შვიდ­გ­ზის წლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის ბე­ნე­ფი­სი - გზაპრესი

შვიდ­გ­ზის წლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის ბე­ნე­ფი­სი

ალბათ დამეთანხმებით, რომ სცენაზე გატარებული 45 წელი ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს _ ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გამოეხმაურა და 8 მაისს არტისტის ბენეფისი თეატრის დიდ სცენაზე გამართა.

წარმოშობით სოხუმელი ნუგზარ ყურაშვილი, თბილისში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სოხუმის თეატრში გაანაწილეს, სადაც მან სამი წელი იმუშავა. 1981 წელს, ახმეტელის სახელობის თეატრის დაარსებისთანავე მისი სამსახიობო კარიერა დედაქალაქში გაგრძელდა. ამ თეატრში მისი 35-წლიანი სამსახიობო კარიერა ახმეტელის თეატრის დამაარსებელს, რეჟისორ ლერი პაქსაშვილს უკავშირდება. სწორედ მის მიერ დადგმულ საეტაპო სპექტაკლებში, როგორებიცაა: "ოპტიმისტური ტრაგედია", ვაჟა ფშაველას "მთანი მაღალნი", ოტია იოსელიანის "გამოქვაბული" და "ყრუ ღმერთები" და სხვა საუკეთესო სახეები შექმნა. ამავე თეატრში ნუგზარ ყურაშვილი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა რეჟისორებთან: თემურ აბაშიძე, იური კაკულია, ნუკრი ქანთარია, დავით ანდღულაძე, გიგა ლორთქიფანიძე, ოთარ ბაღათურია, გიორგი შალუტაშვილი, დიმიტრი ხვთისიაშვილი, გიორგი თავაძე, დარიუშ ეზერსკი და სხვანი.

ახმეტელის თეატრში მუშაობის პარალელურად, ნუგზარ ყურაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრთანაც თანამშრომლობდა. აქედან გამომდინარე, მსახიობის საბენეფისო საღამოზე, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლდათ, ნუგზარ ყურაშვილის მონაწილეობით გათამაშდა ნაწყვეტები სპექტაკლებიდან: "მე ვხედავ მზეს", "არ დამივიწყო", "ამიკო". თეატრალური ნაწილის გარდა, საღამოზე წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები იმ კინოფილმებიდან, რომელშიც 1986 წლიდან ნუგზარ ყურაშვილიც მონაწილეობს. ესენია: "ზღვის მაშვრალნი", "ფესვები", "გამოცხადება", "ვამეხი მოდის", "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი", "ჩაკლული სული", "ნუცას სკოლა", "სვანი", "ცხრა მთას იქით". მხატვრულ ფილმებში განსახიერებული როლების გარდა მაყურებელი ნუგზარ ყურაშვილს ისეთი ტელესერიალებიდანაც იცნობს, როგორებიცაა: "ცხელი ძაღლი" (უჩა ზერაგია) _ რეჟისორი ზაზა ურუშაძე და "კლინიკა" (კლინიკის დირექტორი დავითი) _ რეჟისორი გიორგი ლიფონავა.

აქვე გეტყვით, რომ ნუგზარ ყურაშვილი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობი და აწ უკვე დირექტორი გახლავთ. იგი ასევე არის ღირსების ორდენის კავალერი. შვიდგზის აღიარებულია წლის საუკეთესო მსახიობად. ხოლო ამა წლის 14 იანვარს, ახმეტელის სახელობის თეატრის წინ მისი და გია ჯაფარიძის სახელობის ვარსკვლავები ერთად გაიხსნა.

ანა კალანდაძე