პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ევე­რეს­ტე­ლი - გზაპრესი

პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ევე­რეს­ტე­ლი

დღეს პირველ ქართველ ევერესტელ რომან გიუტაშვილს, ვინც ჩვენს მთამსვლელებს შორის პირველმა დადგა ფეხი დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე, 80 წელი შეუსრულდა. 70 წლის იუბილეს მისალოცად მოსკოვში რომ დავურეკე, მეუღლემ, ქალბატონმა ერნამ აიღო ყურმილი, გაგასწრო, უკვე ჰიმალაებში გაფრინდაო, მიპასუხა. გაოცებისგან პაუზა გამიგრძელდა. დიასახლისი თავადვე მიხვდა მიზეზს და მითხრა, არც მე მინდოდა, მთებში რომ ევლო, მაგრამ რას ვიზამო? ამჯერად მილოცვის გარდა, ინტერვიუც მინდოდა და გამიხარდა, შინ რომ დამხვდა.

- მოლოცვისათვის დიდი მადლობა. მადლობა, რომ ჩემს პერსონას დრო დაუთმეთ. მე ძალიან მიყვარს მთები, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ალპინიზმი სპორტის სახეობა არ არის. ეს უფრო ადამიანის სულიერი მდგომარეობაა, რომელსაც ერთფეროვან ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ჰყოფნის ემოციური დატვირთვა და ადრენალინი. მე მთაში `ვცხოვრობ~, მაგრამ უკვე დიდი ხანია არსად არ ვყოფილვარ. მხოლოდ შარშან მე და ჩემი შვილი `ბეზენგის~ ალპინისტურ ბანაკში `ედელვეისის~ ორდენის კავალრების შეხვედრაზე ჩავედით მანქანით. საქართველოში, მე როგორც მახსოვს, ამ ორდენის კავალერები ბენო ქაშაკაშვილი და ლევ სარქისოვი არიან, მათთან შეხვედრის იმედი მქონდა, მაგრამ არ ჩამოვიდნენ. ეს ალპინისტური ბანაკი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთის ფერდობზეა, სამხრეთით კი სვანეთია. ღონისძიების დასრულების შემდეგ თბილისში ჩამოსვლას ვფიქრობდით, ნათესავებისა და მეგობრების მონახულება გვინდოდა. მაგრამ სამწუხაროდ შვილს სამსახურიდან დაურეკეს, სასწრაფოდ ჩამოდიო და უკან დაბრუნება მოგვიხდა. მარტო მე რომ გამეგრძელებინა მანქანით გზა, არ ივარგებდა, უკვე ახალგაზრდა აღარა ვარ.

- რადგან ახალგაზრდობა ახსენეთ, ეგებ ყრმობის წლებიც გაიხსენოთ, როდის და როგორ მოხვდით მთებში?

- მთებში შემთხვევით მოვხვდი. მერვე კლასში ვიყავი, თანაკლასელმა მეკლდეურობის სექციაში რომ მიმიყვანა. მანამდე ბევრს ვკითხულობდი სათავგადასავლო წიგნებს. მეკლდეურობაში ბოტანიკურ ბაღში 15-20 მ სიმაღლის შვეულ კედელზე ვვარჯიშობდით. მალე საქართველოს ნაკრებში მოვხვდი და ერთ-ერთ შეჯიბრებაზე პრიზიორიც გავხდი. 1953 წელს კი მწვერვალ ყაზბეგის ექსპედიციაში მივიღე მონაწილეობა და სწორედ მაშინ შევიცანი მთების საოცარი სილამაზე და სამუდამოდ შემიყვარდა.

- ევერესტის დალაშქვრა ყველა ალპინისტის ოცნებაა. თქვენ როდის დაიწყეთ ფიქრი ამ მწვერვალზე?

- ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, როდის დავიწყე ფიქრი ევერესტზე, ის კი შემიძლია გითხრათ, რომ პამირსა და ტიან-შანზე ასვლის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ევერესტის 8848 მ-აც დავძლევდი. სხვათა შორის, ჰიმალაის მაღალმთიანეთში პირველი ქართული ექსპედიციის მოწყობა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში იყო დაგეგმილი, მაგრამ მაშინ ნეპალსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და ჩვენების ექსპედიციაც ჩაიშალა. იგივე განმეორდა 1980-იანი წლების ბოლოსაც, როდესაც ბენო ქაშაკაშვილმა და გია თორთლაძემ ნეპალიდან მწვერვალ ანაპურნაზე ასვლის ნებართვა ჩამოიტანეს და ექსპედიციისათვის მზადებასაც შევუდექით. მე გუნდის მწვრთნელად ამირჩიეს. მაგრამ შემდეგ ქვეყნის სათავეში ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა მოვიდნენ და საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიყავით ალპინიზმის საერთაშორისო ასოციაციის წევრები. ამიტომ საჭირო იყო სსრკ-ის ალპინიზმის ფედერაციის ოფიციალური, სარეკომენდაციო წერილი, რასაც უკვე ვეღარ მივიღებდით და ანაპურნაზე ასვლის უფლებაც კვლავ პოლიტიკას შეეწირა.

ევერესტის ექსპედიციაში მე შემთხვევით მოვხვდი. რუს ალპინისტებს შორის ბევრი მეგობარი მყავს და მათ ვთხოვე, შანსი თუ ექნებოდათ, მეც ჩავესვი გუნდის შემადგენლობაში. 1991 წელს პამირის ალპურ ბანაკებში წავედი სამუშაოდ. სწორედ მაშინ, სანქტ-პეტერბურგის ექსპედიციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ ბალიბერდინი მიწვევდა ევერესტზე. შესაფერისი აღჭურვილობა თან არ მქონდა. აფი გიგანმა და თამაზ შარაშენიძემ მომცეს რაც მაკლდა და პირდაპირ პამირიდან გადავფრინდი მოსკოვში, იქიდან კი კატმანდუში.

- მთაში სხვადასხვა ტიპის ადამიანები დადიან, რომლებსაც ერთმანეთისაგან განსხვავებული მიზანი ამოძრავებთ, თუმცა ყველასთვის ძალზე მნიშვნელოვანია პარტნიორი, ვინ იქნება შენი მეწყვილე, რამდენად ენდობი მას. თქვენ რამდენად გაგიმართლათ?

- კავკასიონისა და ტიან-შანის ალპინისტურ ბანაკებში 50 წელზე მეტი ვიმუშავე ინსტრუქტორად. შემდეგ 10 წელი მწვრთნელ-მაშველი ვიყავი `პამირის~ საერთაშორისო ალპინისტურ ბანაკებში. ამ ხნის განმავლობაში სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან ერთად დავდიოდი სხვადასხვა მარშრუტზე და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ მე არასდროს მქონია პარტნიორის ნდობისა თუ უნდობლობის პრობლემა. მთავარია, შენ თავად იყო მზად ტექნიკურ თუ ფსიქოლოგიურ მოულოდნელობებთან და მაშინ არავითარი დისკომფორტი არ შეგექმნება.

ევერესტზე მე ამერიკელ დენიელ მაზურთან ერთად მომიხდა ასვლა. მეწყვილეს შერჩევა ასეთ რთულ მარშრუტზე ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ექსპედიციის ბედი, მიაღწევ თუ არა მწვერვალს, შენ გარდა პარტნიორზეც არის დამოკიდებული, ზოგჯერ შენი სიცოცხლეც მის ხელშია. მაზური მართლაც კარგი მეწყვილე გამოდგა და მიზანსაც მივაღწიეთ.

- მთაში ადამიანები ნელა მოძრაობენ, ფიქრისთვის საკმაოდ დიდი დრო გაქვთ. დარწმუნებული ვარ, თქვენც ბევრი გიფიქრიათ. საინტერესოა, თუ იპოვეთ ის. რის გამოც პრაქტიკულად მთელი ცხოვრება მთაში გაატარეთ?

- როგორღაც მიხეილ ხერგიანმა მკითხა: - მითხარი ერთი რომან, რა გაიძულებს მთებში იარო? გყავს ოჯახი, გაქვს პროფესია, სამსახური. ყველაფერ ამას შენ ტოვებ იქ, ქვემოთ და საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებ აქ, მთებში?

ეს იმდენად მოულოდნელი კითხვა იყო, რომ მაშინ ხეირიანი პასუხი ვერ მოვიფიქრე და როგორც შემდგომ დრომ გვიჩვენა, ასეთი პასუხი დღემდე ვერ მიპოვია. უბრალოდ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიცხოვრო მთელი ცხოვრება იმ ემოციების გარეშე, რომლებსაც მთები მაძლევს.

ცოტა ხნის მერე უკვე მე ვკითხე მიშას: - შენ რატომღა დადიხარ მთებში, შენ ხომ მთებში დაიბადე და მთებში ცხოვრობ? - დიდ მთებში ადამიანებს ამოწმებ, შეიცნობ მათ. სხვაგან ეს შეუძლებელია და თუ მზად ხარ, ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე, თოკში ჩაბმულმა მასთან ერთად იარო მარშრუტზე და უბრალოდ დარწმუნებული ხარ, რომ ის გაჭირვების დროს თოკს არ გადაგიჭრის, მაშინ ასეთ პარტნიორს შეგიძლია ცხოვრებაშიც ენდოო, - მიპასუხა.

- თოკის გადაჭრა და პარტნიორის მიტოვება, თქვენ არ დაგჭირვებიათ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, კრიტიკული მომენტი ევერესტზე ასვლის დროს თქვენც დაგდგომიათ.

- ყველაზე რთული ბოლო რამდენიმე ასეული მეტრის გავლა იყო. დღის სამ საათზე მივხვდით, რომ დაღამებამდე ვეღარ ვასწრებდით მწვერვალზე ასვლას და მეოთხე ბანაკამდე ჩამოსვლას. დენიელი შეყოვნდა. დილემის წინაშე აღმოვჩნდი, ან ქვევით უნდა დავშვებულიყავით, ან მარტოს უნდა გამეგრძელებინა გზა. მაზური 30 წლის იყო და მას ევერესტზე ასვლის შანსი კიდევ ექნებოდა, მე კი 54 წლისას, ასეთი შანსი შეიძლება აღარც მქონოდა. ბოლოს მაინც გავაგრძელეთ გზა და საღამოს ხუთ საათზე მწვერვალზე ავედით.

- მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონებისათვის არაერთხელ მიკითხავს, რას გრძნობდნენ პიედესტალის უმაღლეს საფეხურზე. პასუხი დაახლოებით ერთი და იგივეა, ენით ამ შეგრძნების გადმოცემა შეუძლებელია. თქვენ თუ შეგიძლიათ ამიხსნათ, რას გრძნობდით მწვერვალზე?

- ვერც მე გიპასუხებთ. იქ, ზევით რომ ახვალ, უკვე ძალიან დაღლილი ხარ, ძალა აღარა გაქვს. დროც ცოტაა. პირველ რიგში ფოტოსურათი უნდა გადაიღო იმის დასტურად, რომ ნამდვილად ახვედი მწვერვალზე, მე კი ვერაფრით ვერ დავამაგრე ჩვენი ეროვნული დროშა, ძლიერი ქარი ქროდა. ბოლოს მოვიფიქრე, ხელში დავიჭირე და დენიელმა სამი კადრის გადაღება მოასწრო, მერე კი აპარატიც გაიყინა. მე პამირიდან ჰიმალაებში ისე გავემგზავრე, რომ თბილისში ჩამოსვლას ვერ ვასწრებდი და ახალი ქართული დროშა არც მქონდა ნანახი. მაგრამ ნეპალში მაშინ ქართველი ქალბატონი, თალიკო ყუბუსიძე ცხოვრობდა. მეუღლესთან, კატმანდუში ცნობილ ტელეკორესპონდენტ, ტულადხრთან ერთად ინტერნეტში ნახეს ჩვენი შინდისფერი დროშა და იმის მიხედვით შემიკერეს.

- ამ დროშის ისტორიას ახლა მე გავაგრძელებ. 2003 წელს მოსკოვში ვიყავი მივლინებით. ბატონ რომას ვესტუმრე შინ. საუბრის დროს შევატყვე, რომ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებდა. მეგობრების დახმარებით ბინაც ჰქონდა, ქართული `წინანდალიც~ და საყვარელი საქმის კეთების საშუალებაც. ყოველგვარი შესავლის გარეშე ვუთხარი: - თბილისში დამბრუნებელი არა ხართ და ეგ დროშა მე გამატანეთ, უკეთეს ადგილს მივუჩენ-მეთქი. ცოტა კი შეყოვნდა, მაგრამ მაინც გამომატანა. მას მერე ეს დროშა ქართული სპორტის დიდების მუზეუმშია გამოფენილი.

- ჩემი მოსკოვში გადმოსვლის მთავარი მიზეზი საყოფაცხოვრებო პირობებია. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, აღარც სამსახური მქონდა და აღარც ოჯახის რჩენის საშუალება. მეგობრებსა და ნათესავებს სკაიპით სისტემატურად ვუკავშირდები თბილისში და რამდენადაც ვხვდები, მათ უფრო უჭირთ, ვიდრე მოსკოველ პენსიონერებს. ჩემი დროის თბილისი უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. სიმართლე გითხრათ რაღაც-რაღაცებზე გულიც მწყდება. ჩემ შემდეგ ევერესტზე სხვა ქართველებიც ავიდნენ და ყველა მათგანი, ვინც ავიდა, თუ ვერ ავიდა, სამთავრობო ორდენებით დააჯილდოეს, მე არა. ეს შემთხვევით ჩემმა მეგობრმა, იურა ცუცქირიძემ გაიგო და ქართველი მთამსვლელების თანადგომით ორი წელი კარდაკარ დადიოდა, რომ ჩემთვისაც მოენიჭებინათ ეს ორდენი. ევერესტის ექსპედიციიდან 16 წლის შემდეგ საქართველოს საელჩოდან დამირეკეს და მოსკოვში საზეიმოდ გადმომცეს მთავრობის ჯილდო.

გოგი ფრანგიშვილი