რას ჰყვება ზურა ვადაჭკორიას ქალიშვილი მამაზე - გზაპრესი

რას ჰყვება ზურა ვადაჭკორიას ქალიშვილი მამაზე

ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას ჟურნალ "გზასთან" ბევრჯერ უსაუბრია. მასთან არაერთი აქტიური, საქმიანი, ემოციური და საინტერესო ინტერვიუ ჩაგვიწერია. დღეს მამაზე საუბარი მის ქალიშვილს, მიმი ვადაჭკორიას უწევს. მოგეხსენებათ, ილუზიონისტი რამდენიმე თვის წინ ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე, ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, 22 მარტს ცნობიერება დაუბრუნდა და მართვის აპარატიდანაც გამორთეს.

- დღესდღეობით მამა უკეთ არის, კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გადის და ყველაფერს თავიდან სწავლობს, - ჭამას, ჯდომას, ნელ-ნელა კიდურებს ამოძრავებს. ეტლში როცა ვსვამთ ან წევს, წამოდგომას და ლაპარაკს ცდილობს. მოკლედ, სიცოცხლისთვის იბრძვის... მეხსიერება 100 პროცენტით ჯერ არ არის აღდგენილი, მაგრამ ექიმები გვეუბნებიან, რომ თანდათან აღდგება და მამა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება... მაგალითად, რომ ეკითხებიან, - რამდენი შვილი და შვილიშვილი გყავსო? პასუხობს, რომ ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს. ზოგჯერ კი ამბობს, რომ ორი შვილიშვილის ბაბუაა - ჩემი ვაჟი ჯერ პატარაა, თან, ჩვენ მამასთან ერთად არ ვცხოვრობთ და ამიტომაც არის, რომ ჩემი ძმისშვილები უფრო ახსოვს. დედას ხშირად ეძახის. როცა შვილები (მე და ნიკა) მასთან არ ვართ, სულ კითხულობს, - სად არიანო? არ მოსწონს, როცა ვტოვებთ. უნდა, რომ კლინიკიდან სახლში წამოვიყვანოთ. გვეკითხება: როდის წამიყვანთ აქედან? სად ვარ და რატომ ვარ აქო?

- ე.ი. სახლში გთხოვთ წაყვანას?

- კი და ვუხსნი, - ცუდად იყავი, რეანიმაციაში იწექი და წამლებს გიკეთებდნენ. აქ ცოტა ხანს კიდევ უნდა იყო, რომ ფეხზე წამოდგომა და სახლში წასვლა შეძლო. კლინიკაში ვარჯიშებს, მასაჟებს გიტარებენ-მეთქი. ერთ დღეს გვთხოვა: ხომ იცით, ჩემი ფეხით ვერ წამოვალ და გეხვეწებით, წამიყვანეთ, სახლში დავწვები და ია (დედაჩემი) იქაც მომივლისო... კლინიკაში კიდევ ერთი თვე მოუწევს დარჩენა...

- მგონი, სარეაბილიტაციოდ სომხეთშიც აპირებდით მის წაყვანას...

- კი, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა და მისი სომხეთში წაყვანა საჭირო აღარ არის...

- რამდენი ხანია, რაც ავადაა?

- 28 თებერვალს, სავარაუდოდ, პირველის ნახევარი იქნებოდა, ცუდად რომ გახდა... მამასთან ყოველდღიურად სატელეფონო ურთიერთობა მქონდა. ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს და თუ მე ვერ მიკავშირდებოდა, ჩემს ქმარს ურეკავდა. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია... მოკლედ, მამას 12 საათზე ვესაუბრე. მისი თხოვნით, ერთ საქმეზე ვიყავი და რომ დავბრუნდი, შედეგებზე მოვუყევი. ნახევარი საათის შემდეგ, რატომღაც კიდევ დავურეკე, მისი მოკითხვა მომინდა. უცხო პიროვნებამ მიპასუხა, - ბატონი ზურაბი კონცერტის თაობაზე ჩვენთან იყო შეხვედრაზე, უეცრად ცუდად გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთო. ჩემს ძმას დავურეკე და ეს ამბავი გავაგებინე. მერე მეუღლეს შევეხმიანე: მომაკითხე და აქედან წამიყვანე-მეთქი. არ მინდოდა, დედისთვის მეთქვა, ემოციური ადამიანია და ინერვიულებდა. თან, ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ მამა ასე მძიმედ იყო. არადა, დედამ თავად დამირეკა: სად ხარ? მამაშენი ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაუყვანიათო. თურმე, იმ დაწესებულების ადმინისტრატორმა დაურეკა, სადაც მამა ცუდად გახდა... მას მერე მეც ვესაუბრე და ყველაფერი დეტალურად მიამბო: კონცერტები დავგეგმეთ და თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართს გვიწერდა, როცა თქვა: თავი ძალიან ამტკივდა, ხელები დამიბუჟდაო. მერე სახე გასწითლებია. უკითხავთ, - წნევა ხომ არ გაწუხებთო? "სასწრაფოსთვის" დაურეკავთ. თურმე, გარშემო მყოფებს ეუბნებოდა, - ჩემს მეუღლეს გააგებინეთო და ტელეფონის ნომერი უთქვამს მათთვის. ადმინისტრატორმა მითხრა: როცა დედათქვენმა არ გვიპასუხა, შევთავაზეთ, რომ შვილებს დავურეკავდით, მაგრამ იუარა, - ინერვიულებენო...

როგორც მითხრეს, მამა თურმე ზურა კობეშავიძესა და ნუგზარ კვაშალს უნდა შეხვედროდა და სწორედ მაშინ, როდესაც საავადმყოფოში მიჰყავდათ, ტელეფონზე ბატონმა ნუგზარმა დაურეკა. ცხადია, უცხო ადამიანმა უპასუხა. მამას მეგობარია დათო ლილუაშვილი, რომელსაც სისხლის ბანკის კლინიკა აქვს და ნუგზარ კვაშალმა სწორედ მას დაურეკა, - ზურა ინგოროყვაში გადაჰყავთ, ცუდად არის და მამუკა ქაცარავას შეეხმიანე (ბატონი მამუკა იქ მუშაობს), დახვდესო. ბატონმა მამუკამ მოგვიანებით გვითხრა, - 5 წუთიც რომ დამგვიანებოდა, დაიღუპებოდა. მე რომ ვნახე, გონება დაკარგული ჰქონდაო... ალბათ, უფალს არ უნდოდა მამაჩემის გარდაცვალება...

ღეროს ინსულტი დადგინდა. ტვინის 50 პროცენტი "გაშავებული" იყო, რადგანაც სისხლი ჩაიქცა. მე და ჩემმა ძმამ რომ ვიკითხეთ, გადარჩებოდა თუ არა? ექიმმა გვიპასუხა: "ჩემთვის ამის თქმა რთულია, მით უფრო, რომ მეგობარია, თან, ჩვენთან წევს. სამწუხაროდ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ვერ გადარჩება და თუ გადარჩა, დაინვალიდდება. ტვინის მხოლოდ მცირე ნაწილი მუშაობს გულის წყალობით და გული სანამდეც იმუშავებს, იმუშავებს". მე და ჩემი ძმა ავტირდით... ყოველ წუთს ველოდებოდით ცუდ ამბავს, ყოველი სატელეფონო ზარი ცუდად მხდიდა. თუმცა შინაგანად, ინსტინქტურად, გული ცუდს არ მიგრძნობდა, - თითქოს ვიცოდი, რომ მამა გადარჩებოდა. ვამბობდი, რომ ზურიკო ძლიერია, მებრძოლია და უნდა გადარჩეს. დედა რომ ტიროდა, ვამხნევებდი და ვაიმედებდი.

- მანამდე თუ ავადმყოფობდა?

- შარშან მაისში ცუდად გახდა, საავადმყოფოში მოხვდა და უთხრეს, რომ მოციმციმე არითმია ჰონდა, უნდა ემკურნალა. დაფინანსება მოიპოვა და საოპერაციოდ გაემზადა, მაგრამ ვიღაცებმა უთხრეს, - შეიძლება ნარკოზიდან ვეღარ გამოხვიდე, ოპერაცია მაგ პრობლემას არ მოგიხსნისო... რომ ემკურნალა, ახლა ალბათ, კარგად იქნებოდა.

- ახლა ექიმები ამბობენ, რომ ბატონმა ზურამ მედიცინა დაამარცხა.

- ინგოროყვაში ყოველდღე, 5-ის ნახევარზე შეგვეძლო მასთან რეანიმაციაში შესვლა და ზურას ნახვა. ზუსტად 21-ე დღე გახლდათ, მამა კომაში იყო და მის სანახავად შევედი, ველაპარაკებოდი და მოულოდნელად თვალები გაახილა. პირველად მაშინ მოხდა სასწაული და ექიმმა მითხრა, - ზურა გადარჩა! მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ამის შემდეგ როგორ იქნება, ამას ჯერ ვერ გეტყვით, შეიძლება ასეთ მდგომარეობაში დარჩესო. მე იმანაც დამაკმაყოფილა, რომ მამამ თვალები გაახილა და სუნთქავდა.

- საზოგადოება ძალიან შეწუხდა. ყველას გული დასწყდა მისი ავადმყოფობის გამო...

- ყველას დიდი მადლობა, ვინც მხარში გვედგა, გვამხნევებდა და ღმერთს მის გადარჩენას სთხოვდა. სოციალურ ქსელში ერთი ცუდი კომენტარიც არ წამიკითხავს, გულწრფელი მადლობა მთელ საქართველოს! მთელი ოჯახი მადლიერი და ბედნიერები ვართ, რომ მამა ამდენ ხალხს ჰყვარებია. ენით აუწერელი სიხარულია, როცა ამდენი ხალხი შენს მდგომარეობას განიცდის, უყვარხარ და შენზე ლოცულობს... ბევრი სასულიერო პირი მოდის მის სანახავად. დედა პარასკევამაც დალოცა, ვიღაცის სანახავად იყო კლინიკაში მოსული და რომ გაიგო, ზურა იქ იყო, მამასთანაც შემოვიდა.

- მასზე, როგორც მამაზე, რას გვეტყვი?

- ზურა უთბილესი მამა და ბაბუა, ყურადღებიანი მეუღლეა. უზომოდ მიყვარს და მეამაყება, - ჩემთვის ყოველთვის ძლიერი პიროვნება იყო, მის სიტყვას მუდამ პატივს ვცემდი. არ მახსოვს, შევპასუხებოდი ან მაგალითად, რაიმე ეყიდა, არ მომწონებოდა და ეს გამომეხატა. მზრუნველი იყო და ოჯახის მოსიყვარულე. ამას წინათ დედაჩემისთვის უთქვამს: მე ხომ ოჯახს ხელებით ვინახავ და რა ვქნა ახლა, ხელები რომ არ მემორჩილებაო?.. ის რძალს (თაკოს) და სიძესაც (გიორგის) "შვილებს" ეძახის და ორივემ ძალიან განიცადა მამაჩემის ავადმყოფობა...

ავად რომ გახდა, თვალწინ ჩამიარა მთელმა ბავშვობამ, მამასთან ერთად გატარებულმა წამებმა... მაკლია მისი სითბო და აზრები. 24 თებერვალს 56 წლის გახდა, 28 თებერვალს კი საავადმყოფოში მოხვდა. საკუთარი დაბადების დღე უყვარს და სამეგობროსთან ერთად აღნიშნავს ხოლმე, მაგრამ წელს მოკრძალებულად, ოჯახურ წრეში მოინდომა დაბადების დღის გადახდა. თქვა, 60 წლის რომ გავხდები, გრანდიოზულ იუბილეს გადავიხდიო. ახლა გამახსენდა, იმასაც ამბობდა, არ მაქვს ხალისიო და იქნებ, ეს იყო წინასწარი გრძნობა... ოქტომბერში დედა გარდაეცვალა და მას მერე, სულ დათრგუნვილი იყო.

მაგრამ ჩვენ იმედიანად ვართ და მამასთან ერთად, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, მის სრულ გამოჯანმრთელებამდე!

ლალი ფაცია