სელფი საცვლებში, "კონტროლის პალატა" სადაქალო, ანონიმური მლანძღველები... - გზაპრესი

სელფი საცვლებში, "კონტროლის პალატა" სადაქალო, ანონიმური მლანძღველები...

რეპერი მასტერი გამოგვიტყდა, რომ ემოციური ადამიანია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში - თავშეკავებულიც. მიიჩნევს, ადამიანები ისე ვართ "მოწყობილები", რომ ვინც პროტესტს გამოთქვამს, მას ცუდ, შარიან ტიპად აღვიქვამთ. ამიტომ ამჯობინებს, მისთვის გამაღიზიანებელ სიტუაციას გაერიდოს, მაგრამ არის თემები, რომლის გამოც კამათშიც ჩაბმულა...

- საცვლებში გამოწყობილი გოგონები ძილის წინ ფოტოებს რომ იღებენ, "ღამე მშვიდობისას" აწერენ და სოციალურ ქსელში აქვეყნებენ, ყველაზე მაგრად მაღიზიანებს! ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ გოგონას ასეთი საქციელის გამო, მასზე წარმოდგენა წამხდენია. წარმოიდგინე, ფოტოზე, წელს ზემოთ მაისური აცვიათ, ქვემოთ - "ტრუსიკი" ანუ ეს რას ნიშნავს? - მე ვიძინებ, თქვენ კი ჩემზე იფიქრეთო?! ვერ ვხვდები, ადამიანს ისე როგორ უნდა უჭირდეს, რომ ასეთ თვითრეკლამას "მიაწვეს". ვერ წარმომიდგენია, ასეთ გოგოსთან სერიოზული ურთიერთობა როგორ უნდა მქონდეს?! ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ასეთ გოგონებს პრეტენზია აქვთ და არ მოსწონთ, რომ ბიჭებს ისინი მხოლოდ "ლოგინისთვის" უნდათ. სხვათა შორის, ერთ-ერთი ქართველი მომღერლის საქციელი გამიკვირდა: დაწერა - დილა მშვიდობისაო და ისეთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ტრუსის ამარაა გადაღებული. უბრალოდ, არ მესმის, ასეთი საქციელი რაში უნდა გჭირდებოდეს? ეს მათი ცხოვრებაა და არ ვერევი.

- კიდევ რის გამო ხარ გამწყრალი?

- რელიგიაზე მოქილიკე ადამიანები საშინლად მაღიზიანებს. ვერ ვიტყვი, რომ ათეისტები ჩემში აგრესიას იწვევენ, რადგან ყველა ადამიანს თავისი მრწამსი, გაგება აქვს. უბრალოდ, მინდა გავმიჯნო: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სწამთ და ამაზე არ საუბრობენ და არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც არ სწამთ და ამაზე ქილიკობენ. რელიგიაზე ღადაობა მოდური გახდა. ეს ისე მაშინებს, რომ მანგრევს. სწორად გამიგეთ: რა თქმა უნდა, როცა მართლმადიდებლობას ცუდად მოიხსენიებენ, გული უფრო მეტად მტკივა, მაგრამ საერთოდ, ნებისმიერ რელიგიაზე ღადაობა არ მსიამოვნებს. როგორც ჭიჭიკიაზე და ბიჭიკიაზე ჰყვებიან ანეკდოტს, შეიძლება, ისე გიამბონ რაიმე ხუმრობა, რომლის მთავარი გმირებიც წმინდანები არიან. არ მინდა, ტრაგედია შევქმნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გარკვეულმა მასებმა რელიგიის დაკნინება სპეციალურად დაიწყეს, შემდეგ ამას ახალგაზრდა თაობა წამოეგო. ვფიქრობ, ამ ყველაფერს მაინც სხვა მისია აქვს, რა...

- შენი აზრით, ამას მიზანმიმართულად ვინ აკეთებს?

- არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ ეს ინტერვიუ ახალგაზრდებმა წაიკითხონ და ჩემზე თქვან - ამას "გარეკილი" აქვსო, მაგრამ დამიჯერეთ, ისეთი ორგანიზაციები მართლა არსებობენ, რომლებიც დიდ დაფინანსებას იღებენ, რომ გლობალიზაცია მოხდეს, ადამიანმა რელიგია მეათე პლანზე გადასწიოს და სხვაგვარი პრინციპები ჩამოუყალიბდეს, მაგალითად - ისე, როგორც ამერიკაშია: იქ ყოველკვირა ეკლესიაში დადიან. ეს ცხოვრების წესად, დოგმასავით აქვთ ქცეული, მაგრამ სულიერება უკანა პლანზეა. რელიგიაზე ხუმრობა, ქილიკი მათთვის ჩვეულებრივი ამბავია.

- კიდევ რა გაღიზიანებს?

- ელექტრომუსიკა (Deep Underground) ძალიან მაღიზიანებს. ჩემთვის ასეთი მუსიკის ფესტივალზე მოხვედრა სასჯელია! საერთოდ ელექტრომუსიკა იმიტომ მოიგონეს, რომ ახალგაზრდების გონება ადვილად გააკონტროლონ, დააზომბირონ. ეს მუსიკა ნარკოტიკულ "ტაბლეტებთან" ამიტომაც ასოცირდება. როცა ნარკოტიკულ "ტაბლეტს" გასინჯავ, ელექტრომუსიკას სულ სხვაგვარად აღიქვამ.

- ვის და რატომ სურს ხალხის დაზომბირება?

- ასე გათვითცნობიერებული არ ვარ, ეს თემა არ შემისწავლია, მაგრამ რაღაცები წამიკითხავს და ფაქტებიც მოწმობს: თუ დააკვირდებით, როგორ იქცევიან ადამიანები, როცა "ტაბლეტების" ზემოქმედების ქვეშ არიან და ელექტრომუსიკას უსმენენ, მიხვდებით, რომ ძალიან "გასულები" არიან.

- ე. წ. ტაბლეტების გარეშე, ელექტრომუსიკა მსმენელზე იმავე ეფექტს არ ახდენს?

- ნამდვილად არა. თავად მომხმარებლები დამეთანხმებიან... როცა ელექტრომუსიკაზე უარყოფითად ვსაუბრობ, Deep Underground-ს ვგულისხმობ და არა - ჰარმონიულ, მელოდიურ ელექტრონულ მუსიკას, რომელიც არანაირ ნეგატივს არ იწვევს.

- თავად გაგისინჯავს "ტაბლეტი"?

- კი, გამისინჯავს, არ დავმალავ.

- არ მოგეწონა?

- სიმართლე გითხრა, შეიძლება, ძალიან მომეწონა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ადამიანის დასაზომბირებლად არის შექმნილი. "მოწონება" იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. შეიძლება, ვიღაცას მოსწონს, როცა ვენაში "წამალს" "იჩხერს", კაიფსაც იღებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგია. ჩემს გრძნობებს ყოველთვის ვაკონტროლებ (თუნდაც - გოგოსთან ურთიერთობაში). როცა "ტაბლეტები" დავლიე, მივხდი, რა კაიფი ჰქონდა და რა სიამოვნებას ვიღებდი; იმასაც მივხვდი, რომ ეს ფსიქიკაზე საშინლად მოქმედებს, გონების დაბინდვას იწვევს და სულ სხვა ადამიანად გარდაგქმნის...

- შენს აღშფოთებას კიდევ იწვევს რაიმე?

- აი, "გირჩის" იდეა - რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრების და ჯარიდან თავის დაღწევის შესახებ რომ შევიტყვე, არ დავიჯერე. საიდან მოიფიქრეს?! წარმოიდგინე, ტიპები რა დონეზე არიან "გასულები", რომ აღარ იციან, რა გააკეთონ. ქალაქში გამოსვლა არ უნდათ? ვერ დავიჯერებ, რომ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებენ - ახალგაზრდები ჯარიდან იხსნან. კიდევ აგრესიული ადამიანები მაღიზიანებს, რომლებსაც არგუმენტი არასდროს აქვთ, თუ რატომ არიან აგრესიულები. ხომ შეიძლება, კომენტარი დაწერონ, მაგალითად - აგრესიული იმიტომ ვარ, რომ შენი მუსიკა არ მომწონსო? ასეთი ადამიანები შეურაცხყოფას გაყენებენ და სოციალურ ქსელში ნამდვილი გვარ-სახელით დარეგისტრირებულებიც არ არიან. ექსპერტების ამპლუას ირგებენ - ვითომ პროფესორები არიან, სინამდვილეში კი ძალიან ხელმოცარული ტიპების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ზოგჯერ ჩემი მისამართით ამბობენ: აუ, მე რომ მაგდენი ფული მქონდეს, იმდენ რაღაცას გავაკეთებდიო... "მიტყდება", რომ არ ითვალისწინებენ, თუნდაც 1 კლიპის გადაღებისას რამდენს ვშრომობ. რა ფულზეა ლაპარაკი, არც იციან: ტანსაცმლის საყიდელი ფული რომ მოვიკელი და იმ თანხით კამერა ვიქირავე, კლიპი გადავიღე?!. დარწმუნებული ვარ, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყვნენ, იმ ფულს სლოტ-კლუბში დახარჯავდნენ ან "ბიოს" შეიძენდნენ, ან წავიდოდნენ და ძმაკაცებთან ერთად სახინკლეში დასხდებოდნენ. ძმაკაცებთან ერთად სახინკლეში დაჯდომა ცუდი კი არ არის, უბრალოდ, ეს ცხოვრების წესად არ უნდა გექცეს.

- კიდევ ხომ არ არის საკითხი, რაც შენს გულისწყრომას იწვევს?

- სუფრასთან ვინმე ლექსს რომ ამბობს, გარშემო კი ვიღაცები ლაპარაკობენ - "ოსტრი" გადაიღე, ცხელია, ცხელიაო, ვაიმე, როგორ ვერ ვიტან?! ჯერ ის არ მომწონს, რომ სუფრასთან ვიდეოს იღებენ. თუ ვიდეო გინდა, ისე მაინც გადაიღე, თეფშებზე საჭმლის ნარჩენები რომ არ ჩანდეს. თან, თუ ადამიანი ლექსს ამბობს და ამას ვიდეოკამერით იღებ, რატომღა ლაპარაკობ?! დაასრულოს 3 სტროფის თქმა და მერე ილაპარაკეთ... ვაიმე, კიდევ, გეტყვი, რა მაღიზიანებს: ადამიანს ახალ სიმღერას რომ ვასმენინებ და დასაწყისშივე ემოციურად აღნიშნავს - აუ, რა მაგარიაო! არადა, რეპი ხომ სათქმელია? სიმღერა რაღაცას გეუბნება. ემოციებს ხმამაღლა რომ გამოხატავენ და სიმღერას აღარ უსმენენ, ამ დროს ლამის ტელეფონი გადავტეხო (იცინის). ძალიან მიხარია, თუ დასაწყისიდანვე მაგრად დაევასა, მაგრამ ემოციას ისე გამოხატავს, რომ სიმღერა აღარ ესმის. ეს "მიტყდება", მაგრად მაღიზიანებს.

- ვეჭვობ, სათქმელი კიდევ გაქვს. შეგიძლია, გაგვიზიარო...

- გოგოსთან ერთად სადმე რომ ვარ და ამ დროს დაქალი ტელეფონზე ურეკავს - ტვინს უბურღავს: წამოდი, დროზე წამოდიო! არ მაინტერესებს, თუ უნდათ, ჩათვალონ, რომ თავში მაქვს ავარდნილი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მგონი, ჩემი თანმხლები გოგონასი მის დაქალებს მაგრად შურთ, რომ ჩემთან არის და ამიტომ ურეკავენ - დროზე წამოდიო. არადა, საღამოს 11-ის ნახევარიც არაა ხოლმე. ხანდახან ისე "უჭედავენ", რომ ალბათ, გოგონას მამამ რომ დაურეკოს - წამოდიო, შინ ისე მალე მაინც არ გაიქცევა. მოკლედ, "კონტროლის პალატა" სადაქალო მაგრად მაღიზიანებს - დაქალს სულ რომ აკონტროლებენ, თვითონ კი სად დაძვრებიან, კაცმა არ იცის.

- ახლა მითხარი - შენი გულისწყრომა საჯაროდ რომ დააფიქსირე, ცოტათი მოგეშვა გულზე?

- კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ გარკვეულ საკითხებში უფრო მეტად პრინციპული ტიპი ვარ, ჩამოყალიბებული აზრი მაქვს და ზუსტად ვიცი, რა მაღიზიანებს. ეს მესიამოვნა. რამდენად მომეშვა გულზე, არ ვიცი, მაგრამ ენერგიისგან კარგად დავიცალე.

ეთო ყორღანაშვილი