ქართველი ემიგრანტის სულისშემძვრელი წერილი - გზაპრესი

ქართველი ემიგრანტის სულისშემძვრელი წერილი

ცოლი "რატომღაც", რუსეთში არ გაჰყვა ქმარს და დარჩა მცირეწლოვან შვილთან ერთად. თეა ხასაია იმ ქალთა რიგს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც "სამშობლო" და "ოჯახი" ლიტონი სიტყვები არ არის. ეროვნული იდენტიფიკაცია მისთვის მხოლოდ ქართული ენისა და გვარის შენარჩუნება არ გახლავთ...

თეა 1975 წლის ქრისტეშობის თვეს დაიბადა, ზუგდიდში. 1992 წელს ზუგდიდის ეროვნულ-ექსპერიმენტული სკოლა ათ მოსწავლეს დაუსრულებია და ათივე საუცხოო განათლებით გამოირჩეოდა. იმავე წელს ყველა სტუდენტი გახდა, მათ შორის იყო თეაც. ტერიტორიული სიახლოვის გამო, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მას სოხუმში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ესწავლა, მაგრამ 1993 წლის ავადსახსენებელმა ომმა, როგორც სხვა ათასობით ქართველი, ზუგდიდელი გოგონაც გამოარიდა აფხაზეთს.

მერე დედამ თბილისში სასწავლებლად არ გაუშვა და ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში გააგრძელებინა სტუდენტობა. მოსწავლეობის დროს, კეკელიძისა და ჯავახიშვილის სამეცნიერო ნაშრომებით განსწავლულმა გოგონამ, ბევრი ვეღარაფერი დაამატა თავის ცოდნას უნივერსიტეტში. დაოჯახება, პატარა ქალიშვილი, ოჯახის უხმაუროდ დანგრევა, ემიგრაცია და პატარა შვილიშვილი ნიკოლოზი, რომელიც მხოლოდ ორი თვისაა და ჯერ ბებოს არ უნახავს, - ეს არის მოკლე ამბავი ქალის, რომელიც 6 წელია, საქართველოდან ერთი ხელის გაწვდენაზეა და მაინც ემიგრანტია... ჯერ კიდევ არ იცის, როდის დაიხსნის თავს ემიგრაციის საცეცებიდან და აღარ დასჭირდება სამშობლოს მონატრებით ცხოვრება.

ახლა კი თავად თეას ნაამბობს გადმოგცემთ, რაც შეიძლება ათასობით ემიგრანტის დამოკიდებულებას გაგონებდეთ, რადგან მონათხრობში არაფერია ყალბი და გამოგონილი:

"პირველად თურქეთში 2011 წელს წამოვედი. მაშინ სამთვიანი ვიზები იყო. არა უგვიანეს 90-ე დღისა, საზღვარი უნდა გადაგეკვეთა. არადა, არ გავიდა ეს სამი თვე. უსასრულოდ გაიწელა, მოზაიკასავით აითქვიფა ტვინში: უცხო ენა, ცრემლი, მოლას გაბმული კივილი, მეჩეთების ქონგურები, სამ თვეში მესამე სამსახური... პირველად ვიყავი მუსლიმანურ სამყაროში.

მაოცებდა კონტრასტი - დახურული და შილიფად ჩაცმული ქალბატონების; მაოცებდა ისიც, რატომ ადუღებდნენ ჩაის ორი ჩაიდნით? რატომ აბლენდერებენ წვნიანს? რატომ მაყოლებენ ეჭვიან, მრისხანე მზერას ქალები? რატომ იხდის ყველა სტუმარი ფეხსაცმელს გარეთ (კარში შემოუსვლელად - ეს საშინლად მშურს და მომწონს)? რატომ არ აქვს ფეხზე სუნი სტუმართაგან არავის (თურმე, თურქები დღეში ხუთჯერ იტარებენ განბანვის რიტუალს - "აბტესტს" არა მხოლოდ ჰიგიენური მოსაზრებით, არამედ ალაჰის გამო - სხვაგვარად ვერ ილოცებენ)? რატომ სცემენ პატივს მოხუცებს: სულ მოუვლელი, უცხო ბებოც რომ იყოს, ხელზე ტუჩებით ეხებიან და შუბლზე მიიდებენ ხელიანად, მადლი გადმოდისო! ბავშვივით გაფართოებული თვალებით შევყურებდი ჩემს დასათვალიერებლად მოსულ ზორბა-ზორბა ქალბატონებს. აინტერესებდათ, როგორი მოახლე ჰყავდა, მაგალითად, ნეზეა აბლას. ვწუხდი, რომ არ გადიოდა ეს სამი თვე. ერთი თვის ხელფასი დამსაქმებელმა მთლიანად წაიღო, თან, სამი ბანკის ვალი მიღრღნიდა გულს. უკანდასახევი გზა არ იყო. ერთ-ერთ სამსახურში გიჟი ბებია შემხვდა მოსავლელად, "უენოს" ერთ თვეში 500 დოლარიდან 700-მდე გამიზარდეს ხელფასი (ჭკვიანი და პრეტენზიულების მერე მართლა გიჟის მოვლა გამიიოლდა და უკეთ გავუძელი). იმ პირობით, რომ უკან დავბრუნდებოდი (შემდგომ 20 თვე ვიმუშავე იქ), ოჯახმა თვითმფრინავითაც კი გამომამგზავრა ტრაპიზონამდე. იქიდან საქართველოს ავტობუსში გადავჯექი. ამ ბებიას იზმირში ვუვლიდი და ბოლო ორი თვე ქართველი არ მენახა თვალით...

ჰოდა, ერთბაშად დავინახე ამდენი ქართველი ავტობუსში, გეგონებოდა, კოსმოსიდან დავბრუნდი: ხან ერთს ჩავეხუტე, ხან - მეორეს. ვსაუბრობდი გაუჩერებლად და ისინიც მიყვებოდნენ ამბებს. მერე პირი გამიშრა ლაპარაკით. იცინოდა ავტობუსის გამცილებელი, რომელსაც ხან წყალი მოჰქონდა, ხან ჩაი ჩემთვის: გოგო, წერტილი და მძიმე არ იცი? ყელი გაისველეო! რა დამამშვიდებდა, გალიიდან გამოფრენილი ჩიტივით ვჭყლოპინებდი და ვჭიკჭიკებდი. ეს ის დროა, როცა სოციალური ქსელებიდან ე.წ ოდნოც კი არ ვიცოდი, ანუ სრულიად იზოლირებული ვიყავი ის სამი თვე.

"საქართველოში მივდივარ!" "სახლში მივდივარ!" - გუგუნებდა, რეკავდა ჩემს სულში, გულსა და გონებაში მილიარდი სამრეკლო ერთდროულად. არც მომიხუჭავს თვალი. გამთენიისას, საზღვართან, სარფში მთის წვერზე განათებული ჯვრის ხილვისას ტირილი წამსკდა... პირველად აღმომხდა მხურვალედ და მთელი რწმენით მე, ჩვეულებრივ უღმერთოსა და ცოდვილს, "დიდება, შენდა უფალო!"

როგორც იქნა, დამთავრდა რეგისტრაცია, შეგვიმოწმეს საბუთები, ჩანთები. გამცილებელმა წიწილებივით აგვსხა ავტობუსში, გადაგვთვალა ასევე წიწილებივით და თქვა, ასიოდე მეტრში გავჩერდებით ცოტა ხნით და არ დაიფანტოთო.

დაიცალა ცოტა ხანში ავტობუსი. მეც ჩამოვედი. ფეხს მსუბუქად ვადგამდი, ფრთხილად ვაბიჯებდი, არ მჯეროდა, რომ ჩემს მიწაზე ვიდექი.

თითქოს მეშინოდა, რამე არ სტკენოდა მამულს... გული ძალუმად მიცემდა, ჯერ კიდევ ცრიატი დილა იდგა. ნელ-ნელა ეყრებოდა დღე ღამეს, თითქოს ჩემს ჯიბრზე არ ჩქარობდა დრო. ჩუმად, ქურდულად მოვუარე უკნიდან ავტობუსს. იქ ახლომახლო არავინ ჩანდა.

მუხლებზე დავეშვი, მიწაზე დავწექი და ჩავეხუტე. ვკოცნიდი ქართულ მიწას და ვტიროდი. აქამდე არასდროს მეგრძნო ასე მწველად მიწის, სამშობლოს ძახილი და მონატრების კივილი.

- რას შვრებით, ქალბატონო? - თავზე ორი პოლიციის თანამშრომელი მადგა და გაოცებული თვალებით მიყურებდნენ. დარცხვენილი წამოვხტი, მუხლებს ვიფერთხავ და თავდახრილი ვეუბნები: არაფერი, საქართველო მომენატრა და მიწას ვაკოცე...

- შენ დაგლოცოს უფალმა, რამდენი ხანია აქ ვმუშაობ და ამისთანა არავინ და არაფერი მინახავს, - დამლოცა პოლიციელმა, რომელსაც ბუბუნა, ომახიანი ხმა, ლურჯი თვალები და ოდნავ მოზრდილი ღიპი ჰქონდა. მეორეც გაოგნებული სახით მიყურებდა. წამოვდექი და კიდევ დალოცვა მომესმა: იმრავლოს შენისთანა ქართველმა ქალმაო. ეს მეორე პოლიციელი იყო, თუ არ ვცდები. დარცხვენილმა ხელი დავუქნიე და ავტობუსში ავედი. დამჯერი, გალახული ბავშვივით მივიყუჟე ფანჯარასთან. - ავად ხომ არ ხარო? - მეკითხებოდა გამცილებელი და ჩემს ჭიკჭიკს უკვე შეჩვეული სხვა მგზავრებიც...

თბილისში მიმაქროლებდა ავტობუსი, ჩემი შვილის სურნელთან, ჩემს მყუდრო თბილ ბინაში, დაიკოსთან. ემოციებისგან დაცლილი და ბედნიერებისგან დამუნჯებული ვერ ვძღებოდი ხასხასა მწვანე პეიზაჟებით. თითქოს ფერადი საღებავები გადაავლესო ყოველს, ბრწყინავდა საქართველო, ელვარებდა, ხასხასებდა, თვალებს ნაბავდა განთიადის სარეცელში მონებივრე ბედნიერი პატარძალივით. ლიბრი მქონდა გადაკრული თვალებზე, თითქოს ეს სამი თვე და ახლა მთელი არსებით ვისრუტავდი ჩემი საქართველოს ფერებს, სურნელს..."

როცა ეს წერილი სამზეოს იხილავს, თეა, ქალი მზესავით ნათელი სახითა და დარდიანი თვალებით, ისევ თურქეთში იქნება, ისევ ემიგრანტის სტატუსით და სამშობლოზე დიდად მონატებული არაერთხელ დაფიქრდება, თუ რატომ უწევთ საქართველოდან გადახვეწა ადამიანებს საარსებო მინიმუმისთვის...

როლანდ ხოჯანაშვილი