ეჰ, კაცებო, კაცებო... - გზაპრესი

ეჰ, კაცებო, კაცებო...

თუმცა, არც იმაზე შემიძლია თვალის დახუჭვა, რომ ვაჟკაცობაში ნამდვილად ჩამორჩებიან თავიანთ წინაპარ მამრებს და რადგან ქალებმა საკუთარ თავზე ავიღეთ ოჯახებისა თუ ქვეყნის გადარჩენის ინიციატივა, ძალიანაც არ გაუპროტესტებიათ ჩვენი გააქტიურება. მშვენივრად შეეგუვნენ ცოლების, დედების თუ დების საზღვარგარეთ გადახვეწას და არც მათი სიმწრით ნაშოვნი ფულების განკარგვა-ხარჯვა გასჭირვებიათ. დაუჩემებიათ: არაა კაცის საკეთებელი საქმე ამ ქვეყანაშიო და გულხელდაკრეფილები ელოდებიან სასწაულმოქმედს, ვინც სასურველ საქმესაც შეურჩევს მათ და მაღალ ანაზღაურებასაც დაუნიშნავს...

ხშირად მიცდია ასეთი ადამიანების გამართლება - მართლაც და, რა ქნან, თუ მუშახელი არავის სჭირდება-მეთქი? მაგრამ რამდენიმე დღის წინ ისეთ სიტუაციას გადავაწყდი, ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადავეშვი თავით და ლამის სამუდამოდ მოვიმდურე მეზობლები...

დილაადრიანად მამლის ნაცვლად, ზაფხულის ხვატისგან ძილგატეხილი კაცების ხმა მაღვიძებს: `გამოდი კარში, დემურია და გეიგრილე გახურებული თავი დილის ნიავით, სანამ მზეს არ გოდოუწვია ქუთაისი...~ `შაქრო, დომინო და ჩოთქი შენ წეიღე, გონია, წუხელ და გამოაყოლე ხელს...~ `მაყვალა, მაცივარში წყალი გექნება და მოგვეცი ერთი ბოთლი გულის მოსაბრუნებლად...~ - და ასე უსასრულოდ... დომინოსა და ნარდის ქვების რაკუნიც გამაღიზიანებლად სწვდება ყურს, არც ბალიშის ქვეშ თავის შეყოფა აბრუნებს ძილს...

საყვედურს მაინც ვერავის ვეუბნები. საერთო ბინა და ეზო ასეთია - ყველას აქვს თავის გემოზე ცხოვრების უფლება. ცოლებიც არ ჰყავთ სახლში, რომ მათმა სიყვარულმა გააძლებინოთ საწოლში: თითქმის ყველა ოჯახიდან თითო ქალი მაინც, საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული...

იმ დღეს კი, ლამის ყველა რომ მოვიმდურე, სამსახურში მაგვიანდებოდა და ტაქსი გამოვიძახე. სადარბაზოსთან ველოდებოდი, ეზოში უცხო მანქანა რომ შემოვიდა და საჭესთან მჯდომმა მაგიდასთან დომინოს თამაშში გართულ კაცებს მიმართა: სამშენებლო ნარჩენები მაქვს გასატანი და ეზო დასალაგებელი. სულ ორი საათის საქმე არ იქნება და თუ წამომყვებით, თითოს ოც-ოც ლარს გადაგიხდით. მანქანით მიგიყვანთ და მოგიყვანთ, დასალევის ფულსაც მოგცემთო...

ისე ამრეზით გადახედეს `დამსაქმებელს~, გეგონებოდა, მინისტრების თათბირზე მსხდომებს აკადრეს სამუშაოდ წასვლა:

- ამ სიცხეში ოც ლარად ვერ მევიკლავ თავს, - ხელი გააქნია ნუგზარმა და ბადრიმაც კვერი დაუკრა:

- ტანსაცმლის დასვრაც არ მიღირს ოც ლარად...

- მისამართი შეგეშალა ბიძა-კაცო! - შეუღრინა ყველაზე ახალგაზრდამ - ლექსომ, სულ ლარიანს რომ მათხოვრობს მეზობლებში: სიგარეტის ფული არ მაქვს და მიშველეთ რამეო...

სხვათა შორის, ლექსოს დედაც კარგა ხანია, საბერძნეთშია სამუშაოდ წასული და ისე მოაბეზრა თავი უსაქმურმა ქმარ-შვილმა, მის გამოგზავნილ ფულს რომ უაზროდ ფანტავენ და ერთი არ წამოსცდებათ: დროა აწი, სახლში დაბრუნდეო! - ფულს აღარ გზავნის და თავად აგროვებს: ისე მოვკვდები აქ მუშაობით, ეგენი ჩემს დასამარხ ფულსაც გამოხრავენ და აქ უპატრონოდ დამაგდებენო...

ისე გამაბრაზა მათმა საქციელმა, თავი ვერ შევიკავე და საკმაოდ მკაცრად მივმართე უქნარა კაცებს: ორ საათში ოც ლარს რას უწუნებთ? რამ დაგაკარგვინათ ასე თავმოყვარეობა, რომ სულ აღარ გინდათ საქმის კეთება?...

იმათაც მიპასუხეს, არც მე შევიკავე თავი და ძალით რომ არ ჩავესვი ტაქსში მძღოლს, შეიძლება ბოლომდე შევყოლოდი ჩხუბს...

იმ კაცს მაინც არც ერთი არ გაჰყოლია სამუშაოდ და ის დღეც დომინოსა და ნარდის თამაშში დაუღამებიათ. მერე ცოლის გამოგზავნილი თანხით, ნუგზარს პურმარილიც უკისრია და დამხვდნენ იაფფასიანი არყის წყალობით სახეგაბადრულები. რა აზრი ჰქონდა მათთან ლაპარაკს და უბრად ჩავუარე. მათაც ისე მომარიდეს თვალი, ვითომ ვერ შემამჩნიეს...

ეჰ, კაცებო, კაცებო...

ინგა ჯაყელი