ნოდარ ასათიანი, ზაურ დობორჯგინიძე წლების მანძილზე თავდაუზოგავად ვმუშაობდით. მიხეილ თუმანიშვილი ჩვენი ღმერთი იყო და გულს როგორ ვატკენდით?

ჩემი მეჯვარე

- ჩემი მეჯვარის, გივი ბერიკაშვილის პირველი როლი მახსოვს მარჯანიშვილის თეატრში. სპექტაკლში "მკვდრის მზე" გენიოსი მსახიობების გვერდით იდგა და სოფლის სულელს შესანიშნავად თამაშობდა. ეს როლი დღემდე ჩემს გონებაშია, იმის მერე შემიყვარდა, როგორც მსახიობი. ის ფილმ "ლონდრეს" სასინჯ გადაღებებზე გავიცანი. მასზე უკეთესი ლონდრე ვინ იქნებოდა?! ამ როლზე მეც მსინჯავდნენ და არა მარტო მე, უამრავი ბიჭი მოჰყავდათ. მე ჯერ სტუდენტი ვიყავი, გივი უკვე მსახიობი იყო... შემდეგ სერგო ზაქარიაძის დაკრძალვაზე შევხვდი. გასვენებაში მთაწმინდის აღმართს მივუყვებოდით, გივიმ მე და კიდევ სამ თუ ოთხ ბიჭს მოგვმართა: ჩვენ ქელეხში არავინ წაგვიყვანს, სასტუმრო "თბილისის" ქვევით სახინკლეში გეპატიჟებით, - შენდობა ვუთხრათო. ეგ იყო და ეგ, დავმეგობრდით. გივიმ ტელევიზიაში გორინის ნოველაში "ვინ ვინ არის?" ითამაშა, მერე მოლიერის "ძალად ექიმი" დადგა ბატონმა მიშამ, სადაც გივი და ზაზა ლებანიძე მონაწილეობდნენ. ჩემს სადიპლომო სპექტაკლში "მე შენ მიყვარხარ", ბერიკაშვილს ეპიზოდური როლი ჰქონდა. ამ დადგმაში გამოჩნდა პირველად ავთო შარვაძე, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც დაბადების დღის სცენაში დასთან, ნელიკოსთან ერთად მღერის "ბატონებს". ტელესპექტაკლში "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", გივის ჩემი ყვითელი პერანგი აცვია. გადაღებაზე თეთრი პერანგით მოვიდა, მაშინდელი ფერადი კამერები კი თეთრ ფერს ვერ იღებდა, სახე გამუქებული ჩანდა ხოლმე...

საქართველო - ისრაელი

- ერთი ებრაელი ძმა და მეგობარი მყავს, მერაბ-დუღუ მიხეილაშვილი, სოფელ ბანძაში დაბადებული და გაზრდილი კაცი. აღდგომის დღესასწაულს ტრადიციულად, პირველი ის მილოცავს ხოლმე. ისრაელში არაერთხელ ვყოფილვარ. ჩემი კლასელი და მეგობარი, დათო კრიხელი იქ ცხოვრობს, მერე სხვა მეგობრებიც გავიჩინე. პირველად 1989 წელს ჩავედი. ისრაელში ქართული გაზეთი "ალია საქართველოდან" გამოდის, რომლის გამომცემელი და მთავარი რედაქტორია აბრამ სეფიაშვილი-საფირი. ამ გაზეთის 15 წლისთავზე დაგვპატიჟეს: რეზო ამაშუკელი, ოთარ სეფიაშვილი, გურამ ბათიაშვილი, მე და იმჟამად ჩემი მეუღლე თამარ გვერდწითელი. ისე დაემთხვა, რომ 9 აპრილს იქ შევხვდით. ტელევიზიით საშინელი კადრები ვნახეთ და ტელეფონს ვეცით. სამშობლომდე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, ძლივს ჩამოვაღწიეთ, მაშინ პირდაპირი რეისები არ იყო...

ისრაელში ბოლოს წლინახევრის წინ ვიყავი. მერაბ-დუღუ მირეკავს და მეუბნება: 30 ივნისს ჩემთან უნდა იყო, თვითმფრინავის ბილეთს სახლში მოგიტანენო. ებრაელებს აქვთ დღესასწაულები: ბარმიცვა და ბათმიცვა, როდესაც ვაჟი ხდება 13 წლის, ე.ი. სრულწლოვანია და გოგონა კი, 12 წლისა უკვე ქალბატონია. დუღუს პირველი ვაჟი საქართველოში დაიბადა, რაც რესტორან "არაგვში" აღვნიშნეთ და თამადა ვიყავი. მეორე ვაჟი ისრაელში დაიბადა. მისი სრულწლოვნების აღსანიშნავი ზეიმის თამადაც მე უნდა ვყოფილიყავი (იცინის). ეს დიდი ტრადიციაა, ამ დღეს ფიცი იდება და მთელი რიტუალი სრულდება. ჩვენს ერებს შორის არსებული სიყვარული და მეგობრობა არ უნდა დაიკარგოს. საწყენია, რომ ბოლო დროს ცუდ ამბებს ვიგებთ. რაღაც ეჭვები უჩნდებათ ხოლმე საზღვრის გადაკვეთისას, მაგრამ რაღა მაინცდამაინც ქართველებზე მოგინდათ ეჭვიანობა? იერუსალიმში ქართველ მხედრებს რომ იარაღასხმულს, გაშლილი დროშებით შესვლის უფლება ჰქონდათ, ეს ხომ იმ თავდადებიდან და ღვაწლიდან მოდის, რომელიც ქართველ ერს ამ მიწისა და ებრაელი ერის წინაშე ჰქონდა. წარსულს გაფრთხილება სჭირდება.

უფროსი ძმა

- ეროსი მანჯგალაძე მიშა თუმანიშვილის ტელესპექტაკლ "ხიდის" გადაღების დროს გავიცანი და მაშინვე შემიყვარდა. "უჩინმაჩინის ქუდის" დადგმა რომ გადავწყვიტე, ბატონ ეროსის დავურეკე და მორიდებით შევთავაზე როლი. დამთანხმდა. ეროსი და ბატონი მიშა მეზობლები იყვნენ და ერთხელ, ეროსის თუმანიშვილისთვის უთქვამს: როგორ მომწონს შენი მოწაფე კახა, შენსავით მუშაობსო. იმ დროიდან დაიწყო ბატონ ეროსისთან შემოქმედებითი და ადამიანური მეგობრობა. საღამოობით მარტო ყოფნა არ უყვარდა. ერთხელ ვკითხე, - რატომ არ გიყვარს მარტო ყოფნა-მეთქი? - 7-დან 9 საათამდე მიჭირს და მერე არა მიშავსო. ვიფიქრე, რომ 7 საათზე უკვე თეატრის საგრიმიოროში იჯდა, როლისთვის ემზადებოდა, რვაზე სპექტაკლი იწყებოდა, ხოლო ცხრა საათისთვის სპექტაკლი უკვე გადაგორებული იყო და ალბათ, ეს მიზეზია-მეთქი. თურმე, როგორ ვცდებოდი. იცით, რომელ საათზე გარდაიცვალა? ცხრის ათ წუთზე... დროის ზუსტად იმ მონაკვეთში, რისიც ეშინოდა.

ეროსი როცა გარდაიცვალა, იმ წელს დეკემბერში, სატელევიზიო დადგმების საკავშირო ფესტივალი რიგაში ტარდებოდა. როგორც წესი, ყოველ წელს გრან-პრის ქართველები ვიღებდით. ფესტივალი დამთავრდა, დასკვნითი საღამოა და სასტუმრო "რიგას" რესტორანში პურმარილი გაიშალა. ჟიურის თავმჯდომარე დიდებული ქალბატონი, მსახიობი ვია არტმანე გახლდათ. შეისვა სხვადასხვა სადღეგრძელო, მერე ადგა ეს ქალბატონი და ამბობს: ქართველების გარდა, ყველანი წამოდექითო. ქართველი მხოლოდ მე ვიყავი, დავაპირე წამოდგომა და შემაჩერა. მან ეროსის დაკრძალვის ეპიზოდები გაიხსენა და ბოლოს დასძინა: ერს, რომელსაც მსახიობის მიმართ ასეთი სიყვარული აქვს, იმ ერის წინაშე ფეხზე უნდა ვიდგეთო. ეროსის სახით უფროსი ძმა დავკარგე.

"უქმად არ ვარ..."

- თავის დროზე, სატელევიზიო დადგმების თითქმის მთელი ფონდი ბეტაკამზე გადავიტანე. მერე ვითომ რეფორმატორები, ზაზა შენგელია და მისი ამფსონები მოვიდნენ და ტელევიზიიდან გამომაგდეს. მათი ნაწილი დღესაც იქ ბოგინობს. ახლა არქივის ჩანაწერების დისკებზე გადატანა დაიწყეს, რაც სწორია, მაგრამ სადაც ხარვეზი ნახეს, კი არ დამიძახეს, ამოჭრეს და მაგალითად, "უჩინმაჩინის ქუდში" დამდგმელი ჯგუფი ვინ არის, საერთოდ არ ჩანს. ქართული ტელევიზია 60 წლისა გახდა და საღამოზე არც ერთი გარდაცვლილი არ უხსენებიათ, არ არის გულსატკენი? ლექციებს აღარ ვკითხულობ, ტელე-რადიოინსტიტუტი განათლების რეფორმამ შეიწირა. უქმად ყოფნა არ მიყვარს. რაც ტელევიზიიდან წამოვედი, მოგონებებს ვწერ. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი არის სახელმძღვანელო ტელერეჟისორებისათვის, რომელსაც ჰქვია "სატელევიზიო რეჟისურის პოეტიკა" (არისტოტელეს დავესესხე). მეორე ნაწილი კი ჩემი განვლილი ცხოვრების გზაა. იმედია, მალე გამოვცემ.

ნანული ზოტიკიშვილი