ეთნიკური უმცირესობის მოზარდების ახდენილი და აუხდენელი ოცნებები - გზაპრესი

ეთნიკური უმცირესობის მოზარდების ახდენილი და აუხდენელი ოცნებები

დროდადრო, ძალიან აქტიური და მწვავე განსჯის თემა ხდება ეთნიკურ უმცირესობათა ცხოვრების წესი, ადათი და ტრადიცია. რამდენიმე ხნის წინ, არასრულწლოვანი აზერბაიჯანელი გოგონას მოტაცების ამბავმა მთელი საქართველო აალაპარაკა, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის, სინამდვილეში რა ხდება იქ, როგორია მათი ყოველდღიურობა, რა პირობებში უწევთ სასკოლო განათლების მიღება, რაზე ოცნებობენ და რა სტკივათ...

ჩვენი რესპონდენტი ქალბატონები უკვე რამდენიმე წელია, იქაურ მოზარდებს ქართულ ენას ასწავლიან და ასე ცდილობენ, დანარჩენ ქართულ სივრცეში მათი ინტეგრირება მოახდინონ. ბევრი მოზარდი ახერხებს, დასძლიოს არსებული რეალობა და სწავლა განაგრძოს, თუმცა, ყველას არ უმართლებს... ქართველი პედაგოგები იქ არსებულ მწვავე თემებზე საუბრობენ.

ნათია მანია, სადახლოს II საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი:

- ერთ დღეს მოსწავლეებს ვთხოვე, თავიანთი სკოლა აღეწერათ. ვგულისხმობდი, რომ უნდა დაეწერათ, რამდენსართულიანია სკოლა, რამდენი ოთახია და ა.შ. თავდაპირველად ეს დაფაზე უნდა გაეკეთებინათ, შემდეგ კი შინ დამოუკიდებლად დაწერდნენ... პირველივე წინადადება, რომელიც მიკარნახეს, იყო: "ჩვენი სკოლა ცუდია". სხვა მასწავლებელს შეიძლება ეს არც ჩაეწერა და არც საქვეყნოდ განსახილველად გამოეტანა, მაგრამ მე გამოვიტანე და გარკვეული შედეგებიც მოჰყვა. მოკლედ, ისინი მკარნახობდნენ და მე ვწერდი:

"შეშა არ არის"... ზამთარში ღუმელი ყველგან ანთია, მაგრამ შეშა იმდენად ცოტაა, გაკვეთილების ბოლომდე არ გვყოფნის, თუმცა ეს ჩემს კლასს არ ეხება, რადგან შემოდგომიდან ვიჭერ თადარიგს. ასე გავაკეთე შარშანაც, განათლების მინისტრი მოვნიშნე ჩემს პოსტზე, სადაც ამ პრობლემაზე ვსაუბრობდი და მართლაც, მთელი ზამთარი კლასში შეშის პრობლემა არ მქონია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სხვაგანაც ასე იყო, მაგრამ სხვა მასწავლებლები ხმას არ იღებენ. ეს მათი საქმეა... ჩვენს სკოლაში 900-მდე მოსწავლეა და მათი მშობლებიც დუმან. ალბათ ფიქრობენ, რომ ეს ამბავი ისედაც ყველამ იცის. მიაჩნიათ, რომ არაფერი შეიცვლება...

"საკლასო ოთახებში ნათურები არ არის" - ჩემთან და კიდევ რამდენიმე კლასში არის, მაგრამ ყველგან - არა. კომპიუტერს საკლასო ოთახებში ვერ ჩართავ, რადგან სრულყოფილი ელექტროგაყვანილობა შენობაში თითქმის არ არის, მხოლოდ ერთგან, კომპიუტერების ოთახშია. რაც შეეხება წყალს, სკოლაში არის ერთი ონკანი. წყალი დიდი ავზიდან მოედინება. ოღონდ, ხან არის და ხან - არა. მაგალითად, ზამთარში იყინება და ავზი ვერ ივსება.

- რამდენი ხანია, რაც სადახლოს სკოლაში ასწავლით?

- ექვსი წელი სრულდება, რაც აქ ვასწავლი... "ასწავლე ქართული, როგორც მეორე ენა" - პროგრამის ხელმძღვანელმა დამირეკა, სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის კონკურსი ტარდება და მონაწილეობას ხომ არ მიიღებდითო? დავთანხმდი, კონკურსში გავიმარჯვე და სადახლოში გამანაწილეს. მას შემდეგ, ყოველ ორშაბათს მივდივარ და ღამე იქ ვრჩები. სამშაბათს კი, გაკვეთილების შემდეგ, თბილისში ვბრუნდები. ოთხშაბათს ისევ მივდივარ და ხუთშაბათს, გაკვეთილებისა და დამატებით მეცადინეობების შემდეგ, თბილისში ვბრუნდები. მე და ერთმა ჩემმა კოლეგამ ერთ-ერთ ოჯახში ოთახი ვიქირავეთ და ასე ვცხოვრობთ...

- რა სირთულეებს ხვდებით მუშაობის პროცესში?

- ადვილი მართლა არ არის. უფროს კლასებს ვასწავლი. ახლაც, ერთდროულად VIII კლასის სამი განაყოფი მყავს, რომელთაც ბოლომდე უნდა გავყვე... შარშან სკოლაში რაღაც ინციდენტი მოხდა, რის გამოც, მოგვეცა საშუალება, კლასები ქართული ენის ცოდნის დონის მიხედვით დაგვეყო, რამაც მუშაობა გაგვიმარტივა. მანამდე კლასში ერთდროულად გვყავდა ისეთი მოსწავლეები, რომლებიც გამართულად ვერც კითხულობდნენ და ქართულად სულ ორიოდე სიტყვა იცოდნენ და მოსწავლეები, რომლებიც შედარებით თავისუფლად წერდნენ, კითხულობდნენ და ლაპარაკობდნენ.

- მოსწავლეებს თუ აქვთ კარგი განათლების მიღების სურვილი?

- როგორც ყველგან, აქაც სხვადასხვანაირი კატეგორიაა, ზოგს უნდა კარგი განათლების მიღება, ზოგი ზარმაცობს, ზოგიც მშობლებისა და ნიშნების ხათრით სწავლობს. თუმცა, ბავშვი ხარისხიან განათლებას მიიღებს თუ არა, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სკოლასა და მასწავლებლებს. არაერთი უფროსკლასელი ოცნებობს, კარგი განათლების მიღებაზე, უნივერსიტეტში ჩაბარებაზე... ზოგს მშობლები ვერ უქმნიან შესაბამის პირობებს... რაც შეეხება ქართული ენის სწავლას, თანდათან უმრავლესობა უკვე ხვდება, რომ ეს აუცილებელია მათი მომავლისთვის და ხშირად მეუბნებიან, - რა კარგია, ქართველი მასწავლებელი რომ გვასწავლითო... ქვემო ქართლში არიან ქართულის მცოდნე აზერბაიჯანელი მასწავლებლებიც. არიან ისეთებიც, რომლებიც ქართულად ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ ქართულს მაინც "ასწავლიან". თუ როგორ, ამაზე პასუხი განათლების სამინისტრომ უნდა გაგცეთ...

- ძალიან მწვავე და პრობლემური თემაა ნაადრევად შექმნილი ოჯახები, გოგონების მოტაცების პრობლემა... როგორია, ამ თემაზე ადგილობრივი ახალგაზრდების დამოკიდებულება?

- ამ საკითხზე ბოლომდე გულწრფელად ჩემთანაც არ საუბრობენ, რადგან მტკივნეული თემაა. პირველ ხანებში, ვერც კი ვამჩნევდი, რომ გენდერულ საკითხთან დაკავშირებით პრობლემები იყო. შემდეგ გავიგე, რომ ჩვენს მოსწავლე გოგონებს სოციალური ქსელი არა აქვთ, რადგან "ფეისბუკზე" გოგონას ფოტოს ატვირთვა სამარცხვინო და დამამცირებელია... მხოლოდ ერთი-ორ გოგონას აქვს გვერდი გახსნილი, მაგრამ სხვა სახელითა და გვარით ან რაღაც ინიციალებით და ამასაც, რა თქმა უნდა, მალავენ. არადა, ქუჩაში, სკოლაში, ჩვეულებრივ იმოსებიან... ისიც არ ვიცოდი, თუ ჩემს მოსწავლეებთან ერთად გადაღებული, საერთო ფოტოს "ფეისბუკში" დადებაც არ შეიძლებოდა. ამაზე ჩემთვის შენიშვნა არავის მოუცია, რადგან ალბათ იციან, რომ პოზიციებს ასე ადვილად არ დავთმობ, მაგრამ ჩემს კოლეგას მიმართა ერთმა ადგილობრივმა ბიჭმა, - თქვენ მიერ დადებულ საერთო ფოტოში, ჩემი და ჩანს და წაშალეთო... მართლაც წაშალა, მაგრამ შემდეგ ისევ დაუკავშირდა და ერთ-ერთ ფოტოზე უთხრა, - არც ის მომწონს და წაშალეთო. ამას გაუკვირდა, - იქ თქვენი და არ არისო. ბავშვების მიერ "აწყობილი" ფოტო იყო, სადაც ამ გოგონას სათვალე ჩანდა. იმაზე უთხრა, - ჩემი დის სათვალე ჩანს და არ მინდაო... აი, მაშინ მივხვდი, რომ გოგონები ძალიან შეზღუდული იყვნენ. მათ არა აქვთ მობილური ტელეფონის ტარების უფლება, სანამ სტუდენტები არ გახდებიან. შემდეგ უკვე, ოჯახთან კონტაქტი სჭირდებათ და სხვა გზა არც აქვთ... პირველ წლებში, ასევე მაოცებდა ის ფაქტი, რომ ბავშვები სკოლაში დიდი სიხარულით მოდიოდნენ. ასევე სიხარულით მოდიოდნენ ზაფხულის არდადეგების დროს დაგეგმილ ენის კურსებზე, ივლისის პაპანაქება სიცხეში. ეს სხვაგან არსად მინახავს... როგორც მასწავლებელს, ალბათ არა მიშავს, მაგრამ არც ისეთი სასწაული ვარ, დასვენებას ჩემს მეცადინეობაზე ყოფნა რომ ერჩივნოთ. შემდეგ გავიგე, თუ სკოლაში არ დადიან, უმეტესად სახლში უწევთ ყოფნა. ერთმანეთთან სტუმრობის, გასეირნების, შეკრების შესაძლებლობა არა აქვთ. ერთადერთი ადგილი, სადაც მეგობრებს ხვდებიან, ესაუბრებიან და სწავლასთან ერთად, გართობაც შეუძლიათ, არის სკოლა. დაბადების დღეებზეც ვერ ეპატიჟებიან მეგობრებს, მხოლოდ მეზობლებისა და ახლო ნათესავების მოწვევის საშუალება აქვთ... კიდევ ერთი ადგილი, სადაც ისინი ერთობიან, არის სკოლის ბანკეტი, სადაც ქართველებისგან განსხვავებით, ალკოჰოლის გარეშეც მშვენივრად ხალისობენ, რაც ძალიან მომწონს, მაგრამ ბანკეტი 12 წელიწადში ერთხელ არის. რაც შეეხება, ნაადრევ ქორწინებებს, ყოფილა შემთხვევა, როდესაც 16 წლის მოსწავლეებიც გათხოვილან, მაგრამ ეს მაშინ კანონით დაშვებული იყო. მას შემდეგ, რაც კანონი გამკაცრდა, 18 წლამდე გოგონას გათხოვების შესახებ არ მსმენია, მაგრამ გამიგონია, რომ დაინიშნა... ბევრი გოგონა სკოლაში არ დადის და მათ შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს. ამ შემთხვევაში, მთავარი როლი ენიჭება ოჯახს. თუ მიაჩნიათ, რომ გოგონას მთავარი მოვალეობა გათხოვებაა და არა - სწავლა, არც უშვებენ სკოლაში. თუმცა, ძალიან ბევრი სიაში ირიცხება და ხდება ისეც, რომ საატესტატო გამოცდებამდე მიდიან, ბარიერსაც ლახავენ და ატესტატსაც იღებენ. არადა, შეიძლება წლები ისე გავიდეს, ერთ გაკვეთილსაც არ დაესწროს... ძალიან ხშირად, სკოლაში გაცდენებს არ აღნიშნავენ.

- ამაზე სკოლის ხელმძღვანელობა რას ამბობს?

- არაფერს. როდესაც მე ვწერ "არას", დაგროვილი გაცდენების გამო, მოსწავლეები კლასში რჩებიან, რისთვისაც საყვედურებსაც ვიღებ, - სასტიკი, მკაცრი და გაუგებარი ხარო, მითხრეს. ვიღაცებმა ეთნიკურ უმცირესობასთან ბრძოლაშიც კი დამადანაშაულეს... ვისაც დირექციასთან ჭიდილის თავი არა აქვს, ის არ წერს "არებს"... არადა, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან, მშობლის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხიც კი დგება, - ის შვილს განათლების უფლებას უზღუდავს.

ნონა არევაძე-კოტორაშვილი, ქართული ენის მასწავლებელი:

- მეშვიდე წელია, აქ ვასწავლი და ძალიან ბევრი პრობლემა და ბარიერი შეგვხვედრია, მაგრამ მოგვარებულა. თუმცა, საკითხი, რომელიც კანონის გამკაცრების გარეშე ვერ მოგვარდება, არის ნაადრევი ქორწინება, რის გამოც ძალიან ბევრ ახალგაზრდას მომავალი ენგრევა. არ შემიძლია, გვერდი ავუარო იმ გოგონას, - ზარიფა მამედხანოვას გახმაურებულ ამბავს. ის ჩემთან ქართული ენის დამატებით კურსებზე ემზადებოდა, ანუ გარკვეული ეტაპები გავლილი ჰქონდა და სწავლის გაგრძელებაზე ფიქრობდა. მისი უფროსი დაც სტუდენტია, რაც მას მოტივაციას აძლევდა, თავადაც მოწადინებული ყოფილიყო... ეს თემი და საერთოდ ეს სოფელი, მოზარდებისთვის კარგი განათლების მიცემით გამორჩეული იყო, შარშან ყველა მოსწავლემ აიღო ატესტატი ჩაჭრის გარეშე და მათგან 13-14 სტუდენტი გახდა. ბოლო დროს, გოგონების მოტაცებამაც იკლო. ზარიფასთან ამ თემაზეც ხშირად მისაუბრია და არაერთხელ უთქვამს, ჩემს უფლებებს დავიცავო, თუმცა, როგორც ჩანს, ვერ შეძლო... მისი და მისი მშობლების თხოვნით, ჯერჯერობით სიიდან არ ამომიღია, გაკვეთილზე არ მოსულა, მაგრამ იმედი კიდევ მაქვს, რომ სწავლას გააგრძელებს, რადგან გამორჩეულად ნიჭიერი გოგონაა...

- როგორი იყო მისი თანატოლების რეაქცია მის მოტაცებაზე?

- ძალიან მძიმე... - თურმე, როგორი დაუცველები ვართო, მითხრეს... ამ ფაქტის შემდეგ, რამდენიმე მათგანს მშობელი სკოლამდე აცილებს, უკან, სახლამდე კი, ჩვენ მიგვყავს... მშობლები კი ფრთხილობენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ მათი უმეტესობა ზარიფას მშობლებივით მოიქცევა. ამ შემთხვევაში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ შორის მშობლებსაც, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ როდესაც მას ეძებდნენ და "ვერსად პოულობდნენ", ბავშვი მეორე სოფელში ჰყოლიათ. იქ ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არავინ გათქვა. გოგონას ბედი სხვა ადამიანებმა გადაწყვიტეს.

- რას გულისხმობთ?

- აქ არის ერთი ხუცესი, აღსაქალი, რომელიც პოლიციამ, ადრე, არასწორი საქციელის გამო დააჯარიმა. თუმცა, შემდეგ, როგორც ჩანს, აღსაქალი და მისნაირები ისევ გააქტიურდნენ. ისინი თავს უფლებას აძლევენ, მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების ბედი გადაწყვიტონ, მათ ჯიბრსა და ახირებას, რომელსაც ადგილობრივთა გარკვეულ ნაწილში, გავლენა მაინც აქვს და ამას ტრადიციით ამართლებენ. სკოლის დირექტორმა ისიც მითხრა, - ყველა ბავშვს ვეუბნები, ჩემს სახელზე დაწერეთ წერილი და მომეცით ნება, რომ მსგავს შემთხვევაში, თქვენი წარმომადგენელი ვიყო და ვიჩივლოო... ამ ვითომ ტრადიციებს, რომელსაც ბევრი საკუთარი გავლენისთვის იყენებს, ასევე ბევრი ადამიანი აპროტესტებს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, აღსაქალებს მაინც გააქვთ თავისი. გამოსავალი ერთია, სანამ მოზარდს კანონი არ დაიცავს, არაფერი შეიცვლება... ზოგს მართლა ისე უნდა სწავლა, რომ უთხოვიათ, თუ მეცადინეობის გრაფიკს შევცვლით, ვერ ვივლი, რადგან საღამოს სათბურში უნდა ვიმუშაოო.

მახსოვს ერთი შემთხვევა, VI კლასელმა გოგონამ წერილი მომცა, საკუთარი ხელმოწერით: "თუ ვინმემ მომიტაცა, ნონა მასწავლებელს ვთხოვ, პოლიციაში განაცხადოს, რადგან ეს მე არ მინდოდა. დედ-მამამ წამომიყვანოს". ამ წერილს წლების განმავლობაში ვინახავდი. მას გაუმართლა და ახლა სტუდენტია, საკმაოდ წარმატებული... არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ჩვენი მოსწავლეები სტუდენტები ხდებოდნენ და ისინი ჩვენს ოჯახებში მოგვყავდა, რომ ბინის პრობლემა არ შეჰქმნოდათ. ერთხელ, ერთ-ერთი მათგანისთვის სწავლის საფასურიც კი ავაგროვეთ...

ლალი პაპასკირი