ბადრი პატარკაციშვილის "ქუჩისა" და "სადარბაზოს" მუსიკოსები
მისი შესანიშნავი კულინარიული მონაცემებიც მიმოვიხილეთ, მაგრამ ამას სხვა დროს შემოგთავაზებთ, მანამდე კი ერთი ხუმარა ბათუმელი ბიჭის კარიერულ ამბებს გავიხსენებთ, რომელიც ბედმა თბილისში "გადმოაგდო" და შესანიშნავ ადგილას "ჩააგდო"...
- სცენაზე პირველად რომ გამოვედი, ხუთი წლის ვიყავი, ვლადიმერ ვისოცკის პაროდიას ვაკეთებდი - ხმას ვიხლეჩდი და "დევუშკა მილაიას" ვმღეროდი. რუსულ ბაღში დავდიოდი, რადგან ჩემს სახლთან ახლოს იყო. იულია მიხაილოვნა მზრდიდა, რუსი მეგობრები მყავდა, სამეზობლო კი მრავალეროვანი - რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები იყვნენ და რუსული ისევე კარგად ვიცი, როგორც მშობლიური ქართული. ცოტა რომ წამოვიზარდე, ბათუმში ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი იყო - "ზღვის შვილები", ანსამბლ "მზიურის" ანალოგი და იქ გამოვდიოდი. სხვათა შორის, ზუსტად ისეთივე ფილმი გვაქვს გადაღებული გემზე, 1986 წელს. რეჟისორი ბატონი მერაბ ოდიშარია იყო და რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ეს ფირი დაიკარგა, სამწუხაროდ, არც არქივშია, არც სადმე სხვაგანაა შემორჩენილი და ძალიან გული მწყდება. მხიარული ფილმი იყო, მაშინ პიონერები ვიყავით, ყელსახვევები გვეკეთა.
- იმ შემადგენლობიდან საზოგადოებისთვის ცნობილი, თქვენ გარდა, ვინ გახდა?
- ამ ანსამბლმა ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოზარდა, სოფო ხალვაში, ამირან დიასამიძე, ჩვენი "არანჟიროვშიკი", მაიკო კაჭკაჭიშვილი, გიორგი მამულაძე და სხვები. "ზღვის შვილებს" აპრილში იუბილე გვქონდა, ყველა ვიყავით და შესანიშნავი დრო გავატარეთ. ბავშვობისას, წესიერად არც დაკვრა ვიცოდი, არც სიმღერა, მაგრამ ვმაიმუნობდი, უკომპლექსო ვიყავი და ჩემ წინ მთავრობის ხალხი იჯდა თუ სამეზობლო, სულ ვღადაობდი და ვმღეროდი. სესილიას როგორ უნდა კადრო ადამიანმა პაროდია, მაგრამ მაგასაც ვაკეთებდი. ანსამბლში ამის გამო ამიყვანეს - "იყოს, რა გენაღვლებას" "პონტში" ვიყავი. სმენა არ მქონდა. როცა გავიზარდე და ჩემს ცხოვრებაში გიტარა შემოვიდა, ანსამბლში ყოფნა ამ მიმართულებით გავაგრძელე. ვინმე ხმას თუ ამიწყობდა, დუეტშიც ვმღეროდი, რომ ჩემი ხმა არ გამოჩენილიყო. სიმღერა ბაღაშვილებმა დამაწყებინეს, მტერს გადაეკიდნენ ეგენი! (იცინის)
- როგორ გაიცანით მამა-შვილი ბაღაშვილი?
- ჯერ ბატონი ჯემალი გავიცანი, არაორდინარულ ტიპს ეძებდა და ვლად არამოვმა მე მიმიყვანა. ყოველი "იუმორინის" დაწყების წინ, ბატონი ჯემალი ახალ სახეებს ეძებს, რომ ასპარეზზე გამოიყვანოს, მეც ერთ-ერთი დებიუტანტი ვიყავი, მოვეწონე და პროგრამაში იმავე სეზონზე ჩამსვეს. სიხარულისგან გამოვშტერდი! 25 კონცერტი ჩავატერეთ, სცენაზე გამოვდიოდი და გიტარაზე სოლო ნომერს ვასრულებდი. მეორე სეზონზე უკვე გია ჩაერთო და შემომთავაზა, შენნაირი კიდევ რამდენიმე მყავს და ერთად გამოდითო. მაშინ რა ვიცოდი, თუ გია დავითიანზე, მერაბ სამყურაშვილზე, დიტო საკანდელიძეზე, გუჯა მარდალეიშვილსა და სულიკო ბაღაშვილზე მეუბნებოდა?! ზე-მუსიკოსები! გიამ ერთჯერადი პროექტი გაგვიკეთა - "ქუჩის მუსიკოსები".
- ბაღაშვილების გაცნობამდე, სად მუშაობდით?
- სად აღარ! რესტორანშიც ვმუშაობდი, ოღონდ არა - მზარეულად.
- თუმცა, თქვენი კულინარობის შესახებ იმდენი რამ მსმენია, ალბათ შეფ-მზარეულადაც გამოდგებოდით, არა?
- "შეფ" თუ ვიქნებოდი, - კი. მუსიკოსად ბათუმის ბევრ რესტორანში მიმუშავია და შემდეგ, ბედმა გამიღიმა თუ მე გავუღიმე, თბილისში აღმოვჩნდი - ერთ-ერთ რესტორანში. იქ, ისე მოხდა, რომ ბადრი პატარკაციშვილი გავიცანი. 2000 წელი იყო, მაშინ საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო ბადრი პატარკაციშვილი. ერთხელ, რომ შემოვიდა, - ცალკე დარბაზში ვსხდებით და მუსიკოსები ჩვენკენ გვინდა შემოიყვანოთო, - თქვა. რამდენიმე ბიჭი გაგვიშვეს. მე ჩემებური ჩავატარე - გადავიტარე გიტარა კისერზე, თავზე, ზურგზე, "გადავყლაპე", "შევჭამე", რა აღარ ვუქენი! მოკლედ, ძალიან მოეწონა და მინდა გითხრათ, ის ჰონორარიც მოწონების ადეკვატური იყო, იმდენი დაგვიტოვა!
- რამდენი იყო, თუ გახსოვთ?
- შენ ახლა დაწერ მაგას და არ გეტყვი, ეს კაცი იმდენჯერ "ამოთხარეს", აღარ მინდა, ვინმეს კიდევ სალაპარაკო მივცე! ბადრი პატარკაციშვილი ძალიან მაგარი კაცი იყო და დიდ პატივს ვცემდი. იმ თავის ფულს, ჩამოდიოდა და აქ ხარჯავდა, აქედან ხომ არაფერი წაუღია? რა უნდოდათ მისგან? მოკლედ, ერთ დღეს მოვიდა რესტორანში, მეორე, მესამე და ასე ერთი კვირა დადიოდა მეგობრებთან ერთად. ის ბიჭები შემოგვიყვანეთო, ჩვენზე ამბობდა. ერთი კვირის თავზე, ხუმრობით თქვა - კაცო, ამდენ ფულს გიტოვებთ და მოდი, ბარემ ჩემთან წამოდით და იქ იმუშავეთო. მე დებილმა რა ვიცოდი, ვინ იყო და ვეკითხები - თქვენ რესტორანი გაქვთ-მეთქი? საქართველოში ახალი ჩამოსული იყო, ტელევიზორს ვერც ვუყურებდი, საღამოს გვიანობამდე რესტორანში ვიყავი, მერე მთელი დღე მეძინა, სად უნდა მენახა? გაეცინა, - რესტორანი არა მაქვს, მოდი და შენ თვითონ ნახავ, ხვალ მანქანა მოგაკითხავს და ჩემთან მოგიყვანსო. ჰოდა, მე და ჩემმა მეგობარმა - ზურა ენდელაძემ მეორე დღეს თავი რიტუალების სასახლეში ამოვყავით. ძალიან მაგრად იყო მოწყობილი, მისი დები ახლაც კარგად უვლიან იქაურობას. იმ დროისთვის არაადეკვატური, იმხელა ხელფასი დაგვინიშა, რომ გადაიდე ფეხი ფეხზე და იცხოვრე, მაგრამ რას გეტყვით, იცით? ქართველი კაცი დიდი ფულის ღირსი არაა, მერე შრომა ეზარება! "მხარ-თეძოზე წამოწოლები" დამეწყო, გავთახსირდი.
- რაში ხარჯავდით იმდენ ფულს?
- ბინა ვიყიდე, დავფუძნდი. საქმე რაშია იცი, როდესაც ხელოვანს ფული უჩნდება, შემოქმედებითად ზარმაცდება, ირყვნება. რესტორანში ყოველდღე რომ ვმუშაობდით, იმაზე ვფიქრობდით, ახალი სიმღერა მოგვეფიქრებინა. ბადრისთან ანსამბლი შევიკრიბეთ, სხვადასხვა რესტორნებიდან აგვარჩია და სტუმრები როცა ჰყავდა, ჩვენთვის, წყნარად ფონს ვუქმნიდით ხოლმე, თვეში ასე 2-3-ჯერ, ხელფასი კი სტაბილურად გვქონდა. ოღონდ, სულ მზადყოფნაში ვიყავით, როდის დაგვირეკავდნენ, მოდითო, არავინ იცოდა. სულ მოწესრიგებულები უნდა ვყოფილიყავით, პიჯაკი გაუთოვებულ-გამზადებული გვქონოდა, რომ უცებ გავვარდნილიყავით და ერთ საათში, აპარატურის აწყობიანად, ყველაფერი მზად უნდა ყოფილიყო. 7 უბედნიერესი წელი ვიმუშავე ამ ლეგენდა ადამიანთან და 7 ათასჯერ შევარცხვინე ყველა ის ადამიანი, ვინც ეს კაცი მიწას მიაბარა! რაღაც უაზრო ნაბიჯები გადაადგმევინეს და ბოლოს, გული გაუხეთქეს...
- როგორი ადამიანი იყო ახლო ურთიერთობისას?
- გემრიელად შემოდიოდა ურთიერთობაში, კარგი იყო მასთან ერთად დროის გატარება! ოფიციალური მიღება იქნებოდა თუ ისე, შინაურული ქეიფი, ნასვამი იქნებოდა თუ ფხიზელი, ოქრო ადამიანი იყო! სხვათა შორის, არაერთხელ მომიყოლია, ბადრიმ ძალიან მაგარი გიტარა მაჩუქა, მსოფლიოში სულ 100 ცალია ასეთი, ელვისის გიტარაა, რონი ვუდის ავტოგრაფით. რაც დაგჭირდება, მითხარი და ყველაფერი გექნებაო, მეუბნებოდა. "არტ-იმედი" გახსოვს? ჩვენ "კარის მუსიკოსები" ვიყავით, ისინი - სადარბაზოსი (იცინის). მაშინ ისეთი ფულის ჭრა მიდიოდა, თითო პროექტში ბადრის ორ-სამჯერ ახდევინებდნენ ფულს. გგონიათ, ვერ ხვდებოდა? ძალიანაც კარგად ხვდებოდა, მაგრამ იხდიდა. ვერ ძღებითო? აჰა, ბიჭო, კიდევ და კიდევ, იქნებ გაძღეთო. ბადრი რომ გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, ყველა წამოვედით, ვიღას უნდოდა ჩვენი ცეკვა-თამაში... ამის მერე "გავიჩითე" "იუმორინაში", ცნობადი გავხდი, მოსწავლეები გამომიჩნდა და ნელ-ნელა რეჟიმსა და ფორმაში ჩავდექი. ვინაიდან "იგრაიუში" პედაგოგი ვარ - თან ვასწავლი, თან ვუკრავ, ჩემთან სიარულის სურვილს გამოთქვამდნენ. თბილისში ბრწყინვალე პედაგოგები არიან, მაგრამ თეორეტიკოსები, არ უკრავენ, თუმცა მათი მოსწავლეები გიტარებს "ჭამენ", ისეთი მაგრები არიან. მოკლედ, ძალაუნებურად, მინდოდა, თუ - არა, ისევ მეცადინეობა დავიწყე და უსაქმურობისგან დაჩლუნგებული თითები, კვლავ ფორმაში მოვიყვანე.
- თუ გახსოვთ, პირველი გასტროლი სად და როდის გქონდათ?
- საბჭოთა კავშირის დროს, ანსამბლიდან ოდესა, სოჩა, იალტა, ნოვოროსიისკი, ბულგარეთი მოვიარეთ. თუმცა პირველი ოფიციალური გასტროლი ბადრის დროს გვქონდა, ჯერ ისრაელში წაგვიყვანა, მერე - ლონდონში. დახურულ საღამოზე გამოვედით, ინგლისის დედოფალი არ ყოფილა, ჩემთან ვინ შემოუშვებდა მაგას, მაგრამ ნარჩევი საზოგადოება იმყოფებოდა, კარგად დამამახსოვრდა. საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტები გვიწვევენ ხოლმე და მათთვის კონცერტებს ვატარებთ. საერთოდ, დარბაზიდან მაყურებლის მუხტი რომ მოდის, იმდენად მავსებს, იმდენად მიყვარს, რომ ცხოვრებაშიც გამომყვება ხოლმე და დამუხტული ვარ...
თამთა დადეშელი