კა­რა­ტის­ტი გო­გო­სა და ბი­ჭის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი და გან­ც­და, რო­ცა მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ხარ - გზაპრესი

კა­რა­ტის­ტი გო­გო­სა და ბი­ჭის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი და გან­ც­და, რო­ცა მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ხარ

გოგიტა არქანია ერთადერთი ქართველია, რომელიც კარატეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს, ხოლო მისი მეუღლე, თათია მელუა ერთადერთი ქართველი ლიცენზირებული მსაჯია, რომელსაც აქვს უფლება, კარატეში მსოფლიო ჩემპიონატი განსაჯოს.

როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი, როგორ მიაღწიეს წარმატებას და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, გოგიტა და თათია თავად გვიამბობენ.

თათია მელუა:

-7 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე. კარატეზე ჩემს ძმასა და მეგობრებთან ერთად მივედი. ჩემი პირველი მწვრთნელი გრიგოლ დარჩიაშვილი იყო. პირველ შეჯიბრებაზე 7 წლისა გავედი და მესამე ადგილი ავიღე. იმდენად გახარებული ვიყავი, მედალსა და დიპლომს ყველგან თან ვატარებდი. დიპლომის უკანა მხარეს ჩემი გუნდის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების მილოცვები მეწერა. ერთ წელში პირველი ოქროს მედლის მფლობელი გავხდი.

-შენ ხარ ადამიანი, რომელმაც სტერეოტიპი -`კარატისტი გოგო~ დაამსხვრიე. ოჯახის წევრები ხომ არ აპროტესტებდნენ?

-მშობლებმა კარატეზე თავად მიმიყვანეს, მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა მქონდა, მაგრამ ამ ამბავს ძალიან აპროტესტებდა გურული დიდი ბებია. საოცრებებს მეუბნებოდა: -გოგო რომ ტლინკებს აყრის, იგი რაფერ გათხოვდებაო? კარატეს `კარატას~ ეძახდა. ერთ-ერთი შეჯიბრებიდან დაბრუნების შემდეგ, ბებიამ ვიდეო რომ ნახა, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ ძლიერად მომხვდა, -ა, ასე გინდა შენ, მეტის ღირსი ხარო. ის ბებო ახლახან გარდაიცვალა, ეს სიმწარე არ დამავიწყდება. განსაკუთრებულად მიყვარდა და მასაც ასევე ვუყვარდი. მეორე ბებია, დედის მამიდა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა, ყოფილი სპორტსმენი იყო. ის იმ შეჯიბრებებზეც კი დადიოდა, რომლებზეც მე არ გამოვდიოდი.

-კარატე შენთვის უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ბავშვური გატაცება. შენს მიღწევებზე მიამბე.

-წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. გამოვდიოდი ტურნირებზე, მქონდა ძალიან ბევრი წარმატება. ევროპის სამგზის, მსოფლიოს სამგზის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ.

ბავშვის გაჩენის შემდეგ მქონდა დროებითი პაუზა. 2 წელი ვეღარ ვვარჯიშობდი, წონაშიც მოვიმატე, ჩემი თავი აღარ მომწონდა. დავიწყე ვარჯიში და 12 კილო უკვე დავიკელი. ახლა ჩემპიონატებზე აღარ გამოვდივარ. ბავშვებს ვასწავლი. საქართველოში ერთადერთი ვარ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯობის უფლება მაქვს. მსოფლიო ლიცენზია ნოემბერში ავიღე, რამდენიმე თვის მერე -ევროპის ჩემპიონატის ლიცენზიაც. ახლა გამოცდები კიდევ უნდა გავიარო, რომ მაღალ საფეხურზე ავიდე. ევროპის ჩემპიონატის მსაჯობის ლიცენზია საქართველოში ჩემ გარდა 2 მსაჯს აქვს.

გოგიტა არქანია:

-აფხაზეთიდან ვარ, დევნილობის შემდეგ ოჯახთან ერთად ზუგდიდში ვცხოვრობდი. სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, კარატეს წრე გაიხსნა. პირველ შეკრებაზე 100 ბავშვი ვიყავით და ყველაზე ბოლოში ვიდექი. თავდაპირველად, მწვრთნელი ჩემზე დიდი იმედს არ ამყარებდა, მაგრამ ძალიან მოვინდომე. დაუღალავი შრომის შედეგად, იმ ჯგუფიდან და იმ რეგიონიდან კი არა, დასავლეთ საქართველოდან მარტო მე დავრჩი, რომელიც ამ საქმეში პროფესიულ დონეზე ჩაება. მაშინ კარატე არაოლიმპიური სპორტის სახეობა იყო, ყველას ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა, ქვეყანაში დიდი გაჭირვება იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდი. სულ ვშრომობდი, ვარჯიშიდან გამოსული, სახლში მისვლის შემდეგ, კიდევ ვვარჯიშობდი.

-პირველად თავი წარმატებულად როდის იგრძენი?

-ზუგდიდში შიდა რეგიონული ტურნირი ჩატარდა, მესამე ადგილზე გავედი. მერე მქონდა უფრო კარგი გამოსვლები, სხვადასხვა ტურნირზე მედლებს ვიღებდი, მერე საქართველოს ჩემპიონი გავხდი.

თათია:

-გოგიტა მიყვებოდა, სავარჯიშო დარბაზამდე რომ მივსულიყავი, 6 კილომეტრი ფეხით უნდა გამევლოო. გამოდის, რომ დღეში 12 კილომეტრს დადიოდა.

გოგიტა:

-გზად სასაფლაო უნდა გამევლო. უკან რომ ვბრუნდებოდი, ღამე იყო, ბავშვი ვიყავი და ძალიან მეშინოდა. სახლისკენ 6 კილომეტრს სულ სირბილით გავდიოდი.

-ერთმანეთი რა ასაკში გაიცანით?

თათია:

-12-14 წლის ასაკში, ქუთაისში შეჯიბრებაზე ვიყავით. მე და ჩემი მეგობარი მაკა გორგაძე ერთმანეთს ფინალში ხშირად ვხვდებოდით. ხან ის იგებდა, ხან -მე და მერე მედლებით გახარებულები დავრბოდით. ერთ დღეს გოგიტამ ძალიან კარგად იასპარეზა, ყველა მეტოქე დააგდო. მე და მაკა სადღაც მივდიოდით, თვალი მოვკარი, გოგიტა მოშორებით იდგა, მაკას ვუთხარი, -წამოდი, სურათი გადავიღოთ, ამ ბიჭმა რა მაგრად იჩხუბა-მეთქი.

გოგიტა:

-მოვიდნენ ჩემთან კეპიანი გოგონები და სურათი გადაიღეს. მაშინ მართლა დავმეგობრდით, ბავშვები ვიყავით, სხვაგვარად არც არაფერი გვიფიქრია. ის ფოტოც სამახსოვროდ შემოგვრჩა. სკოლის დასრულების შემდეგ, სასწავლებლად თბილისში გადმოვედი. ჩვენი ინსტიტუტები ერთ ქუჩაზე, გვერდით შენობებში იყო. თათია ჩემთან გადმოდიოდა ხოლმე...

თათია:

-...(აწყვეტინებს) შენც გადმოდიოდი.

-(იცინის) მე სულ ორჯერ გადმოვედი. ვმეგობრობდით და მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა.

თათია:

-საერთო ინტერესები გვქონდა. სულ ერთი პრობლემა გვაწუხებდა, ერთმანეთს პროფესიულ რჩევებს ვაძლევდით და დღემდე ასეა.

გოგიტა:

-თათია ახლა ჩემი პირადი მწვრთნელია.

-სიყვარული როგორ აუხსენი?

-არ მახსოვს.

თათია:

-ქობულეთში სპორტულ შეკრებაზე მიდიოდა, მაშინ უკვე გუნდელები აღარ ვიყავით. მესიჯი მომწერა, მიყვარხარო.

გოგიტა:

-შენც ხომ მომწერე, მიყვარხარო?

თათია:

-არ მომიწერია. სიტყვას `მიყვარხარ~ ხშირად ვეუბნები, მეგობრებს, მშობლებს, ბებია-ბაბუებს... ამის მოწერილს რა დატვირთვა ჰქონდა, მივხვდი, მანამდე მსგავსი რამ არასდროს უთქვამს, ასეთი სითბოთიც არ გამოირჩეოდა.

-როგორი ქორწილი გქონდათ?

-გოგიტა მოგიყვება, როგორია სტუმრის თვალით დანახული ქორწილი.

-სტუმრის თვალით?

გოგიტა:

-შეჯიბრებაზე ვიყავი წასული, ჩვენი ქორწილის საორგანიზაციო საკითხები მთლიანად თათიამ აიღო საკუთარ თავზე. ყველა დეტალზე, სტუმრებიდან დაწყებული, მოსაწვევი ბარათების დარიგებით დამთავრებული, თავად იზრუნა. აი, ასე მე დამპატიჟა საკუთარ ქორწილში, კარგად ვიქეიფეთ. მხოლოდ იმას მთხოვდა, შეჯიბრებიდან `ფინგალით~ არ ჩამოხვიდეო.

თათია:

-უცნაური ტორტი გვქონდა -ჩემოდნებზე იდო ლამაზი თასი და ორი მედალი. ყველა დეტალს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. თასი ჩემ მიერ მოგებული თასის ასლი იყო, მედლები იმის ნიშნად, რომ ჩვენ წარმატებულები ვიყავით და დღემდე მართლა ჩემოდნებზე ვცხოვრობთ. დიდი ფაშფაშა კაბა მეცვა, შევიკერე, ძალიან ლამაზი გამოვიდა. დარბაზში ჩვენ შესახებ კოლაჟი გავაკეთეთ, ეს პატარა ფილმივით იყო -კადრები შეჯიბრებებიდან, დაჯილდოების ცერემონიები და ა.შ. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ვიტირეთო.

-რომანტიზმი რა დოზითაა თქვენს ურთიერთობაში?

გოგიტა:

-რომანტიკოსი ნაკლებად ვარ.

თათია:

-საერთოდ არ ხარ.

გოგიტა:

-სახლში არ ვარ და... ორი დღის წინ ჩამოვედი, ამაღამ მივფრინავ. თათია უფრო მახარებს ხოლმე. დაბადების დღეებზე სულ სიურპრიზებს მიკეთებს, ისეთ რამეებს მჩუქნის, სულ რომ არ ველი.

-შენ?

თათია:

-ღამის 12 საათზე ტორტით და სანთლებით მილოცავს. ბოლო დაბადების დღეზე ვუთხარი, 12 საათზე ტორტის მოტანა აღარ გინდა-მეთქი. ჩემი მეგობრები და მოსწავლეები მოვიდნენ და მათ მომართვეს, ძალიან გამიხარდა.

-ერთი შვილი გყავთ, 2 წლის ალექსანდრე, მასზე მიამბეთ.

-დიდი ოჯახი გვაქვს, ჩვენ და ჩვენი მშობლები ყველანი ერთად ვცხოვრობთ. რადგან მე და გოგიტა სახლში არასდროს ვართ, ალექსანდრეს ბებიები უვლიან. სახლში საღამოს რომ ვბრუნდები, ორივე ბებია ძალაგამოცლილია. მეუბნებიან, ეს ბავშვი ცოტა ხნით წაიყვანეო.

გოგიტა:

-ალექსანდრე ძალიან ცელქია, დედას ჰგავს. სულ ბიძას ეჩხუბება და `ია იას~ იძახის. ამბობს, რომ ის აბრაზებს.

თათია:

-ფეხმძიმობის მე-9 თვეში ვიყავი, ბავშვებს მაინც ვავარჯიშებდი. მეშინოდა, რომელიმე არ დამჯახებოდა, ფანჯრის რაფაზე ვძვრებოდი და იქიდან ვასწავლიდი, რა და როგორ გაეკეთებინათ. ფეხმძიმობის პერიოდში, გოგიტა ჯამში ალბათ 2 თვე თუ ვნახე, სულ წასული იყო. 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი რომ მოიგო, მის ასპარეზობას პირდაპირ ეთერში ვუყურებდი. უძლიერესი იაპონელი მეტოქე ჰყავდა და ისე ვინერვიულე, ლამის მოვკვდი. ძალიან გავიხარე, როცა საქართველოს ისტორიაში, კარატეში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ტელეფონი არ ჩერდებოდა, ყველა მირეკავდა, გოგიტა რა აზარტული ყოფილაო.

გოგიტა:

-2005 წელს ევროპის პრიზიორი ვიყავი, 2008 წელს -მსოფლიოს პრიზიორი, 2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის მფლობელი, 2014 წელს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავამარცხე და მსოფლიო ჩემპიონი გავხდი.

-შენი სამომავლო გეგმები როგორია?

-წინ 2020 წლის ოლიმპიადაა, მანამდე -რთული მოსამზადებელი პერიოდი. იანვრიდან 4 ტურნირი უკვე გავიარე. გერმანიაში არის ჩვენი მეგობარი ნიკა წურწუმია, კარატისტია, გერმანიის ნაკრების სპორტსმენი. ახლა ერთ-ერთი რეგიონის მთავარი მწვრთნელია. გერმანიის სახელით ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული. ქართული სკოლა აქვს დამთავრებული, წლების წინ წავიდა გერმანიაში და მოქალაქეობაც მიიღო. ჩვენი მიზანია, საბოლოოდ, ნიკა გახდეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. სულ ნოსტალგია აქვს. იმედია, მომავალი წლიდან უფრო ხშირად მოახერხებს აქ ჩამოსვლას.

-ტატამზე მეგობარს, როგორც მოწინააღმდეგეს რომ ხვდები, ეს ძალზე რთული იქნება.

თათია:

-რა თქმა უნდა, რთულია, რადგან შენი მეგობარია, არ ნიშნავს, რომ უნდა დაინდო. მე და ჩემი უახლოესი მეგობარი, შვილის ნათლია, ერთმანეთს ტატამზე ძალიან ბევრჯერ შევხვედრივართ, მაგრამ არ დამინდვია. ვიცნობ ძმებს, რომლებიც ერთმანეთს შეხვედრიან, დანდობა არ ჰქონიათ. ტატამმა არ იცის მეგობრობა, სპორტულად უნდა მოიგო, არასპორტული საქციელი არ უნდა ჩაიდინო. სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, მეგობარი არასწორად მოქცეულა, ამ დროს ორმაგ ტკივილს იღებ.

-შენს შემთხვევაში ყოფილა?

-მხოლოდ ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა, ფეხმძიმედ ვიყავი, თავს გაძარცვის მიზნით დამესხნენ, ფეხმძიმობის გამო, ჩემი მაქსიმუმი ვერ გამოვავლინე, მაგრამ საკადრისი მაინც მიიღეს. გოგიტა საფრანგეთში იყო. ვინატრე, რატომ ჩემთან ერთად არ არის-მეთქი. ვფრთხილობდი, მუცელში არ მომხვედროდა. ალბათ ეს შემთხვევა მათაც არასდროს დაავიწყდებათ. ერთი წუთითაც არ მიფიქრია, მათთვის მობილური და ჩანთა დამეთმო. ჩხუბი და თავის დაცვა ყველა გოგომ უნდა იცოდეს. ახლა კარატისტობა მოდაში შემოვიდა, ჩემს დროს კი კარატეზე მოსიარულე გოგოს იშვიათად შეხვდებოდი, ყველა დამცინოდა, ზოგჯერ ვმალავდი კიდეც. ერთხელ გორში შეჯიბრებაზე გოგონები არ იყვნენ და ბიჭებს შორის პირველი ადგილი ავიღე. მე მაჩუქეს ქოლგა, მეორე ადგილზე გასულს -მაგნიტოფონი. ბიჭების საპრიზო ფონდი ყოველთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე გოგონების. რატომ? ეს ხომ არაჯანსაღი მიდგომაა. ამ ბოლო დროს, საბედნიეროდ ბევრი რამ შეიცვალა.

გოგიტა:

-სპორტის სამინისტროდან ირაკლი დოლაბერიძის ძალისხმევით, ბევრი რამ დადებითისკენ შეიცვალა. მან ხელი ძალიან შეგვიწყო, დაფინანსებაც გაიზარდა. სპორტის პოპულარულ სახეობებს შორის კარატე ხუთეულში შედის. შეკრებები ფინანსდება, უცხოელი მწვრთნელები ჩამოჰყავთ, მასტერკლასებს ატარებენ. ეტაპობრივად წინ მივდივართ, ეს აღსანიშნავი და დასაფასებელია. დიდ მიღწევებზე ჯილდოდ სახელმწიფო პრემიაა, ეს დიდი სტიმულია, მსგავსი რამ ევროპის ქვეყნებში არ არის.

თათია:

-შეჯიბრებაზე რომ გამოვდიოდით, ტატამი არ იყო, შიშველი ფეხებით ვასპარეზობდით და ამიტომ თითები სულ დამტვრეული გვქონდა. კარატეში ახლა ძალიან კარგი თაობა მოდის. ევროპის ჩემპიონატზე ჩემი მოსწავლე ანრი ბიწკინაშვილი მესამე ადგილზე გავიდა. ძალიან სანერვიულო ყოფილა, ანრის ასპარეზობის შემდეგ, მთავარ მსაჯს დავეთხოვე, გარეთ გავედი და იმდენი ვიტირე, ვეღარ დავწყნარდი. მოგვიანებით გამომიტყდა, გოგიტასაც უტირია.

გოგიტა:

-13-14 წელია, პროფესიულ ასპარეზზე გამოვდივარ, გამარჯვებებსაც იმდენად მივეჩვიე, ზოგჯერ ფოტოს დადებაც არ მინდა. სპორტსმენის ყველაზე დიდი `კაიფი~ მოსწავლის გამარჯვება ყოფილა.

-ერთმანეთისგან მუდმივად შორს ყოფნა გიწევთ, ამას როგორ ეგუებით?

თათია:

-რეჟიმს მივეჩვიეთ. ჩვენ ხომ საერთო ინტერესები გვაქვს. ვერც მე გამიძლებდა ბევრი ადამიანი და ვერც -გოგიტას. ამ მხრივ ოჯახში არანაირი პრობლემა არ გვაქვს. პერიოდულად საზღვარგარეთ ერთად წასვლაც გვიწევს.

მსაჯობაში მაინც ახალი ვარ. უცხოეთში ამ სფეროში ბევრი ადამიანისთვის საქართველო გოგიტასთან ასოცირდება. მქონია შემთხვევა, უკითხავთ, თქვენ საიდან ხართ? თავდაპირველად, საქართველო ყველას ამერიკის ჯორჯია ჰგონია. ერთმა ამერიკელმა მსაჯმა მითხრა, თქვენც ამერიკელი ხართო? ავუხსენი საიდან ვიყავი, მერე მკითხა, არქანიას იცნობო? უკრაინელმა მსაჯმა უთხრა, ამის ქმარიაო. იქ ჩვენ ერთმანეთთან კავშირი, კომუნიკაცია არ გვაქვს. ბევრჯერ შევესწარი, გოგიტას გავლისას, ერთმანეთს გადაულაპარაკებენ ხოლმე, არქანია ჩამოსულა, არქანია ჩამოსულაო. მე ხმას არ ვიღებ.

-მაგრამ ძალიან ამაყი ხარ.

-რა თქმა უნდა.

-თქვენს სამეგობროში კარატისტი წყვილები კიდევ თუ არიან?

-დიახ, რამდენიმე წყვილს ვიცნობთ.

-წარმატებებს გისურვებთ!

-გმადლობ.

თამუნა კვინიკაძე