თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება - გზაპრესი

თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება

"ჩემი სიძე ლორდების შთამომავალია. მის წინაპრებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ინგლისის სამეფო ოჯახთან", - გვეუბნება თბილისელი ბოშა, ლილი დარციმელია. იგი არ მალავს, რომ დღევანდელი მისი ცხოვრება ძალიან საამურია. თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ყოველთვის კარგი პირობები ჰქონდა, კარგ წრეშიც ტრიალებდა, თუმცა, მისი წარმოშობის გამო, არც გულისტკივილი დაჰკლებია... მიუხედავად იმისა, რომ უკვე 78 წლისაა, განსაკუთრებული იუმორითა და ეშხით გამოირჩევა...

- ორი წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები დახოცეს და სხვა ბავშვებთან ერთად, საქართველოში ჩამომიყვანეს... თურმე, ჩემი მომავალი დედა მეგობართან ერთად მოვიდა საბავშვო სახლში, სადაც სულ სამი დღის მიყვანილი ვიყავი. ეს ქალბატონი და მისი მეუღლე 50 წლამდე იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ... ქალბატონი როგორც კი შემოსულა, კაბის კალთაზე ვტაცე თურმე ხელი და "დედა" ვუწოდე. ვეხვეწებოდი, შენთან წამიყვანე-მეთქი... საბავშვო ბაღის გამგეს უთქვამს: ბავშვმა დედა დაგიძახათ და იქნებ წაიყვანოთ, ცოდოაო. ქალბატონი აღშფოთებულა: მეუღლე მეგრელი მყავს და მეგრელები მაგათ "ჩაჩნებს" ეძახიან. სახლში გაგიჟდებიან, არ მიიღებენ ბოშა ბავშვსო... საერთოდ, საქართველოში ბოშები ასოცირდებიან ქურდებთან, უსაქმურებთან, მატყუარებთან და ა.შ. ყველა ერში არიან ქურდებიც და მატყუარებიც, მაგრამ საქართველოში ბოშის მიმართ საოცრად უარყოფითი დამოკიდებულებაა, რაც გულსატკენია. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ და სახელოვანი ბოშებიც შემხვედრია.

- და მაინც, იმ ქალბატონმა შინ წაგიყვანათ...

- თურმე, ძალიან შევეცოდე. პირველად რომ მოსულა, დამპირებია, - სამ დღეში მოვალ, ახალ კაბას მოგიტან და წაგიყვანო... ეს სამი დღე კარს ვერ მაშორებდნენ. ვიძახდი, - დედა მოვა-მეთქი. მესამე დღეს მართლა მოვიდა და წამიყვანა. ოჯახი ლაღად მზრდიდა. ვერცხლის ქუჩაზე ვცხოვრობდით. იმ დროს თბილისი ძალიან პატარა იყო და სულ სხვანაირი ცხოვრება ჩქეფდა. ჩვენი ეზო ინტერნაციონალური გახლდათ და ერთმანეთთან ყველა შეხმატკბილებულად ვიყავით. ჩემი მშობლები იმდენად არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მე კი არა, ჩემს მეუღლესაც სიგიჟემდე უყვარდა ორივე... ძალიან კარგ სკოლაში შემიყვანეს და ისე აღმზარდეს, რომ არაფერი დაუკლიათ. ერთადერთი, სულ ვსაყვედურობდი, მუსიკაზე რატომ არ შემიყვანეთ-მეთქი? პიანინო მთელ უბანში მხოლოდ ჩვენ გვქონდა. ერთხელ მოიყვანეს მუსიკის პედაგოგი და მან თქვა, - ბავშვს ისეთი სმენა აქვს, პედაგოგი აღარ სჭირდება, თავისით ისწავლისო. მართლაც, გიტარასა და პიანინოზე დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე. სულ ვმღეროდი, ვცეკვავდი, სტუმრებსაც მოწყენის საშუალებას არ ვაძლევდი. არაჩვეულებრივი ხალხი ჩამოდიოდა ჩვენთან სამეგრელოდან. ახლა ძირითადად, მეგრელები სავაჭროდ ჩამოდიან, მაშინ სასწავლებლად ჩამოდიოდნენ და შემდგომში პროფესორები ხდებოდნენ...

- როდის გაიგეთ, ნაშვილები რომ იყავით?

- ეზოში ბავშვებმა მითხრეს, ნაშვილები ხარო. პირველად ლამის გავგიჟდი და ეს ანცი გოგო, ძალიან შევიცვალე, მაგრამ შემდეგ ბედს შევეგუე... ჩემი მშობლები სულ იმას შიშობდნენ: ბოშაა და არ მიგვატოვოსო... ჩემი ბავშვობა ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა. ძალიან ბევრი ბავშვი შეჭირვებული ოჯახიდან იყო. მაგალითად, სკოლაში ოქროყანიდანაც კი დადიოდნენ ფეხით... კლასში ბევრი მუსიკის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე იყო და ზარი დაირეკებოდა თუ არა, ბავშვები ფანჯარის რაფაზე შემოვსხდებოდით, ვმღეროდით. ჩვენს სკოლაში სწავლობდა ცნობილი კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია... სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა, სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, მაგრამ მამამ არაფრით გამიშვა, - ერთი შვილი და ისიც არტისტი, როგორ შეიძლებაო?.. მოგეხსენებათ, მაშინ არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ მსახიობებზე და მეც ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რუსულ-ქართულ სექტორზე ჩავაბარე. შემდეგ სკოლაში დავიწყე მუშაობა და 25 წელი ვემსახურე პედაგოგის პროფესიას... იმდენად არ მინდოდა პედაგოგობა, ჩემი მეუღლე სკოლის დირექტორს ეკითხებოდა, - ამას გაკვეთილზე როგორ აჩერებთო?

- 25 წელი როგორ იმუშავეთ, თუ არ გიყვარდათ თქვენი საქმე?

- მთელ კოლექტივს ვუყვარდი. სკოლაში, რომ შევიდოდი, მხიარულება შემქონდა... ყოფილა შემთხვევა, გამოვსულვარ და ზარი დროზე ადრე დამირეკია. მასწავლებლები გაოცებულები იყვნენ, - ჯერ დრო არ არის, ზარი რატომ დაირეკაო? დირექტორი ხუმრობდა, ის გიჟი დარეკავდაო...

ალბათ, ჩემი გენების დამსახურებაა, ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს რომ არ შემიძლია. რაღაცას მოვიმიზეზებ და ბინა აუცილებლად უნდა გადავცვალო. ძალიან მიყვარს სიახლე. უცნაურია, მაგრამ ჩემი მეუღლეც ყოველთვის სიამოვნებით მიბამდა მხარს. ლამაზად გამოსდის ბარგის ჩალაგება, ჭურჭელს სათუთად გაახვევს, ძალიან მეხმარება. ზოგჯერ ტრანსპორტის ფულიც არ გვქონდა, ავიკიდებდით ბარგს და ყველაფერი ახალ ბინაში მიგვქონდა. ერთხელ მახსოვს, ორი კაცი იდგა ქუჩაში და ბარგაკიდებულმა რომ გავიარე, მომაძახეს: "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება"... ყოველთვის ძალიან ენერგიული ვიყავი. ლოგინად ჩავარდნილ დედას ვუვლიდი, ორ ბავშვს ვზრდიდი, თან სკოლაში ვმუშაობდი. ძალიან მიყვარდა ის ეზო, სადაც გავიზარდე. მერეც ხშირად მივსულვარ იქ. ერთი ქურთი მეეზოვე ქალბატონი გვყავდა, რომელიც ბევრს გვაცინებდა, სულ ცხელ ჩაიზე ვეპატიჟებოდი. უყვარდა არაყი და მეუბნებოდა, - ახლა შენი სადღეგრძელო უნდა დავლიოო... სულ ედუარდ შევარდნაძეზე იყო გაბრაზებული და ზვიად გამსახურდიას სიყვარულით იხსენებდა.

- რამდენიმე წლის წინ ოქროს ქორწილი აღნიშნეთ...

- დიახ, დაუვიწყარი დრო გავატარეთ. მე და მედეა ლორთქიფანიძემ "ბოშური" ვიცეკვეთ... საერთოდ, ბოშას რომ დავინახავ, გულისცემა მიჩქარდება. ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს ბოშები. ქუჩაში ბავშვებსაც გავეთამაშები ხოლმე. ჩემი გენების გამო, ბევრი გულისტკივილი შემხვედრია. როცა ვთხოვდებოდი, ჩემი მეუღლისთვისაც უთქვამთ, ბოშაა, ბავშვებს მოგიყრის და წავაო... მამაჩემს ეუბნებოდნენ, - ეს ვინ აიყვანე? რომ გაიზრდება, მოგკლავთ, გაგქურდავთ და გაიქცევაო... ამწუთას თქვენ და ჩემი მეუღლე მიზიხართ წინ, ორი ქართველი და მინდა გითხრათ, რომ მეც თქვენზე არანაკლები ქართველი ვარ! არავისზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო! უკვე 78 წლის ვარ და განვლილი ცხოვრებით ბევრჯერ დავამტკიცე, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ფიქრობდნენ... დღეს უფრო ხშირად, ლონდონში მიწევს ცხოვრება და იქ ბოშების მიმართ კარგი დამოკიდებულება იგრძნობა!

- ლონდონში თქვენი შვილები ცხოვრობენ, არა?

- დიახ, ორივე ლონდონშია გათხოვილი. ჩვენი ინგლისელი სიძე ლორდის შთამომავალია, პროფესიით იურისტი. იგი ხშირად გვირეკავს და გვეუბნება, - ჩამოდით, მე უბედური ვარ თქვენ გარეშეო... მოგვატარა მთელი მსოფლიო, ნიცაში დაგვასვენა, გვამოგზაურა. ოქსფორდში ვყავდით და გვიჩვენა საკლასო ოთახი, სადაც სწავლობდა. კედელზე სულ მისი წინაპრების, ბიძების ფოტოებია, რომლებსაც დიდი დამსახურება ჰქონდათ ამ უნივერსიტეტში...

ჩემი ორივე შვილი მეორედ დაქორწინდა. პირველი ქორწინებიდან ერთს ერთი ვაჟი ჰყავს, მეორეს - გოგო. მათი პირველი მეუღლეები ქართველები იყვნენ და იმდენად კარგი ურთიერთობა აქვთ ყოფილებს მეორე ქმრებთან, რომ სტუმრადაც კი ჩადიან ლონდონში... ინგლისელმა სიძეებმა საკუთარი შვილები არ ისურვეს. ერთმა თქვა, - სულ სამსახურში ვარ და იმდენი დრო არ მაქვს, მოგეხმაროო, მეორე სიძის დედამ კიდევ: რაღად გვინდა შვილი? აგერ გვყავს და ამას მივხედოთო... ბავშვებს არნახულად ზრდიან, საუკეთესო განათლება და სამსახური აქვთ. ჩვენ ხომ გვეხმარებიან, მაგრამ ყოფილ ქმრებს და მათ მშობლებსაც არ აკლებენ ყურადღებას. ჩვენც ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს ყოფილ სიძეებთან... შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი ჩემი ცხოვრება ძალიან საამურია. როგორც კი მოვისურვებ, შვილებთან ვარ.

მანანა გაბრიჭიძე