მონატრებული ქუთაისი და იტალიიდან დანახული საქართველო - გზაპრესი

მონატრებული ქუთაისი და იტალიიდან დანახული საქართველო

ქართველები ნიჭიერი, ლამაზი, აკადემიური ხალხი ვართ, სახელმწიფოებრივი აზროვნების დაბალი ხარისხით! წლევანდელ 2 მაისს ქუთაისი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ქვეშ: ქუთაისობა, როგორც საერთო-სახალხო დღესასწაული, სწორედ ამ რიცხვში იმართება ხოლმე და მას ზოგჯერ გვირილობის ან ორმაისობის დღესასწაულს ეძახიან. ქუთაისში გვირილობის, როგორც საქველმოქმედო დღესასწაულის აღნიშვნა 1911 წლიდან დამკვიდრებულა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. 2 მაისს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი, დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა. ძირითადად, ამ აქციაზე აქტიურობდნენ გიმნაზიის მოსწავლეები და ცნობილი ქალბატონები. საუკუნის განმავლობაში დღესასწაულმა მრავალჯერ განიცადა სახეცვლილება.

ქუთაისის ოპერის თეატრის მმართველი, როზა დვალიშვილი რამდენიმე წლის წინ გავიცანი. მისი ორგანიზებით საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა ქუთაისის ოპერის თეატრში და ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა საჩხერის ერთ-ერთ ნასოფლარში მცხოვრებ, ხუთსულიანი ციცქიშვილების ოჯახის დასახლებას. ფინანსური დახმარება სოლიდური აღმოჩნდა. თუმცა, აქვე მინდა დავძინო, რომ ამის შემდეგ, ქალბატონი როზა საკუთარი ხელფასიდან დამატებით, ყოველთვიურად ურიცხავდა არცთუ ისე ცოტა თანხას ციცქიშვილებს...

ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ქალბატონი როზა თეატრის მმართველის პოზიციიდან გათავისუფლდა და ემიგრაციაში წავიდა. თურმე, მისი სამსახურებრივი მდგომარეობა "ახალ სახელოვნებო რეფორმას" შეეწირა. ქალბატონი როზა გვირილობის დღესასწაულზე გვესაუბრა:

- მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ქვეყანას მძიმე დღეები დაუდგა და ამდენად, დღესასწაულები იშვიათად აღინიშნებოდა. 1995-1996 წლებში, მიუხედავად სიდუხჭირისა, სახალხო დღესასაწაულის მოწყობა მაინც შეძლო ქუთაისმა და ეს იყო თეიმურაზ შაშიაშვილის დამსახურება. მაშინ ის ქალაქს, იმერეთის მხარეს ხელმძღვანელობდა. მე კი იმ დროს "მუხნარის" მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ღონისძიებებისთვის 3-4 თვით ადრე იწყებოდა მზადება. ჩემი სამოქმედო ტერიტორია ე.წ. საღორია-საფიჩხიისა და რიონჰესის დასახლებას მოიცავდა. საკმაოდ დიდი უბანი იყო, დაახლოებით 4 ათასი ადამიანი ცხოვრობდა "მუხნარში". ერთ "ორმაისობას" ბატონი თემურის გადაწყვეტილებით (ალბათ, გარისკვაც იყო ეს!), მოწვეულ იქნა მსოფლიო პატრიარქი - ბართლომეუსი. სტუმრობა იწყებოდა აღმაშენებლის გამზირის გახსნით და სრულდებოდა ვარციხის რეზიდენციაში, დარბაზობით. ძალიან მაღელვებდა ის ფაქტი, რომ ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე, ახალგაზრდობის გამზირზე უნდა გაევლო კორტეჟს. აბრეშუმკომბინატიდან ამ გამზირის ბოლომდე. ყველა ჭიშკრისა და ღობის შეღებვა დავიწყეთ. ბუნებრივია, ეს სადღესასწაულო გეგმაში არ შედიოდა. ლითოფონის ქარხნის იმჟამინდელ დირექტორს, ბატონ ვალერი მანჯგალაძეს მივადექი თხოვნით, საღებავი მოეცა ამ კარგი საქმისთვის და მასაც, უარი არ უთქვამს. 300 ლიტრი საღებავი უსასყიდლოდ დავურიგეთ მოსახლეობას. დასუფთავებისა და ქუჩების მოვლის საკითხი არც განიხილებოდა საზეიმო პერიოდისთვის, რადგან თუ ახსოვს იმ დროის ქუთაისი ვინმეს, ყველაზე მოვლილი და მოწესრიგებული ქალაქი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით... 30 აპრილს, საღამო ხანს, საფიჩხიის საკირიდან, მეგობარმა და ამავდროულად კოლეგამ, თენგიზ დავითულიანმა მისახსოვრა 500 კილოგრამი კირი. რა თქმა უნდა, თენგიზისთვის არ მითქვამს, რისთვის მინდოდა. იმავე დღეს, სრული მობილიზაცია გამოვაცხადე ინკოგნიტოდ და მუნიციპალიტეტის 15 თანამშრომელი, 12 ქუჩის წარმომადგენელი ღამით გავედით და გამზადებული, დამბალი და გაწურული კირით დავიწყეთ აბრეშუმკომბინატიდან ახალგაზრდობის გამზირის ბოლომდე, ქუჩის ორივე მხარეს ხეებისა და ბორდიურების გათეთრება... მოკლედ, მეორე დღეს ხელთ შეგვრჩა ულამაზესი სანახაობა. ქუჩის ორივე მხარის მოსახლეობას ვთხოვეთ, ყვავილებით ხელში იმ დროისათვის გამოსულიყვნენ, როცა კორტეჟი გაივლიდა. ულამაზესი რამ იყო მაშინდელი ქუთაისი! მადლობაც მივიღე ამ "თავნებობისათვის" გუბერნატორისაგან, მაგრამ კოლეგები, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეები "გამინაწყენდნენ", რადგან მსგავსი შეთეთრება ბატონმა თემურმა სავალდებულო გახადა ყველა ქუჩაზე... განაწყენებასაც ჰქონდა საფუძველი, მაშინ არც ისე დიდი რესურსი ჰქონდა ქვეყანას. ისევ პირადი ნაცნობობით, მეგობრებს თუ სთხოვდი და გაგიმართავდნენ ხელს! იმ დროს, მახსოვს, დღესასწაული უფრო შემეცნებითი ხასიათის იყო და არა - გასართობი. სტუმრებს უჩვენებდნენ საკვანძო და მნიშვნელოვან ადგილებს, გვირილები და სენტიმენტები დღესასწაულის ბოლო პერიოდისთვის იყო დაგეგმილი. საზეიმო დღე მთავრდებოდა მუხნარის ტყეში ან ვარციხეში, ანანოვების სახლში დარბაზობით. სხვადასხვა ქვეყნის ელჩი და საპატიო სტუმრები მოდიოდნენ მკაცრად დაცული დრესკოდით. მახსოვს, ერთ-ერთ "ორმაისობაზე", როცა ქალაქს იუნესკოს ხელმძღვანელი, ფედერიკო მაიორი სტუმრობდა, საოცრად დატვირთული და საინტერესო ღონისძიებები გავმართეთ. ანანოვების სახლის აივანზე მოვაწყვეთ ერთ-ერთი ბიჭუნას, ბესიკ ყაზაიშვილის გამოფენა. ბესიკი ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ის იყო უნიჭიერესი და განსხვავებული ხედვის მქონე მხატვარი. ფედერიკო მაიორმა, ნახატების დათვალიერების შემდეგ, პარიზში, გამოფენაზე მიიწვია და მერე ოჯახით, საცხოვრებლად გადაიყვანა საფრანგეთში. ყაზაიშვილების ოჯახი ახლა ამერიკაში ცხოვრობს - დღესასწაულმა ნიჭს ფართო ასპარეზიც გაუხსნა. ამით იმას ვამბობ, რომ ქუთაისობას მხოლოდ გასართობი დატვირთვა არ ჰქონდა.

არც ის მავიწყდება, რომ ამ სტუმრობის შემდეგ, ფედერიკო მაიორმა ქალაქის დელეგაცია, საკმაოდ მოცულობითი შემადგენლობით, პარიზში მიიწვია და საინტერესო ურთიერთობებიც დაიწყო... ყოველთვის ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ კარგი ხელმძღვანელები, მენეჯერები, ზნეობრივი და შეუპოვარი ადამიანები პარტიული კუთვნილების გამო არ უნდა იკარგებოდნენ, ქვეყნისთვის ასე სჯობს და ამ შემთხვევაში, ბატონ შაშიაშვილს ვგულისხმობ.

შემდგომ პერიოდში, ანუ ე.წ. მიშას დროს, ორმაისობის მასშტაბები და დატვირთვა კიდევ უფრო გაიზარდა. მოგეხსენებათ, იდეების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდნენ "ნაციონალები". ამ დროისთვის მე უკვე ოპერის თეატრის მმართველი ვიყავი. თეატრის რეაბილიტაციის შემდეგ უფრო მქონდა მოტივაცია სტუმრების მიღების. ღონისძიებათა გეგმის დამტკიცებისას, ყველა სამსახურისა და დაწესებულების პირველი პირები ვცდილობდით, ჩვენი "ობიექტები" და აქტივობები შესულიყო საზეიმო ჩამონათვალში. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ საოცრად ძლიერი და გულიანი გუნდი მყავდა, არაფრის გვეშინოდა. წარმოიდგინეთ, რამხელა გაბედულება გამოვიჩინეთ, როცა "მეტროპოლიტენ ოპერის" სოლისტი მარკ ჰელერი მოვიწვიეთ... არც ანტალიის და სტამბოლის ოპერის თეატრის სოლისტის - ბურჯუ კურუს ჩამოყვანა იყო იოლი. არ გეგონოთ, რომ ჩვენებურებს არ ვაფასებდით! ჩვენი თანამემამულე, გერმანიაში მოღვაწე მომღერალი, გოჩა აბულაძეც მოვიწვიეთ. ღონისძიება ქართულ და ინგლისურ ენებზე მიჰყავდა ქრისტი ძიძიგურს, რადგან 14 ქვეყნის ელჩი ესწრებოდა კონცერტს... ჩვენმა გაბედულებამ კარგი შედეგი გამოიღო. მაღალი დონის, სანახაობრივად აკადემიური ღონისძიება გამოვიდა. ახლაც მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგებს მაშინდელი თანადგომისათვის...

ქალბატონი როზა ორ წელზე მეტია, იტალიის ქალაქ ალტამურაშია ემიგრანტის სტატუსით. თავისუფალ დროს ქალაქურ ღონისძიებებშიც მონაწილეობს. თურმე, ალტამურაში პირველ, ორ და სამ მაისს ამ ქალაქის დამაარსებელი მეფის, ფედერიკუსის პატივსაცემად გრანდიოზული ღონისძიებები იმართება. ტემპერამენტიანი იტალიელები ზეიმზე კოსტიუმირებულნი გამოდიან, იმართება კონცერტები, შეჯიბრება ტოლერანტობის უმაღლესი დონის გათვალისწინებით. ქალბატონი როზასთვის "ფედერიკუსობა" ქუთაისობის მონატრების ერთგვარი კომპესაციაა, თუმცა, ქუთაისელს ქუთაისი ურჩევნია...

როგორ ჩანდა ევროპიდან წელს ქუთაისობა?!

- წლევანდელი 2 მაისის კადრები ვნახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ნიჭიერი, ლამაზი, აკადემიური ხალხი ვართ, სახელმწიფოებრივი აზროვნების დაბალი ხარისხით! კარგი იქნებოდა, რაიმე იდეას და საქვეყნო კარგ საქმეს "ნაცობის" და "ქოცობის" იარლიყით არ ვქოლავდეთ. მინდა, ჩემს ქალაქს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დღე, რადგან ქუთაისთან მხოლოდ სამსახურებრივი მდგომარეობა არ მაკავშირებდა, - ასე ასრულებს სათქმელს ქუთაისზე შეყვარებული ქალბატონი.

ელე ხოჯანაშვილი