მიწას შეჭიდებული ახალგაზრდა კაცი - "ბევრს უკვირდა, რატომ უნდა გადაეყარა ფული უპერსპექტივო მამულში" - გზაპრესი

მიწას შეჭიდებული ახალგაზრდა კაცი - "ბევრს უკვირდა, რატომ უნდა გადაეყარა ფული უპერსპექტივო მამულში"

საგარეჯოდან დავითგარეჯის მიმართულებით კიდევ უფრო იგრძნობა სიმწვანის ნაკლებობა. ივრის ხეობაში ქარი მტრის ურდოსავით დათარეშობს, მცენარეებს დაუნანებლად უშრობს ფესვებში მაცოცხლებელ სინესტეს და შემორჩენილ, დრომოჭმულ ქარსაცავ ალვებსაც დღეს თუ ხვალ, ფუძეში დაუნდობლად გადაამსხვრევს.

საგარეჯოდან აზერბაიჯანის საზღვრამდე ტერიტორია თითქოს უკაცრიელობისთვის გაუწირავს ღმერთს. იშვიათობაა დახნული სავარგული, კიდევ უფრო იშვიათი _ ფერმები, რომლის ახლოს ნაკელის გორები და თივის გაშავებული ზვინებია. უფრო შორს კი მოჩანს ცხვრის ფარა ან ძროხის ნახირი. აქაურობა უფრო სტეპია ან ნახევარუდაბნო, მაგრამ არა ისეთი, აზია-აფრიკაში რომ მინახავს, სადაც მიწას წვეთ-წვეთად აწოდებენ წყალს, რათა იხაროს საზრდელმა კაცისამ!

თუ სწორად მახსოვს, კომუნისტების დროს, სოფელი უდაბნო მოხალისეებისგან შექმნეს. მართალია, იქიდან ბევრმა მალე ისევ ქალაქისკენ იბრუნა პირი, მაგრამ კომუნისტურმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გარეჯში ცხოვრება შეიძლება! კომუნისტებამდე საუკუნეებით ადრე კი ღირსმა მამა დავით გარეჯელმა წალკოტი შექმნა იქ, სადაც ქვეწარმავლების გარდა, არაფერი ბინადრობდა.

დავითგარეჯისკენ მიმავალ გზაზე, 6 ჰექტარი მიწა ჩალის ფასად იყიდებოდა ხუთიოდე წლის წინ. ნახევარ ჰექტარზე გაშენებული, მოუვლელი მწვანე და რქაწითელი ვერანდებოდა, დანარჩენი მიწაც ოხრად რჩებოდა, მაგრამ ეს მიწა ახალგაზრდა კაცმა იყიდა. ბევრს უკვირდა, რატომ უნდა გადაეყარა ფული უპერსპექტივო მამულში ნოდარ ლატიბაშვილს, რომელიც უმიზნო მფანტველის შთაბეჭდილებას არასდროს ტოვებდა. ძალიან ცოტამ თუ იცის, იმ დროს ნოდარს ეს ფული საიდან ჰქონდა. მართალია, უშრომელი და ზარმაცი არასდროს ყოფილა, მაგრამ ამ მიწის საყიდელი ფული დედამ ოკეანის გადაღმიდან გამოუგზავნა. იცის ნოდარმა ემიგრანტი მშობლის ფასი, ემიგრანტული ხელფასის ყადრიც, ამიტომ დედის გამოგზავნილ ფულს დროის ტარებაში არ ხარჯავდა. დედამაც იცოდა, რომ მისი ვაჟი ფულს ქარს არ გაატანდა და შვილის ენთუზიაზმს მხარი დაუჭირა.

ნოდარს ყველაფერი გააჩნია იმისათვის, რომ თბილისში უდრტვინველად, "საშუალო-სტატისტიკურად" იცხოვროს. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი, მშობლები და და-ძმა. 29 წლის კაცისთვის იდეალური მდგომარეობა აქვს, არც გონიერება აკლია და არც განათლება, შრომითი ბიოგრაფიაც რამდენიმე კაცს ეყოფა, მაგრამ ეს არ არის მაქსიმუმი, რაც სურს.

რაღაც პერიოდი სადაზღვევო კომპანიებში მუშაობდა და აგროწარმოების სპეციფიკამ დააფიქრა. ყველაზე მეტად იმან ააღელვა, რომ ერთ წელს, კახეთში ბარაქიანი მოსავლის პირობებში, საფერავის სარეკორდო ანაზღაურება სოფლის მეურნეობის რეინვესტირებაში კი არ დახარჯეს გლეხებმა, არამედ _ ჯიპების შეძენაში. მარტივი გასაგებია, რომ სოფლის მეურნეობას მაღალი გამავლობის, კომფორტული ავტომობილის შეძენა ვერ განავითარებს. შემდეგ წლებში ყურძნის ფასი შემცირდა (ძალიან კარგად დაითვალეს ღვინის მწარმოებლებმა, რომ კილოგრამი ყურძნის თვითღირებულება 25 თეთრს არ აღემატებოდა, მით უფრო _ თავისი ზვრებიც ბევრ წარმოებას გააჩნია და ბიზნესის ვერაგი წესის მიხედვით, მალფუჭებადი პროდუქტი პირველადმა მწარმოებელმა უნდა გაყიდოს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად).

საქართველოში იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელსაც აგროსექტორზე ექნება ყოველმხრივ სანდო ინფორმაცია. მიწა და აგრობიზნესი რთული თემაა. დღეს მეურნეთა უმეტესობა ისე ამუშავებს მიწას, როგორც ათწლეულების წინ, მისი წინაპარი: არ იციან ნიადაგის მექანიკა, ქიმიური და ორგანული შემადგენლობა, მიკროელემენტები. სწორედ ამის ბრალია, რომ მეურნეთა უმეტესობა შემოდგომაზე წუწუნს იწყებს, მოსავალი არ მოვიდაო! ბრალში ხან ხელისუფლებაა, ხანაც _ ამინდი, მაგრამ არავინ იდანაშაულებს თავს იმაში, რომ აგრომოთხოვნებს არ ითვალისწინებენ!

ნოდარს თუ დაეკითხებით, მარტივად აგიხსნით, რატომ დაკარგა მიწამ ნაყოფიერება საქართველოში. უხვი მოსავლის ადვილად მოყვანის პერსპექტივა მომხიბვლელია, ამისთვის კი ქიმიზაციაა ყველაზე ხელჩასაჭიდი, ოღონდაც _ შხამქიმიკატები ნიადაგში ყველა სასარგებლო მიკროორგანიზმს სპობს, რითაც მიწის დეგრადაცია იწყება. როცა ამაზე დაფიქრდა, ნაყიდი ჰერბიციდები გვერდზე გადადო და ბიოპრეპარატებით დაიწყო მარჩენალი მიწის გაკეთილშობილება.

რამდენი ხანი მოუნდება ნოდარი თავისი აგროჩანაფიქრის შესრულებას? ბუნებრივია, ეს არ იქნება მოკლევადიანი გეგმა, მაგრამ პროგრამა-მინიმუმი ხუთ წელზე გათვალა. სავარაუდოდ, 2022 წლისათვის უნდა არსებობდეს საგარეჯო-გარეჯის გზის პირას საოჯახო მარანი ბიოღვინით, რომელიც არა მარტო რქაწითლითა და მწვანით, არამედ იშვიათი ჯიშის ყურძნით უნდა დამზადდეს. ხიხვი, სიმონასეული, შავი და ვარდისფერი რქაწითელი, ბოდბური ჩიტისთვალა და სხვა, თითქმის გადაშენებული ვაზის ჯიშები უნდა გაშენდეს ერთ ჰექტარზე. სრული ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით მოიწევს მეპატრონე მოსავალს! ნამჯის სახლის აგებაც არ გაუჭირდება, მით უფრო, რომ ეს საქმე კარგად იცის. სასმელი წყლის პრობლემა ასმეტრიანი სიღრმის ჭაბურღილით უნდა მოიხსნას, დენს მზის პანელებით მიიღებს, უიშვიათეს "წითელ დოლსაც" დათესავს ყოველწლიურად ორ ჰექტარზე და მახობელით გამოაცხობს თონეში ნამდვილ ქართულ დედასპურებს! თავისთავად, არც მწვადი და ხინკალი მოაკლდებათ იქ სტუმრებს, თუმცა, ჯერ საქმის დაგვირგვინებამდე ნიადაგის გაკეთილშობილებაა საჭირო: გარეჯულ მიწას კვლავ უნდა მიაწოდოს სასარგებლო ბაქტერიები, ფაცელიას და სამყურასაც დათესავს (ეს მცენარეები ეროზიასაც ებრძვის, ნაყოფიერებასაც მატებს მიწას) და გონიერი კაცის ხელში, ღონიერ ლუკმასაც არ დაამადლის ახლა გაძუნწებული მიწა ახალგაზრდას!

ნოდარს ორი გოგონა ჰყავს: ელენე 4 წლისაა, ანასტასია კი სამის. ოჯახის დაგეგმარების მიმართულებითაც აქვს ნოდარს პროგრამა-მაქსიმუმი. ორ დას ორი ძმა მოუხდება, რადგან ძმამ ძმის სიყვარულიც უნდა იცოდეს და დისაც, ისევე, როგორც დამ _ დისა და ძმის! ნოდარს თავისი გოგონები ყოველ საღამოს ელოდებიან დიდი სიყვარულით. კოხტად ჩაცმულ-დახურულები, პირველი სართულის ფანჯარაში ერთდროულად იცქირებიან, მამის სილუეტს შორიდან ცნობენ და ერთმანეთს ასწრებენ კარის გაღებისას! მერე მამა ორ პატარა გოგონას გულში ჩაიკრავს და იკარგება დაღლილობა, უდაბნოში ბედს მინდობილი ქარავანივით!

ზოგჯერ ელენე და ანასტასია საგარეჯოში მიჰყვებიან. პატარები იღლებიან, მაგრამ ეს არაფერი, რადგან ქალბატონებს ტკბილი ჟოლო ან მარწყვი ელოდებათ. საკუთარი მამულის ხილს ხიბლი და სიტკბო უფრო მეტი აქვს, რადგან მამიკოს ხელითაა მოყვანილი და დაკრეფილი!

ისტორია ზოგჯერ სასიამოვნოდაც მეორდება. საუკუნეების წინ თუ ღირსი მამა დავითი სამონასტრო კოლონიის დასაფუძნებლად მიილტვოდა გარეჯისკენ, ახლა ნოდარი აპირებს აგროკოლონიის დაარსებას მზეუხვ და წყალნაკლულ მხარეში. ერთხელ წმინდა მამას ეშმაკი სწვევია და უთქვამს: როგორ მჯობნი, მიკვირს, თუ მარხვაშია შენი ძალა, მე სულაც არ ვჭამ, თუ მღვიძარებაშია, არც როდის ვიძინებ, თუ მოქმედებაშია, არც არასდროს ვჩერდებიო. ღვთის რჩეულ კაცს უთქვამს: მოთმინებით გჯობო! მართლაც, დავით გარეჯელის მსგავსი მოთმინებით, ნოდარი თავის კუთვნილ წალკოტს შექმნის გარეჯში. მე ეს მჯერა, მტკიცედ მჯერა. არც ხუთი წელია დიდი დრო, გავა ეს წლები და ნახავთ, რომ ნოდარს თავისი სათქმელიც ნათქვამი ექნება და გასაკეთებელი _ გაკეთებული!

როლანდ ხოჯანაშვილი